"მოვა დრო, ამ დღისთვის ჩვენს ხელისუფლებას კუდით ქვას ვასროლინებთ!" - კვირის პალიტრა

"მოვა დრო, ამ დღისთვის ჩვენს ხელისუფლებას კუდით ქვას ვასროლინებთ!"

"ევ­რო­კო­მი­სია ევ­რო­პულ საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევს, უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს, სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი აცხა­დებს, რომ სა­კითხს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა"...

"სა­ქარ­თვე­ლომ წარ­მა­ტე­ბის­თვის ახლა პო­ლი­ტი­კუ­რად უნდა მო­ახ­დი­ნოს შეკ­ვრა და ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბი გან­სა­ზღვროს - ვიძ­ლე­ვით რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა მი­ე­ნი­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ კი და­ვუბ­რუნ­დეთ სა­კითხს და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს პი­რო­ბებს, სა­ნამ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს მი­ვა­ნი­ჭებთ", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო იზი­ა­რებს იმა­ვე პო­ტენ­ცი­ალს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნას და მოლ­დო­ვას გა­აჩ­ნი­ათ...

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა ამ გადაწყვეტილების შესახებ ,,კვირის პალიტრას" ვრცლად ესაუბრა და თავისი უდიდესი აღშფოთება გაგვიზიარა...

- ბუნებრივია, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია რაც მოხდა... ამდენი წელია ვიბრძვით ვიყოთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროატლანტიკური გზა, ჩვენი მომავალი ჰქვია. კი, ვიმსახურებთ, რაც მივიღეთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის საზოგადოება აღქმული მაქვს, როგორც ევროპული ოჯახის საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩამოვრჩით.

ძალიან ბევრმა რამემ განაპირობა ის, რაც მოხდა და ახლა მიზეზებს არ ჩამოვთვლი. მუდმივად ჩამოუყალიბებელი ვართ ჩვენს არჩევანში. ამდენმა არასწორმა პოლიტიკამ, არასახელმწიფოებრივმა ხედვამ მოგვიტანა ეს ყველაფერი. იქედან კიდევ ბევრად კარგად ჩანს, ჩვენ დღეს რა მდგომარეობაში ვართ... წარმოიდგინეთ, დღეს, როცა ომია და ძალიან ბევრი რამ წყდება, ახალი ეტაპი იწყება მსოფლიო პოლიტიკაში, ჩვენი როლი ამ დროს მეტისმეტად ბუნდოვანი აღმოჩნდა, თან ამ ოლიგარქიულ ფონზე... ბუნებრივია, შენი პარტნიორი გთხოვს იმ თეზისების და ამოცანების შესრულებას, რის გამოც უნდა მიგიღონ იმ ოჯახში...

- ამაზე ხელისუფლება გიპასუხებდათ, ომი გინდათო?

- ეგ ხომ ტყუილი ამბავია - "აბა ომი გინდათ?" - ეს არის სუფთა რუსული პროპაგანდა, რომელიც ასე აიტაცეს და ადამიანების გარკვეულ კატეგორიას თავს მოახვიეს! არსებობს ადამიანების კლასიფიკაცია - ინტელექტუალური ნაწილი, შედარებით დაბალი, მაღალი... იმ ფენაზე იმუშავეს, რომელსაც შეგიძლია თავს მოახვიო შენი ყალბი რიტორიკა. ეს პროპაგანდა, ვიმეორებ, არის რუსული და ძალიან მდაბიო, არაფრისმთქმელი! არ მგონია, ისეთ ადამიანებზე ჭრიდეს, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ აქ ომზე საერთოდ არ არის საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ დღეს საქართველოს ოლიგარქიული, კლანური სისტემა მართავს. რაც ოლიგარქმა ჩამოაყალიბა, მიმართულია იქეთ, რომ ქვეყანა რუსულ პოლიტიკას მიებას და ჩვენ არ მოგვეცეს საშუალება განვვითარდეთ, ცივილური მსოფლიოს ნაწილი გავხდეთ, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია. ეს ძალიან თვალსაჩინოა და არ მგონია, ვინმე მოაზროვნე ომის ძახებას უჯერებდეს. თვითონაც კარგად იციან, რას აჯერებენ საზოგადოებას!

