"რას სჩადიხართ!"- ეს სიტყვები მთელ საქართველოს ეკუთვნოდა
12 სექტემბერს (ძვ.სტ. 30 აგვისტო) 104 წელი შესრულდა, რაც სოფელ წიწამურთან მკვლელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ილია ჭავჭავაძე
ნიკო კეცხოველს ყოველ 12 სექტემბერს წიწამურში აჰყავდა უნივერსიტეტის სტუდენტები, უთითებდა იმ ადგილს, სადაც ილიას სისხლი დაიქცა და ეუბნებოდა: "ახალგაზრდებო, ეს არის ის ადგილი, სადაც ვერ მოკლეს ილია!"
ავაზაკებმა 70 წლის მოხუცს ტყვია არ აკმარეს და თოფის კონდახით შუბლი ჩაუმტვრიეს. სასტიკად სცემეს ილიას მეუღლე - ოლღა გურამიშვილსაც, შემდეგ ორივენი გაძარცვეს და წიწამურის შარაგზაზე დაყარეს. მოკლეს ილიას მსახური, სიყმაწვილიდან მასთან გაზრდილი იაკობ ბითარაშვილიც. როგორც შემდეგ ჰყვებოდნენ, ილია ჭავჭავაძემ სიკვდილამდე ამის თქმა მოასწრო - "რას სჩადიხართ, მე ილია ვარ!"
2 წლის შემდეგ სასამართლოს წინაშე მხოლოდ 3 პირი წარდგა, რომელთაც სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, ერთიც გაქცევის მცდელობისას მოკლეს, მკვლელობის უშუალო ორგანიზატორი - ილიას მოურავი, როგორღაც დაუძვრა სასჯელს, თუმცა 15 წლის შემდეგ ცოლის ძმამ მოკლა - ნაძარცვი ვერ გაიყვეს. თავდამსხმელთაგან ერთის, ვინმე ,"იმერელის" ვინაობა დღემდე დაუდგენელია. მკვლელი, რომლის ნასროლმა ტყვიამაც შეიწირა ილია ჭავჭავაძე, სპარსეთში გადაიხვეწა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაბრუნდა და დაოჯახდა. მისი ვაჟი თბილისის პირველ გიმნაზიაში სწავლობდა, ქალიშვილი - ილია ჭავჭავაძის სახელობის საცდელ-საჩვენებელ სკოლაში. ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან მხარდაჭერილი ისე გათავხედდა, რომ პენსიასაც ითხოვდა - ქვეყანას მშრომელი ხალხის მტანჯველი მებატონე მოვაშორეო. მისი სასამართლო მხოლოდ 1941 წელს გაიმართა. მიესაჯა სიკვდილი, თუმცა, როგორც ამბობენ, არ დაუხვრეტიათ და გადასახლებაში დაიღუპა.
ილია ჭავჭავაძის პიროვნება მიუღებელი იყო როგორც რუსული იმპერიული ხელისუფლებისათვის, ისე მარქსისტებისათვის, რომლებიც უფრო და უფრო იკრებდნენ ძალას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ილიას ჟანდარმერიის საიდუმლო სამსახური გამუდმებით უთვალთვალებდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქართველ ერს დაუწყეს ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ წაქეზება. ,"ეს რა საქმეზე აქეზებთ საქართველოს ხალხს, რომ წერთ: "იმედია, ამას არ დაივიწყებს ასე ყბადაღებული ქართველი ხალხიო"(ამას ნოე ჟორდანია წერდა. - ავტ.) და სამი წერტილით ათავებთ ამ სიტყვას. რა გნებავდათ ამით გეთქვათ და რა დაგრჩათ კიდევ სათქმელი, რომ სამი წერტილი ჩაურთეთ ამ სიტყვებს ბოლოში?"- კითხულობდა მოწინააღმდეგეთა მზაკვრობითა და უზნეობით აღშფოთებული ილია. მოგვიანებით მუმლივით დახვეული მტრისათვის პასუხის გაცემის საშუალებაც კი მოუსპეს - მის მიერ დაარსებულმა ,"ივერიამ", რომელიც იმხანად ათასი ჯურის ავანტიურისტის სამრეკლოდ იყო გადაქცეული, მორიგი ცილისწამების გამო პასუხის დაბეჭდვაზე ილიას უარი უთხრა(!).
