"დაჭრილი უკრაინელი გამოჰყავდა და ტყვია ზურგში ესროლეს ალუდას" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლზე? - კვირის პალიტრა

"დაჭრილი უკრაინელი გამოჰყავდა და ტყვია ზურგში ესროლეს ალუდას" - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლზე?

სამწუხაროდ, უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 42 წლის ალუდა ზვიადაური დაიღუპა. მისი სიცოცხლე ოკუპანტის ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, ალუდას მაშინ ესროლეს, როცა ბრძოლის ველიდან დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა. ქალაქი ლისიჩანსკი, სადაც ქართველი მებრძოლი მოკლეს, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. რუსები ცდილობენ ამ ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარონ, ამიტომ მასირებული შეტევები მიდის. რა თქმა უნდა, დიდ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელი მებრძოლები და ამიტომაც მათ მძიმე საარტილერიო შეტევების მოგერიება უწევთ. ამასთან მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლებიც.

როგორც შევიტყვეთ, ალუდა ზვიადაური ომის დაწყების პირველივე დღეებში ჩავიდა უკრაინაში და მას შემდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იბრძოდა. ოჯახის წევრების თქმით, ზვიადაური ერთი წელია ესტონეთში სამუშაოდ იყო წასული და უკრაინაში საომრად იქიდან ისე ჩავიდა, რომ ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. დაოჯახებულიც არ იყო.

ალუდა ზვიადაური საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მკვიდრია. გარდაცვლილის ბიძის, ნუგზარ ჭინჭარაულის ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებლად ესტონეთში იყო წასული.

„ალუდამ საქართველოში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ხუთი წელი დაცვის პოლიციაში მუშაობდა. მერე ესტონეთში წავიდა, ჩვენ ესტონეთში გვეგონა და აღმოვაჩინეთ, რომ უკრაინაშია, უკრაინულ-ჩეჩნურ ბატალიონში. დაველაპარაკე, ჩამოდი-მეთქი და არაო, აქ რომ არ ვიბრძოლო, რუსები მანდაც მოვლენო. კლდესავით ურყევი პოზიცია ჰქონდა, არაფრის გაგონება არ უნდოდა... რა ვიცი, რა აგიტაციაა ასეთი...

დედა ჰყავს, ცოლ-შვილი არც ჰყოლია. საგარეო საქმეთა სამინისტროდან დამირეკეს, მეგობრებმაც შემატყობინეს, რომ დაჭრილი გამოჰყავდა და ტყვია ზურგში ესროლეს. როგორც ვიცი, უსაფრთხო ადგილას არის გადასვენებული და ჩამოასვენებენ, როცა კორიდორი გაკეთდება და საშუალება. იქნება"- განაცხადა ჭინჭარაულმა.

ალუდა ზვიადაურის ცხედარი ფრონტის ხაზიდან მებრძოლებმა უკვე გამოასვენეს და ამჟამად მორგშია. იგეგმება უკრაინაში მასთან გამოსამშვიდობებელი პარაკლისის გადახდა და როგორც სხვა ქართველ მებრძოლებს, მასაც პატივით გამოაცილებენ სამშობლოში.

"კვირის პალიტრა" უკრაინაში დაუკავშირდა ქართველ მებრძოლს - გოჩა ხორავას, იმ ბატალიონის ხელმძღვანელს, სადაც ზვიადაური იბრძოდა. ბატონი გოჩა ძალიან განიცდის კიდევ ერთი ქართველის დაღუპვას.

გოჩა ხორავა:

- წინა ხაზზე ვართ და ამიტომ, სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. დღეს დილით მოგვიკლეს ჩვენი მეთაური, ჩვენი უკრაინელი ძმა, მთლიანად "კაპრასკი სიჩის" მეთაური, გამოცდილი მებრძოლი, ოლეგ კუსინი. გუშინ, საღამოს, დაგვეღუპა ჩვენი ქართველი ბიჭი, მებრძოლი ვაჟკაცი, ალუდა ზვიადაური.

ჩვენ ამჟამად ვართ დონეცკში, ალუდა ლისიჩანსკში დაგვეღუპა. ის ჩვენს ბატალიონში მოსვლის დღიდან იყო. ჩვენი ბატალიონი ახლა შეუერთდა პარტიზანებს და 37-ე ბრიგადაში ვართ. იქ არიან ქართველი პარტიზანები მთლიანად და მათთან ერთად ჩემი ჯგუფი წინა ხაზზე ვიბრძვით. ჩვენც გავხდით ქართველი პარტიზანები. შევდივართ ქალაქებში და სოფლებში და ვასუფთავებთ ტერიტორიებს, შემდეგ მოდის ჯარი და იკავებს ამ ადგილებს. რუსები შემოვიდნენ და ყველანაირი სროლა იყო, არტილერიიდან დაწყებული და ამ დროს დაიჭრა ალუდას გვერდზე ვინც ომობდა - უკრაინელი ბიჭი. ალუდაც მასთან ერთად იყო, ცდილობდა დაჭრილი გამოეყვანა და ამ დროს დაეწია ტყვია ზურგში და დაგვეღუპა, სამწუხაროდ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და მთელ საქართველოს სამძიმარს ვუცხადებ.

jariskacebi-1655659974.jpg

- ალუდას საომარ მოქმედებებში ბრძოლის გამოცდილება ჰქონდა?

