ილია დარჩიაშვილი:"აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა" - კვირის პალიტრა

ილია დარჩიაშვილი:"აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა"

ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა დაადასტურა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში.

"დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე მართალია გვქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

გარდა ამისა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარება იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ევროპულ ფასეულობით სისტემას, უსაფრთხოების გარემოს ევროპაში, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა საქართველო და სწორედ ამის აღიარება მოახდინა დღეს ევროკომისიამ. ეს არის დასტური იმისა, რომ თუკი ჩვენ აქამდე პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე ვსაუბრობდით, დღეს უკვე გადავდივართ სრულიად ახალ ეტაპზე, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჰქვია. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პარალელურად გავაგრძელებთ ევროკავშირთან მუშაობას, საქართველოს რეფორმირების ამბიციური დღის წესრიგის შესასრულებლად”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკომისიის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იგი შემდგომი პროცესისთვის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.

მისივე თქმით, საქართველო მზად არის იმუშაოს პარტნიორებთან საქართველოს წარმატებული ინტეგრაციის პროცესის იმპლემენტაციის და საბოლოო გაწევრიანების მიზნით.

"როგორც მოგეხსენებათ ევროკომისიის აზრი, რომელიც გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი პროცესისათვის, ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მასზე მსჯელობას და მასზე მსჯელობას გააგრძელებს ევროპული საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში ომში მყოფი უკრაინის და უსაფრთხოების კონტექსტში გამოწვევების წინაშე მყოფი მოლდოვას მდგომარეობის გათვალისწინებით და ამ ქვეყნების წახალისების მიზნით იყო ნამდვილად შესაბამისი ნაბიჯი ევროკომისიის მხრიდან. აქვე დავძენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისადმი პირობითობის სქემა სიახლეს არ წარმოადგენს. ე.წ. ცივი ომის შემდგომი გაფართოება და ინტეგრაციის შემდგომი ეტაპი, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით, სწორედ პირობითობის სქემაზეა დაფუძნებული. ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშაოთ პარტნიორებთან საქართველოს წარმატებული ინტეგრაციის პროცესის იმპლემენტაციის და საბოლოო გაწევრიანების მიზნით. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას დღეს აქვთ შესაბამისი პოზიციები მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ამ მნიშვნელოვან ეტაპამდე მისასვლელად საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირმა წარუდგინა პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ თითოეული ქვეყანა მზად იქნება შესაბამისი მოლაპარაკებების დასაწყებად”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"