„ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ...“ - კვირის პალიტრა

„ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის, მაგრამ...“

„სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი 6 თვიდან ერთ წლამდე გაკეთდეს, მაგრამ ამის ნება უნდა იყოს და ხალხსაც ეს განწყობა უნდა შევუქმნათ“

მაშინ, როცა ევროკომისია საბოლოო შეფასებებს აკეთებდა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადზე, უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის პირველ პირებს ხვდებოდა და როგორც გაირკვა, გასაკეთებელზე ეუბნებოდა, ამის გაკეთება ჩვენვე გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთო. მოლდოვის პრეზიდენტი განაცხადის გაკეთების შემდეგ, ფაქტობრივად, ქვეყანაში არ დაბრუნებულა და მუდმივად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ხვდებოდა, საქართველოს ხელისუფლება რატომღაც პასიურობდა. არადა, კონსტიტუციის 78-ე მუხლში გვიწერია, რომ "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად". მოკლედ, ხელისუფლებას გარკვეულ საკითხებზე ხალხისთვის აქვს პასუხი გასაცემი, ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. რამდენად არის შანსი, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია რაიმე ფორმით შეიცვალოს, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, რა პერსპექტივა გვაქვს და რა უნდა გავაკეთოთ, ამ საკითხებზე“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრა.

gogolashvili.jpg

- თუ ისე შევხედავთ, რომ რაღაც მოგვანიჭეს, პესიმისტური ნამდვილად არ არის. ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რისი იმედიც არ გვქონია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ვცდილობდით, მაგრამ არ ვიცოდით, როდის მივიღებდით. ევროპერსპექტივა სახუმარო საქმე არ არის. პრინციპში, ეს ჩვენი შანსია, რომ მივაღწიოთ ინტეგრაციას და ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, რას დავამტკიცებთ. სანამ ევროპერსპექტივა აღიარებული არ არის, არანაირი გარანტია არა გაქვს, რომ ევროკავშირში ოდესმე მიგიღებენ ან დაიწყებენ თუ არა შენთან გაწევრებაზე მოლაპარაკებას. ამიტომ ევროპერსპექტივის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ახლავს პირობები, რაც ჩაიწერა დასკვნაში. პრაქტიკულად, პირობების შესრულების შემთხვევაში, გარანტირებულია კანდიდატის სტატუსი. თუ შესრულება არ გინდა, მუშაობა გეზარება და ასე შემდეგ, მაშინ პესიმისტურად განწყობილი რატომ უნდა იყო? ვფიქრობ, პესიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ პესიმიზმს სხვა რაღაც იწვევს, მაგალითად, შენიშვნები, რომლებიც ჩაიწერა ევროკომისიის დასკვნაში, ბოლო ორი წელია, ინტენსიურად შეგვახსენებდა ევროკავშირი და ჩვენ შეგვეძლო ყოველივე ადრე გამოგვესწორებინა, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებდით და ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებოდით. ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად დასანანია, ამიტომ მეც და ძალიან ბევრსაც ორნაირი განცდა გვაქვს - ჯერ ერთი, გასახარია, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის და მეორე ის, რომ შეგვეძლო უფრო მეტი მიგვეღო, მთავრობას სათანადოდ რომ ემოქმედა.

- უკვე გაჩნდა მოსაზრებები და არის განცხადებებიც, რომ ჩვენ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ტრიოს ჩამოგვაშორეს, რომ შავი ზღვის კონტექსტიდან ამოვვარდით... ეს რამდენად სწორი შეფასებაა?

