„ძალიან მძიმე სანახავია საქართველო აუტსაიდერის პოზიციაში“ - კვირის პალიტრა

„ძალიან მძიმე სანახავია საქართველო აუტსაიდერის პოზიციაში“

„შესაძლოა ბევრ სხვა საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ პროევროპულ კურსზე ყველა ერთსულოვანია“

„"უნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი? როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც სანქციების დაწესებას გიპირებენ? უნდა თუ არა ქართველ ხალხს ევროკავშირი? დიახ, 85%-ს უნდა! დასკვნა: ან ბიძინას საქართველო, ან ქართველი ხალხის საქართველო - მესამე გზა არ არსებობს!" - ასე ეხმაურება „"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციებს. უერთდება თუ არა "ლელო" "სტრატეგია აღმაშენებლის" იდეას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ, როგორ ხედავს ახალ რეალობას და როგორ წარმოუდგენია მოვლენების განვითარება 20 ივნისის შემდგომ, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე გვესაუბრება:

- ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ევროკომისიის რეკომენდაცია, ძალიან მძიმე სანახავია საქართველო აუტსაიდერის პოზიციაში. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მის უნიათო გუნდს ეკისრება. თუ ჩვენ კარგად ვერ გავიაზრებთ, რა მოხდა ჩვენს თავს და სასწრაფოდ არ ვეცდებით გამოსწორებას, საქართველო დაკარგავს განვითარების მრავალათეულწლიან პერსპექტივას და აღმოვჩნდებით ცივილიზებული სამყაროს მიღმა, სავსებით სხვა სამყაროში. ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად მიათრევენ საქართველოს რუსეთისკენ. ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა დაზიანებულიყო. მოახერხეს კიდეც, მაგრამ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები ძალიან ნათელ მინიშნებებს აძლევს ქართველ ხალხს. ნათლად გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში ოლიგარქია უნდა დამთავრდეს. ნათლად არის ნათქვამი ისიც, რომ უნდა დავუბრუნდეთ შარლ მიშელის შეთანხმებას, გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო, მოგვარდეს ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭო/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზი, გატარდეს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმა და ასე შემდეგ. ევროკომისიამ გამოგვიგზავნა რეფორმების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ, თუ გვინდა ევროპულ ოჯახში შესვლა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოებისა და რიგითი მოქალაქეების მობილიზაცია, რათა რაც შეიძლება ჩქარა შევასრულოთ მოთხოვნები. ახლა მართლაც ჩვენს ხელშია ყველაფერი.

- თქვენგან განსხვავებულად აღიქვამს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას მმართველი გუნდი. მაგალითად, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, ხელისუფლების ევროკავშირისკენ გადადგმული ნაბიჯია.

- ირაკლი კობახიძე ავანტიურისტია. ეს ადამიანი თავის თანამოაზრეებთან ერთად აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. საქართველომ ყველაზე დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი გავმხდარიყავით. ჩვენ იმდენი ოფლი და სისხლი გვაქვს დაღვრილი ამ საქმისთვის, რომ არათუ აუტსაიდერი, ლიდერი უნდა ვყოფილიყავით ტრიოში. საბოლოოდ მოლდოვამ გაგვასწრო. ევროპული პერსპექტივა ბევრს არაფერს ნიშნავს, კანდიდატის სტატუსი კი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია.

- ოპოზიცია ხშირად მიანიშნებს, რომ ევროპარლამენტარებმა ქვეყანაში ოლიგარქატის დასრულება მოითხოვეს. თუმცა კობახიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, სააკაშვილი, ციხეშია, შესაბამისად, დეოლიგარქიზაციისკენ უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები.

- კობახიძის გამუდმებულმა ბოდვამ ქვეყანა უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. კარგად წაიკითხოს, რას ნიშნავს ოლიგარქია და მისთვისაც ყველაფერი ნათელი გახდება. მე შემიძლია პირობა დავდო, რომ საქართველოს აუცილებლად გავათავისუფლებთ ოლიგარქიული ერთპიროვნული მმართველობისგან.

- თქვენც იზიარებთ, ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის შექმნის იდეას?

- ქვეყანას სჭირდება ტექნიკური მთავრობა, რათა ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ - ან ყველა ერთად დავუბრუნდებით 19 აპრილის შეთანხმებას, მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და შევასრულებთ ამ დოკუმენტში ასახულ ყველა პირობას, ან გავაგრძელებთ ცხოვრებას ხელისუფლების შემოთავაზებულ ბლეფში.

20 ივნისის აქციის მთავარი ამოცანაა ყველას დავანახოთ, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ევროპული ოჯახის წევრობა. ამის შემდეგ დაველოდებით 24 ივნისს და ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცევით. თუ შედეგი დარჩება იგივე, ეს ნამდვილად გახდება პირდაპირი საფუძველი იმისა, რომ ხელისუფლება სახლში გავუშვათ და დაინიშნოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნები. ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და თქვას, რატომ მიიყვანა საქმე აქამდე, რატომ ჩაყარა წყალში ქართველი ხალხის ამხელა შრომა, რატომ დაგვტოვა ევროპული ოჯახის კარს მიღმა.

- ელით, რომ ოპოზიცია ამჯერად მაინც მოახერხებს ერთიანი, პრინციპული პოზიციის შენარჩუნებას?

- უფრო მეტსაც გეტყვით - მე მგონია, თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობასაც ევროკავშირის წევრობა სურს. ქართველი ხალხის 85%-ს სურს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და მათ შორის ხელისუფლებაც არის და ოპოზიციაც. მე არსად მინახავს დებატები იმის შესახებ, გვინდა თუ არა ევროპა. შესაძლოა ბევრ სხვა საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ პროევროპულ კურსზე ყველა ერთსულოვანია.

- ჯერ არა გაქვთ კონკრეტული გეგმა, სტრატეგია შემუშავებული, თუ როგორ გაგრძელდება პროცესები 20 ივნისის შემდგომ, ან რა მოხდება 24 ივნისის შემდეგ, როდესაც ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გვამცნობს?

- ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ფაქტია, ხალხი უნდა მიხვდეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა უკვე უფსკრულის პირას მიიყვანა. ისეთ ზღვარზე ვართ, იმის იქით გზის გაგრძელება რომ არ შეიძლება. თუ ხალხი ამ მომენტს ხელიდან გაუშვებს, მერე ნუღარავის ექნება პრეტენზია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია, რომ უმუშევრობა და მზარდი ემიგრაციაა. ევროკავშირის სტატუსის მიღება-არმიღება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მატერიალურ, სოციალურ განვითარებასთან, უსაფრთხოებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აღარაფერს ვამბობ. დროა, ხალხმა აღარ მოუსმინოს მმართველი გუნდის ლიდერების დემაგოგიას, საღი გონებით შეხედოს რეალობას და დასკვნაც სათანადო გამოიტანოს.

ხათუნა ბახტურიძე