საქართველოს სურსათის კრიზისი არ დაემუქრება?! - კვირის პალიტრა

საქართველოს სურსათის კრიზისი არ დაემუქრება?!

მსოფლიოში სურსათის კრიზისი, რომელიც პანდემიიდან დაიწყო, უკრაინაში დაწყებულმა ომმა გაამძაფრა. ექსპერტები უკვე შიმშილობის საფრთხეზეც საუბრობენ, რაც უპირველესად ღარიბ მოსახლეობას დაარტყამს. ვარაუდობენ, რომ საქართველოში სურსათი გაძვირდება, მაგრამ შიმშილობის საფრთხეს ნაკლებად ხედავენ. მთავრობამ განაცხადა, რომ გამოწვევის საპასუხოდ მუშაობა დაწყებულია. კონკრეტულად, რა კეთდება და რამდენად შეეხება სასურსათო კრიზისი საქართველოს, ამ საკითხებზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ხანიშვილს ვესაუბრეთ.

- საქართველოს ცხოვრება უწევდა ჯერ 2020-21 წლებში "კოვიდით", ახლა კი ჩვენს სამეზობლოში ომის პირობებში უწევს. ამ ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო ეკონომიკა. აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ინფლაცია, ფაქტობრივად, არ აწუხებდათ, რადგან ფასების ზრდა 1-2% იყო, ახლა სხვადასხვა პროდუქტზე 20-43%-ით გაიზარდა ფასები. ძალიან გართულდა და გაძვირდა ლოგისტიკა. ყოველივე ეს გავლენას ჩვენზეც ახდენს. საქართველოს არჩეული აქვს ღია ეკონომიკის პრინციპი თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და საბაჟო ბარიერების თვალსაზრისით და ბუნებრივია, გვექნება ზეწოლა მსოფლიო ტენდენციებიდან გამომდინარე. მეორე მხრივ, სწორედ იმის გამო, რომ თავისუფალი სავაჭრო ქვეყანა ვართ და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ქვეყანაში არის ჯანსაღი კონკურენცია, ყველას შეუძლია ბიზნესით დაკავდეს. ამდენად, ჩვენ არა გვაქვს მდგრადობასთან პრობლემა, არა გვაქვს პრობლემა, რომ რომელიმე სასაქონლო ჯგუფი საქართველოში არ იყოს. რაც შეეხება ადგილობრივ პროდუქციას, აქაც პრაქტიკულად მსოფლიო ტენდენციების ანალოგიური მიდგომები გვაქვს და უკვე დაიწყო საექსპორტო პროდუქციაზე წლევანდელი ფასების ჩამოყალიბება. ატამი ჯერ საადრეოა, მაგრამ ფასი 6 ლარის ფარგლებში გვაქვს, დაახლოებით იგივე ფასებია საექსპორტო გარგარზე, საკმაოდ მაღალი საფასო ნიშნულით დაიწყო ლურჯი მოცვის ექსპორტიც. ასე რომ, საქართველო პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც მსოფლიოშია. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მარაგების პრობლემა არ შეექმნება და ამისთვის მთავრობა და ბიზნესი ერთობლივად მუშაობენ. ფასები იქნება მსოფლიოში არსებულის შესაბამისი, რაც ბუნებრივია, კარგია ფერმერებისთვის, რადგან მოსავლის მოსაყვანად დიდი ხარჯი გასწიეს. თუმცა, ცხადია, საზოგადოებისთვის მაღალი ფასები ხელმისაწვდომობას გარკვეულწილად ამცირებს.

- ბოლო დროს მთავრობამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ გაიზრდება მოხნული მიწის ფართობი, რასაც ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ. რა ვითარება გვაქვს წლეულს?

- სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩვენ ვავითარებთ მთლიანად სოფლის მეურნეობას, რაც სხვადასხვა წამახალისებელ პროგრამაში გამოიხატება. გვაქვს სისტემური პროექტებიც და ყოველწლიურად სხვადასხვა სექტორის მიმართულებითაც. ამან განაპირობა სწორედ ის, რომ ბოლო წლებში გაშენდა 17 500 ჰექტარზე მეტზე ახალი მრავალწლიანი კულტურის ბაღები - როგორც ვაზი, ასევე ზეთისხილი, თხილი, კაკალი, ნუში და ასე შემდეგ... სახელმწიფო ხელშეწყობით ამავე საწარმოებისთვის კეთდება სამაცივრე და გადამმუშავებელი მეურნეობები. მაგალითად, კახეთის ატმის ექსპორტის საფუძველი სწორედ შემნახველი მეურნეობების მასშტაბური განვითარებაა. წლეულს უკვე 22 გამართული მაცივარი იმუშავებს პროდუქციის ექსპორტისთვის, მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია, მათ შორის ჩვენი უშუალო მონიტორინგით. პრაქტიკულად შექმნილი გვაქვს შტაბები, რომლებიც მნიშვნელოვან მიმართულებებს უხელმძღვანელებენ - ატამი კახეთში, ხორბლის აღება, ქართლში ვაშლი, დასავლეთში ციტრუსი და ასე შემდეგ... შტაბები ხელს უწყობს ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობას, რათა ექსპორტიორმა ერთ ადგილას მოახერხოს ყველა საჭირო პროცედურის გავლა. მაქსიმალურად ვცდილობთ მალფუჭებადი პროდუქციისთვის შეიქმნას რაც შეიძლება ეფექტური დერეფანი. მაქსიმალურს ვაკეთებთ ყველა მიმართულებით, სადაც საჭიროა სახელმწიფოს ჩართვა - გვაქვს ჩათი, სადაც ჩართული არიან ექსპორტიორები და უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის მეც, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, საპატრულო პოლიციისა და საბაჟოს წარმომადგენლები, რათა ნებისმიერი საკითხი ოპერატიულად გადაწყდეს, ზედმეტი ბარიერის გარეშე.

- როგორც მივხვდი, ეს არის ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა. ინდივიდუალური პირებისთვის, რომელთაც აქვთ მიწა და მოსავალი მოჰყავთ, გლეხების ხელშესაწყობად რა კეთდება?

- ყველას აქვს წარმოებული პროდუქციის გაყიდვის საშუალება. რა თქმა უნდა, ვისაც დიდი წარმოება აქვს და ერთგვაროვან პროდუქციას აწარმოებს, ბაზარზე წვდომაც უმარტივდება, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, როცა ვამბობთ, რომ უნდა გამსხვილდეს მეურნეობები, მოხდეს კოოპერაცია, ერთგვაროვანი პროდუქციის წარმოება. ფერმერების გა­ერთიანებას ხელი ეწყობა, მაგრამ, ცხადია, მცირე საწარმოსაც შეუძლია იმავე პირობებით სარგებლობა.

- რა მდგომარეობაა ერთწლიან კულტურებთან, განსაკუთრებით, მარცვლეულთან დაკავშირებით?

