"მთავარი ღადაობა: ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი, ამიტომ ვითხოვ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში" - კვირის პალიტრა

"მთავარი ღადაობა: ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი, ამიტომ ვითხოვ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში"

გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა - ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი,- აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი „კონვერტებით დროულად უნდა დაურიგოს“.

„მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის ვალდებულება უნდა შეასრულოს. ამასთან დაკავშირებით გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქია.

„შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, როცა საუბარია ოლიგარქიზაციაზე, აქ არ არის ნაგულისხმევი ბიძინა ივანიშვილი.