"გასროლის ხმა გავიგე, მერე ატყდა კივილ-წივილი" - რას ჰყვებიან მეზობლები ქუთაისში მოკლული 7 შვილის მამაზე - კვირის პალიტრა

"გასროლის ხმა გავიგე, მერე ატყდა კივილ-წივილი" - რას ჰყვებიან მეზობლები ქუთაისში მოკლული 7 შვილის მამაზე

ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე წუხელ, 16 ივნისს, მკვლელობა მოხდა. მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი, სისხლისღვრით დასრულდა. მოკლულია 7 შვილის მამა, გიორგი ფანჩულიძე. რა გახდა უშუალოდ მკვლელობის მიზეზი, ამაზე ადგილობრივები ჯერჯერობით არ საუბრობენ. ცნობილია მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა, ის მოკლულის მეზობელი და ბავშვობის მეგობარია, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეზობლები ამბობენ, რომ ღამით გასროლის ხმა გაიგეს.

"წუხელ, დაახლოებით ღამის 11 საათი იქნებოდა გასროლის ხმა რომ გავიგე, მერე ატყდა წივილ-კივილი. მე სხვა მხარეს ვცხოვრობ და ხმები ქუჩის ბოლოდან ისმოდა. მალე სასწრაფოს მანქანებიც გამოჩნდა, სირენების ხმაც ისმოდა, პოლიციაც მოვიდა. მერე გავიგეთ, რომ გიორგი ფანჩულიძე მეზობელს მოუკლავს. მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან ახალი გამოსულია, მას დადებითად არ ახასიათებენ. გიორგი კი კარგი ადამიანი იყო. ექსპერტიზის შემდეგ მისი ცხედარი უკვე სახლში მოასვენეს, ძალიან განვიცდით მომხდარს.

როგორ გაიმეტა დამნაშავემ სასიკვდილოდ ეს კარგი კაცი, წარმოუდგენელია. მართლაც ძალიან პატიოსანი, წესიერი ადამიანი იყო. მიზეზი ამ დრომდე არ ვიცი. კიდევ კარგი, დედამისი ამ საშინელ ტრაგედიას არ მოესწრო, იზო კვანტალიანი, გიორგის დედა, შარშან გარდაიცვალა, მას კი ახალგაზრდა დისშვილიც გარდაცვლილი ჰყავდა, ანუ გიორგის დეიდაშვილი, ისიც ძალიან კარგი ბიჭი იყო.

ვუსამძიმრებ მათ. 7 ბავშვი დაობლდა. ძალიან ვწუხვართ და გული გვტკივა", - გვითხრა მეზობელმა.

"კვირის პალიტრა" კიდევ ერთ მეზობელს ესაუბრა, როგორც მან გვითხრა, სოციალური ქსელიდან გაიგო გიორგის მკვლელობის ამბავი და შეძრულია მომხდარით.

"იტალიაში ვარ სამუშაოდ წასული და დღეს გავიგე გიორგის მკვლელობის ამბავი. 55 წლის იქნება გიორგი. უპატიოსნესი ადამიანი იყო, საოცრად კარგი გოგო ჰყავს ცოლად, კარგი წყვილი იყვნენ. 7 შვილს ზრდიდნენ. უკონფლიქტო ბიჭი იყო, მორწმუნე, სტიქაროსანია, მართლა კარგი ადამიანი.

მისი უფროსი შვილი 17 წლის იქნება, დანარჩენები უფრო პატარები არიან, რატომ მოუკლეს ბავშვებს მამა, არ ვიცი. ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი. მართლა საუკეთესო ბიჭი აღარ არის. არ ვიცი, მეტი რა გითხრათ.

რაც შეეხება მკვლელს, ის მათი მეზობელია. ერთ ეზოში გაზრდილმა ბიჭმა მოკლა, საერთო ეზო აქვთ. ერთად ცხოვრობდნენ წლები. ველაპარაკე დღეს მეზობლებს და არ იციან მომხდარის მიზეზი. მეორედ მოსვლაა მგონი, ღმერთო, რა მძიმე დანაშაულები ხდება, შეძრული ვარ", - გვითხრა კიდევ ერთმა მეზობელმა მაკამ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოხდა და მკვლელმა რამდენჯერმე გაისროლა. დამნაშავე გ.მ. წარსულში ნასამართლევია, მეზობლების თქმით, ციხიდან ახალი გამოსული იყო.

სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება წუხელვე დაიწყეს.

მკვლელობის ადგილზე, აღმაშენებლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ასევე მოხდა იმ პირების გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა გამოძიებას საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ქუთაისში ძალოვნები ამ დრომდე ეძებენ დამნაშავეს. პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა.

ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით. იმედია დამნაშავეს მალე დააკავებენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი ambebi.ge-სთან საუბარში აღნიშნავს:

"ჩხუ­ბის ხმა ის­მო­და მთე­ლი დღე, ვამ­ბობ­დით, ვის აგი­ნებს და რო­გორ ით­მე­ნენ­თქო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გას­რო­ლის ხმაც გა­ვი­გო­ნეთ და ვნა­ხეთ, გი­ორ­გი იყო გარ­დაც­ვლი­ლი. სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, თავ­ში ჰქონ­და ტყვია მოხ­ვედ­რი­ლი და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, შვი­დი შვი­ლი დარ­ჩა, ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი და ასე­თი ტრა­გე­დია მოხ­და. მკვლე­ლი მი­მა­ლუ­ლია, წარ­სულ­შიც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო".

იქვე კომენტარში კი მომხმარებელი, სახელად ამიკო ასეთ რამეს წერს:

"ის კაცი, რომელმაც გიორგი მოკლა, ციხიდან იყო გამოსული, ბავშვებს იჭერდა და აგინებდა, შემდეგ გიორგის გოგონებს შეაგინა, გაბრაზდა, კონფლიქტი იყო და ფანჩულიძე სახლში დაბრუნდა, მაგრამ ის კაცი არ დაბრუნებულა, გამოიძახა ძმაკაცები და დიდი დაშლილი თოფი მოიტანეს, მან ააწყო და 18 წლის და 16 წლის ბავშვებზე სროლა უნდოდა, მაგრამ გიორგი ჩამოეფარა და "მე მომკალიო!", დაიყვირა და მანაც თავში ესროლა. ეს მკვლელი ჯერ არ დაუჭერიათ".

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

(სპეციალურად საიტისთვის)