- ჯერჯერობით მაღალი ფასებია, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია. ახალი კარტოფილი მაღალი ფასით გაიყიდა, ასევე იყიდება პამიდორიც. თანდათანობით გაძლიერდება და გაფართოვდება არეალი ბოსტნეულისთვის და ვფიქრობ, კარგი მოსავალი იქნება, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემებით არის დამუშავებული. მელიორაციას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და თანამედროვე სისტემების დანერგვას მაქსიმალურად ვცდილობთ. ამდენად, ერთწლიანი კულტურების კარგ მოსავალს ველოდებით. რაც შეეხება კონკრეტულად ხორბალს, დაახლოებით ორი კვირის წინ კახეთში ნათესი ფართობები შემოვიარეთ. ტექნიკა, რომელიც ჯერჯერობით სახელმწიფოს ხელშია, გამართულია და გავანაწილეთ იმის მიხედვით, სად მოდის პირველი მოსავალი. გარდა ამისა, კერძო სექტორი სახელმწიფოს ხელშეწყობით ყოველწლიურად ყიდულობს ახალ, მაღალი სიმძლავრის კომბაინებს. 2021 წელს 13 კომბაინი შეიძინეს, წლეულს - 10. ამიტომ ვფიქრობთ, ალოობისთვის ტექნიკა საკმარისი იქნება. ცხადია, ყოველ წელს არის დაძაბული კვირები და იმედია, ამინდი ხელს შეგვიწყობს. თუ ახლა წვიმები არ დაგვემთხვა და სწორად განაწილდება მოსავლის აღება - ჯერ ქერის, მერე ხორბლის, კომბაინებიც რეგიონების მიხედვით სწორად გადანაწილდება. შარშან ავიღეთ 138 ათასი ტონამდე ხორბალი, წლეულს მეტს ველით, რადგან კარგი ყანებია. ფერმერებმა უკვე ისწავლეს და სერტიფიცირებული სათესლე მასალა შემოაქვთ, ქვეყანაშიც აწარმოებენ სერტიფიცირებულ სათესლე მასალას. 1 ჰექტარზე 5-6 ტონა მოსავლიანობის ნაკვეთები უკვე აღარ არის ძალიან ცოტა, თუმცა, ცხადია, მთლიანობაში ისინი ამინდს ვერ ქმნიან. ჩვენი პროექტების მეშვეობით მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხორბლის შემნახველი სივრცეები, რათა ფერმერმა მოსავალი აღებისთანავე არ გაყიდოს. გავაძლიერეთ ტექნიკური ბაზაც, რომელიც მიწის დამუშავება-დათესვისა და შემდგომი მოვლა-აღებისთვის არის საჭირო. მოკლედ, პროგრესი სახეზეა.

- წლეულს რა ფართობია მოხნული, თუ აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს?

- ზუსტ რაოდენობაზე ცოტა რთულია საუბარი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს გვექნება 50 ათას ჰექტარზე ხორბლის ნათესი ფართობები, 27-30 ათასი ჰაექტარი იქნება ქერის, დაახლოებით 83-85 ათასის ფარგლებში სიმინდის. მთლიანობაში ვვარაუდობთ ყოველწლიურად 220-230 ათასი ჰექტარის დამუშავებას ერთწლი­ანი კულტურებისთვის. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის თავად საზოგადოებაზე, მიწების გამსხვილებაზე, ფართობების მელიორაციაზე... მთავარია, მეტი მოსავალი უნდა მოვიყვანოთ არა იმდენად ნათესი ფართობების გაზრდით, არამედ მოსავლიანობის ზრდის ხარჯზე.

- მოსავლიანობის გაზრდისთვის რა კეთდება?

- ერთწლიანი კულტურებისთვის სასუქებისა და სხვა საშუალებების შეძენის საშუალება რომ ჰქონოდათ, წლეულს სახელმწიფომ ფერმერებს 5-დან 100 ათას ლარამდე სესხის აღებისა და ამ სესხზე 9%-ის დაფინანსების საშუალება მისცა. ფერმერებს ასევე შეუძლიათ 300-ლარიანი ბარათებით სხვადასხვა საშუალების შეძენა, რაც მოსავლიანობის გაზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამისთვის იყო შარშან 50-მილიონიანი მექანიზაციის პროგრამა, რომლითაც ახალი ტრაქტორები, მაღალი სიმძლავრის ტექნიკა და მცირე მექანიზაციის 2500-მდე ერთეული იქნა შეძენილი. ეს ყველაფერი მეტი მოსავლის მოყვანისთვის გაკეთდა. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რაც შეიძლება იაქტიუროს და დაეზღვიოს, მით უმეტეს, რომ დაზღვევის 70%-ს სახელმწიფო იხდის, რათა დავიცვათ მოსავალი.

