"ხანდახან ტელევიზორში რომ შევყურებ, როგორი ტექნიკაა უცხოეთში, თუნდაც თივას როგორ თიბავენ და ამზადებენ, გული მტკივა" - კვირის პალიტრა

"ხანდახან ტელევიზორში რომ შევყურებ, როგორი ტექნიკაა უცხოეთში, თუნდაც თივას როგორ თიბავენ და ამზადებენ, გული მტკივა"

„პირუტყვის საკვებში იმდენი ფული მიდის, რომ ყველის ღირებულების ნახევარი ხმარდება

ადამიანის სასურსათო მენიუში ყველი აუცილებელი პროდუქტია, მით უფრო ჩვენთან, სადაც ყველის წარმოების ტრადიციული კულტურა არსებობს - საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველის უძველესი ჭურჭელი 8 ათასწლეულს ითვლის. დღეს "საქპატენტში" რეგისტრირებულია ათეულზე მეტი სახეობის ქართული ყველი (ჩოგი, ტენილი, კობი, აჭარული ჩლეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდა, თუშური გუდა, იმერული ყველი და ქართული ყველი, დამბალხაჭო). ყველა ამ სახეობას ქართველები დღესაც ამზადებენ. თუმცა ეს პრობლემებთანაც არის დაკავშირებული. ასევე პრობლემებია მესაქონლეობის ფერმებისა და რძის ქარხნების განვითარების საქმეში. თუმცა მათთან შედარებით ყველის ე.წ. გლეხური სეგმენტი მეტი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა.

გლეხმა იცის, რაც უნდა მოხდეს, ფიზიკური არსებობის შენარჩუნებაში პირუტყვი აუცილებლად დაეხმარება, ამიტომ მას დღესაც ხშირად თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სახელმწიფოს თანადგომის გარეშე უვლის. ეს, რასაკვირველია, არჩევანს განაპირობებს - სოფლის მოსახლეობის უმეტესობას ურჩევნია გაცილებით ცივილიზებულად აწყობილი საქმე აკეთოს, რითაც გაცილებით მეტ შემოსავალსაც იშოვის, რაც მერძევეობის ტრადიციულ რაიონებშიც შესამჩნევია. ამის მიუხედავად, ხარისხიანი ყველის შეძენის მთავარ წყაროდ ისევ აგრარული ბაზრები გვევლინება, სადაც ნდობა კვლავ ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ასეა დუშეთშიც, რომლის ყველის აგრარული ბაზრით თბილისიც სარგებლობს. აქ ყველი ახლომახლო სოფლებიდან მოაქვთ, რისთვისაც საბაზრო დღეებში სპეციალური ტრანსპორტია დანიშნული.

ასეთ დღეებში ყველით მოვაჭრეებთან ერთად აქ აუცილებლად აღმოაჩენთ ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსულ ქალებს, რომელთაც ყველა იცნობს და ენდობა. დროის დეფიციტის მიუხედავად, მათ ურჩევნიათ ბაზარში შეყოვნდნენ და თავიანთი პროდუქცია, მოვაჭრეებისთვის ჩაბარების ნაცვლად, თავადვე გაყიდონ. აქ… შეხვდებით ბაზალეთელ ოლია დორეულს, რომელიც ვაჟსა და მეუღლესთან ერთად 25 სულ პირუტყვს უვლის და ძალზე წუხს, რომ სოფლად მესაქონლეობის მიმდევარი სულ უფრო ცოტა რჩება.

- ბაზალეთიდან დუშეთის ბაზრამდე, რომ იტყვიან, გზა წლობით გავტკეპნე. შემიძლია ყველი ყოველ კვირადღეს დილითვე ჩავაბარო მოვაჭრეებს, რომლებიც სოფლის ავტობუსებს ხვდებიან, მაგრამ ამით კილოგრამ ყველზე 2 ლარს მაინც ვკარგავ. გარდა ამისა, დუშეთიც ძალიან მიყვარს, აქ უამრავი კლიენტი მყავს და მიხარია მათი დანახვა, მათი ამბის გაგება. ხანდახან ტელევიზორში რომ შევყურებ, როგორი ტექნიკაა უცხოეთში, თუნდაც თივას როგორ თიბავენ და ამზადებენ, გული მტკივა.­ ჩვენებური გლეხობა, ჩემი ქმარ-შვილი, ასეთ ტექნიკას, ალბათ, ვერასოდეს ეღირსება. ფერმებისა და რძის ქარხნების დახმარება კარგია, მაგრამ არ კმარა. მით უფრო, რომ ჩვენი ხალხი ყველსა და სხვა რძის პროდუქტს უმეტესად გლეხობისგან ყიდულობს და არა რძის ქარხნებისგან.

- დაგეთანხმებით, სტატისტიკა გვეუბნება, რომ საოჯახო მეურნეობებში დამზადებული ყველის წილი ჩვენში 90%-მდეა, ხაჭო და რძის სხვა პროდუქტები კი უფრო მეტად ქარხნული იყიდება.

