"უნდა გამოვპრანჭულიყავი - ახლა ცოლი ხომ მეყოლებოდა?"
ლევან საგინაშვილი (მეტსახელად - ქართველი ჰალკი) შეჯიბრებისთვის - King of the table ემზადება. ამჟამად ძირითადად ან დარბაზში იმყოფება და ვარჯიშობს, ან - ისვენებს. შეჯიბრება 1 თვეში, დუბაიში გაიმართება, სადაც ქართველი ჰალკი ლეგენდარულ კანადელ მკლავჭიდელს - დევონ ლარატს შეეჯიბრება. ამ მოვლენის შესახებ "ნეტფლიქსი" დოკუმენტურ ფილმს იღებს, რომლის პროდიუსერიც სილვესტერ სტალონეა... დაახლოებით 5 თვეა, რაც მსოფლიოში, სპორტის გულშემატკივრები ლევან საგინაშვილის და დევონ ლარატის შეხვედრას ელოდებიან. შეჯიბრებისთვის ლევანი ფიზიკურადაც ემზადება და ფსიქოლოგიურადაც, თუმცა რთული რეჟიმის მიუხედავად, პაემნებზე, რომანტიკულ ურთიერთობებზე სასაუბროდ დრო მაინც დაგვითმო...
- ლევან, რომელი ასაკიდან გეკითხებიან - როდის უნდა დაოჯახდე, ცოლი რატომ არ მოგყავსო?
- 30 წელს რომ გადავცდი, მას შემდეგ მსგავსი შეკითხვები განსაკუთრებულად გააქტიურდა. მანამდე ისე ხშირად არ მეკითხებოდნენ. ძირითადად, მეგობრები, მშობლები, ნათესავები მეკითხებიან. არ ვღიზიანდები. პასუხსაც არ ვცემ.
- ოჯახის შესაქმნელად მზად ხართ?
- არ ვიცი. ხან მგონია, რომ - კი, ხან - არა (იცინის). როცა ოჯახის შექმნას გადავწყვეტ, ამისთვის მზად ვიქნები.
- "ოჯახის" მნიშვნელობა როგორ გესმით?
- ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა, გატანა და ატანა.
- პაემანზე წასასვლელად როგორ ემზადებით?
- უჰ, რა ვიცი, პაემნებზე აღარ დავდივარ.
- რატომ?
- სულ ერთი და იგივეა და მომბეზრდა.
- რას გულისხმობთ?
- ერთი და იგივე შეკითხვები, საუბარი...
- როგორია თქვენი, ასე ვთქვათ, სტანდარტული პაემანი?
- რაც ცნობილი გავხდი, ჩემ შესახებ პაემანზე საერთოდ ვერაფერს ვყვები, რადგან თითქმის ყველაფერი იციან. მერე მეკითხებიან, - ჩუმად რატომ ხარო? დიდად მოლაპარაკე ისედაც არ ვარ.
- პოპულარობამდე უფრო საინტერესო პაემნები გქონდათ?
- კი, მანამდე კარგი იყო! არ მიცნობდნენ და, - აბა, ვინ ხარ, რას წარმოადგენო? ადამიანს შეგეძლო, რაღაც მოგეტყუებინა კიდეც. ახლა ვეღარც ვერაფერს მოატყუებ (იცინის).
- კარგი. მაშინ ის გვითხარით, პაემანზე წასასვლელად, წინათ როგორ ემზადებოდით?
- ჰო, პაემანზე მართლა დიდი ხანია, არ ვყოფილვარ... ჩვეულებრივად ვემზადებოდი - დიდად არ ვიპრანჭებოდი. ალბათ, ეგეც ჩემი პრობლემაა: უნდა გამოვპრანჭულიყავი და ახლა ცოლი ხომ მეყოლებოდა, არა?
- წარუმატებელი პაემნის შესახებ მოგვიყევით...
- წარუმატებელი? გააჩნია, პაემნის მიზანი რა იყო. ძირითადად, რა მიზანი მქონდა, ამას ახლა ვერ ვიტყვი, თორემ ამ ინტერვიუს მერე, ცოლს საერთოდ ვეღარ მოვიყვან, პაემანზეც არავინ მოვა...
- გქონიათ შემთხვევა, როცა პაემანზე არ მოსულა თქვენი რჩეული?
- კი, რამდენჯერმე "გადამაგდეს": მოუწერია ან დაურეკავს, მოსვლას ვერ ვახერხებო.
- ინტერნეტით გაგიცნიათ ვინმე?
- კი. სერიოზულ ურთიერთობაშიც გადაზრდილა, თუმცა ინტერნეტით გაცნობილ ადამიანებთან პაემნებზე სიარულს ხალხს მაინც არ ვურჩევ.
- რატომ?
- იმედი ბევრჯერ გამიცრუვდა, განსაკუთრებით - "ინსტაგრამზე" გაცნობილებთან: ფოტოებზე სხვა ადამიანია, შეხვდები და - სხვაა. ცოტათი "ტეხავს".
