აფხაზეთში ტურისტული სეზონი დაიწყო - კვირის პალიტრა

აფხაზეთში ტურისტული სეზონი დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან "უპრეცედენტო რაოდენობის" ტურისტს ელოდებიან. აფხაზების თქმით, ერთი მხრივ, ეს შემოსავალს გაზრდის, მაგრამ მოიმატებს სხვადასხვა საფრთხეც. აფხაზები შიშობენ, რომ "იქ, სადაც სამართალდამცავ ორგანოებს, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვთ, უკონტროლოდ შემოდინებული დამსვენებლები ნიშნავს ბევრ ავტოსაგზაო შემთხვევას, დაპირისპირების საფრთხეს, ძარცვა-ყაჩაღობას, ქურდობას, მეტ ნარკოტიკს".

გასულ კვირას სოხუმში დააკავეს რუსეთის მოქალაქე სობირხან ბორიევი, რომელიც სოხუმის ერთ-ერთ სასტუმროში იყო დაბინავებული. მას მომსახურე პერსონალი ტურისტად იცნობდა, თუმცა გაირკვა, რომ თან ჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება "მეფედრონი", იგივე "მკვლელი მარილი", რომელიც რეგიონში ძალიან გავრცელებულია, რადგან რუსეთიდან შემოაქვთ და მისი მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. სოციალურ ქსელებში აფხაზები წერენ, რომ პანდემიის დროს ერთბაშად გაზრდილი ნარკომომხმარებელთა რიცხვი არ შემცირებულა. თითქმის ყველა ხელმძღვანელობა ჰპირდება მოსახლეობას, რომ "მთავრობაში ნარკოტესტს ჩაატარებს, მაგრამ გამბედაობა არც ერთს არ ეყო. რუსეთიდან შემოსულ ნარკორეალიზატორებს აქვე ჰყავთ პატრონი და ცალკეულ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, მსხვილი შემომტანების დაკავება "ზემოთ" არ აწყობთ". ტურიზმის პარალელურად, ეს არის ყველაზე "პერსპექტიული ბიზნესი" და თუ ვინმეს აკავებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მაფიოზებმა, ე.წ. კანონიერმა ქურდებმა, მათმა მოკავშირეებმა და დაახლოებულმა ბიზნესმენებმა, ასევე, პოლიტიკოსებმა, რომლებიც კარგ მოგებას იღებენ ნარკორეალიზაციისგან, წილები ვერ გაიყვეს.

"აფხაზეთში ნარკოტიკებს იმაზე მეტი ადამიანი მოიხმარს, ვიდრე ოფიციალურად არის გაცხადებული. მას საზოგადოების ყველა ფენასა და წრეში ჰყავს მომხმარებელი, მათი მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით. პერიოდულად შემოაქვთ ახალი ნივთიერებებიც, რასაც მიჰყვება გახშირებული "თეთრი სიკვდილი". არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ხდება ტურისტულ სეზონზე, როცა ათჯერ მაინც იმატებს ავტოსაგზაო შემთხვევებიც. შესაბამისმა სამსახურებმა მათი აღრიცხვაც კი შეწყვიტეს", - წერს აფხაზი ბლოგერი ლიანა კვარჩია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, "რუსეთში ტურდახმარების დირექტორმა ალექსანდრე ოსაულენკომ ტურისტულ სეზონზე საუბრისას განაცხადა, რომ "რუსი ტურისტები სამოგზაუროდ მხოლოდ იმ ქვეყნებს განიხილავენ, სადაც მათ მიმართ კეთილგანწყობილი არიან. მათ შორის აფხაზეთი ლიდერობს". რუსულ-აფხაზური ტუროპერატორები ამბობენ, რომ სანქციებისა და სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით აფხაზეთში მორიგი რეკორდის დამყარება იგეგმება - მზად არიან 1,5 მილიონი ტურისტის მისაღებად.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს აფხაზეთში რუსეთიდან მილიონზე მეტი ტურისტი ჩავიდა.

აფხაზური მედია წერს, რომ ე.წ. სახელმწიფო ინსპექციის მონაცემებით, რეგიონის 20 პლაჟიდან ტურისტების მისაღებად მზად მხოლოდ რვა არის. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი მოუწესრიგებელია. "ამ პლაჟებზე არ არის სამაშველო სამსახური, არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები, სანაპიროები სავსეა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ბოთლებით, გამოყენებული შპრიცებით, მაგრამ ჩვენმა სამსახურებმა იციან, რომ რუსეთიდან ჩამოსულ დამსვენებლებს ეს დიდ დისკომფორტს არ შეუქმნის. ყოველ წელს ასეა, მაგრამ მათი რაოდენობა არ მცირდება. თუ ჩვენ წლებია არა გვაქვს არჩევანი და მათ მოთხოვნებს უნდა მოვერგოთ, ახლა არც მათ აქვთ ალტერნატივა - როგორც თავად ამბობენ, "ძალზე დაბალი დონის მომსახურებას უნდა მოერგონ", - წერს ირაკლი ვოუბა.

ე.წ. სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლის თენგზის საბუას ცნობით, "20-დან 12 პლაჟი ქალაქშია და იქ დასვენება სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის უსაფრთხოების მხრივაც, არ არის სასურველი. კერძო მეპატრონეები ამისთვის დროს ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, ეს მხოლოდ თავის მართლებაა, რადგან მოსამზადებლად ლამის მთელი წელი ჰქონდათ. ახლა კი ტურისტები რომ მიაწყდნენ და სხვა გზა არა აქვთ, ნიშნავს, რომ რუსი ტურისტებისგან პრეტენზიებს არ მიიღებენ. ასე ორმაგ მოგებას იღებენ, მაგრამ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე პასუხისმგებლობას იხსნიან.

ასეთი ვითარება, ძირითადად, სოხუმსა და ბიჭვინთაშია, სადაც ამ ბიზნესს სომხები აკონტროლებენ. იქ არის აფხაზეთის კვალობაზე მაღალი კლასის სასტუმროები, გესტჰაუზები და საბჭოთა კავშირის დროინდელი სანატორიუმის ტიპის საოჯახო სასტუმროები. მათ რუსეთში კარგი კავშირები აქვთ და არც დამსვენებლის სიმცირეს უჩივიან".

მოუმზადებელი პლაჟები ოფიციალურად არ იხსნება, მაგრამ დამსვენებელს მაინც იღებენ და სწორედ იქ არის ხშირად უკონტროლო ვითარება, ორმხრივი სროლა, ნასვამი ან ნარკოტიკებით გაბრუებული ტურისტები ზღვაში შტორმის დროსაც შედიან. ასეთ დროს მათ გადარჩენას ცდილობენ ადგილობრივები და ბევრჯერ ორივე დამხრჩვალა ან დაკარგულა...

ასეთი პლაჟებს ხალხი "ტრაგედიის სანაპიროებს" უწოდებს. "მხოლოდ გასულ წელს ამ გაუხსნელ პლაჟებზე 20 ტურისტი დაიხრჩო, მათ შორის, ერთი ქალი, რომელიც ბავშვებთან ერთად შტორმის დროს შევიდა ზღვაში", - წერს აფხაზი იზა კვეკვესკირი.

ხშირად ახალგაზრდები ქირაობენ მოტორიან ნავს, სანაპიროზე ეცნობიან რუს გოგონებს და გასეირნებას სთავაზობენ, შემდეგ ძარცვავენ ან ძალადობენ. რამდენიმე გოგონა დღემდე დაკარგულია.

სხვების თქმით, შუქურის რაიონსა და ყურეში ადრე სანაპიროები თავისუფალი იყო. იქ პატარა ჯიხურებს, კვების ობიექტებს, პატარ-პატარა კაფეებს ხსნიდნენ სეზონურად, ახლა კი იქაურობა უზბეკებმა შეისყიდეს, დიდი ტერიტორია ბოძებით შემოსაზღვრეს და ჩაკეტეს.