ასე რომ, ილია ჭავჭავაძის სიკვდილი სასურველი იყო როგორც გარეული, ისე შინაური მტრისათვის. ამიტომ თვითმპყრობელობას დანაშაულის სათავეების ძიებით დიდად არ შეუწუხებია თავი - ავაზაკები დასაჯა და ამით დაასრულა. ბოლშევიკებმა კი წიწამურის გზაზე მომხდარი ტრაგედია საკუთარი მახინჯი იდეოლოგიის აგიტაციის საშუალებად აქციეს და სისხლში გასვრილი ხელი მეფის ხელისუფლებისკენ გაიშვირეს.
ილია ჭავჭავაძე ყვარლელი ჭავჭავაძეების შტოს წარმომადგენელი იყო. ყვარელში დღესაც დგას ჭავჭავაძეების საგვარეულო კოშკი, რომელშიც 1837 წლის 8 ნოემბერს (ძვ.სტ. 27 ოქტომბერს) ილია დაიბადა. ეს იმ დროს გახშირებული ლეკიანობის გამო მოხდა - მელოგინის დაუცველ ადგილას დატოვება საშიში იყო. წინაპართაგან ყველაზე სახელიანი ილიას პაპის მამა ბესპაზ ჭავჭავაძე იყო. 1755 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი ყვარლის გალავანს გარს შემორტყმია. მას ბესპაზი შებმია და უკუუქცევია, რისთვისაც
ერეკლე მეორეს მისთვის წყალობის სიგელი უბოძებია, სადაც ბესპაზზე ჩაუწერია: სჯულის გულისათვის თავი საყალთნოდ გადასდო და ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლაო.
"შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღლის გაწევა", - წერდა ილია. თავად სწორედ აქედან დაიწყო. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს მტრებისათვის დაცემული გაბმული ყიჟინა იყო, ისეთი, მისი სახელოვანი წინაპარი რომ დასძახოდა ლეკებს. "რას სჩადიხართ!"- ამ სიტყვების ადრესატი კი არა მხოლოდ მისი უშუალო მკვლელები, არამედ ქართველი ხალხიცაა, განურჩევლად დროისა, რომელიც ჯეროვნად ვერ მოუვლის მამა-პაპათაგან ნაანდერძევ სამ ღვთაებრივ საუნჯეს - მამულს, ენას, სარწმუნოებას.
70-ს მიტანებული მაინც ლომივით იბრძოდა. მის წინააღმდეგ მიმართული არც ერთი გამოსვლა უპასუხოდ არ დაუტოვებია. ბოლოს სულ მარტო დარჩა. შემთხვევით არაფერი ხდება. გოლგოთა მარტოს უნდა გაევლო, რათა ერის სამსახურში დაცემული ერისკაცი ერის მფარველ წმინდა ილია მართლად დაგვბრუნებოდა.
ილია წინააღმდეგი იყო ადამიანის სიკვდილით დასჯისა. თავის შეხედულებას ასე ასაბუთებდა - არ შეიძლება ადამიანს წაართვა ის, რაც მას ღმერთმა უბოძა. წიწამურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ილიას მეუღლემ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ მკვლელები სიკვდილით არ დაესაჯათ. ეს ილიას არ მოეწონებოდაო, - წერდა მთავრობისათვის გაგზავნილ თხოვნაში ოლღა გურამიშვილი, რომელმაც ამის შემდეგ კიდევ 20 წელი იცოცხლა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სრულიად უსახსროდ დარჩენილი შიმშილობდა. მხოლოდ ტიციან ტაბიძის დიდი ძალისხმევის შედეგად გაიმეტა ხელისუფლებამ მცირეოდენი დახმარება. თითქმის სრულ აპათიაში მყოფი ყოველდღე ადიოდა მთაწმინდაზე. სანუკვარ საფლავზე მიჰქონდა, რაც თვალში მოუვიდოდა - ყვავილი, ხის რტო, ბალახის ღერო და გამუდმებით იმეორებდა: "გიყვარდეთ ილია, გიყვარდეთ ილია"...
ლადო გოგუაძე