- ეს ამ ყველაფრის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. ჯერ ერთი, სამეული ევროკავშირს არ შეუქმნია და მით უმეტეს, არავის ჩამოვუშორებივართ. თუ მოლდოვასა და უკრაინას ენდომებათ, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ სამეულის ფარგლებში. მაგალითად, დასავლეთ ბალკანეთში თანამშრომლობის ექვსი სხვადასხვა ფორმატია და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიც განიხილებიან როგორც ერთი ტალღის ქვეყნები გაწევრების კონტექსტში, მაგრამ ყველას განსხვავებული სტატუსი აქვს - ზოგს მოლაპარაკება დასრულებული აქვს, ზოგი მოლაპარაკების დასრულების სტადიაშია, ზოგი ახლა იწყებს, ზოგიც კანდიდატია, ხოლო ზოგი კანდიდატის სტატუსს ელოდება და ერთმანეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ამიტომ ეს აბსოლუტურად არასწორია. მეორე - ისიც არასწორი გაგებაა, რომ აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებიდან რაღაც დაბალ რანგში გადაგვიყვანეს. აღმოსავლეთპარტნიორობაში როგორც ვიყავით, ისევე ვრჩებით და არც შავი ზღვის კონტექსტიდან ამოვარდნას არ ნიშნავს, რადგან ვის აქვს პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში, რომელ ქვეყანას აქვს ჩვენ გარდა? ასე რომ, ამ ორი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღა დაიწყო და შეიძლება ითქვას, ჩვენ მათ გვერდით ვართ და ვიქნებით ამ ახალ ტალღაში, თუ იმ საკითხებს, რომლებიც პირობების სახით არის წარმოდგენილი, სწრაფად შევასრულებთ და შესაბამის რეფორმებს გავატარებთ. თუ პოლიტიკური ნება იქნება და რეფორმებს დავაჩქარებთ, შესაძლებელია მაქსიმუმ ერთ წელში ჩვენც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ზუსტად ისე, როგორც მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს და დავეწიოთ მათ. სანამ ისინი დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, სანამ მოლაპარაკებები დაიწყება, არ არის გამორიცხული, ჩვენ გადავახტეთ და უფრო ადრე დავიწყოთ მოლაპარაკება. ასე რომ, თუ ამას სერიოზულად მოეკიდება მთლიანად საზოგადოება, მთავრობა, პარტიები, ოპოზიცია და ვიშვიშს კი არ მოჰყვებიან, არამედ მიზანმიმართულად დაიწყებენ ამ საკითხების მოგვარებასა და შესრულებაზე ფიქრს, აქტიურად იმუშავებენ, ძალიან რეალისტურია, რომ ასე მოხდეს.

- რამდენად არის შანსი, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც დასახელებულია, 6 თვეში ან 1 წელში ისე შესრულდეს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი მანამდე, სანამ ისინი გაწევრებაზე მოლაპარაკებას დაიწყებენ?

- თუ იმ რიტორიკას დავეყრდნობით, რომელსაც დღეს ვისმენთ, მაშინ 6 თვეში კი არა, 6 წელშიც არ შესრულდება, რადგან მთავრობის მთავარი მესიჯი არის, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, რადგან უაზრობად ვთვლით. ევროკომისია კი ამას, როგორც პირობას, ისე აყენებს. შენ არ გეკითხებიან, ამას უაზრობად თვლი თუ არა, ეს უნდა გააკეთო, თუ გინდა მიიღო ახალი სტატუსი, თუ არ გინდა, კი ბატონო, ექვსი, ათი და მეტი წელი იქნები ასე. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი 6 თვიდან ერთ წლამდე გაკეთდეს, მაგრამ ამის ნება უნდა იყოს და ხალხსაც ეს განწყობა უნდა შევუქმნათ. თუ ისეთი მესიჯები წავიდა, მორჩა, ჩვენ უკვე დავხურეთ ევროპული ინტეგრაციის გზა, არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მაინც არ მიგვიღებენო - შესაძლოა მთავრობაში ზოგიერთს აწყობდეს კიდეც ეს - დიდი შეცდომა იქნება. ეს დაუშვებელია.

- ვის გულისხმობთ, ვის უნდა აწყობდეს?

