აბანოთუბნის აღდგენილი მოზაიკის ფერები - კვირის პალიტრა

აბანოთუბნის აღდგენილი მოზაიკის ფერები

აბანოთუბანთან ჩავლა ყოველდღე მიწევს, რის გამოც, წესით, აქაურობისთვის თვალიც შეჩვეული უნდა მქონდეს, მაგრამ ყოველი მიახლოება თითქოს მაინც განსხვავებულია. აბანოებზე აცოცებული უბნის ბიჭები ტურისტებს ლამის ყველა ენაზე ესაუბრებიან. თითქოს აქ ახალი აღარაფერი მეგულებოდა - რაღა უნდა გამიკვირდეს-მეთქი, მაგრამ გამიკვირდა და თანაც როგორ! აბანოთუბნის განახლებული მოზაიკა იმ უცხოელივით სუნთქვაშეკრულმა დავათვალიერე, რომელიც აქ პირველად მიდის და ამ დღეს ხელოვნებათმცოდნე შორენა დარსალიას ვუმადლი, რომელთან ერთად აქ შემთხვევით მოვხვდი და კიდევ - აბანოების თავაზიან პერსონალს, რომლებიც, ვინ იცის, იმ დღეს მერამდენედ ჩავიდნენ აბანოებში მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ აღდგენილი მოზაიკა გვენახა.

ეს აბანოები ერთ დროს ვინმე მირზოევის, ბებუთოვის, მელიქოვის საკუთრება იყო (ბევრი დღესაც მათ სახელებს ეძახის), მათთან ერთად კი - მეფე ერეკლესა და ორბელიანების. დღეს აბანოები სულ სხვა ხალხის საკუთრებაა, თუმცა ვისი, ალბათ, არც აქვს მნიშვნელობა, რადგან ხოხბის ცხელ წყალში ჩავარდნამდეც და მომავალშიც აქაურობა საქართველოსი იყო და იქნება! ახლა აქ საუკუნოვან მოზაიკას აახლებენ და თანაც ისეთი ფერებით, მხოლოდ სიზმარში რომ შეიძლება ნახო.

მაგალითად, ჭრელი აბანოს მოზაიკაში ზღაპრული ბანოვანი ციმციმებს, რომელსაც აქაური მეაბანოე დაუფარავი სიამაყით შეჰყურებს! ერეკლეს აბანოს მოზაიკაში შვლის ნუკრი და ხოხობი იწონებენ თავს. მეფე კი ხანდაზმულობამდე აქ, ორთაჭალის აბანოებში, ასვენებდა ბრძოლებით დაღლილ სხეულს.

dzvelitbilisi2-1655651585.jpg

აბანოთუბნის მოზაიკის რეკონსტრუქცია ჯერ არ დამთავრებულა. მიუხედავად ამისა, აბანოების სკვერი მაინც სავსეა ტურისტებით და თბილისელი გოგონებით, რომლებიც აქ ფოტოსესიებისთვის, ან სულაც პაემანზე არიან მოსული.

- ნეტავ, ამ გოგონებმა თუ იციან, რომ აქ, აბანოებში, საუკუნის წინ სადედამთილოებს სარძლოები მოჰყავდათ შესათვალიერებლად? - მეუბნება შორენა დარსალია და იცინის, ალბათ, იმის წარმოდგენაზე, დღეს რომელიმე მათგანს სადედამთილომ რომ გაუბედოს და აბანოში გაყოლა სთხოვოს, ჩემს შვილს კოჭლი ან კუზიანი არ შეესაღოსო, არადა, არა მგონია, მაშინდელ სარძლოებს ეს მაინცდამაინც გაეპროტესტებინათ - ჩვეულება ხომ ხშირად "რჯულზე უმტკიცესიც" არის.

dzvelitbilisi4-1655651585.jpg

აბანოთუბანში ფასებიც ძველებურად "იკბინება", მაგალითად, ძია აშოტა ჭიქა მარწყვს 15 ლარად ყიდის, თითო ლიმონსა და ბროწეულს, შესაბამისად - 6 და 30 ლარად! არა, არ მოგეჩვენათ, მართლაც ასეა. ძია აშოტას გაბრაზებასაც სულ ოთხი სიტყვა სჭირდება: "რა ამბავია ამხელა ფასი?!" კი გაბრაზდება, მაგრამ მაინც მოგიგებს, შენ ვინა გკითხავს, სახელმწიფო არაფერს მეუბნებაო! ჰოდა, მართალია ეს კაცი, რას ვერჩით... შორენაც ღიმილით მეუბნება:

