გერმანული არმია ძლიერდება - "რის შესაძენად დახარჯავს ბუნდესვერი სპეციალური ფონდის 100 მილიარდ ევროს?" - კვირის პალიტრა

გერმანული არმია ძლიერდება - "რის შესაძენად დახარჯავს ბუნდესვერი სპეციალური ფონდის 100 მილიარდ ევროს?"

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რის შესაძენად დახარჯავს ბუნდესვერი სპეციალური ფონდის 100 მილიარდ ევროს?“, რომელშიც, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, გერმანიის არმიის გადაიარაღების საკითხებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„ლიუფტვაფე აღფრთოვანებულია: როგორც იქნა, გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები ახალ მძიმე სატრანპორტო ვერტმფრენს მიიღებენ, რომელიც დიდი ხანია სჭირდებათ. დღემდე ბუნდესვერს თანხები არ ჰყოფნიდა მსგავსი საფრენი აპარატის შეძენაზე, ახლა კი, სპეციალური ფონდის წყალობით, 100 მილიარდი ევროს მოცულობით, გერმანელ სამხედროებს შეუძლიათ მიიღონ ვერტმფრენი „ჩინოკი“ CH-47F Chinook, რომელსაც ამერიკული ავიამშენებელი კომპანია „ბოინგი“ აწარმოებს.

„ჩინოკი“ თანამედროვე და შემოწმებული საფრენი აპარატია“, - განმარტავს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი. მისი შეძენა გააფართოვებს ბუნდესვერისა და ნატოელი მოკავშირეების თანამშრომლობას. ევროპული ქვვეყნების არმიების ერთმანეთთან დაახლოება მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახდა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

„ჩინოკი“ 50 წლის წინამორბედს შეცვლის

აშშ-ის არმია უკვე დიდი ხანია „ჩინოკს“ იყენებს ჯარისკაცების და საერთოდ, სამხედრო მოსამსახურეების გადასაყვანად და სამხედრო დანიშნულების მქონე ტვირთების გადასატანად. ვერტმფრენი განსაკუთრებით მოთხოვნადია უცხოურ მისიებში იმდენად, რამდენადაც ვერტმფრენებს, თვითმფრინავებისაგან განსხვავებით, ყველგან დაშვება შეუძლიათ.

გერმანიის შეიარაღებულ ძალებს დიდი ხანია აქვთ CH-53 მარკის მძიმე სატრანსპორტო ვერტმფრენები, მაგრამ ისინი უკვე საკმაოდ „მოხუცები“ არიან, თითქმის 50 წლის წინანდელ მოდელებს წარმოადგენენ, ძალიან ჭირს მათი შეკეთება, რადგან სათადარიგო ნაწილებიც აღარ არის. ბოლო დროს იმდენი CH-53-ები გამოვიდა მწყობრიდან, რომ ექსპლუატაციაში თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის ვერტმფრენიღა რჩება.

„დამატებითი ასი მილიარდი ევრო ჯარებისათვის დადებით და აუცილებელ სიგნალს წარმოადგენს. თუ გერმანიას სურს ბრძოლისუნარიანი არმია ჰყავდეს, ჩვენ ბუნდესვერი უკეთესი სამხედრო ტექნიკით უნდა ავღჭურვოთ“, - ამბობს აილინ მატლე, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი გერმანიის საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრიდან (DGAP). საქმე ეხება იმ ტექნიკას, რომელთა შეძენა ათეული წლებით ჭიანურდებოდა.