- ვისაც ევალებოდა და არ გააკეთა ის, რაც აქამდე უნდა გაკეთებულიყო. ზოგიერთს აწყობს ასეთი მდგომარეობა, როგორშიც ვართ და საერთოდ არ სჭირდებათ დამატებითი რეფორმები. მაგალითად, ამბობენ, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებას სულ არ სჭირდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა, ძალიან კარგად გრძნობენ ასეც თავს, ევროკავშირი კი ეუბნება, უნდა შეცვალოთო. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებას სთხოვენ, ესენი კი გავიდნენ. ევროკავშირი ითხოვს იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც შეთანხმებაში წერია. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, როგორ მოსთხოვს მთავრობას, და დამოკიდებულია მთავრობაზე, როგორ შეასრულებს იმას, რასაც სთხოვენ და რისი ვალდებულებაც აქვს, რომ გააკეთოს.

- ოლიგარქიულ მმართველობაზე გაჩნდა მოთხოვნა, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს.

- დეოლიგარქიზაცია ყველაზე რთულად შესასრულებელი მოთხოვნაა და არ გაჩნდებოდა, რომ სხვა მოთხოვნები ადრე ყოფილიყო დაკმაყოფილებული. როგორც ჩანს, ევროკომისია მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი იმიტომ არ სრულდება, რომ ოლიგარქების ან ოლიგარქის დაკვეთაა, თორემ მთავრობა რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი, რომ რეფორმა გაატაროს? ამიტომ შეიტანეს ასეთი მოთხოვნა. პრეზიდენტი მართალი იყო - საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაჰბრალდა. ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობამ ყველაფრით უნდა დაამტკიცოს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ივანიშვილს არანაირი გავლენა არა აქვს. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ იმით, თუ ყველა იმ რეფორმას, რაც მანამდე იყო ნათქვამი, უმტკივნეულოდ და სწრაფად გაატარებენ. - ოლიგარქიაზე საუბრისას მხოლოდ ივანიშვილზე შეიძლება იყოს ლაპარაკი თუ შესაძლებელია სხვა პირებიც მოიაზრებოდნენ, მაგალითად, კეზერაშვილი, რადგან მედიას ფლობს და პოლიტიკაზე აქვს გავლენა. გასაგებია, რომ მას ხელისუფლებაზე არა აქვს გავლენა. ოლიგარქიის განმარტებას თუ მივყვებით, მაგრამ თუნდაც უკრაინაში ოლიგარქიის წინააღმდეგ მიღებული კანონი მედიის ფლობასაც ეხებოდა. ეს რამდენად არის შესაძლებელი?

- ქვეყანაში ოლიგარქი მეტი ვინ გვყავს, თუ არა ივანიშვილი, რომელიც ფლობს როგორც ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ ძალაუფლებას. რაც შეეხება მედიამფლობელობას, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულწილად ესეც იყოს, მაგრამ ცხადი მინიშნებაა ივანიშვილზე. ამიტომ, როდესაც ვალდებულებებზე იქნება საუბარი, ალბათ, საჭირო იქნება დეტალიზება ევროკავშირისგან. ამაზე შენიშვნები მანამდე არ ჰქონიათ და ძნელია, ვიეჭვოთ რამე. ოლიგარქია ნიშნავს ხელისუფლებაზე ძალაუფლებას და ოპოზიციური მედიის დამფინანსებელს საიდან აქვს გავლენა ხელისუფლებაზე? უბრალოდ, ის არის მდიდარი ადამიანი, რომელიც აფინანსებს მედიას, ოლიგარქი კი არ არის. ოლიგარქი, როგორც ახსენეთ, არის ის, ვისაც დიდი ფულიც აქვს და ძალაუფლებაც, რითაც ხელისუფლებაზე ახდენს გავლენას, ასეთი კი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მეგულება ჩვენს ქვეყანაში.

- ევროკავშირის პროცედურა რას ითვალისწინებს, გასაკეთებელი საქმეები როგორ გაიწერება? იქნება თუ არა ვადები დათქმული და სამიზნეები განსაზღვრული?

