"მაშინ გავიგე, რომ ჩემი ბინა იმ ქალის შვილიშვილის სახელზე იყო გაფორმებული" - მევახშეების თაღლითური სქემა - კვირის პალიტრა

"მაშინ გავიგე, რომ ჩემი ბინა იმ ქალის შვილიშვილის სახელზე იყო გაფორმებული" - მევახშეების თაღლითური სქემა

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანები კანონის უცოდინარობის გამო საკუთარ ქონებას კარგავენ და ქუჩაში რჩებიან. არაერთი ადამიანი აღმოჩენილა თაღლითი მევახშეების მსხვერპლი და ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. მართალია, წლებია, ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ ვერა და ვერ მოგვარდა. მევახშეები დღემდე ბოროტად სარგებლობენ მსესხებლების უყურადღებობითა თუ გამოუცდელობით და ამის გამო ადამიანები ზარალდებიან. ამაზე რეაგირება სახელმწიფომ უშედეგოდ სცადა, როცა კანონით აიკრძალა ფიზიკურ პირებთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება, მაგრამ მევახშეებმა გამოსავალი მაინც იპოვეს: ისინი დღეს ბოროტად სარგებლობენ კანონის 509-ე მუხლით და ნასყიდობის ხელშეკრულებას დებენ გამოსყიდვის უფლებით. თუ პირი მითითებულ დროს ფულს არ დააბრუნებს, მეპატრონეს ბინა ეკარგება, რადგან რეესტრით ქონება კრედიტორის სახელზეა გაფორმებული. ამ გზით მევახშეებმა საქმე გაიიოლეს და აღმასრულებელთანაც კი აღარ უწევთ სიარული. სასამართლოც ხშირად არ მსჯელობს იმაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაძლოა, კრედიტის სანაცვლო იყოს და ქონების დაუფლებას ისახავდეს მიზნად, შედეგად კი ადამიანები ქუჩაში რჩებიან.

37 წლის მამაკაცმა მევახშეების სქემას თავი ძლივს დააღწია. რომ არა ახლობლის რჩევა, ის ერთადერთ ბინას კარგავდა.

აი, რა გვიამბო ნიკამ:- დიღომში ოროთახიანი ბინა მაქვს. სასწრაფოდ მჭირდებოდა 20 000 დოლარი და მევახშეს შევუთანხმდი 4%-ად. სანაცვლოდ ბინა უნდა ჩამედო. თავის ნაცნობ ნოტარიუსთან მიმიყვანა, იქ თავისი შვილიშვილი დამახვედრა და მითხრა, რომ მის სახელზე უნდა გამეფორმებინა ხელშეკრულება. სამთვიანი შეთანხმება დაიდო. მაისის ბოლოს ვალი უნდა გამესტუმრებინა. ვფიქრობდი, პრობლემა არ იქნებოდა, ამასობაში ბინას გავყიდი-მეთქი. ნოტარიუსსაც ბევრი არაფერი აუხსნია, ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება იდებაო, მითხრა. ბევრი ფურცელი დამიდეს წინ და არც წამიკითხავს, ხელი ისე მოვაწერე. იქიდან გამოსულს მევახშემ 2700 დოლარით ნაკლები მომცა, ამაში შედის მომსახურების თანხა და ორი თვის პროცენტი, ბოლო თვის პროცენტი კი ბოლოს მომეციო. ავიღე ფული და წამოვედი. ბინის მყიდველი მოვიდა და მოვილაპარაკეთ, მაგრამ მან აღმოაჩინა, რომ ქონება ჩემს სახელზე არ იყო. მეც მაშინ გავიგე, რომ იმ ქალის შვილიშვილის სახელზე იყო გაფორმებული ჩემი ბინა. სახლში მქონდა ერთი ასლი, რაც ნოტარიუსმა მომცა. ახლობელ იურისტს რომ წავაკითხე, მითხრა, თუ მითითებულ დროს ფულს არ მისცემ, იცოდე, შენი ბინა ავტომატურად მათიაო. ეს რომ გავიგე, ვადის ამოწურვამდე 20 დღე იყო დარჩენილი, ამ დროში კი ბინის გაყიდვას ვერ ვახერხებდი, ამიტომ სასწრაფოდ დაგირავება გადავწყვიტე. შვიდი დღე აკლდა ვადის გასვლას, თავი რომ დავიხსენი. ბოლო თვის პროცენტიც წაიღეს და სამ თვეში, ფაქტობრივად, 3700 დოლარზე მეტი დავკარგე. ბინის დამგირავებელი რომ მოეყვანა, მაკლერმა 250 დოლარი გამომართვა, მერე კი გავიგე, რომ ბინის დამგირავებლისთვის 500 დოლარი ცალკე წაურთმევია. ბინის გაყიდვას გადავურჩი. ახლა საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას და იმედი მაქვს, მოვაგროვებ ფულს, რომ გავისტუმრო ის ხალხი, ვინც ჩემს ბინაში გირაოთი ცხოვრობს. არასოდეს მქონია მევახშეებთან ურთიერთობა და ეს იმიტომ მოხდა. კანონის ცოდნა მართლაც აუცილებელია. ყველას ვურჩევ, კარგად გაერკვეს საქმეში, სანამ რამეს ხელს მოაწერს.

ადვოკატი გიგი სისვაძე თვლის, რომ სასწრაფოდ კანონში ცვლილების შეტანაა აუცილებელი, რადგან მევახშეები ამ სქემას ეფექტიანად იყენებენ:

- სამევახშეო საქმიანობა საქართველოში აბსოლუტურად უკონტროლოა. შეუსაბამოდ დიდი პროცენტით - წლიურ 70-80%-ად აძლევდნენ სესხად ფულს მათ, ვისაც საფინანსო ორგანიზაციები და ბანკები შემოსავლის არქონის გამო სესხს არ აძლევდნენ. მევახშე აძლევდა ფულს ადამიანს, ფორმდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მსესხებლის ერთადერთ ბინაზე, მერე კი, შეუსაბამოდ დიდი პროცენტის გამო, მოვალე ფულს ვერ იხდიდა. თუ კრედიტორი ვერ ასრულებდა ვალდებულებას, გამსესხებელს უფლება ჰქონდა, ნოტარიუსისთვის მიემართა და ის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გასცემდა სააღსრულებო ფურცელს. შედეგად მსესხებლები კარგავდნენ ბინას და ღია ცის ქვეშ რჩებოდნენ. მწარე რეალობის წინაშე მყოფი ბევრი ადამიანი ვერ უძლებდა ამას და სუიციდამდე მიდიოდა - ამის უამრავი მაგალითია ცნობილი.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში საკრედიტო ვალდებულებები ასე არ ფორმდება. იქ სამევახშეო საქმიანობა უკიდურესად შეზღუდულია და მაქსიმალურად კონტროლდება. საფინანსო ორგანიზაციებში, სადაც კრეტიდების აღება შეიძლება, კრედიტი გაიცემა ბენეფიციარის გადახდის შესაძლებლობის მიხედვით. ეს სწორი ფორმაა. თუ ბენეფიციარის ფინანსური მდგომარეობა კრიზისული ხდება და ამას ხედავს კრედიტოფიცერი, ბანკის თანამშრომელი, ის ცდილობს, ამ ადამიანს მისცეს საშუალება, თავისი რესურსით შეძლოს ვალის გადახდა, გახდეს შემოსავლიანი, რომ საკრედიტო ვალდებულებები შეასრულოს. საქართველოში დღემდე ამ სფეროში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. 2018 წელს კანონით შეიცვალა რეგულაციები, რომ მევახშეების პარპაში, რომელიც ყველანაირ ზღვარს იყო გასული, დასრულებულიყო, მაგრამ ამ ბიზნესით საქართველოში დღესაც დაკავებული არიან როგორც საშუალო, ასევე ძალიან მაღალი ფენის ადამიანები, მათ შორის - საჯარო მოხელეები და მაღალი თანამდებობის პირებიც, რადგან ეს სფერო ისევ მოუწესრიგებელია და ბევრ შესაძლებლობას იძლევა ავაზაკური საქმეების ჩასადენად. პარლამენტმა იპოთეკის თავში შეიტანა ცვლილება და ფიზიკურ პირს აეკრძალა მსესხებლის ქონების დატვირთვა. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ საკრედიტო, საფინანსო, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ბანკს. მხოლოდ მათ, ვის საქმიანობასაც ეროვნული ბანკი აკონტროლებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რომ გახდე, ეროვნული ბანკის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილო და ამის შემდეგ გაიცემა შესაბამისი ლიცენზია, რაც ძვირი სიამოვნებაა. თუ ამ უფლებას მოიპოვებ, შემდეგ ეროვნული ბანკი გიწესებს იმასაც, რამდენი პროცენტით გაასესხო ფული, რაც მევახშეებისთვის სერიოზული შეზღუდვაა. ისინი ამას არ აკეთებენ და კანონის ამოქმედების შემდეგ ამ საქმიანობამ მიწის ქვეშ, სარდაფებში გადაინაცვლა.

- რა მეთოდს იყენებენ დღეს მევახშეები?

- სამოქალაქო კოდექსში არის 509-ე მუხლი - ნასყიდობა გამოსყიდვით. ეს ნიშნავს, რომ ბინის გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს თავისი ბინის უკან გამოსყიდვის უფლება. დღეს ის ადამიანები, ვინც ბანკში ვერ იღებენ სესხს და აქვთ მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ისევ მევახშეებთან მიდიან და დებენ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას უძრავ ქონებაზე. ეს ნიშნავს, რომ უძრავ ქონებას მევახშე თავის სახელზე იფორმებს, შესაბამისი ამონაწერიც ამოდის, ოღონდ გრაფაში იწერება, რომ ყოფილ მესაკუთრეს აქვს უფლება, თუ შეთანხმებულ ვადაში (სამი თვე იქნება ეს, ექვსი თვე თუ ერთი წელი) მევახშეს თანხას დაუბრუნებს, თავისი ქონება ისევ თვითონ გაიფორმოს. ანუ ეს მუხლი მოარგეს ამ ურთიერთობას და მევახშეები გაცილებით მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

თუ ადრე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უწევდათ ჯერ ნოტარიუსთან, მერე კი სააღსრულებო ბიუროში წასვლა, ქონების აუქციონზე გატანა, ზედმეტი ხარჯის გაღება, ახლა ზედმეტი ხარჯის გაღება აღარ უწევთ, პირდაპირ დებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას და როგორც კი იქ მითითებულ ვადას გადასცდება ვალის დაბრუნება, მსესხებელი ქონებას კარგავს. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს წინასწარ აკლებენ დიდ პროცენტს, შემდგომ კი ყოველთვე ართმევენ ამ ფულს. ამ გზით მევახშეები ყველანაირ საბიუჯეტო გადასახადსაც გვერდს უვლიან და ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ შეაქვთ. ეს არის სერიოზული დარღვევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ქონება რჩება მევახშეს, შემდეგ ბინიდან ასახლებს მეპატრონეს და ამ ქონებას გაცილებით ძვირად ყიდის. შეიძლება პირს 20 000 დოლარი სჭირდებოდეს, მისი ქონება კი იყოს 50 000 ან 100 000-დოლარიანი და მას კარგავს.

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შემთხვევაში, როცა ქონება აუქციონზე გავიდოდა, მევახშეს დაუბრუნდებოდა თავისი წილი და დანარჩენი თანხა ბინის მესაკუთრეს რჩებოდა. ახლა ეს შესაძლებლობაც დაიკარგა და საერთოდ ცარიელს ტოვებენ ამ ადამიანებს. ანუ სახელმწიფომ, საკანონმდებლო ორგანომ, ერთი მხრივ, თითქოს შებოჭა მევახშეები, მაგრამ მეორე მხრივ მათ ფართოდ გაუღო კარი ამ საქმიანობის არალეგალურად გაგრძელებისთვის.

მევახშეებს ადამიანებს ვერ უწოდებ - მათ არანაირი ემოცია, ადამიანური შეგრძნებები არ გააჩნიათ. წურბელებივით ასხდებიან და ბოლომდე სწოვენ სისხლს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალხს. მევახშეები ასეთი ნასყიდობის გაფორმების შემდეგ სპეციალურ რვეულში იწერენ, როდის და რამდენი უნდა მიუტანო პროცენტი. სასამართლოში ვიდავეთ და მოვითხოვეთ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან ეს არის ფორმის დაუცველად დადებული გარიგება და მოსამართლეს ვთხოვეთ, ეცნო არა - ნასყიდობის, არამედ იპოთეკის ხელშეკრულებად. ჩვენ დავადასტურეთ ისიც, რომ მსესხებელი ყოველთვე იხდიდა პროცენტს. სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ სინამდვილეში მეორე ხელშეკრულება ძირითადი ხელშეკრულება იყო, ანუ მხარეს ქონების გაყიდვა კი არ სურდა, არამედ - სესხის აღება და რადგან კანონით შებოჭილია, ეს ამ ფორმით გააკეთა. ამის დამადასტურებლად წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომ ის ფულს იხდიდა ყოველთვიურად და რომ Nნასყიდობა-გამოსყიდვას არ შეიძლება ჰქონოდა ყოველთვიური გადასახადი. თუ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გაქვს, მოსამართლე უძლურია და შენს სასარგებლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს შენ უნდა დაამტკიცო, რაც ასევე დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ხშირად დაზარალებულ მხარეს არა აქვს. როცა ქონებაზე დაობ, უნდა გადაიხადო სახელმწიფო ბაჟიც, რომ სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღოს. ყველაფერს დიდი ბრძოლა სჭირდება, რადგან თუ შენი სიმართლე ვერ დაამტკიცე, ცარიელი რჩები, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ასეთ სარისკო გარიგებას ხელი არ მოაწერონ, თორემ ქუჩაში აღმოჩნდებიან.