- "ინსტაგრამზე" გაცნობილი გოგონა რეალურ ცხოვრებაში შეხვედრისას იცანით მაინც?
- აურით ვიცანი.
- შეხვედრამდე ალბათ, ისაუბრეთ, საერთო ინტერესები აღმოაჩინეთ... ამ ფაქტმა გარეგნობასთან დაკავშირებული შეუსაბამობა ვერ გადაწონა?
- არა. ფაქტობრივად, ურთიერთობას ტყუილით იწყებ. ცოტა არ იყოს, სულელური ტყუილია - საკუთარ თავს ატყუებს, სხვას ხომ არა? შეხვდები და ნახავ, რომ სხვანაირი ადამიანია. მათ ვგულისხმობ, ვისაც "ინსტაგრამზე" ზედმეტად "გაკეთებული" ფოტოები აქვთ. მესმის, რომ ფილტრები, პატარა ხრიკები არსებობს - ფოტო უნდა გაალამაზო, თუმცა ფეხი დაიგრძელო, ცხვირი დაიპატარაო, ტუჩები გაიდიდო (იცინის)?!. საერთოდ, საკუთარი თავი ყველას ისეთი უნდა გვიყვარდეს, როგორიც ვართ.
- თქვენ ყოველთვის ჰარმონიულად იყავით თქვენს გარეგნობასთან? მაგალითად, გარდატეხის ასაკში, ადამიანებს საკუთარი გარეგნობა ხშირად არ მოსწონთ, როგორი ლამაზებიც უნდა იყვნენ...
- საკუთარი თავი დიდად ახლაც არ მომწონს, 180 კილო ვარ. ჩემი თავი რატომ უნდა მომწონდეს?
- უცნაურია, სხვებს მოუწოდებთ, საკუთარი თავი ისეთი უყვარდეთ, როგორიც არიან.
- არა, ჩემი თავი მიყვარს. უბრალოდ, არის რაღაცები, რაც არ მომწონს - ცოტათი სამუშაოა.
- თქვენი ხასიათის რომელი თვისება მოგწონთ და რომელი - არა?
- ძალიან მიზანდასახული, მშრომელი და მომთმენი ვარ. უარყოფითი თვისება ისაა, რომ ზოგჯერ ცოტათი იმპულსური გახლავართ, ფეთქებადი ხასიათი მაქვს; ასევე, ზოგჯერ რაღაცებს გვიან ვხვდები ანუ რაღაცებს დღეს რომ უნდა მივხვდე, შეიძლება, 3 დღის მერე მივხვდე.
- ამის გამო დაზარალებულხართ?
- ალბათ - კი. ყველაფერს სწორად ვხვდები, თუმცა ცოტათი მაგვიანდება...
- გოგონასთან პირადად შეხვედრისას, პირველად გარეგნობასთან დაკავშირებული რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?
- პირველ რიგში, ხელებს ვუყურებ: მოწესრიგებული ხელები უნდა ჰქონდეს, დაბანილი (იცინის)... ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული და ამ საკითხში პრობლემა მაქვს, რადგან დაკვირვება მჩვევია - ასე ვთქვათ, "რადარში ვატარებ". ქალწულებს ასეთი "მინუსი" გვაქვს. ეტყობა, ცოლი ამიტომაც ვერ მოვიყვანე.
- ყველაზე უცნაური დეტალი, რის გამოც გოგო არ მოგწონებიათ და მიგაჩნიათ, რომ შეიძლება, თქვენი დამოკიდებულება ნორმალური არ იყო...
- არა, მხოლოდ ამის გამო არავინ დამიწუნებია. უბრალოდ, თვალში მხვდება... ცუდ თვისებად მივიჩნევ, რადგან ადამიანს ძალიან ვაკვირდები. რომ მახსენდება, პაემანზე სულ ამას მეუბნებოდნენ, - რანაირად მიყურებო (იცინის)?!
- როგორი ხასიათის გოგონები მოგწონთ?
- პირველ რიგში, "კაი ტიპი" უნდა იყოს: მეგობრული, კომუნიკაბელური, კარგი ადამიანი.
- გარეგნობას რაც შეეხება, როგორი გოგონები მოგწონთ?
- ქერაც მომწონებია, შავგვრემანიც... მთავარია, მიმზიდველი იყოს.
- გოგონას ჩაცმის სტილზე, მაკიაჟზე რას გვეტყვით?
- საერთოდ, გემოვნებიანი გოგონები მომწონს. არ ვგულისხმობ, რომ ბრენდული სამოსი უნდა ეცვათ. მთავარია, უხდებოდეთ... მაკიაჟის დიდი მოყვარული არ ვარ.
- თქვენი ყველაზე უცნაური პაემანი გაიხსენეთ...
- ძირითადად, ჩემი პაემნები სულ უცნაური იყო (იცინის). მივიდოდი ხოლმე და, - ვაიმე, რამხელა ხარო?!
