"ლავანდის ესენცია ღვინოსაც უხდება, ხინკალსაც და ნაყინსაც...“ - კვირის პალიტრა

"ლავანდის ესენცია ღვინოსაც უხდება, ხინკალსაც და ნაყინსაც...“

"ზაფხულობით კახეთს მავნე მწერები ძალიან უტევენ: კოღო, ქინქლა, ბუზი, ჩვენს პლანტაციასთან კი ერთ მწერს ვერ ნახავთ. მისი სურნელი მავნე მწერებს აფრთხობს. ქვეწარმავალსაც აშინებს ლავანდის არომატი. მისი ეს თვისებაც არის პრაქტიკაში გამოსაყენებელი..."

rამდენიმე დღეში ნუკრიანის მინდორს ლავანდის სურნელი მოეფინება, ლურჯად გადაბიბინდება გარემო და ამ სილამაზის სანახავად თუ ფოტოსესიების მოსაწყობად უამრავი სტუმარი მიაწყდება სოფელს. საქართველოში ლავანდის პლანტაცია მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტშია და, ცხადია, ამ სიახლის საკუთარი თვალით ნახვა ბევრს სურს, აქაურებსაც და უცხოელებსაც. საქართველოში პირველად სოფელ ნუკრიანში 2 ჰექტარზე ლავანდის პლანტაცია 2015 წელს გაშენდა. ამ საქმის ინიციატორი და სულის ჩამდგმელი ორი ადამიანი იყო: თეიმურაზ ჯანგულაშვილი და ალექსანდრე მალვინოვი.

თეიმურაზ ჯანგულაშვილი:

- 70 წელს გადავაბიჯე და უსაქმურად ერთ წამს ვერ დამინახავთ. პლანტაციის გარდა, ვუვლი რამდენიმე ჰექტარ ვენახს, ღორების ფერმაც მაქვს... ლავანდის პლანტაციის გაშენების იდეა ალექსანდრეს გაუჩნდა, რასაც მე სკეპტიკურად შევხვდი. ამ კულტურას არ ვიცნობდი და არ ვიცოდი, საქართველოში გაამართლებდა თუ არა. მიუხედავად ამისა, გავრისკე და დავთანხმდი. ერთად შევარჩიეთ და შევიძინეთ ტერიტორია, საქმეც ერთად დავიწყეთ. დიდხანს ვფიქრობდით რელიეფზე, სპეციალისტებიც მოვიწვიეთ და მიწის ანალიზიც გავაკეთებინეთ. მათ გვითხრეს, რომ ეს ადგილი ლავანდის გასაშენებლად საუკეთესო იყო. აღმოჩნდა, რომ ლავანდასაც ისეთივე პირობები სჭირდება, როგორიც ვაზს. ლავანდის თესლი საფრანგეთიდან ჩამოვიტანეთ. თბილისში, ყოფილი "მაუდკამვოლის" ქარხნის ტერიტორიაზე მოვაწყვეთ სათბური და ნერგები იქ გამოვიყვანეთ. თავდაპირველად ვფიქრობდით, 5 ჰექტარზე გაგვეშენებინა, მაგრამ გადავიფიქრეთ და 2 ჰექტარზე გავაშენეთ.

lavanda2-1655629373.jpg

- რატომ?

- 5 ჰექტრისთვის საკმარისი ნერგი კი გამოვიყვანეთ, მაგრამ ფინანსები არ გვყოფნიდა, თან არ ვიცოდით, როგორ გაამართლებდა და პირველი ეტაპისთვის ასე ვარჩიეთ.

ლავანდისთვის აუცილებელი არ არის ბევრი წყალი. ბუნებრივი ნალექი თუ ექნება, არ ხმება, მაგრამ მორწყული უკეთესად ხარობს. ამ კულტურას ვაზივით ბევრი მოვლა არ სჭირდება, მთავარია, სარეველებისგან გათავისუფლდეს.

რამდენიმე დღეში გავხსნით სეზონს, მანამდე კი ვაპირებთ, კიდევ ერთხელ გავასუფთაოთ. კარგად რომ იყვავილებს, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ყვავილებს მოვკრეფთ და ეთერზეთს გამოვხდით. დარგვის შემდეგ ორ წელიწადს ველოდებოდით მოსავალს.

