ივნისი ბლის თვეა - კვირის პალიტრა

ივნისი ბლის თვეა

„ქართული ბალი ისეთ ქვეყნებშიც გააქვთ, სადაც ქართული პროდუქცია აქამდე არ შესულა, მაგალითად, სინგაპურსა და ყატარში“

საქართველოში ბალს ძველთაგანვე ახარებდნენ. ჩვენს ტყეებში გავრცელებული ველური ბალი - ბალამწარა ადასტურებს, რომ მოსახლეობამ ბლის უძველესი სახეობები ტყიდან გამოიტანა და კულტურულად აქცია, შემდეგ, დროთა განმავლობაში, გლეხური სელექციითაც გააუმჯობესა, ბლის ჯიშების გაუმჯობესებაში მეცნიერების ჩარევით კი შეიქმნა ქართული ბლის ცნობილი ჯიშები: გოგრა, ხარისგულა, თეთრი ბალი, შავბალა და სხვა.…ბოლო წლებში მაღალხარისხოვანი ჯიშები შემოვიდა უცხოეთიდანაც, რამაც ბლის ინტენსიური ბაღების გაშენებას შეუწყო ხელი, განსაკუთრებით - ქართლ-კახეთში.

ქართლისა და კახეთის მოსავალმა ბლის ექსპორტში მთავარი ადგილი დაიჭირა. ბალი საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს, მათ შორის - მთიან ზონებშიც, სადაც შედარებით გვიან, სექტემბრის ბოლო რიცხვებშიც კი მწიფდება, თუმცა, ტრადიციულად, ბლით ყველაზე მეტად ქართლია ცნობილი. მათ შორის არის ქარელი და გორი. ბალი აქ ვაშლის შემოსვლამდე შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება. ივნისის შუა რიცხვები გორის სოფლებში, კერძოდ, რიეთში, ბლის კრეფის აქტიური სეზონია. გვესაუბრება რიეთელი რომან ხიზანეიშვილი.

- საინტერესოა, რა უწყობს ხელს ქართლში ბლის კულტურის პოპულარობას: ნიადაგი, კლიმატი თუ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციულად ერთგული დამოკიდებულება ამ კულტურისადმი?

- ყველაფერი ერთად. ბალი კარგად იტანს ჩვენს მშრალ ნიადაგსაც და ცხელ კლიმატსაც, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენში ბლის პოპულარობაში თავისი დიდი წვლილი ტრადიციებმაც შეიტანა. მაგალითად, ათეული წლების წინ სოფელ სკრაში ბრწყინვალე ბლის სანერგე იყო, სადაც ჩვენი ბებია-ბაბუები იმ მეცნიერებთან ერთად შრომობდნენ, რომელთაც შესანიშნავი ქართული ჯიშები გამოჰყავდათ (გოგრა ბალი, ხარისგულა და ა.შ.) და ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ფასიც ჰქონდა. მართალია, მაშინ სამეურნეო მაცივრები არ იყო, მაგრამ ხალხს სოფლებიდან ბალი ბაზარში გაჰქონდა თუ არა, მაშინვე დახლებიდან ქრებოდა. ამან უბიძგა ქარელისა თუ გორის სოფლებს ბლის გაშენებისკენ. ადამიანი ხომ იმიტომ შრომობს, რომ ანაზღაურება მიიღოს. დღეს, როდესაც სამეურნეო მაცივრებში ბლის შენახვის საშუალება გაჩნდა, ცხადია, ამ კულტურის გაშენება უფრო მომგებიანი გახდა, ოღონდ მაცივრების გამოყენების საშუალება უფრო მსხვილ ფერმერებს აქვთ, რომლებსაც ან საკუთარი მაცივრები აქვთ, ან - მაცივრებში პროდუქტის შესანახი თანხა, Bაქამდე კი, სამწუხაროდ, ყველა ვერ მივალთ, თუმცა, ჩემი აზრით, არც ის ღირს, სახელმწიფოს ელოდო, როდის ამოგიდგება მხარში. როდესაც ხედავ, რომ რაღაცას შემოსავალი მოაქვს, ამ შემოსავლისთვის საკუთარი თავის იმედად უნდა იშრომო. აAსეთი, საბედნიეროდ, ბევრია და ბლის ბაღიც არაერთმა გლეხმა გააშენა. მეც მათ შორის ვარ. თუ მაინცდამაინც დიდ შემოსავალს ვერ მივიღებთ, ან ექსპორტზე ვერ გავალთ, ბალი ადგილობრივ ბაზარზე მაინც აუცილებლად გაიყიდება და მაის-ივნისში შემოსავალს მოგვცემს. თუმცა ან ექსპორტს რა უდგას წინ, თუ ხარისხიანი მოსავალი გაქვს? კლიენტები თავად მოგაკითხავენ პროდუქციისთვის. საექსპორტო ბალი ივნისში შემოგვდის. ივნისი ბლის თვეა. ამ დროს ჯერ შემოსული არ არის ვაშლი და ბაღჩეული და ბალი კარგად ფასობს.

