"არჩევანი ასეთია - ან ოლიგარქატი, ან ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში“ - კვირის პალიტრა

"არჩევანი ასეთია - ან ოლიგარქატი, ან ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში“

"საქართველო და ქართველი ერის არჩევანი საფრთხეშია, "ქართულმა ოცნებამ" გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე დაგვაყენა. ჩვენ ვირჩევთ ან ოლიგარქს, ან დასავლეთს. ჩვენ ვირჩევთ, ან რუსეთს, ან ევროპასა და ამერიკას. 20 ივნისიდან საქართველოს ეროვნული გადარჩენის ახალი გეგმა უნდა ავამოქმედოთ", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნა დააანონსა. მისი თქმით, დღევანდელი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, რომელიც სამოქმედო გეგმას წლის ბოლომდე შეასრულებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. როგორ აფასებს ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორია მათი სამოქმედო გეგმა და როგორ წარმოუდგენიათ პროცესების განვითარება, ამის შესახებ გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- მე მაინტერესებს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც ირაკლი კობახიძესავით ფიქრობენ, რომ უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების ფონზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიღწევაა?! მოსწონთ, ტრიოდან რომ ამოვვარდით და მაჩანჩალები გავხდით? რეალობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. უკრაინაში ომმა გეოპოლიტიკურად გახსნა ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრებისთვის ფანჯარა. მოლდოვამ ეს გამოიყენა უკრაინასთან ერთად, საქართველო კი ამას არ იყენებს. სამწუხაროდ, ახლა განსხვავებული რეალობა გვაქვს - ევროკომისიის დასკვნით ჩვენ უკვე დაგვაშორეს უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა "ქართული ოცნება" კვლავ უკმაყოფილოა, მათი მიზანი იყო მთლიანად ჩავხსნოდით ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, არც ერთი პირობა არ მიეღოთ და საქართველოს ევროკომისიის უარი მიეღო. მათი პირველი განცხადებები ცხადყოფს, რომ 24 ივნისამდე, როცა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს გადაწყვეტილებაც კი, რაც დღეს გამოქვეყნდა, გაუარესდეს, ანუ ევროპულ პერსპექტივაზეც კი უარი გვითხრან, საერთოდ გადახიონ და გადააგდონ ეს დოკუმენტი.

- ასეთ მოლოდინს რა გიქმნით?

- ევროკომისიამ გვითხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დეოლიგარქიზაციაა. ეს როგორ უნდა მოხდეს? თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი თავის დეოლიგარქიზაცია მოახდინოს? შესაბამისად, იბადება კითხვა, სად არის გამოსავალი? ჩვენ, „"სტრატეგია აღმაშენებელი", ვფიქრობთ, რომ გამოსავალი ერთად­ერთია - საქართველოში უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავ­რობა, რომელიც ევროკავშირის დაწესებულ სამოქმედო გეგმას წლის ბოლომდე შეასრულებს და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ეს არის ერთად­ერთი გზა, რათა როგორმე გეოპოლიტიკური ისტორიული შანსი არ გავუშვათ ხელიდან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მთლიანად ავცდებით ევროპული ინტეგრაციის გზას. არჩევანი ასეთია - ან ოლიგარქატი, ან ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში. ხალხმა განსაჯოს, რომელი ურჩევნია და იმის მიხედვით იმოქმედოს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეიძლება ორი მოსმენით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა ევროპელი პარტნიორებისთვის. მთავარია ხალხი გამოფხიზლდეს! ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ პირდაპირ თქვა, სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამისთვის თავად ქართველმა ხალხმა გამოიღოს ხელიო. როგორ? უნდა ვიყოთ ბევრი, რათა ჩვენ და ჩვენს შვილებს არ წაგვართვან ევროპული პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვამბობ - ჩამოწერილია ყველა საკითხი: 19 აპრილი, სასამართლო, დეოლიგარქიზაცია და ასე შემდეგ... ამერიკა, ევროპა, დასავლეთი გვეუბნება, ა, ბატონო, ბოლო შანსიო. კიაფობს კიდევ ეს შესაძლებლობა, ახლა ჯერი ჩვენზეა!

- ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს თქვენ უკვე არღვევთ, ვინაიდან აქციას მართავთ და ხელისუფლების გადატრიალების სურვილზე საუბრობთ.

- სხვათა შორის, იმედია, აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც მოვლენ. ჩვენ ამ აქციაზე პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებთ, არც ულტიმატუმებს წამოვაყენებთ, არც Mმთავრობის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს მოვითხოვთ, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პროევროპულ სწრაფვას. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობაში ყველა პოლიტიკური ჯგუფი შევიდეს.

- ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნებისთვის" ეს მისაღებია?

- თუ "ქართული ოცნებისთვის" ეროვნული თანხმობა მიუღებელი აღმოჩნდება, ხალხი დაინახავს და იმედია, დასკვნასაც გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ, ახლა ჯერი მმართველ გუნდზეა. ერთი თვის წინ თქვენს ინტერვიუშიც ვამბობდი, რომ მალე ქვეყანაში სულ სხვა ვითარება შეიქმნებოდა. ხომ არის დღეს ახალი ვითარება? ერთი თვის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ივანიშვილის სანქცირებასა და ოლიგარქატის დასრულებაზე იქნებოდა საუბარი? ახლაც ვამბობ - თუ "ქართული ოცნება" გონს არ მოეგება, მათთვის უფრო კატასტროფული რეალობა შეიქმნება. მათთვისA იქმნება ახალი განრიგი, რომელიც მხოლოდ ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებას კი არა, ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაუქმებასაც გულისხმობს. ზოგიერთს ხომ არ ჰგონია, ყველაფერი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებით დამთავრდება და თავად მშრალად ამოვლენ წყლიდან? ნურას უკაცრავად!

- ერთი მხრივ, თქვენი მოწოდებები, მეორე მხრივ კი ერთობ გააქტიურებული ანტიდასავლური ჯგუფები, ხალხში დაპირისპირებას ხომ არ გამოიწვევს?

- არა მგონია. ამ ერთი მუჭა ანტიდასავლური ჯგუფების რიტორიკა შედეგს ვერ მოიტანს, ქართული გენეტიკა მათ შესაბამის პასუხს აძლევს. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლამის მთელი დასავლეთი საქართველო მოვიარე ფეხით და ვიცი, რა განწყობაა ხალხის დიდ ნაწილში. მართალია, შიგადაშიგ რუსული აგენტურა და "ქართული ოცნების" დატრენინგებული აგიტატორებიც მხვდებოდნენ, მაგრამ გაცილებით დიდი იყო ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა მოვეშვათ და ჰიბრიდული ომის გამოვლინებებს არ უნდა ვებრძოლოთ. მე ამერიკელ კოლეგებსაც ვუთხარი, უკრაინაში შეიარაღებული ომია, საქართველოში კი გამალებული ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს-მეთქი.

- უკრაინისა და მოლდოვის ერთ კონტექსტში მოხსენიებამ და საქართველოს განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე მაკრონის საუბარმა რაიმე მინიშნება ხომ არ მოგცათ?

- საქმე ის არის, რომ მაკრონი გეოპოლიტიკაზე საუბრობდა და არა გეოგრაფიაზე. ბატონ კობახიძეს იქნებ აუხსნათ, რომ გეოპოლიტიკა და გეოგრაფია ერთმანეთისგან განსხვავდება. მთლად ოროსნად ნუ წარმოაჩენს თავს, იმიტომ, რომ ვიცით, მთლად ასეთი ოროსანიც არ არის. მაკრონის განცხადება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ გეოპოლიტიკურად სხვაგან მდგომი არის ოლიგარქიული, პრორუსული, ანტიდასავლური რიტორიკის მქონე „"ქართული ოცნება", თორემ ტერიტორიულად შავი ზღვის აქეთ რომ ვართ, ამის მიუხედავად, ასოცირების შეთანხმებაშიც პირველები ვიყავით და უვიზო მიმოსვლაშიც.

ხათუნა ბახტურიძე