- ეთერზეთსაც თავად ამზადებთ?

- საფრანგეთში შევიძინეთ ლავანდის ეთერზეთის დასამზადებელი მინიქარხანა. 1 ლიტრი ეთერზეთი რომ გამოვხადოთ, დაახლოებით 200 კილო ლავანდაა საჭირო. თავდაპირველად გვინდოდა, პროდუქცია აზერბაიჯანსა და სომხეთში გაგვეტანა გასაყიდად, მაგრამ ვერ მოხერხდა. ამჟამად მხოლოდ საქართველოში ვყიდით მილიგრამობით, რაც ბიზნესისთვის მცირეა.

lavanda4-1655629373.jpg

პანდემიამდე უამრავი სტუმარი გვყავდა. ლავანდის პლანტაციის სანახავად საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდნენ, ბევრი უცხოელისთვის გვიმასპინძლია...

- ნუკრიანის გორებზე მოკრეფილ ლავანდას რაში იყენებენ?

- ლავანდა, ძირითადად, პარფიუმერიაში გამოიყენება. მისგან ამზადებენ საუკეთესო სურნელის საპნებს. ლავანდის ფოთლები და ყვავილი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ადამიანს ამშვიდებს. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მისი ეს თვისება - რამდენჯერმე გაბრაზებული მოვედი პლანტაციაში და უკან მშვიდი და დასვენებული დავბრუნდი. თქვენც გირჩევთ, მოხვიდეთ, როცა აყვავდება, პატარა თაიგული წაიღოთ და საწოლთან ჩამოკიდოთ. ეს სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ და ძილსაც მოგგვრით.

ოჯახში ლავანდას ბევრ რამეში ვიყენებ. ვსვამთ მისი ფოთლებისგან დამზადებულ ჩაის, აგრეთვე ღვინოს ვუმატებთ და მას ისეთ არომატულს ხდის, ვინც სინჯავს, გვეუბნება, მსგავსი ღვინო არ დაგვილევიაო. კონიაკში, ნამცხვრებში, კერძებში გამოიყენება - მათ სასარგებლოსა და არომატულს ხდის. სახინკლედ მომზადებულ ხორცსაც კი ვუმატებ ლავანდის ფოთოლს და შეუდარებელ ხინკალს ვამზადებთ. ლავანდის ესენცია ჩვენგან უკვე ნაყინის ქარხნებშიც წაიღეს და მალე ლავანდის ნაყინი გაიყიდება.

უცხოელები ჩვენს ლავანდას ძალიან აფასებენ, ეთერზეთებსა და ლავანდის კონებს ყიდულობენ. ნუკრიანის ლავანდა არომატით გამოირჩევა, რაშიც ,,დამნაშავე" აქაური ჰავა და ლანდშაფტია.

ამ კულტურის გამრავლებასა და მოვლა-პატრონობაში ისე "გამოვიჯეკეთ", რომ თესლიდან გამოგვყავს ნერგები და ვყიდით. ცოტა ხნის წინ ამერიკული ლავანდის­­ თესლი ჩამოვიტანეთ და ისიც დავთესეთ. გვინდა, დავაკვირდეთ და თუ ფრანგულზე უკეთესი თვისებები ამერიკულს აღმოაჩნდა, დანარჩენ ფართობზე მას გავაშენებთ.

lavanda3-1655629373.jpg

- ბიზნესსაქმიანობაში მიმდევრები გამოგიჩნდნენ?

- ამ კულტურის გაშენება უნდათ, მაგრამ საქმე ჯერჯერობით არავის წამოუწყია. მოსახლეობა ჩვენთან ნერგებს ყიდულობს და თავიანთ ბაღებში ამრავლებენ. საქართველოში უკვე ბევრს უდგას ბაღში ლავანდა, როგორც დეკორატიული მცენარე.

- ვატყობ, პრობლემაც ბევრი გაქვთ. პლანტაციამდე მოსასვლელი გზა მოუვლელი და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსეა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ სტუმრობენ თქვენს პლანტაციას?

