„ევროპა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვჭირდებით მას“ - კვირის პალიტრა

„ევროპა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვჭირდებით მას“

"დღეს რომ მამა ცოცხალი ყოფილიყო, რას იტყოდა? რაღაცას აუცილებლად იტყოდა... ერთი ვიცი, რომ რუსები საშინლად არ უყვარდა და რუსეთს ბოროტებად თვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რუსი მეგობარი ჰყავდა. მამა, რა თქმა უნდა, ევროპის მხარეს იქნებოდა... უყვარდა თქმა, შენს ქვეყანაში შენი ოჯახის დესპანი ხარ, ქვეყნის გარეთ - შენი სამშობლოსიო. ჩემი აზრით, საქართველო გაიმარჯვებს იმ შემთხვევაში, თუ ეყოლება განათლებული და ერთად მოფიქრალი, უთიერთთანამშრომლობის სულით განმსჭვალული ლიდერები, რომლებიც ღირსეული დესპანები იქნებიან და სამშობლოსაც სამშვიდობოს გაიყვანენ", - გვეუბნება დიდი ქართველი კლასიკოსის ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, რეჟისორ-დოკუმენტალისტი ქუცნა ამირეჯიბი და ჩვენს მკითხველს საქართველოს მღელვარე აწმყოზე საგაზეთო "დოკუმენტურ ფილმს" სთავაზობს.

"ევროპისკენ რომ უნდა ვიაროთ, წყალი არ გაუვა"

- ისეა არეული ვითარება და დაფარული ყველაფერი, რა უდევთ გულში პოლიტიკოსებს, ვერ მოგახსენებთ. უბრალო ხალხს ზუსტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, ყველაფერი გახვეულია პიარის ბუნდოვანებაში. ყველას უყვარს საქართველო, ყველას უნდა მისთვის სიკეთე, ეს ცნობილია, მაგრამ როგორ ესახება ეს სიკეთე სხვადასხვა ჯგუფს, ვის რა უნდა, ვერ გაიგებ. ევროპისკენ რომ უნდა ვიაროთ, წყალი არ გაუვა, ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი გვაქვს და შეძლებისდაგვარად მივდივართ კიდეც. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ევროპას კი არა, ჩვენ უფრო გვჭირდება ევროპა, ვინაიდან მართლა არ გვყავს ისეთი განვითარებული საზოგადოება, როგორიც ჰყავთ ევროპის ქვეყნებს. ამაში ვგულისხმობ დალაგებულ ფორმალურ ურთიერთობებსა და მდგომარეობას. მათ, არჩევნებით დაწყებული, ყველა ინსტიტუცია საათივით აქვთ აწყობილი. ჩვენ ყოველ კვანძში გვაქვს კონფლიქტი ერთმანეთთან იმიტომ, რომ არა გვაქვს დალაგებული ფორმალური ურთიერთობები. ამისთვის დრო არც გვქონდა, განვითარებული ფეოდალიზმიდან პირდაპირ ჩავვარდით რუსეთის ხელში, სადაც არავითარი განვითარება არ იყო. მერე კომუნისტების დრო მოვიდა და არც იქ იყო სოციალური, საზოგადოებრივი განვითარების საშუალება. მერე გადმოვხტით 90-იანების გიჟურ პერიოდში, როცა უკვე განვითარებაზე კი არა, რაზე იყო ლაპარაკი, ვერც გავიგეთ. ჩემთვის, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, გასაგებია, რატომ დაგვემართა ეს - ადამიანური, ბუნებრივი განვითარების შანსი არ მოგვეცა და ახლა რატომ ვთხოვთ საკუთარ თავს, უცებ გავხდეთ გადასარევი ევროპელები, არ ვიცი. ეს თავისით ხომ არ მოდის, დრო, ათწლეულები და საუკუნეებიც უნდა, იქამდე რომ მივიდეს საზოგადოება.

"ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე გადაგვარჩენს..."

- რომ მქონდეს უტყუარი ინფორმაცია, რა ხდება კულუარებში, რაზე ელაპარაკებიან ერთმანეთს გინდ ევროპაში, გინდ საქართველოში, ვიტყოდი ხელისუფლების რიტორიკის მიზეზს. ნახევრად ქარაგმული ფრაზებიდან რა დასკვნები უნდა გამოიტანო კაცმა. არაფერი ვიცით, რა ხდება რეალურად. მარტო ის ვიცით, რასაც გვთავაზობენ, რომ მათთვის მისაღებ აზრზე დავდგეთ. ყველგან და ყოველ დროს ყველა სახელმწიფოში მუშაობს პროპაგანდა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი პროპაგანდა აქვს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

