"ერთადერთი, ვისაც ამისთვის საკმარისი სახელი, გავლენა და ფული აქვს" - ვის შეუძლია პუტინის შეჩერება - რას წერს POLITICO - კვირის პალიტრა

"ერთადერთი, ვისაც ამისთვის საკმარისი სახელი, გავლენა და ფული აქვს" - ვის შეუძლია პუტინის შეჩერება - რას წერს POLITICO

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ გამოცემაში (რედაქცია ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინს ახლა მხოლოდ სუპერგმირი თუ შეაჩერებს. ვინ მიიღებს რუსეთის პრეზიდენტის გამოწვევას?“ (ავტორი - პაულ დელისონი, ახალი ამბების რედაქტორი).

„ვერც გერჰარდ შრედერმა და ვერც მატეო სალვინიმ [თავიანთ მეგობარ] რუსეთის პრეზიდენტამდე ვერ მიაღწიეს, მაგრამ არის ერთი ვიღაც, ვისაც ეს საქმე ხელეწიფება.

ალბათ, ცნობისმოყვარეობა გაგიჩნდებათ - ვინაა? ჩიტი თუ ჰაერში მფრინავი ადამიანი?

დღეს მხოლოდ სუპერგმირს თუ შეუძლია ვლადიმერ პუტინის დარწმუნება უკრაინის კონფლიქტის შეჩერებაში, მაგრამ ვინაა ის სუპერგმირი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან მიესვლება?

გერჰარდ შრედერი, გერმანიის ექს-კანცლერი - მეტსახელად „გაზის კაცი“ - ცდილობდა ვლადიმერ პუტნთან საუბარს, მაგრამ არ გამოუვიდა. იგივეს შეეცადა მატეო სალვინიც, სენატორი და იტალიის ექს-ვიცე-პრემიერი - მეტსახელად „პოზიორი კაცი“ - მაგრამ უშედეგოდ. იტალიაში არსებულმა რუსეთის საელჩომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ სალვინისა და მის ამალას მოსკოვში გასაფრენი ბილეთები შეუძინა. საქმე ისაა, რომ მატეო სალვინი, რომელიც ადრე ვლადიმერ პუტინს ხშირად აქებდა ხოლმე, საზოგადოებას უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტას დაპირდა. მისდა სამწუხაროდ, კრემლში შეხვედრა არ შედგა - მას ხელი შეუშალა მოსხლეობის კრიტიკამ იტალიის კოალიციური მთავრობის მიმართ, რომელშიც მატეო სალვინის პარტია „ჩრდილოეთის ლიგაც“ შედის.

ვინ წავა კიდევ მოსკოვში მომდევნო დღეებში, ან ვინ შეეცდება წასვლას? დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ქალბატონ პრიტი პატელისათვის - მეტსახელად „დეპორტერისათვის“ - ამ საქმის გაკეთება სავსებით შესაძლებელია. მინისტრმა ისეთი ბოროტი და ულმობელი გეგმა შეიმუშავა დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის უკანონოდ მიღების მსურველებისათვის - მათ იჭერს და რუანდაში აგზავნის - რომ დიქტატორი პუტინი თანამოაზრე ქალბატონს სავარაუდოდ, მიიღებს და დაელაპარაკება. მაგრამ რეალურად ვერც პრიტი პატელი ვერ შეძლებს პუტინის კარზე დაკაკუნებას. ამ საქმის გაკეთება სხვა სუპერგმირს შეუძლია, რომელიც არსებობს, მაგრამ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ყურადღებას არ ვაქცევდით.

ერთადერთი, ვისაც ამისთვის საკმარისი სახელი, გავლენა, ფული და... დიახ, დიახ, ქოჩორი აქვს, ეს დონალდ ტრამპია, მეტსახელად „თითმოკლე“, იგივე „მწითური“, იგივე „სუპერგიბონი“. დონალდ ტრამპი რაღაცით მწვანე მონსტრ ჰალკსაც ჰგავს ფილმიდან, მცირე საკითხზე ისტერიკებში ვარდება, თავისი ზომის შარვალი არ აცვია და ფერს ხშირად იცვლის.

მაგრამ ისევე როგორც ბეთმენს, რომელიც ზოგჯერ რიგშიც კი დგას ხოლმე მშენებლობის საკითხის გამო, დონალდ ტრამპსაც მოუწევს რაღაც ადგილობრივი საკითხები მოაგვაროს: სანამ იგი ლაბადას მოისხამს და პუტინთან მოსალაპარაკებლად გაფრინდება, მანამ კონგრესში უნდა მივიდეს და კანონმდებლების მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას ანგარიში უნდა ჩააბაროს, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის ბორცვზე მომხდარ ბუნტთან დაკავშირებით.

ექს-პრეზიდენტი, რასაკვირველია, კონგრესმენებს ხელს აუქნევს, კომისიას „ეშმაკისეულ სამსჯავროდ“ და „სასამართლოს პაროდიად“ ჩათვლის, რომელსაც მოსალოდნელი კატასტროფიდან ამერიკელების ყურადღება გადააქვს. ჰოდა, რადგანაც ვლადიმერ პუტინსაც ადამიანის უფლებებზე სწორედ ასეთი ლაპარაკი და ტონი მოსწონს, მისთვის დონალდ ტრამპი ნამდვილად სასიამოვნო სტუმარი იქნება“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