უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენები - კვირის პალიტრა

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენები

ყველამ ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობისადმი, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ჩვენ ვართ ქართველები, მაგრამ ამავე დროს ვართ მსოფლიო კულტურის ნაწილი. ამის დასტურია ის არტეფაქტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი.

გადაჭრილი გორა

მინდია ჯალაბაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორი: - მე არქეოლოგი ვარ და უმეტესად ველზე ვმუშაობ. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ველზე ყოფნა, ვიდრე კაბინეტში ჯდომა. ყოველთვის სულ სიახლეს ეძებ და გხვდება კიდეც.

დაახლოებით რვა ათასი წლის წინ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, მარნეულის ველზე, ქვემო ქართლში, ჩნდება პირველი დასახლებები, სოფლები. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები და დაგროვდა დიდი ნივთიერი მასალა იმის მაუწყებელი, რომ აქ ადამიანმა მიწათმოქმედებასთან ერთად მევენახეობა, ვაზის მოშენებაც დაიწყო. 1985 წელს არქეოლოგმა თამაზ კიღურაძემ ხრამის დიდ გორაზე იპოვა ქვევრის ფრაგმენტები, რომელსაც რესტავრაციის წყალობით ფორმა აღუდგინეს. დაახლოებით 60-70-ლიტრიანია. ზომის გარდა, ყურადღებას იქცევს ქვევრის პირს ქვემოთ მიძერწილი ოთხი ყურძნის მტევნის გამოსახულება. თავიდანვე ითვლებოდა, რომ ეს დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მეღვინეობასა და ღვინოსთან. 2014-2017 წლებში საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელეს სამეცნიერო პროექტი, რომელშიც ჩართული იყო მსოფლიოს ბევრი წამყვანი ინსტიტუცია. 2017 წელს ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების აკადემიის "მაცნეში", რომელთა შორის იყო ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, დადასტურდა უძველესი მეღვინეობის კერა, რომელიც რვა ათასი წლით თარიღდება.

dmanisi2-1655655509.jpg

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში აღმოჩენილი ღვინის უძველესი ნაშთები ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა 2017 წელს მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა.

უძველესი ნამოსახლარი

გოდერძი ნარიმანაშვილი, არქეოლოგი: - თეთრიწყაროში, სოფელ იფნარასა და ქვემო ახალშენს შორის, უძველესი ნასახლარი არქეოლოგებისა და მეცნიერებისათვის კარგი მიზეზია, რომ ექსპედიციის შედეგს დიდი აღმოჩენა უწოდონ. დასახლება მეხუთე ათასწლეულის მიწურულს არის გაჩენილი და მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე მოდის. იქ ადამიანს უწყვეტლივ უცხოვრია. ჩვენ მივაკვლიეთ შუა ბრინჯაოს ხანის სახლს. ამ ეპოქის ნამოსახლარი კავკასიაში გათხრილი არ ყოფილა. არქეოლოგიური ექსპედიციის დროს გამოვლინდა სასახლის ნაშთი, თავდაცვითი სისტემა - გალავანი ჩაშენებული კოშკებით, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. კიდევ სამ ნამოსახლარს გალავნის გარეთ მივაკვლიეთ. ამ ტერიტორიის გარშემო გათხრები კიდევ ორ ადგილას მიმდინარეობს - ტყეში, სადაც შუა საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარია აღმოჩენილი, და ზემო ახალშენში, სადაც გამოვლინდა ბრინჯაოს ხანის ყორღანი, რომელიც თრიალეთის არქეოლოგიურ კულტურას განეკუთვნება. ყორღანის შესწავლით გავიგეთ, თუ რა წეს-ჩვეულებებით ცხოვრობდნენ იმდროინდელი ადამიანები. მიწაში ამოჭრილი სამარხი კამერა ეტლს მოგვაგონებს. ეს არის იმიტაცია ეტლისა, რომელსაც მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალში იყენებდნენ. ყორღანის სამარხ კამერაში ნაპოვნია კერამიკისა და ოქროს მაღალმხატვრული ნაკეთობანიც.