რასაც ვუყურებ და ვხედავ, ერთად­ერთი, რაც ამ ეტაპზე გადაგვარჩენს, უკრაინის გამარჯვებაა, ვინაიდან ჩვენი თავის მართვა ჯერ ვერ ვისწავლეთ - აუცილებლად რაღაცას მოვიწევთ, ცამოწმენდილზე ისეთ სისულელეს ჩავიდენთ, იმის იქით რომ არაფერია. ისიც შეიძლება, რომ არნახული გმირობები ჩავიდინოთ, მაგრამ ერთად რომ დავსხდეთ მთელი ერი და ავირჩიოთ წესიერი ხალხი, არ შეგვიძლია. წესიერი ხალხი ახლაცაა, მაგრამ ცალ-ცალკე, სხვადასხვა ადგილას არიან. ისინი ერთად რომ ავირჩიოთ და რაღაც გავაკეთოთ, აქამდე ჯერ ვერ მივედით. წეღანაც მოგახსენეთ, იმისათვის, ეს რომ გააკეთო და ნორმალური ფორმალური ურთიერთობები ჩამოაყალიბო, ამას დრო სჭირდება.

"გამარჯვება ერს აყალიბებს, დამარცხება - სპობს"

- ერთმანეთის ლანძღვა-გინება არასდროსაა მოსაწონი. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დამკვიდრდა ასეთი პოლიტიკური ურთიერთობის ფორმა, ასეთი დისკურსი, ლანძღვა-გინება, ერთმანეთის დაგმობა და ყველას აგენტებად გამოცხადება. იმის გამო, რომ მაშინ ჩვენ პოლიტიკური ურთიერთობის ცოდნა არ გვქონდა, ასე ვისწავლეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ასე ნასწავლი დღესაც მუშაობს - უნდა ვლანძღოთ, ვაგინოთ და მტრებად გამოვაცხადოთ ერთმანეთი, იმის ნაცვლად, ადამიანებმა, რაც კარგი აქვთ, სათითაოდ შეკრიბონ, აგურ-აგურ დადონ და ძლიერი სახელმწიფო შექმნან, როგორც ბალტიისპირელებმა გააკეთეს.

ბევრი მიფიქრია, რატომ ვერ ვიღებთ განსხვავებულ აზრს და რატომ ვერ ვძლევთ პოლარიზაციას, რაზეც გული მტკივა. ჩემი აზრით, ამის ორი ძირითადი მიზეზია: პირველი ის, რომ 90-იან წლებში ჩამოყალიბდა ურთიერთობის ასეთი ფორმატი, რომ ერთმანეთი უნდა ვლანძღოთ და არ დავინდოთ. მეორე მიზეზი, რატომაც ვერ ვახერხებთ ერთიანობას და ჩვენში იმედის ჩასახვას, გამარჯვების უქონლობაა. გამარჯვება ერს აყალიბებს, დამარცხება - სპობს. იმისათვის, რომ ჩამოყალიბდე, უნდა გაიმარჯვო. რამდენი გამარჯვება გვქონია და აქამდეც ამან მოგვიყვანა. გაიხსენეთ 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დიდ გულზე ვიყავით, გვეგონა, აი, გავყრით რუსებს, აი, წყალი და "ბორჯომი" გვაქვს იმდენი, მთელ საქართველოს ეყოფაო და ასე შემდეგ... ეს იმედი, ძველი გამარჯვებების იმედი იყო გამოყოლილი. აფხაზეთის ომში დავმარცხდით, სამოქალაქო ომმა და უბედურებამაც დაგვასვა დაღი. მერე, ცოტა აზრზე რომ მოვედით, 1998-99 წლებში, როცა პატარა იმედი გაჩნდა, რუსეთმა ისევ მოახერხა და ჯერ სამაჩაბლოში, მერე აფხაზეთში ვნახეთ მორიგი დამარცხება. მერე მოვიდა სააკაშვილი, რომელმაც დიდი საქმე გააკეთა იმ მხრივ, რომ ეს იმედი გააღვიძა. მერე აღმოჩნდა, რომ ცრუ ყოფილა და არ ყოფილა შესაძლებლობებით გამაგრებული. კიდევ ერთხელ დავმარცხდით... დამარცხებულობის განცდის მქონე ერი წინ ვერ წავა, ვერ გაერთიანდება. ამ დამარცხებას ერთმანეთს, და ქვეცნობიერად, საკუთარ თავსაც ვაბრალებთ, გამოსავალს ვერ ვხედავთ - ეს გვაშინებს. შიში კი აგრესიას იწვევს, თვითგანადგურების მექნიზმს გვირთავს. ერთმანეთზე გადაბრალება არ მთავრდება. ამ დამარცხებულობის სინდრომის და აგრესიული დისკურსის გამოა, რომ შეუძლებელი ხდება ურთიერთთანამშრომლობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. გარდა ამისა, არის კიდევ რუსეთის უძლიერესი აგენტურული საქმიანობის ფაქტორი საქართველოში.