- ვცდილობთ, პრობლემებს ჩვენი ძალებით გავუმკლავდეთ, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია. ჩვენი ბიზნესი რომ განვავითაროთ, საჭიროა პლანტაციის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის შემოყვანა, მაგრამ ეს ძვირია და ჩვენს ძალებს აღემატება. შუქი რომ გვქონდეს, ვიზიტორებს ღამისთევითაც დავტოვებდით. გვინდა, ლავანდის ბუჩქების მიმდებარედ პავილიონი და კოტეჯები გავაკეთოთ, სადაც ჩვენი ლავანდისგან მომზადებულ ნაწარმს გამოვფენთ და ვიზიტორებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დიდი დრო გაატარონ საუკეთესო გარემოში. არც წყალი გვაქვს, არადა, უკვე გვალვა დაიწყო და ყველა მცენარეს წყლის მიშველება სჭირდება.

მთავრობის დიდმოხელეები ოჯახებითა და სტუმრებით მოდიან ჩვენი ლავანდის პლანტაციის სანახავად. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო პანდემიამდე, კახეთის გუბერნატორიც არის ნამყოფი... ცხადია, ყველას შევჩივით, ჩვენს პრობლემებზე ვუყვებით და თავადაც ხედავენ, მაგრამ მათი დაპირებები დღემდე დაპირებად რჩება, არადა, ჩვენი ბიზნესი ხომ ქვეყნის პრესტიჟიცაა. უკვე ბევრი ლაპარაკობს ჩვენ შესახებ, ფოტოებს აქვეყნებენ და რატომ არ უნდა გვეხმარებოდეს ვინმე პრობლემების მოგვარებაში?!პლანტაციის თავში ბორბლებიანი ორტონიანი წყლის ავზი დავდგი, მაგრამ ღამით ვიღაცამ ავზი ბორბლებიდან მოხსნა და მოიპარა. პატარა ვაგონი გვიდგას და ისიც გაგვიძარცვეს. ჩვენს ტერიტორიაზე ვიდეოთვალს ვერ ვაყენებთ ელექტროენერგიის უქონლობის გამო. პოლიციამ გაიგო ამ ქურდობის ამბავი, მაგრამ... ათამდე ადამიანი გვყავს დასაქმებული. გვინდა, დასაქმების მაჩვენებელიც გავზარდოთ, მაგრამ ხელშეწყობა არ გვაქვს.

პლანტაციის გაშენება როცა დავიწყეთ, მის გვერდით ვაზიც ჩავყარეთ. ამ ორ კულტურას ისე მოეწონა ერთმანეთი, რომ ჩვენი ვენახის ყურძენს ლავანდის სურნელი და არომატიც დაჰყვება. მისგან საუკეთესო ღვინოს ვამზადებთ და ლავანდის ღვინოს ვეძახით.

ზაფხულობით კახეთს მავნე მწერები ძალიან უტევენ: კოღო, ქინქლა, ბუზი, ჩვენს პლანტაციასთან კი ერთ მწერს ვერ ნახავთ. მისი სურნელი მავნე მწერებს აფრთხობს. ქვეწარმავალსაც აშინებს ლავანდის არომატი. მისი ეს თვისებაც არის პრაქტიკაში გამოსაყენებელი. წინათ, სახლების მშენებლობის დროს, იმ ქვეყნებში, სადაც ლავანდა მოჰყავდათ, მისი ყვავილებისგან დამზადებულ თაიგულს სახლის ოთხ კუთხეში, კედლებში ატანდნენ და იცოდნენ, რომ ასეთ სახლებს ქვეწარმავალი არასდროს მიეკარებოდა.

- როდის აყვავდება თქვენი ლავანდა, სეზონს როდის ხსნით?

- წლევანდელ სეზონს დაახლოებით 15 ივნისს გავხსნით. დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ფერეიდნელები მოუთმენლად ელოდებიან ლავანდის აყვავებას. გვინდა, ამ სეზონზე ცივი სასმელებითაც მოვამარაგოთ ჩვენი სტუმრები.

ხელშეწყობა რომ გვქონეს, ისე განვავითარებდით ჩვენს ბიზნესს, რომ აქაურობა ყველას მოხიბლავდა. უფრო გავუთქვამდით სახელს მუნიციპალიტეტს, საქართველოს, რაც ქვეყნისა და ხალხისთვის კარგი იქნებოდა.

ნელი ვარდიაშვილი