- თანაც როგორ! მაისის ბოლოს აგრო­ბაზარზე 1 კგ ბალი 17 ლარი ღირდა, ახლაც ფასი 8 ლარზე ნაკლები არ არის, მაგრამ ხალხი მაინც ყიდულობს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას არ ულხინს.

- დიახ, ყიდულობენ. იქნებ ზოგიერთმა თავად ვერც მიირთვას ასეთი ძვირი პროდუქტი, მაგრამ ბავშვებს ბალი ისე უყვართ, რომ შეუძლებელია სეზონზე ამ ხილით არ გაახარო, თუმცა, მაისის ბალზე უფრო "ხორციანი" და გემრიელი, ჩემი აზრით, ივნისის ჯიშებია. ექსპორტითაც ივნისის ქართული ბალი გადის: თეთრი ბალი, გოგრა, ხარისგულა და მათთან ერთად ის უცხოური ჯიშებიც, რომლებიც ბოლო წლებში გაშენდა. სხვათა შორის, კარგი ჯიშებია, ქართულ ბალს არაფრით ჩამოუვარდება, მით უფრო - საექსპორტოდ, ოღონდ ქართული ჯიშები თითქოს უფრო არომატულია, ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზე მაინც ცნობილ ქართულ ჯიშებს ირჩევენ.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართული ბალის ექსპორტი შემცირდა. რატომ?

- პანდემიის პერიოდში თითქოს გატანის პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან მალფუჭებადი ხილი საბაჟოზე ყოვნდებოდა, გადამზიდავებიც ერიდებოდნენ წაღებას. მიუხედავად იმისა, რომ ტრაილერებში მაცივრებია, საბაჟოზე დიდხანს დაყოვნება მალფუჭებად ხილს ვნებს. როგორც ვიცი, ამ სეზონზე კანონი შეიცვალა და ამიერიდან საზღვარზე მალფუჭებადი პროდუქტით სავსე ტრაილერებს ურიგოდ გაუშვებენ. ვითარებას ეგებ ამან უშველოს. შარშანდელ სეზონზე ექსპორტზე 494 ათასი დოლარის ღირებულების ბალი გავიდა. მგონი, ეს არც ისე ცოტაა, თანაც ქართული ბალი ისეთ ქვეყნებშიც გააქვთ, სადაც ქართული პროდუქცია აქამდე არ შესულა, მაგალითად, სინგაპურსა და ყატარში.

ჩვენს ბაზრებში ბლის მაღალი ფასი მოწმობს, რომ ძირითადი პროდუქცია უცხოეთში გადის. მართალია, მყიდველისთვის ეს კარგი არ არის, მაგრამ როდესაც ქვეყანაში გაყიდული პროდუქციით ფული შემოდის, მაინც ყველასთვის სასიკეთოა. Bბლის ფასი ექსპორტზეც მაღალია. შარშან ექსპორტზე გასატანი 1 კგ ბალი საშუალოდ 1,69 დოლარი ღირდა.

- ბალს ექსპორტზე, მოცვის შემდეგ, ყველაზე მაღალი ფასი ჰქონია. ახლა გასაგებია, რატომაც შენდება ბლის ახალი ბაღები...

- დიახ, ასეა. ზოგიერთმა ფერმერმა, ვისაც სახელმწიფო დაეხმარა ბლის ბაღის გაშენებაში, ნერგები უცხოეთიდან - იტალიიდან ან ესპანეთიდან შემოიტანა. კარგი ჯიშებია, მაგრამ ქართული ჯიშები მათ ტოლს არ უდებს. ჩვენი ლიცენზირებული სანერგეებიდანაც შეიძლება ხარისხიანი ნერგების შეძენა. ჩვენმა მენერგეებმაც დაიწყეს კარგი ჯიშის ბლის ნერგების გამოყვანა. ისწავლეს ბევრი რამ, მაგალითად, ის, რომ ბალღოჯსა (ველური ბლის სახეობა) და კოლტზე (ბლის ინგლისური სელექციის საძირე) გაშენებული ბალი 2-3 წლით ადრე გვაძლევს მოსავალს, ვიდრე ბალამწარაზე დამყნობილი და თანაც უფრო გვალვაგამძლეა, ასე რომ, ბევრი სანდო სანერგე გვაქვს. მთავარია, ბაღში წვეთოვანი სისტემის მოწყობა შევძლოთ, რადგან ნერგები ვერ გაუძლებს იმ სიცხეს, როგორიც ჩვენში იცის.