დაფინანსების ლომის წილი - სამხედრო-საჰაერო ძალებს

სხვათა შორის, ტექნიკის შეძენის გაჭიანურებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იქნეს მოხსენიებული ავიაგამანადგურებელი F-35, რომლიც უკვე აქვს შეიარაღებაში დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების და სხვა ნატოელი მოკავშირეების არმიებს. ბუნდესვერს სურს 35 ძვირადღირებული „უჩინარი“ თვითმფრინავი იყიდოს ამერიკული მწარმოებლისაგან - კომპანია Lockheed Martin-სგან. F-35-ებმა უნდა შეცვალონ მოძველებული „ტორნადოები“, რომლებიც უკვე მართლაც დიდი ხანია ჩამოსაწერია. საერთოდ, ავიამოდელების არჩევანის ნაკლებობა არასოდეს არ იგრძნობოდა, მაგრამ მათ შესაძენად სამყოფი ფული არასოდეს არ იყო: ავიაგამანადგურებელი ხომ შეიარაღების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ტექნიკას წარმოადგენს.

simon-1655536301.jpg

ბუნდესვერს ახლა განზრახული აქვს გადალახოს ფინანსური დაბრკოლება ზემოთ ხსენებული სპეციალური ფონდის წყალობით, რომელიც კანცლერმა ოლაფ შოლცმა შექმნა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ. „F-35-ის ყიდვა იქნება უნიკალური ინტეგრირების საფუძველი ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან თანამშრომლობის მიზნით“, - ასე თვლის ქრისტინა ლამბრეხტი და თავის არჩევანს განმარტავს: „F-35 საუკეთესო თვითმფრინავია. ის „ტორნადოს“ ბევრად სჯობია. აუცილებლობის შემთხვევებში მას შეუძლია გერმანიის სპეცსაცავებში არსებული ამერიკული ბირთვული იარაღის გამოყენება“.

მაგრამ, არა მხოლოდ ამერიკული კომპანიები ელოდებიან მოგებას ბუნდესვერის სპეცდონდიდან. თვითმფრინავების ევროპულ მწარმოებელს - კომპანია „ეარბასსაც“ (Airbus) სურს ფონდისაგან „ღვეზლის დიდი ნაჭერი“ მიიღოს: მას დავალებული აქვს ავიაგამანადგურებელ Eurofighter-ის გადაკეთება ისეთ საფრენ აპარატად, რომელიც რადიოელექტრული ბრძოლის საშუალებებით იქნება აღჭურვილი. მხედველობაშია მოწინააღმდეგის ტერიტორიის დაზვერვა, რადიოლოკაციური სადგურების აღმოჩენა და მათი განადგურება. კომპანია „ეარბასს“ მსხვილი ქარხანა აქვს ბავარიაში და იმედი აქვს, რომ გერმანიის ლიუფტვაფესათვის სპეცფონდიდან გამოყოფილი 41 მილიარდი ევროთი თვითონაც ისარგებლებს. ამ მიზნით გერმანიის ძირითად კანონში საგანგებო ცვლილებაც კი შევიდა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში.

საბრძოლო დრონები და ჯავშანტრანსპორტიორები

გერმანიის მთავრობა, როგორც იქნა, საბოლოო წერტილს უსვამს მრავალწლიან დავას ბუნდესვერისათვის უპილოტო საფრენის აპარატების (დრონების) შეძენასთან დაკავშირებით. კანცლერ ოლაფ შოლცის თანაპარტიელი სოციალ-დემოკრატები ამის წინააღმდეგ დიდი ხანია გამოდიოდნენ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა დრონების კრიტიკოსები იძულებული გახადა გაჩუმებულიყვნენ. ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საბრძოლო დრონებს შეუძლიათ საკვანძო და წარმატებული როლი შეასრულონ საბრძოლო მოქმედებების დროს. ამჟამად ბუნდესვერი აპირებს შეისყიდოს ისრაელის მიერ წარმოებული დრონი Heron TP და მისთვის განკუთვნილი შეიარაღება.

რაც შეეხება გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტს, მას 19 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი და ამ ფულის დახარჯვას U212 ტიპის წყალქვეშა ნავების, აგრეთვე რამდენიმე ფრეგატისა და კორვეტის შესაძენად აპირებს. შესასყიდი ტექნიკის სიაში შედიან აგრეთვე მრავალმიზნობრივი საბრძოლო კატერები, რომლებიც პატარა, მაგრამ ძალზე მანევრირებად ხომალდებს წარმოადგენენ.

