"აბსოლუტურად უგონო მდგომარეობაში იყო, დალურჯებული, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა" - ვინ არიან ჯარისკაცები, რომელთაც 15 წლის მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინეს - კვირის პალიტრა

"აბსოლუტურად უგონო მდგომარეობაში იყო, დალურჯებული, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა" - ვინ არიან ჯარისკაცები, რომელთაც 15 წლის მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინეს

"უღრმესი მადლობა ირაკლი ონიანს და მის მეგობრებს, ჩემი ძამიკოს გადარჩენისათვის. ბევრად ადრე უნდა დამეწერა, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. მინიმალური, რაც ახლა შემიძლია გავაკეთო, ის არის, რომ ამ ბიჭების გმირობაზე ინფორმაცია გავავრცელო და ყველას გავაგებინო, როგორ გადამირჩინეს ძმა", - ეს ემოციური სტატუსი "ფეისბუკის" გვერდზე ვიკა ღუღუნიშვილმა დაწერა.

მისი 15 წლის ძმა, საბა ღუღუნიშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და, საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 11 ივნისს, ქუთაისში, მდინარე წყალწითელაზე, საბა ღუღუნიშვილი საბანაოდ წყალში შევიდა, მან ცურვა არ იცოდა და იხრჩობოდა. შეშინებულმა მეგობრებმა დახმარებისთვის მდინარის პირას მყოფ ბიჭებს მიმართეს. თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები აღმოჩნდნენ იმ წუთას იმ ნაპირზე. არც დაფიქრებულან, არც დრო დაუკარგავთ, წამებში ოთხი ახალგაზრდა წყალში შევიდა და ბავშვის ძებნა დაიწყო. ბიჭი მალევე იპოვეს და მისი უსიცოცხლო სხეული სანაპიროზე გამოიყვანეს. საბა, თურმე, ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ პირველადი დახმარება სასწრაფოდ აღმოუჩინეს.

როგორც ამბობენ, ირაკლი ონიანი არ დანებდა და 10 წუთის განმავლობაში ბავშვს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, მას ეხმარებოდნენ ბიჭებიც და, საბედნიეროდ, შედეგმაც არ დააყოვნა, ბავშვმა როგორც იქნა ამოისუნთქა. მერე სასწრაფოს ბრიგადა მოვიდა და ექიმებმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

bavshvi-1655471649.jpg
საბა ღუღუნიშვილი

ვიკა ღუღუნიშვილი, საბას და:

- საბა 15 წლის არის, მდინარეზე მარტო არასოდეს გაგვიშვია. ჩვენი სახლიდან საკმაოდ მოშორებით წასულა იმ დღეს მეგობრებთან ერთად. გაგვეპარა წყალწითელაზე. ჩვენ არაფერი ვიცოდით. არადა, საბა დამპირდა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს, 6 საათზე სახლში დამხვდებოდა. რასაც იტყოდა, იმას ყოველთვის ასრულებდა. 6 საათზე სახლში რომ არ მოვიდა, ტელეფონის ნომერზე რეკვა დავიწყეთ. მობილური გათიშული იყო. მე ცალკე ვურეკავდი, დედა - ცალკე, მამა - ცალკე, ვერ დავუკავშირდით. ავღელდით, რადგან ყოველთვის დათქმულ დროს იცოდა სახლში მოსვლა. საღამოს, 7 საათსა და 20 წუთზე პოლიციელებმა დარეკეს ჩემს ნომერზე და მითხრეს, რომ ჩემი ძმა საავადმყოფოში იწვა. მერე არაფერი მახსოვს.

კლინიკაში მისულებმა გავიგეთ რაც მოხდა, ბავშვი რეანიმაციაში იყო. საბამ ცურვა არ იცოდა, საავადმყოფოში დაგვხვდნენ მისი მეგობრები, რომლებიც იმ დროს მასთან ერთად იყვნენ. ისინი საბაზე პატარები არიან - 13 წლის. ბავშვებმა გვიამბეს, საბა წყალში შევიდაო, ჩემი ძმა ამ ბავშვებზე მაღალია, ისინი პატარები არიან. მერე დაუძახია ერთისთვის, მგონი, ღრმად შევედიო, ბავშვი ამბობს, მე ხელი გავუწოდე, რომ გამომეყვანა, მაგრამ ამ დროს პირიქით ჩამითრია საბამ და მოვახერხე ხელის გაშვება მისთვის და ძლივს ამოვედი წყლიდან, რომ შევხედე საბა უკვე აღარ ჩანდა და დასახმარებლად დავუძახე იმ ბიჭებს, რომლებიც ნაპირზე იყვნენო. ბავშვმა მიუთითა, თურმე, ბიჭებს, რა ადგილას იყო საბა და ოთხივე იქ შესულა, ჯაჭვი შეუკრავთ და ძებნა დაუწყიათ.

bichebi-1655471716.jpg
ძმები ონიანები

ამ ბიჭებმა გადაარჩინეს ჩემი ძმა. დღემდე აღელვებული ვარ და ამის გააზრებაც მიჭირს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის, ეს ბიჭები რომ არა, ჩემს ძმას ვერ გადაარჩენდნენ. სასწაული მოხდა, ზუსტად იმ წუთის მისულები იყვნენ, თურმე, იქ ის ბიჭები. მადლობა თითოეულ მათგანს. არ დავიღლები მათი მადლიერებით.

