"უკრაინა ყველაფერს იმახსოვრებს“ - კვირის პალიტრა

"უკრაინა ყველაფერს იმახსოვრებს“

"ქვეყანაში ომია, ზოგი იარაღით იბრძვის, ზოგი ხალხს ეხმარება, მორალურად, ფიზიკურად, ვისაც შეუძლია მატერიალურადაც. თუ ერთად ვიქნებით, ვერავინ დაგვამარცხებს", - ამბობს უკრაინელი მოხალისე იულია ნაბოკა, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან შვილებთან ერთად თანამემამულეებს ეხმარება.

- ჩემი მეუღლე 2014 წელს დაიღუპა. სამედიცინო სასწრაფო დახმარების ცენტრს ჭურვი დაეცა და შენობაში თითქმის ყველა დაიღუპა... ჯერ კიდევ ბავშვობაში შვილებს ასწავლიდა, რომ უკრაინელები ვართ და არა რუსები. საბჭოთა კავშირის ტოტალური რეჟიმი გამოვიარეთ და იმ პერიოდმა უამრავი გაარუსა ან გაასაბჭოელა. ამიტომ მისი დამსახურებაა, რომ მაშინაც სწორ მხარეს ვიდექით. როდესაც ის დავკარგე, ჩემი შვილები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ და ვფიქრობდი, რა ფასი აქვს დამოუკიდებლობას ან თავისუფლებას, თუ ამას ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე ეწირება-მეთქი. მაგრამ შემდეგ ვიპოვე ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად, რომ მისი იდეისთვის მებრძოლა. ახლა ხანდახან ვფიქრობ, ალბათ, გაუმართლა, რომ მეორე ომის საშინელება არ ნახა.

თავიდან, როდესაც მე და ჩემმა შვილებმა მოხალისეობა დავიწყეთ, დღის ბოლოს ერთმანეთს ვუამბობდით ნანახსა და განცდილს, შემდეგ შევეჩვიეთ და მხოლოდ ერთ წინადადებას ვეუბნებით ერთმანეთს: "ეცადე, არ გაგიჟდე". როდესაც ბუჩა გაათავისუფლეს, ერთ შენობაში ვიპოვეთ ხელებშეკრული ორი ოჯახი. თურმე მთვრალი სამხედროები ოთახის ბოლოში უდგამდნენ წყლით სავსე ჭურჭელს და აიძულებდნენ ხელფეხშეკრული იქამდე ფორთხვით მისულიყვნენ და შემდეგ აძლევდნენ დალევის უფლებას. თავად ხორხოცებდნენ, რამდენიმე მეტრი ხოხვით ვერ წასულხართ, თავისუფლებას რანაირად მოიპოვებთო. მოხუცებს ფორთხვა უჭირდათ და ამიტომაც ფეხში ესროდნენ. უმეტესობა სისხლისგან დაცლილა. როცა ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა უპირატესობა მოიპოვეს, რუსები წასულან. ტყვეებმა არც იცოდნენ, რამდენი დღე გაატარეს იმ შენობაში. არ ვიცი, ასეთ დროს რა უნდა უთხრა ადამიანს? ძლიერი უნდა იყო და ცხოვრება გააგრძელოო?.. როგორ უნდა შეძლოს ეს?! მაგრამ რადგან გადარჩა, უნდა შეძლოს, თუნდაც იმიტომ, რომ მტერს აჩვენოს, ვერ დამამარცხეო.

papas2-1655662023.jpg

- სამედიცინო მომზადება გაიარეთ?

- მეუღლემ მასწავლა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა. ამ რვა წლის განმავლობაში მეტიც ვისწავლე და შვილებსაც ვასწავლე. ომისთვის ყოველდღე ვემზადებოდით, ვიცოდით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ამ მასშტაბის თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდით. ამიტომ ბევრი რამ გზადაგზა ვისწავლეთ. მაგალითად, ჰუმანიტარული დახმარების დახარისხება, გადანაწილება და მისამართებზე გაგზავნა. ხშირად თავადაც ჩაგვაქვს მაშინ, როცა რუსული ბომბები ყველგან ცვივა. ეკლესიებსაც ესვრიან ჭურვებს. გასულ კვირას ოთხი სასულიერო პირი დაიღუპა. თურმე მართლმადიდ+ებლობას იცავენ და ამიტომ გააჩაღეს ომი.

მსოფლიო გვეხმარება. უკრაინა ყველაფერს იმახსოვრებს. ამას წინათ, ჩვენმა ორგანიზატორმა ჰიგიენური ჩანთები და რამდენიმე ასეული სპეციალური შავი ტომრები ითხოვა ცხედრებისთვის. ევროპაში უკრაინულმა დიასპორამ იყიდა და გამოგზავნა. მხოლოდ ჩვენების კი არა, რუსების ცხედრების გამოტანაც გვიწევს და არ გვყოფნის. არ გვყოფნის დრონებიც და საყიდლად ხშირად გროვდება ფული. შემოსული თანხით ჩვენი ორგანიზატორები სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის ავტომატურ იარაღსაც ყიდულობენ. გადაადგილებისას მათ მოხალისეები მიჰყვებიან დასაცავად.

