„მართალი ღვინო“ პროფესიონალი სამხედროსგან - კვირის პალიტრა

„მართალი ღვინო“ პროფესიონალი სამხედროსგან

უჩა მაჭარაშვილი 18 წელიწადია თავდაცვის ძალებში მსახურობს, იყო სხვადასხვა სამხედრო ბრიგადაში. სამი მისია ერაყის რესპუბლიკაში ჰქონდა, ოთხი - ავღანეთში. "იყო სხვადასხვა გამოწვევა, ვიმსახურე საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობებში. ახლა თავდაცვის სამინისტროს განათლების სარდლობაში ვარ, კონკრეტულად, საჩხერის სამთო ბაზაში... ამავე დროს მაქვს მარანი, სადაც ვაწარმოებ იმერულ კარგ ქვევრის ბიოღვინოებს. ჩემს მარანში მოსული ტურისტი გარდა იმისა, რომ ღვინოს აჭაშნიკებს, საინტერესო ინფორმაციასაც იგებს ღვინისა და ჩვენი კუთხის შესახებ", - გვეუბნება უჩა მაჭარაშვილი.

უჩა მაჭარაშვილი:

- ვენახი და მარანი საჩხერის რაიონის სოფელ მახათაურში მაქვს. ჩვენი სოფელი ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. აქ ვუვლი ვენახს, ვაზს და უნიკალურ ჯიშებს (თეთრი და ვარდისფერი რკო), რომლებიც გადაშენების პირას იყო. გარდა ამისა, მაქვს ცოლიკაური, ძელშავი, საიდანაც ვაკეთებ სეპაჟებს, კუპაჟებს, ცქრიალა ღვინოს... ამ ეტაპისთვის დაახლოებით 2 ტონა წვენს ვაწარმოებ. 350 ბოთლით დავიწყე და უკვე 2500 ბოთლამდე ვასხამ.

- როგორც ჩანს, თქვენს ოჯახს მევენახეობაში დიდი გამოცდილება ჰქონდა...

- კი, მევენახეობას ბებია-ბაბუა მისდევდა, მერე მშობლები. ეს საქმე დამოუკიდებლად რომ დავიწყე, არ გამჭირვებია. თუმცა დიდი გამოწვევებიც მოჰყვა - შრომა, დიდი ყურადღება, ხარისხზე ზრუნვა... უკვე წარმატება მაქვს და იმედიც, რომ მომავალში მეტს მივაღწევ.

გარდა იმისა, რომ ვაყენებ ქვევრის ღვინოს იმერული, ტრადიციული მეთოდით, ვაყენებ კასრის ღვინოსაც ევროპული მეთოდით.

megvine2-1655630552.jpg

- ღვინოს თქვენი სახელი დაარქვით. რატომ?

- ჩემი შრომა-წვალებიდან გამომდინარე, თან ჩავთვალე, რომ პოპულარობას ასე მეტად მოიპოვებდა. მერე შვილებიც რომ ნახავენ (სამი შვილი მყავს), მამა წარმატებულია, სახელობითი ღვინო აქვსო, შრომას მეტად მოინდომებენ. შემდეგ შესაძლოა ღვინის ბოთლებზე მათი სახელებიც აღმოჩნდეს.

- რა უფრო ადვილია, ვენახის მოვლა, ღვინის დაყენება თუ სამშობლოს დაცვა?

- მარტივი არც ერთი არ არის, სამივე საპასუხისმგებლო საქმეა, შრომა და თავდადება უნდა ყველაფერს. მიყვარს ჩემი ქვეყანა, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი მისთვის მემსახურა. მასაც ბევრი რამ აქვს ჩემთვის გაკეთებული. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ამასთან, ვალდებულიც, სანამდეც შევძლებ, ქვეყანას თავდაცვის ძალებში ვემსახურო, აქ მოსულ სტუმრებს კი ჩემი ქვეყნის ისტორია და ტრადიციები გავაცნო. შევაყვარო ჩვენი კულტურა და შევაგრძნობინო, რომ მოხვდნენ ისეთ ადგილას, სადაც პატარა სამოთხეა.

- მარანში ძველი ქვევრები გქონიათ...

- კი, ქვევრები საუკუნე, საუკუნე-ნახევრის არის. მარანიც ძველი იყო, ასე რომ, მიტოვებული ქვევრები და მარანიც განვაახლე. ღვინის სარდაფიც ავაშენე. ღვინო ჯერ მარანში გადის საწყის ეტაპს - საწნახელში იწურება, შემდეგ ქვევრში დავარგდება. მანამდე, რა თქმა უნდა, ქვევრები საგანგებოდ ირეცხება, სუფთავდება, დეზინფექცია უკეთდება... 6-7 თვემდე მარანშია ღვინო და შემდეგ სარდაფში გადადის, სადაც უჟანგავ კასრებში ისხმება, ივნისის ბოლოდან კი ბოთლებში. გადის ლაბორატორიულ შემოწმებასაც და ეტიკეტირდება. სარდაფი მიწაშია, ტემპერატურა დაცულია, სადაც ღვინო თავს კარგად ინახავს. სარდაფის თავზე ტერასაა, იქიდან საჩხერის იდეალური ხედი ჩანს. სტუმრებს უყვართ ტერასაზე ასვლა. ხშირად ვმასპინძლობთ უცხოელებს. ახლაც ველოდებით ბრიტანელებისა და გერმანელების დიდ ჯგუფებს. ვატარებთ დეგუსტაციას, მასტერკლასებს, სადილით ვუმასპინძლდებით... ჩემი ღვინის დაჭაშნიკება და ჩვენთან სტუმრობა უყვართ. ვინც აქ ნამყოფია, მოსვლის სურვილი ისევ უჩნდება. ტურისტს მომზადებული უნდა დახვდე, უნდა გააცნო თითოეული დეტალი: ყურძენი სად დაიკრიფა, რატომ, როდის, როგორ დაიკრიფა და რა ამინდში. ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდო და თავადაც წარუდგე.