შეუძლებელი შეძლეს, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს წყლიდან ამოყვანის შემდეგ. სამხედროები არიან და იცოდნენ, როგორ გაეწიათ დახმარება. რეანიმაციის უფროსი გაოცებული იყო, თქვა ის ბიჭი დამანახეთ, ვინც ამ ბავშვს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, მართლა სასწაულია, ეს როგორ შეძლოო.

123111-1655473600.jpg
ბექა ჭუმბურიძე

ირაკლი ონიანი უტარებდა, თურმე, ხელოვნურ სუნთქვას, მისი და ამ ბიჭების უდიდესი დამსახურებაა, რომ ჩემს ძმას ტვინი არ დაუზიანდა და ინსულტი არ განუვითარდა. ხელოვნური სუნთქვა რომ არ გაკეთებულიყო დროულად, სასწრაფოს მოსვლამდე შეიძლებოდა, ინსულტი განვითარებულიყო და ძალიან ცუდად იმოქმედებდა ბავშვზე. ყველაფერი პროფესიონალურად, ექიმის დონეზე აქვს გაკეთებულიო. მერე გავიგეთ, რომ ირაკლის ეს ყველაფერი სამხედრო აკადემიაში ჰქონია გავლილი.

bichi-1655471778.jpg
გიორგი მგელაძე

იმ დღეს მასთან ერთად მისი ძმა, ანზორ ონიანი და ბექა ჭუმბურიძე იყვნენ. სამივენი სამხედროები არიან, მეოთხე მეგობარი - გიორგი მგელაძე სამოქალაქო პირია. ყველა მათგანს უდიდეს მადლობას ვუხდი. თქვენ არ იცით, როგორი მძიმე დღეები გადავიტანეთ. პოლიციელმა რომ მითხრა, საავადმყოფოშიაო, ისტერიკაში ჩავვარდი და არ ვიცოდით, როგორი დამხვდებოდა. იმ მეგობრებს, რომლებიც იმ დღეს მასთან ერთად იყვნენ, მე არც ვიცნობდი.

- საბა იხსენებს დეტალებს?

- ძალიან ემოციური ბავშვია. სახლში წამიყვანეთო, იძახის, მაგრამ ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩება. გონზე რომ მოვიდა, მე და დედაჩემი მაშინვე გვიცნო და პირველი ეს გვკითხა, რა დამემართაო. დედამ მოუყვა და ცრემლები წამოუვიდა. ექიმებმა გვირჩიეს, მასთან ამ თემაზე არ გველაპარაკა და გარეთ გამოგვიშვეს. მოვერიდებით მასთან ამ თემაზე საუბარს. მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა.

454545-1655473647.jpg

ირაკლი ონიანს მოვანათვლინეთ ჩვენი საბა საავადმყოფოში. უგონო მდგომარეობაში იყო მაშინ და მოძღვარმა გვირჩია, მოგვენათლა, რადგან მოუნათლავი იყო. მეორე დღესვე მოვნათლეთ. ჩემი ძმა გადაარჩინეს ამ ბიჭებმა და დედამ უთხრა ირაკლის, არასოდეს დაგკარგავთ, თქვენ ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქეთო. ძალიან საყვარელი ბიჭია ირაკლი. ღმერთს მადლობა, რომ იქ იყვნენ იმ დროს. ღმერთმა გამოგვიგზავნა. რეანიმაციაში ნათლობის დროს მხოლოდ მღვდელი იყო და ნათლიები პირველ სართულზე ელოდებოდნენ.

ირაკლი დღეში სამჯერ აკითხავდა საავადმყოფოში ჩემს ძმას და მის ამბავს იგებდა. არადა, ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა, ამის მიუხედავად, მოიცალა ჩვენთვის. მისი მეუღლეც კი მოვიდა ჩემი ძმის სანახავად. ძალიან ყურადღებიანები არიან. პირველივე დღეს რამდენიმე საათი პოლიციაში გაატარეს და იქიდან ეს საოცარი ბიჭები ამბის გასაგებად საავადმყოფოში მოვიდნენ. ამ ადამიანებმა ჩემს ძმას სიცოცხლე აჩუქეს.

საბა ძალიან მორიდებულია, წყნარი, მორცხვი ბიჭია, ცოტა ცელქი. რეანიმაციაში კი არის, მაგრამ გონზეა, საუბრობს, თავისით გადაადგილდება, ადეკვატურია, რაც მთავარია, ტვინზე არაფერი პრობლემა არ იყო და ფილტვზე შეშუპება რომ არ წავიდეს, ანტიბიოტიკებს უკეთებენ.

