რუსებს შავ ზღვაში კიდევ ერთი ახალი ხომალდი აუფეთქეს... - კვირის პალიტრა

რუსებს შავ ზღვაში კიდევ ერთი ახალი ხომალდი აუფეთქეს...

უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოკუპირებულ კუნძულ ზმეინის სიახლოვეს, მათ ზუსტი დარტყმა მიაყენეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამაშველო ბუქსირს - „მაშველი ვასილი ბეხი“ და ამის დამატასტურებელი, სადაზვერვო-დამრტყმელი დრონიდან - „ბაირაქტარიდან“ გადაღებული ვიდეოკადრებიც დადეს, რომელზეც მეტ-ნაკლებად მოჩანს, რომ ღამით ზღვაში მცურავ ობიექტს მარცხნიდან ხვდება მანათობელი სხეული (სავარაუდოდ, რაკეტა) და აფეთქებს მას...

სიმართლე, რომ ითქვას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ, სამაშველო ბუქსირის დაზიანება ცოტა ნაკლებად მნიშვნელოვნად ჟღერს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

სინამდვილეში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 145-ე სამაშველო გემების ჯგუფში შემავალი 1 670 ტონა სრული წყალწყვის ბუქსირი „მაშველი ვასილი ბეხი“ უკრაინელებისთვის სანუკვარ ლუკმას წარმოადგენდა, რადგან ოკუპირებულ ზმეინიზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გადაჰქონდა და პირადი შემადგენლობა გადაჰყავდა.

მაგრამ, გარდა ამისა, იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც უკრაინელ სამხედროებს რუსულ ბუქსირზე ზუსტი სარაკეტო დარტყმის განხორცილება განსაკუთრებით უნდა უხაროდეთ, რადგან რეპიტეციამ ხუთიანზე ჩაიარა...

საქმე ის არის, რომ სარაკეტო „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტებით ჩაძირვის შემდეგ, რუსმა ადმირალებმა მათ განკარგულებაში არსებული რამდენიმე ფრეგატისა და კორვეტის გემბანის ბოლოში, შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანზე დამატებით განათავსეს... სახმელეთო ჯარების საჰერო თავდაცვის კომპლექსები „პანცირი“ ან „ტორი“.

2-1655462404.jpg

საზენიტო-სარაკეტო მოდული Тор-М2КМ , რომელსაც უკრაინული რაკეტების შიშით რუსები დამატებით აყენებენ თავიანთ ხომალდებზე

რა თქმა უნდა, ეს სახმელეთო საზენიტო საშუალებები არ არიან გათვლილნი ზღვის ძლიერ ღელვაში თავისი საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად და არც სამხედრო ხომალდისა და სახმელეთო საზენიტო საშუალებების რადიოელექტრონული აპარატურის შეთავსებით მოქმედებაა ბოლომდე გათვლილი (ხომალდზე დამონტაჟებული სხვადასხვა დანიშნულების რადიოელექტრონული აპარატურა თვეობით ან წლობითაც კი გადის რადიოსიხშირეების დარეგულირების რთულ პროცესს, რომ საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გამოსხივებადი რადიოტალღებით ხომალდის არსებული სხვა სისტემები არ ჩაახშოს), მაგრამ რუსი სამხედრო მეზღვაურები იძულებულნი არიან ამ არცთუ ეფექტიან გზაზე წავიდნენ - ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვის მქონე კრეისერმა „მოსკვამ“ ვერ შესძლო უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო „ნეპტუნების“ მოგერიება და რას იზამენ საჰაერო თავდაცვის მხრივ „მოსკვაზე“ ბევრად სუსტი, ფრეგატი „ადმირალი ესენი“ და მით უმეტეს - კორვეტი „ინგუშეთია“?

3-1655462447.png
ოკუპირებულ კუნძულ ზმეინის კოსმოსური ფოტო, რომელზეც უკვე მონიშნულია უკრაინელების სასურველი რუსული სამიზნეები...

სარაკეტო დარტყმა მიყენებულ „მაშველ ვასილი ბახზე“ დამატებით სწორედ Тор-М2КМ ტიპის საზენიტო-სარაკეტო მოდული დააყენეს უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო, ასევე „ბაირაქტარიდან“ გაშვებული „ჰაერი-მიწა“ კლასის მართვადი რაკეტების მოსაგერიებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსულმა „ნოუ-ჰაუმ“ ვერ იმუშავა...

ეს კი უკრაინელ სამხედროებს ხელ-ფეხს უხსნის, გაააქტიურონ სარაკეთო დარტყმები უკრაინის საზღვაო აკვატორიასთან მიახლოებული რუსული სამხედრო ხომალდების მიმართულებებით, როგორც სამამულო „ნეპტუნებით“, ისე - დასავლეთისგან უკვე მიღებული, ასევე, ხომალდსაწინააღმდეგო „ჰარპუნებით“, ხოლო უშუალოდ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინის (13 ივნისს გადაღებულ კოსმოსურ სადაზვერვო სურათზე მოჩანს, რომ ოკუპირებულ კუნძულზე რუსმა სამხედროებმა უკვე მოაწყვეს 25 სხვადასახვა სახის თავდაცვითი საფარი და კუნძულზე შეიტანეს 17 ერთეული საბრძოლო და სამხედრო ტექნიკა) უკრაინის სანაპიროდანაც მისწვდებიან მსხვილკალიბრიანი საარტილერიო ჭურვებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტებით...