მშობლების გათბობის სანაცვლოდ შვილებს რაკეტები კლავენ ანუ როგორ „უბრუნდება“ უკან უკრაინას რუსულ გაზში გადაცვლილი რაკეტები... - კვირის პალიტრა

მშობლების გათბობის სანაცვლოდ შვილებს რაკეტები კლავენ ანუ როგორ „უბრუნდება“ უკან უკრაინას რუსულ გაზში გადაცვლილი რაკეტები...

რუსებს მალე რაკეტები გამოელევათ და უკრაინულ ქალაქებს ასე ვეღარ დაბომბავენო-ეს მოსაზრება ლამის ომის დაწყების დღიდან ისმის,თუმცა რუსული რაკეტები ისევ განაგრძობენ უკრაინის დასახლებული პუნქტებზე საჰაერო თავდასხმებს...

განაგრძობენ იმიტომ,რომ თანამედროვე „ისკანდერებისა“ და „კალიბრების“ გარდა, რუსეთის არმიის საწყობებში უხვად მოიძიება ჯერ კიდევ საბჭოთადროინდელი, სხვადასხვა კლასისა და ტიპის რაკეტები,რომელთა არც თუ მცირე ნაწილი მოსკოვს...თავად უკრაინამ დაუბრუნა!

როგორ მოგწონთ სიტუაცია,როდესაც თავის დროზე მშობლების ბინების რუსული გაზით გათბობის სანაცვლოდ დღეს მათი შვილები რუსული რაკეტებით იღუპებიან?

ამ ორ მოვლენას შორის კი შემდეგი კავშირია...

1995 წელს რუსეთმა აღიარებინა უკრაინას,რომ მას რუსული გაზის მიწოდების ანაზღაურებაში 1,5 მლრდ დოლარიანი ვალი დაუგროვდა.

უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ ამ მნიშვნელოვანი თანხის ოდენობის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და მისი მომსახურებისთვის ყოველწლიურად 200 მლნ დოლარს ხარჯავდა,მაგრამ 1999 წელს შეაჩერა გადახდა ფინანსების არქონის გამო.

2-1655650910.jpg
5,8 მ სიგრძისა და 1,2 ტ მასის Х-55 ტიპის ფრთოსან რაკეტას 410 კგ-იანი საბრძოლო ქობინი,მაქსიმალურ 2 500 კმ-ზე მიაქვს 800 კმ/სთ სიჩქარით

მაშინ მოსკოვმა კიევს ასეთი გარიგება შესთავაზა-რუსეთი უკრაინას გაზის ვალიდან 285 მლნ დოლარს ჩამოაჭრიდა,სამაგიეროდ კი კიევს რუსეთისთვის უნდა გადაეცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სამხედრო აეროდრომებზე დარჩენილი 11 სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდი-ბომბდამშენი თვითმფრინავი,მათ შორის იმ დროისთვის უახლესი 8 ერთეული Ту-160 და 3 ცალი Ту-95МС.

თუმცა გარიგებაში ასევე შედიოდა ამ თვითმფრინავების მომსახურებისთვის საჭირო სააეროდრომო მოწყობილობებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,ამ სტრატეგიული ბომბდამშენების მთავარი შეიარაღების- Х-55 და Х-55СМ ტიპის 575 ფრთოსანი რაკეტის გადაცემაც.

გარიგება შედგა და უკვე 2000 წლისთვის მთელი ეს სტრატეგიული დანიშნულების შეიარაღება,რომელიც ბირთვული იარაღის გადამტანი იყო,რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

შეგახსენებთ,რომ მანამდე,1994 წლის 5 დეკემბერს ბუდაპეშტში ხელი მოეწერა მემორანდუმს,რომლის თანახმადაც უკრაინა უარს ამბობდა მის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილ ბირთვულ ქობინებზე,მათ გადასცემდა რუსეთის ფედერაციას,სამაგიეროდ კი სამი ბირთვული ქვეყანა-აშშ-ები,დიდი ბრიტანეთი და თავად რუსეთი გარანტიას აძლევდნენ კიევს,რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას არაფერი დაემუქრებოდა...

ბუდაპეშტის მემორანდუმის ერთ-ერთმა გარანტორმა-რუსეთმა ზუსტად 20 წლის შემდეგ-2014 წელს, თავად განახორციელა უკრაინის ყირიმისა და დონბასის სამხედრო ოკუპაცია,ხოლო დანარჩენი ორი გარანტორის-აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა უმოქმედობამ მთელ მსოფლიოს დაანახვა,რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირებულა,რომელზეც ხელი მოეწერა...

3-1655650961.jpg
გაზში გადაცვლილი ფრთოსანი რაკეტებით რუსები უკრაინელებს ეხლა სახლებს უნგრევენ...

და ახლა დღე არ გავა,რომ რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსთან განთავსებული სამხედრო აეროდრომიდან აფრენილმა,რუსულ გაზში გადაცვლილმა Ту-160 და Ту-95МС სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა კასპიის ზღვის აკვატორიის საჰაერო ზონიდან Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები(რომელთა ფრენის მაქსიმალური მანძილი 2 500 კმ-მდეა) უკრაინას უკან „დაუბრუნონ“,ამჯერად სასიკვდილო „საჩუქრის“ სახით...

სიტუაციას ისიც ართულებს,რომ დღეისათვის უკვე მოძველებული Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები არ გამოირჩევიან დიდი სიზუსტით და მიზნიდან აცილებამ შეიძლება 100 მ-იც კი შეადგინოს.

ეს საბჭოთა სტრატეგებისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა,რადგან ამ ფრთოსანი რაკეტის აღჭურვა ბირთვული ქობინით იყო გათვალისწინებული,ხოლო 200 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინის ასი მეტრით იქით თუ აქეთ აფეთქება არაფერს ცვლიდა,არ დაგავიწყდეთ,ჰიროსიმაში ჩამოგდებული ამერიკული ატომური ბომბის სიმძლავრე მხოლოდ 16 კილოტონა თუ გახლდათ...

სამაგიეროდ, ასმეტრიანი ცთომილება მიზანში მოხვედრისას,ტრაგიკულად აისახება უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაზე,როდესაც კასპიის ზღვის თავზე სტარტაღებული რუსული ფრთოსანი რაკეტა 1 300 კმ-მდე ფრენის შემდეგ უკრაინულ სამხედრო ობიექტის ნაცვლად საცხოვრებელ კორპუსს ხვდება ან სულაც ძეხვის დამამზადებელ საამქროს აფეთქებს,როგორც ეს 18 ივნისს უკრაინულ მიკოლაევში მოხდა...

P.S. დაახლოებით ასეთივე სიტუაცია შეიქმნა,როდესაც თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი და საქართველოს დედაქალაქის თავზე 1978 წლიდან „დაფრთიანებული“ Су-25 ტიპის მოირიშე თვითმფრინავებით რუსეთი ჯერ 1992-93 წლებში აფხაზეთში გვბომბავდა,შემდეგ კი,2008 წელს, შიდა ქართლსა და თავად თბილისშიც კი...