თითქმის 17 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს სახმელეთო ჯარი: მას ჰაერივით ჭირდება ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტიორების განახლება. არსებობს გრძელვადიანი გეგმებიც, რომელთა მიხედვით, უნდა შეიქმნას ბუნდესვერის ძირითადი საბრძოლო ტანკის, მოძველებული Leopard 2-ის მემკვიდრე, რომლის პროექტი ფრანგულ კომპანიებთან ერთად შემუშავდება.

simon2-1655536301.jpg

„იქნება აგრეთვე ინვესტიციები სხვა შეიარაღებებშიც“, - ამბობს აილინ მატლე, - მაგალითად, რამდენიმე მილიარდი მოხმარდება კავშირგაბმულობის თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც საშუალებას მისცემს ჯარებს დაცულად და უსაფრთხოდ აწარმოოს საუბრები და ინფორმაციის გადაცემა. ეს აუცილებელია თანამედროვე ომების დროს“. კავშირის ახალი საშუალებებისათვის 21 მილიარდი ევროა გამოყოფილი, რომელიც, სხვა ხარჯებთან შედარებით, მოცულობით მეორე ადგილზეა. საინტერესოა, რომ სამხედრო მოსამსახურეების პირადი აღჭურვილეობა სწრაფად უნდა განახლდეს. არაა გამორიცხული, რომ ამ მიზნით დამატებითი ფინანსები უკვე მიმდინარე წელს გამოიყოს.

როგორ სტრატეგიას აირჩევს გერმანია?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გერმანია ამ სპეცფონდის წყალობით შეძლებს ნატოს წინაშე თავისი ვალდებულების საუკეთესოდ შესრულებას, როგორც აილინ მატლე ამბობს, „საქმე მხოლოდ ფულით არ გადაწყდება“. ინვესტიციები პოლიტიკურ სტრატეგიას უნდა უთავსდებოდეს: „გვინდა თუ არა ახლა ჩვენ მთავარი აქცენტი გადავიტანოთ მხოლოდ რუსეთის შეკავებაზე, ნატოს წევრი ქვეყნების დაცვისა და ახლა, ალბათ, ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებისთვისაც?, - ასეთ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს ახალ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელსაც მთავრობა დასამტკიცებლად მომავალ წელს წარადგენს.

ბუნდესვერის გადაიარაღების პროგრამის წინააღმდეგ კრიტიკა ისმის მემარცხენე პარტიიდან: პოსტკომუნისტები სპეციალურ ფონდს „სამხედრო ხარჯების ზრდის ქვაკუთხედს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ „ძვირადღირებული ბირთვული ბომბდამშენების F-35-ების, ახალი ტანკებისა და დრონების შეძენა იარაღის მწარმოებლების აქციების ფასს მკვეთრად გაზრდის და მათი მოგება სწრაფად გაიზრდება“. როგორც ბუნდესტაგის მემარცხენეთა ფრაქციის საგარეოპოლიტიკური ექსპერტი სევიმ დეგდელენი აცხადებს, ამდენი თანხის გამოყოფა იარაღის შესაძენად მიზანშეწონილი არ არის იმ დროს, როცა გერმანიის მოსახლეობაში სიღარიბე მატულობს.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, რა ელოდება ბუნდესვერს, როცა 100-მილიარდიანი ფონდი ამოიწურება. მართალია, იზრდება რეგულარული სამხედრო ბიუჯეტიც - მიმდინარე წელს ის რეკორდულ მოცულობას - 50,4 მილიარდ ევროს მიაღწევს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს თანხა არასაკმარისი იქნება გადაიარაღების ძვირადღირებული პროექტების დასაფინანსებლად. მით უმეტეს, რომ გერმანიის ფინანსთა მინისტრი ქრისტიან ლინდნერი ხაზს უსვამს - „ასმილიარდიანი სპეციალური ფონდი გამონაკლისია, ის ერთხელ შეიქმნა და როცა ამოიწურება, გაუქმდება“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