dmanisi5-1655655510.jpg

დმანისელი ჰომონიდები

გიორგი ბიძინაშვილი, ოროზმანის ექსპედიციის ხელმძღვანელი: - "ადამიანი საქართველოდან" - ასე უწოდებენ უცხოელი მეცნიერები ჰომოგეორგიკუსს, რომელიც მილიონ 7 ათასი წლით თარიღდება. ზეზვა და მზია! მეცნიერთა აზრით, აფრიკაში მცხოვრები ჰომონიდები კავკასიაში მიგრირებდნენ. ამ აღმოჩენამ შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომონიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღი ასიათასობით წლით უკან გადასწია. ახალმა ოროზმანის ექსპედიციამ საქართველოში ჰომონიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა. როგორც ჩანს, სამხრეთ საქართველოს იმდროინდელი ბუნება იდეალური საცხოვრებელი იყო ადამიანისათვის. ჩვენ გვაინტერესებდა, რა ურთიერთობა ჰქონდა ადამიანს გარემოსთან და როგორ ეგუებოდა მას, რამ მოგვიყვანა აქამდე, როგორ განვითარდა ადამიანი.

ვიპოვეთ ასევე გადაშენებული ირმის განამარხებული წინა კიდურის ძვლები. გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური არტეფაქტებიც: ქვის იარაღები, ანატკეცები და ასე შემდეგ. მტკიცდება, რომ სამხრეთი კავკასია, კერძოდ, დმანისის შემოგარენი, მასობრივად აუთვისებიათ აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებულ უძველეს ჰომონიდებს.

ოროზმანის მსოფლიო მნიშვნელობის ექსპედიციის ჯგუფი ფინანსური სახსრების მოძიებას საკუთარი ხარჯებით ვცდილობდით. მხოლოდ ორი კომპანია და ადგილობრივი თვითმმართველობა ამოგვიდგა მხარში. გავაკეთეთ საველე სკოლა და ამერიკის არქეოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჟურნალში გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რომ ფუნქციონირებას იწყებდა სკოლა. მალე გამოგვეხმაურნენ სტუდენტები. სწავლა, რა თქმა უნდა, ფასიანი იყო და სწორედ ამ სახსრებით შევძელით პირველი ჭრილების გაკეთება. ამის დაკარგვა არ შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს რომელიღაც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაჭრა. ამას არ დავუშვებთ.

dmanisi4-1655655510.jpg

ვანის უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა

დიმიტრი ახვლედიანი, არქეოლოგი: - ვანის ნაქალაქარზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ უნიკალურ განძს მიაკვლია: აღმოჩენილია ელინისტური ეპოქის (ძვ.წ. III სს.) იშვიათი მხატვრული ღირებულების სარიტუალო ბრინჯაოს ნივთები: სასაკმევლე და ჭრაქები, შემკული სხვადასხვა მითოლოგიური პერსონაჟისა და ცხოველის გამოსახულებებით, რკინის ორი კანდელაბრი და ორასამდე რკინის შუბისპირი. სავარაუდოდ, ეს ტაძრის გადამალული ინვენტარია. კიდევ ერთხელ დასტურდება მოსაზრება, რომ ძველი ვანი სატაძრო ქალაქი იყო. ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყველაზე თვალნათლივ ძველი კოლხეთის კულტურა წარმოჩნდა. ვანში არსებობდა პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით უნიკალური კოლხური სტილის ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს ქმნიდა. ეროვნულ მუზეუმში ვანში აღმოჩენილი ათეულათასობით ოქროს ნივთია დაცული, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად ქართული სეზონის ეგიდით მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში მოგზაურობს.

ვანის ახალი აღმოჩენა უნიკალურია არა მარტო მეცნიერული, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც, რადგან კიდევ ერთხელ დასტურდება უძველესი ქართული ცივილიზაციის ახლო კავშირი ევროპულ სამყაროსთან.

დავით აღმაშენებლის მონეტა

dmanisi3-1655655509.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტის გამოძიებისას ამოიღეს არტეფაქტი საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებლის პერიოდის მონეტა, რომლის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართული იყვნენ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები. დადგინდა, რომ სპილენძის მონეტა მოჭრილია დავით აღმაშენებლის მეფობის დროს და არის ორიგინალი.

მაია პატარიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ისტორიის დოქტორი, ნუმიზმატი: - მონეტა უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულებისაა და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მისი საბაზრო ღირებულება შეუფასებელია. დღემდე მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ, ლონდონშია დაცული. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, გადმოეცა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი".

რუსუდან შაიშმელაშვილი