- მარცვლეულის სავარაუდო მოსავალი მოთხოვნის დაახლოებით რა პროცენტს დააკმაყოფილებს და დანარჩენის ბაზრებზე მოძიებისთვის რა კეთდება რუსეთისა და უკრაინის ფაქტორის გათვალისწინებით?

- გვაქვს კულტურები, რომელთა იმპორტზე დამოკიდებულება ნაკლებია. ქერი ცოტა შემოგვაქვს, რადგან ადგილობრივი საკმარისი გვაქვს და ექსპორტზეც გაგვაქვს საკმაოდ მაღალი ფასით. სიმინდი 300 ათას ტონამდე მოგვყავს, იმპორტით შემოდის 120 ათასი. ხორბალი გვჭირდება 600 ათასი ტონა, მოგვყავს 150 ათასის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მეგობარი ორგანიზაციების დახმარებით შემუშავებული გვქონდა 2021-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლამდე გაგრძელდა და გვაქვს მკაფიო წარმოდგენა, თანდათან როგორ შეგვიძლია გავზარდოთ ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ისე, რომ მოხმარების 40-50% დავაკმაყოფილოთ; მოვიყვანოთ მეტი საექსპორტო ქერი; მთლიანად დაკმაყოფილდეს სიმინდზე მოთხოვნა, სადაც სასურსათოს გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საფურაჟე მარცვლეულის წარმოებაც - მეფრინველეობისა და მეცხვარეობის სექტორები წლიდან წლამდე იზრდება, რაც სულ უფრო მეტ საკვებ ბაზას საჭიროებს.

- ბაზრების მოძიებაში არის სიახლე? საიდან უნდა შემოვიდეს საჭირო მარცვლეული და უპირველესად, ხორბალი?

- ამაზე ვმუშაობთ. ბიზნესს აქვს ბევრი ალტერნატივა და ხდება შერჩევა, საიდან შეიძლება მაქსიმალურად ხელსაყრელ ფასად შემოტანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება და ეს ცხადია, ხელსაყრელი უნდა იყოს ბიზნესისთვის, რათა შევიძინოთ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად იაფი და ხარისხიანი პროდუქცია და მეორე მხრივ, ექსპორტზე გავიტანოთ მაქსიმალურად მაღალ ფასად.

- წელიწადზე მეტია, ხორბლის შემოტანის პრობლემა შეიქმნა რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე და უმეტესად ფქვილი შემოდიოდა. ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდება, რა ელის წისქვილკომბინატების სექტორს?

- ფქვილი თვეში 900-1200 ტონა შემოგვქონდა, ხორბალი კი 40 ათას ტონამდე შემოდიოდა. ბუნებრივია, რუსეთის გადაწყვეტილებამ მეტი სტიმული მისცა იაფი ფქვილის შემოტანას. ამიტომდღეს შექმნილია ფქვილის მარაგები, ნაცვლად ხორბლისა, და ხელს ვუწყობთ, რომ რაც შეიძლება დაბალფასიანი პური მიეწოდოს მოსახლეობას. თუმცა მოდის ახალი მოსავალიც და ვაკვირდებით პროცესებს მეზობელ ქვეყნებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმუშაოს წისქვილების სექტორმა, ადგილობრივმა წარმოებამ, მაგრამ იმ პირობით, რომ ფქვილზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასი შევინარჩუნოთ.

- უახლოეს პერიოდში რომელიმე დარგის სუბსიდირება ხომ არ იგეგმება?

- ვნახოთ, როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდება. ცხადია, სუბსიდირება არ არის კარგი, მაგრამ ცალკეული დარგების მხარდაჭერა აუცილებელია, რათა შეძლოს სათანადოდ განვითარება და შემოსავლის შემომტანი გახდეს.

რუსა მაჩაიძე