- ქარხნული ყველიც ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოში იმ ყველის გემო გვიყვარს, რომელსაც ათადან-ბაბადან ვამზადებთ. ასე რომ არ ყოფილიყო, ამდენი სხვადასხვა ყველიც ხომ არ გვექნებოდა. თუშური ყველიც ჩვენი მხარის არის, მაგრამ დუშეთის სოფლებში უფრო მეტად მაინც ჩვეულებრივ ქართულ ყველს ვამზადებთ, რომელიც ყველაზე მეტად იყიდება და თავის რჩენაში ძალიან გვეხმარება. ეს ადვილი საქმე არ არის, მაგრამ რას ვიზამ. მე და ჩემს ოჯახს საზღვარგარეთ წასვლას აქ შრომა გვირჩევნია. არადა, დუშეთის სოფლებიდანაც ბევრი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ეს ურჩევნიათ მძიმე შრომას. იმიტომაც ვამბობ, სახელმწიფო გლეხობასაც უნდა ეშველებოდეს თუნდაც ტექნიკით-მეთქი. ჩემი ოჯახი 25 სულ პირუტყვს უვლის და ვერაფრით შევინარჩუნებდით, დღედაღამ რომ არ ვშრომობდეთ. მით უფრო, რომ დაქირავებული მუშები არა გვყავს. ამ ხალხს არცთუ ცოტა ხელფასი სჭირდება, რაც ჩვენს ისედაც მცირე შემოსავალს ძალიან შეამცირებს.

- იმის მიუხედავად, რომ კილოგრამი ყველი ძალიან ძვირი, 12 ლარი ღირს?

- ვინმე რომ მეტყვის, 12 ლარი რა ამბავიაო, გულში თავადაც ვეთანხმები. მაგრამ ჩვენი ყველიც ისეა ჩვენი ქვეყნის გაჭირვებაზე "აწყობილი", როგორც თავად ჩვენ. პირუტყვს ჩემი ვაჟი და ქმარი უვლიან და თივასაც ამზადებენ, მაგრამ უმეტესობა თივას ზამთრის დასასრულისთვის მაინც ყიდულობს, არ ჰყოფნით. მას კი ცეცხლის ფასი აქვს. მაგალითად, წელს თივის ერთი ბარდანა 17 ლარი ღირდა, ის კი ზოგ პირუტყვს მხოლოდ ერთ დღეს ჰყოფნის, თანაც, საქონელს ზამთარში მხოლოდ თივით ვერ შეინახავ, ყუათიანი მარცვლეული საკვებიც სჭირდება, რათა არ დავარდეს. ასე რომ, პირუტყვის საკვებში იმდენი ფული მიდის, რომ ყველის ღირებულების ნახევარი ხმარდება. გარდა ამისა, ტრანსპორტისთვის საწვავიც გაგვიძვირდა... რომელი ერთი ჩამოვთვალო, მარტო ამაზე ფიქრი დაგაოსებს ადამიანს.

- და მაინც შრომობთ.

- ვშრომობ, აბა, რას ვშვრები. 25 სული პირუტყვი ხომ არ მეყოლებოდა, რომ ჩემს ქმარ-შვილს არ ამოვდგომოდი გვერდში. 15 სულ პირუტყვს ვწველი. გათენებულიც არ არის, როცა ვდგები და წველას ვიწყებ. სისუფთავეს ლამის ავადმყოფურად ვიცავ. საკუთარ თავს იმ ხალხის ადგილას წარმოვიდგენ ხოლმე, უსუფთაო რძის პროდუქტს რომ წააწყდება და ცუდად ხდება.

- ყველს ცხიმს თუ ხდით? გლეხურ ყველს ხშირად უჩივიან.

- თუ ბაზარში ჩემ გვერდით თუნდაც ნახევარი საათი გაჩერდებით, ნახავთ, რამდენი კაცი მოვა და მთხოვს, უცხიმო ყველი მომეცი, ჯანმრთელობის გამო არ მინდა ცხიმიანი ვჭამოო. ვნანობ, უცხიმო ყველი რომ არა მაქვს. ამას ხომ სპეციალური ტექნიკა სჭირდება. მოკლედ, ბაზარში ცხიმით გაჯერებული ჩვეულებრივი ყველი მაქვს. ცალკე ვამზადებ ყველს მოხდილი რძისგანაც, იმასაც თავისი მუშტარი ჰყავს. ვამზადებ ერბოსა და კარაქსაც. ბაზარზე კვირა დღეს 40-50 კილოგრამი ყველი და სხვა რძის პროდუქტი ჩამომაქვს. მადლობა ღმერთს, ხალხი მეც მცნობს, ჩემს ყველსაც და შუადღეც არ არის დამდგარი, ხელი დაცლილი მაქვს. ქმარ-შვილი მეუბნება, ბაზარში დგომით რატომ იწვალებ თავსო, მაგრამ ნეტავ ამაზე მეტი წვალება არ შემახვედრა. სამაგიეროდ, სოფლისკენ მიმავალი, რაც ჩემი შვილიშვილების გულს სურს, ყველაფერს ვყიდულობ.

მახარებს, თუ ბაზარზე ყველი ჩემზე ახალგაზრდამ შემოიტანა გასაყიდად. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ჯერ კიდევ შრომობს სოფელში და სოფელს მომავალი აქვს. ეთერ ერაძე