- პროცედურა ასეთია: ევროკომისია თავის დასკვნაში შენიშვნებსა და ამოცანებს რომ შეიტანს, შემდეგ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე ხანში ევროკომისიის მისია ჩამოვა საქართველოში, მთავრობასთან ჩაატარებს კონსულტაციებს და შეთანხმდებიან გეგმაზე, რომელშიც ყველაფერი დეტალურად ჩაიწერება, თუ როგორ უნდა შესრულდეს პირობები - ანუ პრაქტიკულად ეს იქნება საგზაო რუკა, რომელსაც შესაძლოა უბრალოდ გეგმა ერქვას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა საკითხი, თუ რა პოლიტიკურ ვალდებულებას აიღებს როგორც მთავრობა, ასევე ევროკომისია, დეტალურად გაშლილი და ასახული იქნება.

- ბოლო დღეებია ამბობენ, სალომე ზურაბიშვილმა რეალურად ივანიშვილი დაიცვა, ამიტომ ჩაატარა კონტრაქციაო... თქვენ ამ შეფასებებს თუ იზიარებთ და შესაძლოა ამას რაიმე პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა ჰქონოდა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე?

- არა, მე ისე მომეჩვენა, რომ ზურაბიშვილი ტაქტიკურად ცდილობდა ივანიშვილისთვის დაემტკიცებინა, რომ მთავრობა, რომელიც პრაქტიკულად მან დანიშნა, არ არის მისადმი სრულად ლოიალური და შეიძლება ზიანი მიაყენოს თავად ბიძინას. ამიტომ მან პრაქტიკულად საკუთარი თავი შესთავაზა იმისთვის, რომ ბიძინა მეტად იყოს დაცული არასწორი გადაწყვეტილებებისგან - ანუ შესაძლოა პრეზიდენტის ქვემიზანი ამ შემთხვევაში, თუ ასეთი არსებობს, ის ყოფილიყო, რომ ეს მთავრობა გადადგეს, „"ქართული ოცნების"“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი ხალხი, რომელთანაც შესაძლებელი იქნება უფრო გამჭვირვალე და კონსტრუქციული კომუნიკაცია და რომლებიც უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ, თუ გნებავთ, ბიძინა ივანიშვილის დასაცავად.

- არის შანსი, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ევროკომისიის რეკომენდაციისგან განსხვავებული იყოს?

- შანსი არის, მაგალითად, იმისა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საერთოდ არ იქნეს მიღებული და გადაიტანონ მომავლისთვის. მაგრამ ის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია არ აძლევს ამ რეკომენდაციას, წარმოუდგენელია.

- ძალიან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა მაკრონის განცხადებას, რომ საქართველო ტერიტორიულად კავკასიაშია და არა ევროპაში. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ ეს არის ევროპისა და ევროკავშირის ერთგვარად გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველო რაღაცის სანაცვლოდ დაუთმეს რუსეთს?

- ეს გამორიცხულია და ასე რომ იყოს, მაშინ ევროპერსპექტივას რატომ მოგვცემდნენ? ეს არის აბსოლუტურად არასწორი შეთქმულების თეორია, რუსული პროპაგანდა და მეტი არაფერი. მაკრონმა ეს თქვა იმიტომ, რომ გაემართლებინა მოლდოვისა და უკრაინისთვის სტატუსის ახლა მიცემა და ეს დაუკავშირა იმას, რომ უკრაინაში ომია, ისინი ერთ გეოპოლიტიკურ არეალში არიან, ამიტომ ახლა მათთვის სტატუსის მიცემა უფრო რელევანტურია, ვიდრე საქართველოსთვის, რადგან საქართველო მაინც სხვა გეოპოლიტიკურ არეალშია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის მაინც ნაკლებია რისკი, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინისთვის და ამიტომ იქ დასაჩქარებელია პროცესი. მაკრონს არ უთქვამს, რომ საქართველო ისეთ გეოპოლიტიკურ არეალშია, რომელიც ევროკავშირს არ აინტერესებსო. საუბარი იყო იმაზე, თუ გეოპოლიტიკურად რამდენად არის მოლდოვა უკრაინაზე მიბმული, და ჩვენზე მეტად რომ არის, ორი აზრი არ არსებობს.