პირიქით, ომი რომ არ გვინდა, მუდმივად შიშის ქვეშ ყოფნა, როდის მოვა რუსეთი და დაგვსჯის, იმიტომაც ვისწრაფით ევროპისკენ... რამდენჯერ დაგვსაჯა რუსულმა პოლიტიკამ? ამ შემთხვევაში პუტინის პოლიტიკაა, სხვა დროს - სხვისი! რუსეთი ასწლეულია ჩვენზე ბატონობს და ძალადობს, არის ძალიან ჩამორჩენილი და მსოფლიოს განუვითარებელი ნაწილი. ახლა ხომ მაინც ძალიან კარგად გამოჩნდა, როგორი მოძალადეა! ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით ამ ძალადობისგან თავი დაგვეღწია და მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი დაგვეკავებინა... მართალია, მსოფლიო რუკაზე ერთი წერტილი ვართ, მაგრამ ყველა აღნიშნავს, რომ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ განვვითარდეთ, წინ წავიდეთ, თავი დავიმკვიდროთ და ჩვენს შვილებს კარგი მომავალი დავახვედროთ. კარგ მომავალში ვგულისხმობ კარგ განათლებას, ეკონომიკას, სამედიცინო მომსახურებას... არცერთმა მთავრობამ თავი არ შეიწუხა, ცივილური ევროპისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მართლაც ღირსეული საზოგადოება ვართ, რომელიც ცდილობს მოხვდეს იქ, სადაც მართლაც მისი ადგილია.

სულ მახსენდება ილიას სიტყვები, - "ჩვენისთანა ბედნიერი ..." ეს ლექსი ჯერ კიდევ როდის დაიწერა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და იქაც ზუსტად ეგ არის ნათქვამი, გარეთ მხდალი, შიგნით ყოყოჩიო... ხომ ყველამ ვიცით ეს ლექსი, მაგრამ ცოტა ხნის წინ რომ გულიანად წავიკითხე, თვალებზე ცრემლი მომადგა... იმის შემდეგ კიდევ რამდენი გაიარა ქვეყანამ, რუსეთის სამოცდაათწლიანმა ბორკილებმა და პროპაგანდამ ერი დააჩლუნგა... და აი, დღეს ისე დადგა საკითხი, რომ იქნებ კანდიდატის სტატუსი მაინც მივიღოთ, რადგან ეს გვაძლევს გარანტიას, ჩვენ თუ მოვინდომებთ, სხვა ეტაპზე გადავიდეთ.

კანდიდატის სტატუსიც არის შესაძლებლობა, ეკონომიკურად და სხვა სფეროებშიც უფრო მეტი დახმარება გვექნება... ასეთი დეტალები არ არის დამალული და პოლიტიკა თუ გაინტერესებს, ყველაფერი ნათელია. პოლიტიკა კი უნდა გაინტერესებდეს, რადგან შენი მომავალია და პოლიტიკა არ მაინტერესებსო, ეგ უკვე უგუნური გამონათქვამია! ამით უარს ამბობ შენს მომავალზე! ჩემმა აქაურმა მეზობელმა მითხრა, სამუშაო ადგილები არ არის, მშია, არაფერი გამაჩნია, მაგრამ მართლაც ომი რად გვინდაო... ვუპასუხე, თუ ომი არ გინდა, არც ფული გექნება და ის კლანებიც კი, რომლებიც ასე გატყუებენ და დაგცინიან, მათთვის სულაც არ არის განვითარება საჭირო-მეთქი...

ამ წუმპიდან ჩვენ კიდევ ძალიან დიდხანს ვეღარ ამოვალთ, რადგან უკან დაგვქაჩეს, ჩამოვრჩით და მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებია, რომლის გარშემოც რაღაც კლანებია გაერთიანებული! როგორიც არის დღეს პუტინის რუსეთი. მოსკოვს იქით ისეთი სიღატაკეა, ომის დროს რომ უნიტაზებს მოიპარავს მებრძოლი და სახლში წაიღებს, წარმოიდგინეთ, რა მენტალობაა, რა დონის დაჩაჩანაკებული, უბადრუკი მდგომარეობაა...