ამ დღეებში გადაიყვანენ პალატაში, ჯერ ისევ რეანიმაციაში რჩება, ცალკე ბლოკშია, რადგან რეანიმაციაში მძიმე ავადმყოფი ბავშვები იყვნენ და იმათ დანახვაზე ცუდად ხდებოდა.

4545-1655473753.jpg

"კვირის პალიტრა" ირაკლი ონიანსაც დაუკავშირდა და ვთხოვეთ, მომხდარის დეტალები გაეხსენებინა. ირაკლი ონიანი, თავდაცვის სამინისტროს ოფიცერია და სამივე ჯარისკაცი ქუთაისის მესამე ბრიგადის სამხედროები არიან.

ირაკლი ონიანი:

- შემთხვევით შევესწარით ამ ფაქტს. საფიჩხიაზე, წყალწითელაზე იმ დღეს ოთხნი წავედით - ბექა ჭუმბურიძე, ანზორ ონიანი, მე და ჩვენი მეგობარი გიორგი მგელაძე. გიორგი სამოქალაქო პირია, ჩვენ ქუთაისის მესამე ბრიგადის სამხედროები ვართ. საბანაოდ კარგი ადგილია, სულ ხალხმრავლობაა. იმ დღეს მხოლოდ მცირეწლოვნები იყვნენ იქ და რამდენიმე ტურისტი. ბავშვები ბანაობდნენ, ჩვენ ნაპირზე ვიყავით, როცა ბავშვები მოვიდნენ და გვითხრეს, ჩვენი მეგობარი ჩავიდა წყალში და ზევით აღარ ამოსულა, თავი არ ამოუყვინთავსო.

bichiii-1655468337.jpg
ირაკლი ონიანი

მაშინვე დავიწყეთ ბავშვის ძებნა. ოთხივე ვეძებდით. სავარაუდოდ, მან 5 წუთზე მეტი ხანი გაატარა წყლის ქვეშ. სადღაც 2 წუთში ვიპოვეთ და ამოვიყვანეთ წყლიდან. სასწრაფოს მოსვლამდე პირველადი დახმარება აღმოვუჩინეთ - ფილტვებიდან წყლის ამოტუმბვა, ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ და გულის მასაჟი, რომ როგორმე ბავშვი გონს მოგვეყვანა. აბსოლუტურად უგონო მდგომარეობაში იყო, დალურჯებული, თვალებზე თეთრი ჰქონდა გადაკრული და საერთოდ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. სიმართლე გითხრათ, იმედიც არ გვქონდა ამ ბავშვის გადარჩენის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდით, ყველა ღონე გვეხმარა. ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, ბიჭებსაც ჰქონდათ ამის გამოცდილება, ორ მათგანს, მხოლოდ ერთს - არა, ერთმანეთის დახმარებით ეს შევძელით და სასწრაფოს მოსვლამდე ბავშვმა ამოისუნთქა. დაახლოებით, 10 წუთი დაგვჭირდა, რომ ბავშვი მოგვესულიერებინა.

- ამის გამოცდილება გქონდათ?

- გამოცდილება მქონდა, სამხედრო ვარ და მეც ვასწავლი ამ ყველაფერს სხვებს. ასე გადავარჩინეთ საბა. როგორც გაირკვა, ბავშვმა ცურვა არ იცოდა, საკმაოდ ღრმა წყალია. მერე სასწრაფომ წაიყვანა. ჩვენ რამდენიმე საათი გამოკითხვაზე პოლიციაში ვიყავით, იქ გავიგეთ ბავშვის ვინაობაც, 15 წლის არის საბა. ამის შემდეგ მივედით კლინიკაში და იქ ვნახეთ ბავშვის ოჯახის წევრები. მათ რამდენიმე საათის მერე გაიგეს მომხდარის შესახებ და კლინიკაში მივიდნენ. ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, როგორც გაირკვა, საბა მოუნათლავი იყო და ოჯახმა რეანიმაციაში მყოფი ბავშვის სასწრაფოდ მონათვლა გადაწყვიტა. მე მთხოვეს მომენათლა და რეანიმაციაში მოვნათლეთ.

საბედნიეროდ, დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ჯერ ისევ კლინიკაში რჩება. კონტაქტურია, საუბრობს, დადის, ჭამს. მხოლოდ ფილტვების დაზიანება ჰქონდა და ტვინი დაზიანებას გადაურჩა. სასწაულია ამ ბიჭის გადარჩენა.

- რა ემოცია იყო, როცა ხელში უგონო ბავშვი გეჭირათ და მის გადარჩენას ცდილობდით?

- სიმართლე გითხრათ, მაშინ ემოციებზე არ მიფიქრია საერთოდ, სანამ მან არ ამოისუნთქა. ერთადერთი, მინდოდა, ბავშვი გონს მოსულიყო. მე ჯერ არ მინახავს საბა, თუმცა სულ ვკითხულობ მის ამბავს. რომ გამოწერენ, ერთმანეთს შევხვდებით.

(სპეციალურად საიტისთვის)