ჩვენ ამ მევახშეებს თავი მოვუყარეთ და ბევრ მათგანზე ფინანსურ პოლიციაში განცხადება შევიტანეთ. ფინანსურმა პოლიციამ მათ წინააღმდეგ აღძრა საქმეები, რადგან ისინი თავს არიდებენ გადასახადებს. ამ სქემაში ჩართული არიან ნოტარიუსები და რამდენიმე მათგანის ვინაობაც ვიცი. სქემას ჰყავს ე.წ. შუამავლებიც, ისინი, ვინც პროცენტს იღებენ. ისინი ისე აგვარებენ საქმეს, რომ მევახშე არც ჩნდება, მაგრამ ამ ხალხს ყველგან ლობისტები ჰყავთ, სასამართლოშიც, აღსრულების ეროვნულ ბიუროშიც, სანოტარო ბიუროებშიც...

- ასეთ დროს ნოტარიუსს პასუხისმგებლობა არ ეკისრება?

- არა, ნოტარიუსს კანონით აქვს უფლება, გააფორმოს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, როგორ უხსნის ის ბინის მესაკუთრეს მოსალოდნელ საფრთხეს, ცალკე საკითხია.

- რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ასე რისკავს?

- ვურჩევ, თუ მაინც უწევს ასეთი გარიგების დადება, მევახშეების წინააღმდეგ მოაგროვოს მტკიცებულებები, ანუ ჰქონდეთ ფაქტები, როგორ იხდიან ვალის პროცენტს. როცა აძლევს ფულს, თვითონაც ჩაინიშნოს ბლოკნოტში, მოაწეროს ხელი, მოაწერინოს მევახშესაც და დააწერინოს, რომ ფული მას გადასცა. ეს სასამართლოში უსათუოდ დაეხმარება და შეძლებს, შეაჩეროს ბინიდან გამოსახლების საშინელი პროცესი. ასე ექნება მტკიცებულებები და ეცდება დაადასტუროს, რომ სინამდვილეში ეს იყო იპოთეკის ხელშეკრულება. ამ პროცესს შეიძლება წლები დასჭირდეს. ამასობაში მსესხებელს ეძლევა შესაძლებლობა, ფეხზე წამოდგეს და მევახშეს მისცეს მხოლოდ იმდენი, რამდენიც მას ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ მევახშეებმა პირი აბსოლუტურად უკანონოდ გამოასახლეს თავისი ბინიდან. ოთხი წელი ვაკავებდი ამ პროცესს და ეს მაინც მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს ორ თვეში ამ ოჯახს ისევ თავის სახლში შევასახლებ. 12-სულიანი ოჯახი დატოვეს ცის ქვეშ, წარმოგიდგენიათ?! და ეს უკანონობა ჩაიდინა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის და მიმდინარეობს გამოძიება.

- ასეთ სქემებში ჩართული არიან ადვოკატებიც?

- ადვოკატს, რომელიც მევახშეს იცავს, თავისი პროფესიული საქმიანობისთვის ვერდიქტი გამოაქვს. ეს ყველაზე უღირსი საქმიანობაა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში რომ მისცემ რამდენიმე ნოტარიუსს, რომლებიც თვითონ არიან ჩართული ამ პროცესში და თავიანთი ფულიც აქვთ გაპროცენტებული ამ სქემით, მერე სხვებიც გონს მოეგებიან.

- კიდევ ერთი საკითხი: ბინის დაგირავებისას პირები დებენ სესხის ხელშეკრულებას ბინაში ცხოვრების უფლებით, ბინა კი იტვირთება იპოთეკით. კანონში ამ მხრივაც ხომ არ შეცვლილა რამე?

- უძრავი ნივთის გირავნობა არ არსებობს, ეს არასწორი ტერმინია. დაგირავება შეიძლება მხოლოდ მოძრავი ნივთის. ბინაში ცხოვრების უფლებით იპოთეკაც კანონის გვერდის ავლით ფორმდება. ეს დარღვევაა, მაგრამ ნოტარიუსები ასეთ ხელშეკრულებებს მაინც აფორმებენ.