როგორ ვერ უნდა მიხვდე, რომ რუსეთი ვერ განგავითარებს?! თავისი ქვეყანა რაც აქვს, იმაზე უარესს დაგმართებს... ვხედავთ, უკრაინამ რა სიმამაცე გამოიჩინა, როგორ მზად აღმოჩნდნენ ბრძოლისთვის! სიმართლე ვთქვათ, ევროპა დღეს მაინცდამაინც კეთილი თვალით არავის უყურებს, მაგრამ მათ დაინახეს უკრაინის ამხელა ბრძოლისუნარიანობა, თავგანწირვა იმისთვის, რომ როგორმე გამოეღლიტოს იმ მარწუხებს, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია. მოახერხეს და კიდევ ბევრად წინ წავლენ! ვნახავთ, უკრაინა როგორი ქვეყანა გახდება, რადგან იქ მშრომელი, წესიერი და მამაცი ხალხია!

საქართველოში ოპოზიციაც ვერანაირად ვერ დადგა სათანადო სიმაღლეზე! რაღაცას თითქოს ცდილობდნენ, მაგრამ მე მათგან ვერ დავინახე ერთიანი, პატრიოტული სული... ჩვენთან, როგორც აღმოჩნდა, მართლაც ძალიან პატარა ნაწილს აქვს პატრიოტული სულისკვეთება და დანარჩენი საკუთარ თავზე, ძალაუფლებაზე ფიქრობს. მათ მიმართ დღეს ასეთი სიბრაზის განცდა მაქვს!

მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვართ შუა აზიური ქვეყნის ტიპის მოსახლეობა. აქამდე ყოველთვის ვაპროტესტებდით, არ ვყოფილიყავით ასე ბოლომდე დაჩაგრულები... ოლიგარქიულმა მმართველობამ დღესდღეობით აჩვენა, რომ გაიმარჯვა და აშკარად ჩანს, რომ კიდევ აქეთ დაგვცინის. გული იმაზე მწყდება, რომ ვიღაცები ამ რიტორიკას ყვებიან, ჩვენ ომი არ გვინდა და ასე გვირჩევნიაო... რა გირჩევნიათ? - "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი" მაინც არ გაუგიათ?! ასეთი სიცოცხლე ნაძრახია, აბა, რა არის? თავის ჭკუაზე რომ გატარებენ და მალე კიმ ჩენ ინივით თმის ვარცხნილობასაც კი გაგიკონტროლებენ! ასე იქნები და მერე ევროპაშიც კი შეიძლება სამუშაოდ წასვლა გაგიჭირდეს.

მაინც ჯიუტად მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, შეგვიძლია კიდევ გავფართხალდეთ. ძალიან პატარა შანსები დაგვიტოვეს იმისთვის, რომ რამეს მივაღწოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ! ისტორიას რომ გადავხედოთ, ნებაყოფლობითი კი არა, ბორკილებიანი მონები თუ მებრძოლი სულის იყვნენ, გამოსავალს პოულობდნენ და მონობიდან გადადიოდნენ სხვა ეტაპზე, ჯანყის და ბრძოლის ხარჯზე იმარჯვებდნენ. ყოველთვის გაქვს შანსი მონის მდგომარეობიდან გამოხვიდე!

არ ვიცი, ამ ქვეყანას რატომ აქვს ყოველთვის ასეთი გახლეჩილობა. კომფორმიზმი გვღუპავს! ვიღაც სადღაც მიკედლებულია, ორ კაპიკს ხელფასს თუ ქრთამს იღებს და ამით კმაყოფილია, ქვეყანას ყიდის!

ჩვენ ხომ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ გვინდა ევროპული მომავალი! ამისთვის ბევრი მსხვერპლი გავიღეთ, ყველაზე ადრე დავიწყეთ ბრძოლა ბალტიისპირელებთან ერთად. ბალტიისპირეთი მაინც სხვა ტიპის ქვეყანაა და სხავანაირად მოახერხეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, 1990-იანებში რუსულ პროდუქტსაც კი არ ყიდულობდნენ. ჩვენ კი დღესაც შეგვიძლია რუსული სიმღერები ჩავრთოთ და გავერთოთ... რუსული სიმღერა კიდევ სხვა ამბავია, მეც შეიძლება საწინააღმდეგო არაფერი მქონდეს, მაგრამ ამ უმძიმეს წუთებშიც კი გამოიჩინე ის დამოკიდებულება, რომ ფეხებზე კი არ გკიდია, შენთვის მხოლოდ კარტოფილს და ხახვს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმაზეც ფიქრობ, რა ბედი ეწევა იმ ქვეყანას, რომელიც მუდმივად მტერს იმისთვის ებრძვის, რომ თავისუფალი იყოს!