- ყველაზე რთული რისი გაკეთებაა?

- ჩვენი შვილები ერთბაშად დიდები გახდნენ. იციან, რაც უნდა მოხდეს, თავშესაფარი უნდა მონახონ. არაერთხელ უკითხავთ, ყველა შენობა რომ დაინგრეს, ხომ ვეღარ ვიპოვით თავშესაფარს და ყველანი დავიხოცებითო? რუსეთმა მათ ბავშვობა წაართვა. ლაპარაკობენ ომზე, იარაღზე, ოკუპანტზე, სიკვდილზე. ხატავენ ომის ეპიზოდებს, გაბრაზებულ, ავტომატიან რუს სამხედროებს, დაბომბილ სახლებს, დიდ სასაფლაოებს ჯვრითა და უკრაინის დროშებით... ომის სინდრომი აუცილებლად აისახება ამ თაობაზე რამდენიმე წელში, მაგრამ ჯერ ამაზე ფიქრისთვის არ გვცალია, ჯერ ვიბრძვით გამარჯვებამდე!

- ვიცი, რომ მასწავლებელი ხართ, ხანდახან ონლაინგაკვეთილებსაც ატარებთ?

- დიახ, გაკვეთილებს ვატარებ, ჩემი შვილები კი ლექციებს ესწრებიან უცხოეთში. ბიჭს, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს, ახლა გამოცდები ეწყება. მე და ჩემმა მეუღლემ თაფლობის თვე საქართველოში გავატარეთ. უამრავი ფოტო გადავიღეთ, სუვენირები წამოვიღეთ - ყველაფერი განადგურდა. ახლა ახლობლის სახლში ვცხოვრობთ, რომელიც უცხოეთშია.

გაკვეთილებზე ბავშვები ჰყვებიან თავს გადახდენილ ჯოჯოხეთურ ამბებს. როცა ერთს ვკითხე, ყველაზე მეტად რა გენატრება-მეთქი, მიპასუხა, მინდორში თამაში, ისეთ ადგილას, სადაც ბომბები არ ცვივაო. მან ნახა, როგორ მოხვდა ბებიამისს ბოსტანში მუშაობისას ჭურვის ნამსხვრევი. ზოგს მშობლები ენატრება. მთხოვენ, მათზე რამე გავიგო და თუ თხოვნას შევუსრულებ, მპირდებიან, რომ კარგად ისწავლიან.

12 წლის ელენა იხსენებდა 21 წლის მთვრალი ბურიატის ამბავს, რომელმაც მთელი ოჯახი კედელთან ჩაამწკრივა, მის უფროს ძმას ზურგში კონდახი ჩაარტყა და უთხრა, უკრაინელი ბიჭები ამ ასაკში უნდა დავხოცოთ, რათა რამდენიმე წლის შემდეგ ახლანდელი "ნეონაცისტების" გზაზე არ წავიდნენო. ბავშვის მონათხრობით, დედაზე ძალა უხმარიათ. თურმე რამდენჯერმე მოიკითხეს მამა, რომელიც შინ არ იყო, და დაასკვნეს, ალბათ, იბრძვის და ამიტომ რუსები ჩვენს ძალას თქვენს ოჯახში დაგანახებთო. იქ რამდენიმე დღე დარჩენილან, შემდეგ წასულან და რისი წაღებაც შეძლეს, ყველაფერი გაუზიდავთ.

ამას წინათ მელიტოპოლელმა გოგონამ გვიამბო, რომ მის საქმროს ტელეფონი უნახეს და იეჭვეს, თანამებრძოლებთან შეერთება უნდაო და მოკლეს, თავად კი თან წაიყვანეს. ვიღაცის სახლში მიუყვანიათ, სადაც უკვე ჰყავდათ ქალი, რომელიც მათ საჭმელს უკეთებდა. რუსი იყო. მითხრა, რომ იმ სახლში უკრაინელ პარალიზებულ მოხუცს უვლიდა, რომელიც რუსებმა მოკლეს. მეთაურს გოგონასთვის უთქვამს, ეს ჩემი ოთახია, შენ ჩემთან იცხოვრებ, თუ წინააღმდეგი იქნები, გვერდით ოთახში დამშეული ბიჭები არიან, იმათ შემოვიყვანო. უდიდესი ტრავმა მიიღო, მაგრამ გადარჩა. ახლა ფსიქოლოგთან დადის, თან ჩვენ გვეხმარება. თქვა, რომ ოჯახს არ შექმნის, მაგრამ ორი უკრაინელი ობლის შვილებას აპირებს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება და მკურნალობის კურსს გაივლის. აი, ასე ვცხოვრობთ.