"თუ არა უტიფრობა, სხვა რა უნდა იყოს მარცხის გამარჯვებად გამოცხადება?" - კვირის პალიტრა

"თუ არა უტიფრობა, სხვა რა უნდა იყოს მარცხის გამარჯვებად გამოცხადება?"

„მცირედი არგუმენტიც არ დავუტოვეთ ევროპას იმისთვის, რომ სტატუსი მოგვცეს“

საქართველო ტრიოს აუტსაიდერი გახდა. ევროსაბჭოსთვის მიცემული ევროკომისიის რეკომენდაცია ასეთია: „კომისია რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავე დროს კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ გატარდება შემდგომი რეფორმები. ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო იზიარებს იმავე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას აქვთ. მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ახლა საჭიროა პოლიტიკურად შეკვრა. ქვეყანამ უნდა განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა ასოცირებული უნდა იყოს აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო-პოლიტიკურ მხარდაჭერასთან. ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს", - გვამცნო ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რას ნიშნავს ევროპული პერსპექტივის მონიჭება, როგორ გაიგო ეს მინიშნება ხელისუფლებამ, რას აპირებს ოპოზიცია და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ საქართველო ტრიოს აუტსაიდერი გამხდარიყო. მხოლოდ ის კი არ არის ცუდი, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ცუდია ისიც, რომ ტრიოდან ამოვვარდით. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთ პაკეტში განიხილებოდნენ და ერთმანეთს აძლიერებდნენ. ეს პროცესს აჩქარებდა. ახლა მათ ჩამოვრჩით, მარტო დავრჩით, ეს კი ჩვენს მომავალს ბუნდოვანს ხდის.

- ყველა ველოდით, რომ ევროკავშირი საქართველოზეც მიიღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ჩვენს სტატუსს დამსახურების მიხედვით არ განსაზღვრავდა. მცირედი შანსი მაინც თუ არსებობს იმისა, რომ ევროსაბჭომ უფრო პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს?

- ფაქტია, ევროპელებს სურთ ჩვენი დახმარება, მაგრამ ამას ყველაფრის ფასად არ გააკეთებენ. ისინი გვეხვეწებიან, ცოტა მაინც გააკეთეთ რამე, დასახმარებლად გამოწვდილ ხელს მაინც ჩაეჭიდეთო, ჩვენ კი რას ვაკეთებთ?! ვლანძღავთ და ვთათხავთ! ღარიბაშვილსა და კობახიძეს დარჩათ კიდევ ვინმე გასალანძღი ევროპარლამენტში? ადრე თითო-ოროლა ევროპარლამენტს ლანძღავდნენ, ახლა მთელი ევროპარლამენტი "ნაცებად" მონათლეს, პარტნიორები მტრებად აქციეს.

- ამჯერად კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია ხელისუფლების მიერ ევროკავშირისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ევროკავშირმა ჩვენს ევროპულ მისწრაფებას ნათლად დაუჭირა მხარი.

- ირაკლი კობახიძის განცხადებებს დიდი ხანია სერიოზულად აღარ განვიხილავ. ეს ადამიანი პოლიტიკური სოციოპათია, შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს და ძარღვიც არ შეუტოკდეს. თუ არა უტიფრობა, სხვა რა უნდა იყოს მარცხის გამარჯვებად გამოცხადება?

- ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე, როგორც კი მოგვარდება პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა, გაუმჯობესდება საარჩევნო ჩარჩო, გატარდება გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გაძლიერდება ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, როცა მოხდება დეოლიგარქიზაცია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამას გარდა, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა გააძლიეროს; გააძლიეროს ძალისხმევა პლურალისტური და თავისუფალი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად... როგორ წარმოგიდგენიათ, აქვს დღეს ხელისუფლებას ამ რეკომენდაციების შესრულების რესურსი?

- ეს ხომ არ არის ახალი რეკომენდაციები? აქამდე თუ არ გააკეთეს, ახლა რატომ გააკეთებენ?! მე არა მაქვს იმედი, რომ ამ რეკომენდაციებიდან ერთს მაინც შეასრულებენ. პოლარიზების პრობლემის მოგვარება გამორიცხულია, პოლიტიკური დისკუსია ყოველთვის იქნება, მაგრამ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა საკითხები, თუნდაც სასამართლო რეფორმა, კონკურენტული პოლიტიკური გარემო... ყველა მიმართულებით დეგრადაცია გვაქვს, ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა ინსტიტუციურ წესრიგში.

- ცოტა ხნის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მნიშვნელოვანია, თუმცა სიმბოლურიო. რას ვკარგავთ, თუ ევროსაბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას სრულად გაიზიარებს და ჩვენ სტატუსის გარეშე დავრჩებით?

- ვკარგავთ ისტორიულ შანსს, რომელიც მოგვცა ჩვენგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არადა, ძალიან ცოტას ითხოვდნენ ჩვენგან. მოლდოვასა და უკრაინასაც აქვთ პრობლემები, მაგრამ მათ ბრძოლა და მისწრაფება დაუფასდათ. ჩვენ ბრძოლაზეც უარი ვთქვით და არც მისწრაფება გამოვავლინეთ. ბრძოლაში მე არ ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას, პრინციპული პოზიცია უნდა გამოგვეხატა, ჩვენ კი დავიწყეთ ისეთი უაზრო ნარატივების გავრცობა, როგორიცაა: "აბა, ომი გინდათ?!" მცირედი არგუმენტიც არ დავუტოვეთ ევროპას იმისთვის, რომ სტატუსი მოგვცეს.

- ოპოზიციის ერთი ნაწილის აზრით, სტატუსზე უარი შესაძლოა სასიკეთოდაც წაგვადგეს - გაბრაზებული ხალხი "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას აღარ მისცემს. თქვენი აზრით, სტატუსზე უარი შეიძლება მართლაც გახდეს სამოქალაქო დაპირისპირების საბაბი?

- ანტისახელმწიფოებრივია ასეთი მსჯელობა. ჩვენი ამოცანა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორება კი არა, ცივილიზებული თამაშის წესების დამკვიდრებაა. ბიძინა ივანიშვილის ჯიბრი კი არა გვაქვს, არც სააკაშვილის ჯიბრი გვქონდა თავის დროზე, ნორმალური ქვეყანა გვინდოდა და გვინდა დღესაც. ამას გარდა, სტატუსის მიღება "ქართული ოცნების" გუნდისთვის ნამდვილად ვერ გახდებოდა ხელისუფლების შენარჩუნების საშუალება, უამრავი ისეთი რამის გაკეთება მოუწევდათ, რაც მათ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა. რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია - ჩვენ ხომ მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არა გვაქვს, არც ოპოზიციაა დავარცხნილ-დალაგებული.

ხათუნა ბახტურიძე