- შენ ლიბერალური ფასებისა არაფერი გაგიგია? კანონით არის ასე - ეს კაცი ცალ ბროწეულს, თუ უნდა, 300 ლარად დააფასებს! - მერე ტელეფონში გაზეთ "დროებიდან" ორი საუკუნის წინანდელ ციტატას პოულობს და მიკითხავს: "ჩვენებური ვაჭრობა სხვა ქვეყნების ვაჭრობას არ წააგავს. ჩვენებური ვაჭრობა ვაჭრობა არ არის, რადგანაც ჩვენს ეგრეთ წოდებულს ვაჭრებს არ ესმით, რა არის ნამდვილი აღებ-მიცემობა. ჩვენი ვაჭრები ჰფიქრობენ, რომ ვაჭრობა იმაში მდგომარეობს, რომელიმე საქონელი რაც შეიძლება უფრო იაფად იყიდონ და ძვირად გაასაღონ".

dzvelitbilisi3-1655651585.jpg

ორივე ვიცინით და უფრო სასიამოვნო თემაზე გადავდივართ.

- იცი, თუ არა შენ რომ პირველი თბილისელი სტარტაპები, აქ, აბანოთუბან­ში, თათრის მეიდანზე გაჩნდნენ? - მეკითხება შორენა.

- სტარტაპები? ბიზნესმენები, რომლებიც ძველი ბიზნესისთვის ახალ სერვისებს ქმნიან მეტი მოგების მიზნით? არა მგონია, თათრის მეიდნის ბიზნესმენებს ეგ სიტყვა სცოდნოდათ...

- სამაგიეროდ, სტარტაპების შინაარსს გუმანით გრძნობდნენ, - მეუბნება შორენა და XIX საუკუნის ვაჭრის, ვინმე იუზბაშევის ამბავს მიყვება, რომელიც თურმე აბანოთუბანში "ვეფხისტყაოსნის" ფრაზების წარწერიან ფოჩიან კანფეტებს ყიდდა: - ამ იუზბაშევმა "ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები კანფეტის ქაღალდზე დააბეჭდვინა, გაზეთში რეკლამაც გაგზავნა და მყიდველიც დაიხვია! ეს ამბავი მაშინდელ ქართულ პრესას ძალიანაც უხაროდა. "დროებამ" სტატიაც კი მიუძღვნა, სადაც ეწერა: "იუზბაშევის თითოეული კონფეტი შეხვეულია ქაღალდში, რომელზედაც დაბეჭდილია საუკეთესო და ანდაზად გადაქცეული ლექსები "ვეფხვის ტყაოსნიდგან" და წვეულებებში შეადგენენ საუცხოვო შესაქცევარს.…საზოგადოება ძალიან ჰყიდულობს ამ კონფეტებს და დიდის სიამოვნებით კითხულობს ქაღალდებზედ დაბეჭდილს რუსთაველის სხვადასხვა საანდაზო ლექსებსა, მითუმეტეს, ახალი პროდუქტი არცთუ ძვირი ღირს."

- ყოჩაღ იუზბაშევს, ეროვნული საქმე გაუკეთებია. გამიხარდებოდა, ასეთები ახლაც გვყოლოდა. ისე, ტურისტები იუზბაშევის დროსაც იყვნენ და აბანოთუბნელები, ალბათ, ფულს ბინების გაქირავებითაც შოულობდნენ.

- კი, ასე იყო. დღეს აბანოთუბანში ერთი ღამის გათევა ჩვეულებრივ სახლში 70 ლარი ღირს, სასტუმროს ფასზე კი აღარც ვილაპარაკებ. ეს სწორედ ამ აბანოების წყალობაა და კარგია - შენ გვერდით ვიღაცას რომ არ უჭირს, ეს მორალურად გეხმარება. მე ასე მესმის...

ჩემი თანამგზავრი აშკარად ბედნიერია, რომ აბანოთუბნის სანახავად არც ბინის დაქირავება სჭირდება და არც ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვა. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ საკუთარ სიმდიდრეს ვერ ვაფასებთ და არ ვუვლით. თუ ამასაც ვისწავლით, არა მხოლოდ გოგირდის აბანოებით გაგვიმართლებს!