- ბოლო თვეებსა და განსაკუთრებით ბოლო დღეებში ხელისუფლების პირველი პირებისგან ევროკავშირის შესახებ არაერთი ნეგატიური განცხადება მოვისმინეთ. თქვენი აზრით, შეუშალა თუ არა ხელი ამ განცხადებებმა ჩვენთვის სტატუსის მონიჭებას?

- პრინციპში, როდესაც ევროპარლამენტმა ასეთი რეზოლუცია მიიღო, იმის ნიშანი იყო, რომ ევროკომისიაში შეფასება უკვე გაკეთებული იყო. ევროპარლამენტს ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ევროკომისიასთან. მათ შორის ინტენსიური კონსულტაციებია, ისევე როგორც ქვეყნების წარმომადგენლებთან. ასე რომ, არაფერია დამალულ-დაფარული. ევროპარლამენტის რეზოლუციაში უკვე ჩანდა, ევროკომისიის გადაწყვეტილება დაახლოებით როგორი იქნებოდა. თუმცა, ცხადია, მთავრობის ასეთი განცხადებები უფრო ამყარებს ჩვენზე ევროკავშირის წარმოდგენას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაიწყონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირზე კრიტიკული გამოხდომები. ის ხალხი, პარლამენტის წევრებს ვგულისხმობ, ხშირად ძალიან უცნაურ განცხადებებს რომ აკეთებს ხოლმე, ჯობს, საერთოდ გაჩუმდნენ, რადგან რაც მეტს ილაპარაკებენ, საქმეს მით უფრო გააფუჭებენ. ქვეყანას გაუფუჭებენ, თორემ შესაძლოა მათი პირადი მიზნებისთვის კარგიც იყოს. - ისეთი მოსაზრებაც გამოითქვა, რომ ხელისუფლებას არ სურდა კანდიდატის სტატუსის მიღება და რადგან იძულებული შეიქნა განცხადება შეეტანა, მერე უკვე მიზანმიმართულად იქცეოდა ასე, რათა სტატუსი არ მიგვეღო.

- რუსეთიდან რაღაც გზავნილები რომ აქვთ, აშკარად ჩანს, მაგრამ რა სახის გზავნილებია, არ ვიცით. ფაქტია, მათი მოქმედება ისეთი უცნაური იყო, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში და ომის დაწყების შემდგომაც, თითქოს ეუბნებოდნენ ევროკავშირს, თავი დაგვანებეო. ამიტომ ცხადია, ასეთი ეჭვების საფუძველი არსებობს.

- ყველაფრის, ჩვენი მდგომარეობის, დემოკრატიის ხარისხის, სიტყვის თავისუფლების, კორუფციის, ადამიანის უფლებებისა და ასე შემდეგ გათვალისწინებით, ევროკომისიამ რამდენად ადეკვატური შეფასება მოგვცა?

- ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტური გადაწყვეტილება მიიღო - პერსპექტივის გარეშე არ დაგვტოვა, არანაირი გარიყვა და მსგავსი რამ არ მომხდარა, მაგრამ გაითვალისწინა ისიც, რომ ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლება არ თანამშრომლობდა ევროკავშირთან, არ ითვალისწინებდა არაფერს და ამბობდა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევცვლით ამას და იმასო, ასეთ პირობებში კი ევროკავშირს უკეთესი გადაწყვეტილება როგორ უნდა მიეღო.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ შენიშვნებშია, არის პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში. საქართველოს პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება ამ მოთხოვნის შესრულება?

- თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ხალხი როგორ ნებას გამოავლენს. ხალხმა კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, მაგალითად, სასამართლო რეფორმის გატარება. მეორე საკითხია, როდესაც ევროკავშირი ამას ითხოვდა, ხალხმა რატომ არ აიძულა ხელისუფლება, ეს გაეკეთებინა? აქციები იმართება, მაგალითად, ვიღაცის დაჭერაზე, აქციებზე ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რაც ზეწოლას არ ახდენს მთავრობაზე. ამიტომ ვამბობ, რომ ახლა ხალხზეა დამოკიდებული, მოსთხოვოს ხელისუფლებას რეფორმების გატარება.

რუსა მაჩაიძე