დამოუკიდებლობა მივიღეთ და დამოუკიდებლობიდან უნდა გადავსულიყავით თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ყველას ექნებოდა იმის შანსი, ღირსეულად მიგვეღო ის, რასაც გამოიმუშავებდა... ევროპა ხომ მაგიტომ მოგვწონს? რა ინტელექტუალური შესაძლებლობები, ამბიციებიც გაქვს, იმის მიხედვით რომ ძალიან კარგად შეგიძლია გამოიმუშაო შენი საცხოვრებელი ფინანსები. ფული, რომელიც არ გაგხდის მათხოვარს... რატომ უნდა წავსულიყავით იქ და სხვის უკანალს ამოვფარებოდით, ბავშვებისთვის რომ უკეთესი პირობები შეგვექმნა?! აქ შეგვექმნა კარგი განათლების სისტემა, ქვეყანა ფეხზე დაგვეყენებინა...

ამიტომაც არის ძალიან გულსატკენი იმ დამიანების აზროვნება, რომლებისთვისაც მისაღებია ეს რიტორიკა - "აბა ომი გინდათ?" - რა ომი, რის ომი?! უკრაინა იმიტომ ომობს, რომ თავს დაესხნენ! აბა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარი რისთვის გამოიყვანა, არ გვაჩვენა? - გავიგე, რომ ურთულესია ამხელა რუსეთთან პატარა საქართველოს ბრძოლა და ომი, მაგრამ მხოლოდ ომი ხომ არ არის? - პოლიტიკა, დიპლომატია ეგ არის, სათანადო სიმაღლეზე დადგე! თუმცა ეგ არ არის ამ ხელისუფლების სურვილი!

ზუსტად ვიცი, სანამ ჩვენი ევროპული მომავალი გაირკვეოდა, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, ამხელა მედიის მენეჯერი - ნიკა გვარამია გააქცუნეს და ციხეში არაფრის გამო ჩასვეს. აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი განგებ არის გაკეთებული! ვერავინ დამაჯერებს, რომ ეგ სპეციალურად არ მოაწყვეს. რა დანაშაულზეა ლაპარაკი, რაღაც თითიდან გამოწოვილი, ვერც ხსნიან რას აბრალებენ... მე მომწონს თუ არა ნიკა გვარამია, ეგ უკვე სხვა საკითხია! საერთოდ არ მაქვს არანაირი დამოკიდებულება. მე ვხედავ ადამიანს, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის. ძალიან მაგრად მართავდა ტელევიზიას, უნიჭიერესი ადამიანია, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო, როდესაც იქედან გამოაგდეს, სადაც იყო. ეგონათ ვეღარაფერს მოახერხებდა და უმცირეს დროში ყველაფერი შეძლო.

იმისთვის, რომ ევროპულ ოჯახში არ შევსულიყავით, ეს იყო მოწყობილი ამბავი... ვერასოდეს დავიჯერებ ამ ხელისუფლებისას! ადრე მჯეროდა, რადგან იტყუებოდნენ და ყალბი განაცხადი ჰქონდათ ევროპას მივერთებოდით... ყველაფერი აღმოჩნდა სიყალბე, ფარსი, კობახიძის სიტყვებით რომ ვთქვათ - ფეიკი! დადგება დრო, როცა კუდით ქვას ვასროლინებთ! ამ დღისთვის აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს!

ახლა უფრო მეტი შანსი გვქონდა სწორ გზაზე დავმდგარიყავით და ჩვენი მიზნებიც გამართლებული ყოფილიყო. სამწუხაროდ, ისე მოხდა და ეს არის სპეციალურად გაკეთებული, შანსი არ მოგვცემოდა, უკრაინის და მოლოდოვას გვერდით, ერთ კალათში განხილულიყო ჩვენი მომავალი!

(სპეციალურად საიტისთვის)