"რუსეთთან მოლაპარაკებები გაძლიერებული პოზიციებიდან, შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს" - კვირის პალიტრა

"რუსეთთან მოლაპარაკებები გაძლიერებული პოზიციებიდან, შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს განახლდეს"

რუსეთის ფედერაციასთან ომის საკითხებზე მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, ამჟამად უკრაინული მხარე მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას არ განიხილავს, თუმცა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გარკვეულ ადგილებში კონტრშეტევის განხორციელების შემდეგ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ არახამიამ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ აგრესორთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განაახლოს, თუ მისი პოზიციები ფრონტზე გაძლიერდება. თუმცა, არახამიამ არ დააზუსტა, კონკრეტულად რაზე საუბრობდა, „იმ მიზეზით, რომ რუსებს გეგმები არ გაუზიაროს“.

მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, მინიმალური მისაღები გარიგება იქნება თუ უკრაინა რუსულ ძალებს განდევნის ან ისინი ნებაყოფლობით დაიხევენ იმ პოზიციებზე, სადაც 24 თებერვლამდე იმყოფებდნენ.

„ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ყველა სუვერენული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაბრუნებაზე საუბარი“, - აღნიშნა არახამიამ.