- მანამდე ერთმანეთს არ იცნობდით?
- ინტერნეტით გაცნობილები, ალბათ, ფოტოებზე კარგად ვერ აღმიქვამდნენ. ასევე, ყოფილა შემთხვევა, ვიღაც მომწონებია და მას პირადად ნანახი არ ვყავდი...
- სამზარეულოს საქმეები გეხერხებათ?
- მხოლოდ ჭამა მიყვარს, თუმცა ბავშვობაში კარტოფილსაც ვწვავდი, კვერცხსაც, მაგრამ ახლა დედაჩემმა ძალიან გამათამამა. ამ ზაფხულს საცხოვრებლად ცალკე გადასვლას ვაპირებ. სავარაუდოდ, იქ უკვე საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა მომიწევს.
- მარტო ცხოვრების გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
- მაინც უკვე 33 წლის კაცი ვარ. მინდა, მარტო ცხოვრებაც ვცადო... საზღვარგარეთ მარტოს მიცხოვრია: კარგია - უფრო აქტიური ხდები, რადგან სახლში მშობლებთან ცხოვრებისას იცი, რომ ყველაფერს დედა მოგიმზადებს, გაგიკეთებს. მარტო ყოფნისას საკუთარ თავზე მეტად დამოკიდებული და უფრო აქტიური ხარ, რა...
- თქვენთვის სახლის დალაგება, მოწესრიგებაც არ იქნება უცხო...
- უცხოეთში სასტუმროში ცხოვრება მიწევდა, მაგრამ სახლის დალაგებასაც ვცდი. მუსიკას ჩავრთავ და სახლს მუსიკის ფონზე მოვაწესრიგებ (იცინის)... ან პაემანზე წავალ, ვინმეს ამისთვის მაინც გავიცნობ და დავალაგებინებ. ცხადია, ვხუმრობ...
- როგორი გოგონა ვერ იქნება თქვენ გვერდით ვერასოდეს?
- ბოროტი.
- ბოროტ გოგონებს უცდიათ თქვენ გვერდით ყოფნა?
- კი. ბოროტი ადამიანების მეტი რა არის?
- მათი ბოროტება რაში გამოიხატება?
- შეიძლება, გოგო ჩემ მიმართ ბოროტი არ იყოს, მაგრამ სხვების მიმართ ბოროტებას ავლენდეს, ცუდი ადამიანი იყოს. ასეთი ხალხი არ მიყვარს. გოგონების ნაწილს ასეთი აზრი აქვს ხოლმე: მთავარია, ბიჭი მე კარგად მომექცესო და სხვაგან რას გააკეთებს, არ აინტერესებთ. ასე არ შეიძლება. პირველ რიგში, კარგი ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა იყოს, მერე - ჩემთვისაც კარგი იქნება. თუ სხვებისთვის ცუდია, ჩემთვის კარგი როგორ იქნება? შეიძლება, მოჩვენებით, თითქოს კარგი იყოს, მაგრამ ადრე თუ გვიან, საკუთარ თავს ჩემთანაც გამოავლენს.
- თქვენი აზრით, ოჯახურ ძალადობას რა იწვევს?
- ჩემი აზრით, ოჯახური ძალადობის შემთხვევების 90% (ან მეტიც) ფინანსური პრობლემების გამო ხდება - უმუშევრობა მატერიალურ პრობლემას იწვევს...
- სერიოზულად გყვარებიათ?
- პირველად 18 წლისას მიყვარდა...
- მას შემდეგ სერიოზული გრძნობა გწვევიათ?
- კი, კი...
- ბევრჯერ?
- არა. ალბათ, 1-2-ჯერ... ძნელია გაიგო, ადამიანი მართლა გიყვარს თუ არა, თან - როცა ასაკში შედიხარ.
- სიყვარული თქვენზე როგორ ზეგავლენას ახდენს?
- სიყვარული ადამიანს ცოტათი აშტერებს - აზროვნების უნარს უკარგავს (იცინის). ალბათ ჩემზეც ასე მოქმედებს - თავში პეპლები დაფრინავენ...
- თავში თუ მუცელში?
- მუცელში პეპლების არსებობის შეგრძნება გოგოებს გაქვთ, ბიჭებს - არა (იცინის).
- ძირითადი მიზეზი რა ყოფილა, რის გამოც თქვენი სასიყვარულო ამბები დასრულებულა?
- ალბათ ის, რომ ჩემი ცხოვრების წესი ცოტათი რთულია. ძნელია, ჩემი რეჟიმის მქონე ადამიანმა სერიოზული ურთიერთობა შეინარჩუნო, თუმცა ახლა კარგი ურთიერთობა მაქვს... ამის შესახებ არაფერს გეტყვით.
- შეყვარებული ხართ?
- მე სულ შეყვარებული ვარ (იცინის)...
ეთო ყორღანაშვილი