"ჩვენ თვალწინ ადგილობრივ ადმინისტრაციასთან გარიგებით ქალაქის საუკეთესო ადგილები უკაპიკოდ მიითვისეს, შემოღობეს, საკვები ობიექტები გახსნეს. იქ შესვლის უფლება მათ გარეშე არავის აქვს, გასაგებია რატომაც - ფასიანი პლაჟი იქნება, კაფე-ბარებით, შეზლონგებითა და დაცვის სამსახურით, ისეთი, სადაც უფულო ადამიანები ვერ შეაღწევენ. არადა, ეს არის საზოგადოებრივი სივრცე. ასე რომ, რამდენიმე ბიზნესი წამოიწყეს ჩვენი შევიწროების ხარჯზე. ამის შემდეგ ვიღაც გეტყვით, რომ რუსულ ფულს სხვა მიმართულებითაც უნდა გავუხსნათ გზაო. ეს როგორ?.. დავუშვათ, მივეცით უძრავი ქონების შესყიდვის უფლება კანონით, რა იქნება მერე?.. ახლა ჩაწყობებით, გარიგება-მოსყიდვით გათამამებულები ლამის სახლებში შემოგვიცვივდნენ, მერე კი იძულებული გავხდებით სახლები დავცალოთ. ასიმილაცია მეტი არაფერია. სომხური ბიზნესის ლობირებაში ისედაც შემჩნეული არიან ჩვენი მთავრობის წევრები. ადგილობრივებისთვის კეთდებაო, რაში გამოიხატება?.. სხვები ერთობიან, ჩვენი ხალხი კი ან მომსახურე პერსონალია, ან ქვეყნიდან წასვლას ცდილობს", - წერს მერი ჩიქოვანი.

მათივე თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე შემოსაზღვრულ ადგილებს სხვაგანაც ელოდებიან.

"აფხაზეთი ორი ნაწილად იყოფა - მდიდარი და ღარიბი. მდიდრებში, ჩინოვნიკები და მათი ოჯახები არიან, რომელთაც გალავანშემოვლებული სამი და მეტსართულიანი სასახლეები აქვთ წამოჭიმული, დანარჩენი აფხაზეთი ღატაკია", - წერს გარი გიცბა.

აფხაზების თქმით, რეგიონში უკვე იგრძნობა "რუსული ბიზნესის" მოზღვავება. გასულ კვირას ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა აფხაზეთში დაბადებული და რუსეთში გაზრდილი ქართული წარმოშობის ალექსანდრე მირელი, რასაც სკანდალი მოჰყვა.

"რა დამსახურებისთვის დანიშნეს ქართული წარმომავლობის ბიზნესმენი მირელი ბჟანიას მრჩევლად?.. რა საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა? ან მაფიოზი ჰყავს მრჩევლად, ან "კანონიერი ქურდების" ნათესავი, ან მუდამ იარაღის ჟღარუნის მოყვარული ახრა ავიძბა", - ასე ეხმაურებიან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთში გაზრდილი ქართველის ალექსანდრე მირელაშვილის ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნას.

ახლახან ტელეგრამარხმა RESPUBLICA-მა გაავ­რცელა ინფორმაცია, რომ ბჟანიას ქართული წარმომავლობის მრჩეველი ჰყავს, რომელიც ამჟამად მირელის გვარით არის ცნობილი. ის აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა, მაგრამ 1992 წელს, ომის დაწყებისთანავე, მისი ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.

გამოცემის ცნობით, მირელის მონაცემები, სხვა ქართველებთან ერთად, შეტანილია რუსეთში ქართული დიასპორის ინტერნეტგვერდზე kartvelebi.ru, სადაც ის "რუსეთის ფედერაციაში სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწედ" არის მოხსენიებული.

ბჟანიას ე.წ. პრესსამსახურის ცნობით, თუ ინტერნეტსაიტს დავუჯერებთ, ქართულ დიასპორაში ითვლებიან გიორგი გულია და ფაზილ ისკანდერიც. როგორც ინტერნეტსაიტზე ვკითხულობთ, მირელს მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს და ამ დროის განმავლობაში "ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. რუსეთის ფედერაციაში მუშაობის განმავლობაში, მას მიღებული აქვს არაერთი მედალი, სიგელი და მადლობის წერილები ვლადიმირ პუტინისგან, სახელმწიფო დუმის წევრ ბორის გრიზლოვისგან, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინისა და რუსეთის პატრიარქ კირილისგან. ასე რომ, იმედია, მისი გამოცდილება სასარგებლო იქნება აფხაზეთისთვის", - ნათქვამია ბჟანიას პრესსამსახურის ახსნა-განმარტებაში.

ქართული წარმოშობის გარდა, აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ პრეტენზია აქვთ მის სამუშაო გამოცდილებაზეც.

"ჩვენი ახალგაზრდები რისთვის იღებენ განათლებას ან გამოცდილებას, თუკი რუსეთში გარუსებული ქართველები უნდა დაგვინიშნონ პრეზიდენტის მრჩევლად. საით მივდივართ? - აი, ეს კითხვა გაგვიჩნდა, პასუხად კი ჩვენი ხელმძღვანელობა მირელაშვილის მედლებზე გველაპარაკება", - წერს აფხაზი იაშა ნადარაია.