რუსეთი და რუსული პროპაგანდა

- მოგეხსენებათ, როგორია რუსეთის პოლიტიკა. ეს არის სრულიად ავადმყოფური წარმოდგენების სახელმწიფო, რომელსაც ჰგონია, რომ ველიკორუსული შოვინიზმით უნდა მიაღწიოს შედეგებს, ყველა დაიმონოს და დააშინოს. მათი ეს ფორმულა, დოქტრინა ნიკიტა მიხალკოვმა აღადგინა - პუტინს სჭირდებოდა და ახალი რუსული იდეოლოგია ააშენეს. ამ იდეოლოგიით ხელმძღვანელობენ რუსეთ-უკრაინის ომში, რომელიც არ ვიცით, როდის დამთავრდება. ჩვენთან ის ხალხი, რომელმაც არ იცის ინგლისური, ინფორმაციას ინტერნეტიდან, ტელევიზიიდან და ასე შემდეგ რუსულად იღებს და რუსული პროპაგანდის 100%-იანი მსხვერპლი ხდება. პირველი უბედურება ეს არის. ის ხალხი, რომელიც ინგლისური საინფორმაციო წყაროებით სარგებლობს, უფრო ჯანსაღ აზრს იღებს, ანუ მთავარია რით, რომელი საინფორმაციო წყაროთი იკვებება ადამიანი. ხალხი ამ უბედურებით რომ არ მოიწამლოს, რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ბალტიისპირეთში, უკრაინაში და სხვაგან ბლოკავენ. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ამ ქვეყანაში ერთი სიტყვაც არ უნდა ისმოდეს რუსული პროპაგანდის, რაც ტოტალური ტყუილი და საშინელებაა. ჩვენ ვამბობთ, გვინდა ევროპა. რუსებს არ უნდათ, რომ კავკასია დაკარგონ. ამისთვის მოიგონეს ეს ხაფანგი - შვიდფეროვანი დროშა (არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების გაერთიანების დროშა). ის, რომ განსხვავებული ორიენტაციის გამო ვიღაცები არ უნდა დახოცო, ეს ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობაა, მაგრამ არა წინა პლანზე მყოფი. იქ წინა პლანზე ადამიანი და მისი უფლებები, განვითარებაა. ეს არის სკრუპულოზურად, ადამიანის საკეთილდღეოდ მოგონილი დიდი სისტემა, რომელშიც ერთ-ერთ როლს თამაშობს ის, რომ ვიღაც არ უნდა მოკლა, არ უნდა დაჩაგრო, რადგან შენგან განსხვავებულია და გეია. პრორუსებმაც და ჩვენმა ლიბერალებმაც ეს ცისარტყელა დროშა წინა პლანზე გამოიტანეს და თავისუფალი სამყაროს მთავარ ფასეულობად წარმოგვიჩინეს. პრორუსებმა იმის ხაზგასასმელად, რომ აი, ვისაც ევროპა გინდათ, ესენი ხართ, მაგათ ამართლებთო, და ლიბერალებმა კი რისთვის, ნამდვილად ვერ ვხვდები. არადა, მშვენივრად იციან, რომ ლგბტ საკითხი არაა ნომერი პირველი, და არც ნომერი მეორე და მესამე არც ევროპაში და არც ამერიკაში. ესაა ერთი ჩვეულებრივი თემა - ადამიანების უფლებების დაცვის ერთი ასპექტი. ჩვენ შეიძლება ტრადიციული ორიენტაცია გვაქვს, განსხვავებულ ორიენტაციას კრძალავს ჩვენი ეკლესია, მაგრამ იმას ხომ არ ამბობს, ეს დაჭერი, ის მოკალი, იმას თავი მოჰკვეთეო?

იმის გამო, რომ დამარცხებული ვართ - გაბრაზებული ვართ. რუსული პროპაგანდით ვიკვებებით, ამიტომ ძალიან მარტივია, ასეთ რაღაცაზე მიუქსიო ადამიანი მეორეს. ესეც რუსული პროპაგანდისა და გავლენის აგენტების გაკეთებულია წლების განმავლობაში. უარესი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულ ნაწილს რატომღაც წინა პლანზე ლგბტ-ს დროშა გამოაქვს და ისე გამოდის, რომ ევროპა არის ფერადი დროშა. არადა, ასე არაა.