megvine4-1655630553.jpg

- საქმე იცოდით, მშრომელი ხართ, საკუთარი თავის იმედი და სურვილიც გქონდათ, მაგრამ მაინც რისკი არ იყო ამ საქმის წამოწყება?

- დღე-ღამეში ძალიან ცოტა მძინავს, ძირითადად, სულ ვმუშაობ. ჩვენს საქმეში თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. მეღვინეობა ისეთი დარგია, სიზუსტითა და წესების დაცვით უნდა იმოქმედო. ჩემი თითოეული ღვინო შვილივით მყავს. ასე რომ, სამ რამეს ვემსახურები - მევენახეობას, მეღვინეობასა და ტურიზმს. ჩვენი სოფელი ცნობილ სოფლებს, სავანესა და არგვეთს ესაზღვრება. ამ სოფლებსა და მხარეს ჩვენი არაერთი საამაყო პოეტის ბიოგრაფია უკავშირდება: მუხრან მაჭავარიანის, პაოლო იაშვილის, აკაკი წერეთლის. აქ ნახავთ X საუკუნის ტაძარსაც.

- ღვინოს სად ყიდით?

- თბილისსა და ბათუმში. ახლა ამერიკის ბაზარს ველოდები. ექსპორტი მქონდა ჰონკონგში და ცოტ-ცოტა რაოდენობით ევროპაში. ვემზადებით იაპონიისთვის, სავარაუდოდ, რაღაც ნაწილს წაიღებენ. მე ხარისხზე ვარ ორიენტირებული, ბიოღვინოს ბევრს ვერც დააყენებ.

- ვენახსა და მარანში განსაკუთრებული წესები ან რაიმე რიტუალი ხომ არა გაქვთ დამკვიდრებული?

- რთველზე მარანში რომ ვმუშაობ, საგალობლებს ვრთავთ, სანთელს ვანთებთ და ყურძენს ისე ვწურავთ. მარანი ხომ ოჯახის სიწმინდეა. რაც შეეხება ვენახს, სულიერია, როგორც ადამიანს შეუძლია ფიქრი და საუბარი, ასევეა ისიც. ნებისმიერ პროცედურას თავად გკარნახობს - რაში უნდა შველა. დიდ ყურადღებას ვაქცევ მთვარის ცვლილებას - გასხვლა, დაკრეფა, დაწურვა ამის მიხედვით ხდება.

ღვინოში არ ვერევი. არც არაფერს ვამატებ და არც ვაკლებ. ბუნებრივად დგება ისეთი, როგორიც არის, თავისით ღვინდება.

megvine3-1655630552.jpg

- თავს რას უწოდებთ, მეღვინეს თუ მევენახეს?

- მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი პროდუქცია მაქვს, ჩემს ღვინოს ბევრი მოწონება დაუმსახურებია, ჯერჯერობით დამწყები მეღვინე ვარ, არა ვარ სრულყოფილად შემდგარი ამ საქმეში. ამ ყველაფერს დრო და სტაჟი სჭირდება.

- მეღვინეობა თუნდაც დამწყები მეღვინისგან რას ითხოვს?

- უპირველესად ღვინო უნდა იყოს "მართალი", სუფთად დამზადებული, სიმშვიდეში დადუღებული და დავარგებული. მართალს რომ ვამბობ, ვგულისხმობ, რომ მეღვინემ ღვინის დამზადებისას არ უნდა მოგვატყუოს. მევენახეობას დიდი ყურადღება სჭირდება, ელემენტარული უყურადღებობა და ყველაფერს წყალში ჩაყრი. ყურძენი ფაქიზ მოპყრობას ითხოვს. თუ სწორად არ მოუარე, კარგ ღვინოს არ მოგცემს. ცუდი ვაზისგან კარგ ღვინოს ვერ დააყენებ. როგორც მოვუვლით, დავაფასებთ, მოვუფრთხილდებით, ისეთ ღვინოს მოგვცემს. ხარისხისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მქონდეს 10 000 ბოთლი და უხარისხო, რომელსაც ვერ გავყიდი, რად მინდა?! ამას მირჩევნია 300 ბოთლი და ხარისხიანი...

ჩემი ღვინო სწორადაა დაყენებული, თავისი ჯიშური ტონები აქვს, "მართალი" ღვინოა.