- რაც ჩამოვიდა საომრად, მას შემდეგ სულ ჩემთან იყო. მე მივიღე ჩემს ბატალიონში. იზიუმში ჩვენი, ქართველი გმირი ბიჭები რომ დამეღუპა, მაშინაც იქ იყო. ომის პირველი დღეებიდანვე იბრძოდა. საომარი მოქმედების დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან ვაჟკაცი ბიჭი იყო, ძალიან ძლიერი სულის ბიჭი, უყვარდა ჩვენი ქვეყანა და სულ წინა ხაზზე იყო.

რაც შეეხება ჩვენს მეთაურს, 2015 წლიდან ვიცნობ მას. სულ ერთად ვომობდით, ქართული "კაპრასკი სიჩის" მეთაური იყო. კარგი, ძლიერი ადამიანი, მაგარი მეომარი. დაჭრილი იყო რამდენიმეჯერ, 2015 წელს, 2016 წელსაც, თავისი მებრძოლი ჯგუფი ჰყავდა, უკრაინელია და იქ დაკრძალავენ. რაც შეეხება ალუდა ზვიადურს, ამჟამად მისი ცხედარი მორგშია, ჯერ უკრაინაში გამოვემშვიდობებით ჩვენს თანამებრძოლს, ჩვენს მეგობარს, ღირსეულად გავაცილებთ საქართველოში. ახლა ველოდებით საბუთებს.

ლისიჩანსკში ამჟამად ჩვენი ბატალიონიდან 30 ადამიანი ვართ წინა ხაზზე, იქიდან გამოსვლას ყველა ვერ მოახერხებს, რომ გამოემშვიდობოს, მაგრამ ჩვენს გმირებს, რაც შეგვეძლება, ყველანაირად მივაგებთ პატივს. ემოციურად ძალიან მძიმეა, როცა თანამებრძოლი გეღუპება. ამდენი ქართველი დაიღუპა და სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი ჩემს ბატალიონში იყო. ყველაზე ცხელ წერტილებში ვართ და ამ დიდი დანაკარგის მიუხედავად, ყველანი შემართებით ვართ. საბრძოლო განწყობაა. აქ როცა ხარ, 50/50-ზეა შენი სიცოცხლე და ეს გააზრებული გაქვს. ისეთ ადგილებში გვიწევს ხშირად ყოფნა, რომ 10%-იც არ გვაქვს შანსი, მაგრამ არ შეიძლება მტერს დანებდე.

დაგვეღუპა ჩვენი ბიჭები და შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს, მაგრამ არავის შევარჩენთ ჩვენი დავით გობეჯიშვილის, დავით მენაბდიშვილის, ნიკუშა შანავას, ლუკა შანავას და სხვა ჩვენი დაღუპული ბიჭების სისხლს. მათი სისხლი ბევრჯერ აგვიღია და ასეც გავაგრძელებთ. დიდება მათ სულებს.

- ამ წუთას რა ვითარებაა წინა ხაზზე?

- შეტევები არ არის კიევში, ბუჩაში, მაგრამ რაც იქ დააკლეს, იმას ახლა აკეთებენ ლუგანსკის ოლქში და დონეცკის ოლქში, ძირითადად ეს ტერიტორიებია, სადაც გამალებული ომი მიდის. კონსტანტინოვკა, ლისიჩანსკი, ლუგანსკი უნდათ, მაგრამ ასე არ დავთმობთ. ჩვენ გვერდზე ვუდგავართ უკრაინელებს და რაც შეგვიძლია მაქსიმუმს ვაკეთებთ. მეთაურიდან დაწყებული, უბრალო ჯარისკაცით დამთავრებული, თქვენ არ იცით, ყველა როგორი მადლიერია ქართველების. უხარიათ ქართველებს რომ გვხედავენ მათ გვერდით და ბრძოლის ჟინი უფრო მეტად ეხსნებათ. ძალიან მადლიერები არიან და მორალურად ძლიერდებიან, როცა დაგვინახავენ, 20-30 ქართველი ერთდროულად როგორ შედის და ასუფთავებს ტერიტორიებს. ბევრი ქართველი იბრძვის აქ უკრაინელების გვერდით, ჩვენს ბატალიონში საკმაოდ ბევრნი ვართ და გვჯერა, ერთად გავიმარჯვებთ. მთელ საქართველოს კი ვუსამძიმრებთ ალუდა ზვიადაურის და ყველა ქართველი ვაჟკაცის დაღუპვას.

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. ქართველ მებრძოლებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებთ.

სამწუხაროდ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 24 თებერვლიდან 16 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

(სპეციალურად საიტისთვის)