"ამ პრობლემის მოგვარების გასაღები პირადად მიხეილ სააკაშვილის ხელშია"

- ეს ქოც-ნაცობა ჩვეულებრივი პოლიტიკური რქაგრეხილობაა. ამ პრობლემის მოგვარების გასაღები პირადად მიხეილ სააკაშვილის ხელშია. მის პიროვნებას ეხება ამომრჩევლის დიდი ნაწილის, დაახლოებით 80%-ის საარჩევნო გადაწყვეტილებები. როდესაც ეს კაცი იტყვის, გავდივარ პოლიტიკიდან და აღარასოდეს დავბრუნდებიო, მაშინ დაიშლება ეს პროცენტი და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფზე გადანაწილდება. სანამ "ნაციონალური მოძრაობა" არ დაგმობს მიშას საქციელს, რომელიც მან პრეზიდენტობის მეორე ვადაში ჩაიდინა, არაფერი გამოვა. ეს ფაქტორი "ოცნებასაც" დაშლის, ვინაიდან ის მიშას საწინააღმდეგო გაერთიანებაა, სხვა პოლიტიკური ფუნქცია არ გააჩნია. ჩემი აზრით, პოლიტიკურმა მოთამაშეებმა, წესიერმა ადამიანებმა, რომლებიც ორივე მხარეს არიან, უნდა შეკრან ახალი ტიპის პოლიტიკური გაერთიანება სააკაშვილის კონტროლის გარეშე. მაშინ უკვე ახალი ტიპის პოლიტიკური ჯგუფები გამოჩნდებიან და შეიძლება რაღაც უკეთესობა მივიღოთ.

"მამა რუსეთს ბოროტებად თვლიდა"

- დღეს რომ მამა ცოცხალი ყოფილიყო, რას იტყოდა? ერთი ვიცი, რომ რუსები საშინლად არ უყვარდა და რუსეთს ბოროტებად თვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რუსი მეგობარი ჰყავდა. მამა ევროპის მხარეს იქნებოდა. უყვარდა თქმა, შენს ქვეყანაში შენი ოჯახის დესპანი ხარ, ქვეყნის გარეთ შენი სამშობლოსიო. საქართველო გაიმარჯვებს იმ შემთხვევაში, თუ ეყოლება განათლებული და ერთად მოფიქრალი, უთიერთთანამშრომლობის სულით განმსჭვალული ლიდერები, რომლებიც ღირსეული დესპანები იქნებიან და სამშობლოსაც სამშვიდობოს გაიყვანენ.

"ომი უნდა მხოლოდ გადარეულ რუსეთს"

- ფრაზაც "მშვიდობა, თუ თავისუფლება" იმ პროპაგანდის ნაწილია თუ ლოზუნგი, რომლითაც ვიღაცას გამოიჭერენ, ვიღაცას - ვერა. მნიშვნელობა არა აქვს, ესენი რას იტყვიან. სინამდვილეში, მსოფლიოს ისტორია ომების ისტორიაა, მშვიდობიანი პერიოდები უფრო ნაკლებია, ადამიანებს დროის უდიდესი ნაწილი ომში და დავიდარაბაში აქვთ დახარჯული. ახლახან იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო, მაგრამ ჩვენ მშვიდობიან გარემოში ვცხოვრობთ. განვითარებულ სამყაროში დიდი დრო გადის ომების გარეშე, ამიტომ ადამიანებს უკვე აღარ უნდათ ომი. ადრე თუ ომი რაღაცის მოსაპოვებლად, რაღაცის დასაპყრობად უნდოდათ, ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო - ადამიანები ან თავს ესხმოდნენ, ან თავს იცავდნენ. ახლა მშვიდობაა ჩვეულებრივი მდგომარეობა. ომი უნდა მხოლოდ გადარეულ რუსეთს, სხვას ვის? ყველას ომის თავიდან აცილება და მშვიდობა უნდა - ევროპასაც და ამერიკასაც. წარმოიდგინეთ, განვითარებულ ქვეყნებს ამხელა დოვლათი აქვთ შექმნილი, აქვთ წინსვლა და ტექნიკური პროგრესი და ომი უნდათ და ამ ყველაფრის თავზე დამხობა? ისინი ყველაფერს იზამენ, ომი რომ აიცილონ თავიდან. ჩვენი ომში ჩათრევაც არავის უნდა. კავკასია ევროპისგან ძალიან შორსაა, დიდ სამხედრო სტრატეგიულ ობიექტს არ წარმოადგენს, თურქეთისგან განსხვავებით, რომელიც ბოსფორს აკონტროლებს. ამიტომაცაა, რომ ჯერ ცხვირი ვერ შევყავით ევროპაში. ევროპა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვჭირდებით მას. ჩვენ მენტალურად უფრო ახლოს ვართ ევროპასთან, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნები. პარტნიორები ბევრ რამეში გვეხმარებიან და ამას დანახვა უნდა. ვეძებე და ვერსად ვიპოვე ის გამონათქვამი, რომელიც ჩვენს ომში ჩათრევას გულისხმობს.