„ჩემი ერთი ჩემოდნით ვაკეთებ იმას, რასაც აკეთებენ დიდი თეატრები დიდი ბიუჯეტით...“ - კვირის პალიტრა

„ჩემი ერთი ჩემოდნით ვაკეთებ იმას, რასაც აკეთებენ დიდი თეატრები დიდი ბიუჯეტით...“

მარნეულის რაიონის დაბა შაუმიანში, ერთ პატარა სახლში, ზღაპრული სამყაროა მთავარი რეჟისორით, მხატვარ-დეკორატორითა და სცენარისტით. ამ სამყაროს არმენ ჰოვანესიანი ქმნის. პროფესიით მხატვარია, მაგრამ თავიდანვე რაღაც განსხვავებულის ძიების პროცესში მარიონეტების შექმნა გადაწყვიტა, შექმნა და უკვე ოთხი წელია, თავისი თეატრი აქვს - თეატრი, სადაც ბილეთები არ იყიდება.

ჩემს სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები არ იყიდება

- სულ თოჯინებს ვაკეთებდი. ეს საქმე ბავშვობიდან მიყვარდა. პროფესიით მხატვარი ვარ, მაგრამ მინდოდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა. ბოლო ათი წელია, მხოლოდ თოჯინებს ვაკეთებ და ოთხი წელია, ჩემი თეატრიც მაქვს. ვწერდი ზღაპრებს. ჩემი ზღაპრები დიდებისთვისაა, ტრაგიკომედიებია, საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხებია განხილული, მაგრამ ეს ზღაპრები ჩემთვის არ იყო ცოცხალი, რადგან რასაც ფურცელზე წერ, ადამიანი კითხულობს და შეიძლება თავის ფიქრებში ზღაპრის პერსონაჟები სხვანაირად წარმოიდგინოს. ამიტომ მინდოდა, ზღაპრები თოჯინებით გამეცოცხლებინა. ასე შეიქმნა ჩემი თეატრი. ზოგიერთ რეგიონსა და სოფელში ბავშვები ძალიან შორს არიან ხელოვნებისგან, ამიტომ ჩემი თეატრით ჩავდივარ და ვცდილობ, გავახარო. რამდენჯერმე ჯავახეთში ვიყავი, თუმცა უფრო ქვემო ქართლში, მარნეულისკენ სოფლებში დავდივარ. მეუბნებიან, ბილეთები გაყიდე, გადავიხდითო, მაგრამ იმ რაიონში, სადაც მე ჩავდივარ, ხალხს უჭირს და სპექტაკლის ბილეთს როგორ გავყიდი.

ახლახან სამი სეანსი მქონდა თბილისში. ხალხმა კარგად მიიღო ჩემი თეატრი. დიდებიც მოდიან.

tojinebi2-1655662537.jpg

"თოჯინას რომ გავყიდი, მერე სულ მესიზმრება"

- ახალი სპექტაკლების შესაქმნელად ბიუჯეტი არ მაქვს; გზის ფულიც კი არ მაქვს ზოგჯერ. დედა მეხმარება თოჯინების შექმნაში - ტანსაცმელს უკერავს, მეგობარი მსახიობები სპექტაკლის პროცესში მეხმარებიან, კულისებში კი მხოლოდ მე და თოჯინებმა ვიცით, როგორ ცოცხლდება ზღაპარი. ახლახან შორეული სოფლიდან დამირეკეს, მოდი, ბავშვები გელოდებიანო, მაგრამ, სამწუხაროდ, უარი ვუთხარი, რადგან მანქანა არ მყავს, იქამდე რომ ჩავიდე. ჩემი სახლის საძინებლის ნახევარი მუზეუმად გადავაკეთე, მეორე ნახევარში კი თეატრია. შორიდან ლამაზად ჩანს ყველაფერი, მაგრამ კულისებში ბევრი პრობლემაა.

სხვადასხვა თეატრთან და კოლექციონერთან ვმუშაობ შეკვეთებით. უნდა გავყიდო ერთი ნამუშევარი, რომ შევქმნა მეორე, ეს კი ჩემთვის ტრაგედიაა, რადგან ამ დროს მოღალატედ ვგრძნობ თავს. მერე ეს პერსონაჟები მესიზმრებიან, მეკითხებიან, რატომ გაგვყიდეო...

დღეს ყველაფერი ჭამას უკავშირდება, მეტი არაფერი აინტერესებთ. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდები, ბავშვები ასე არ არიან, მაგრამ თუ ყურადღებას არ მიაქცევ ხელოვნებას, განათლებას და ბავშვს არ დააკვალიანებ, ისიც ხომ დაკარგავს ინტერესს?! ამიტომ არის ჩვენი ქვეყანა ამ დღეში. შეიძლება მნიშვნელოვანი მხოლოდ სამზარეულო და ხინკალი იყოს?! როცა სტუმარი ჩამოდის, ჯერ ხელოვნებას უნდა ვაზიაროთ და შემდეგ ვახშამზე დავპატიჟოთ.

ჩემს სპექტაკლებზე ყველა ასაკის ადამიანი მოდის. ამას წინათ ორი მოხუცი მოვიდა და ბავშვებივით თვალებგაფართოებული მიყურებდნენ. მითხრეს, პირველად ვხედავთ მარიონეტების თეატრსო... სასიამოვნია, როცა ამდენი ადამიანი გელოდება. ზოგჯერ ჰგონიათ, რადგან დასწრება უფასოა, სპექტაკლი უხარისხოა, მაგრამ ცდებიან. მე მივდივარ იქ, სადაც წარმოდგენა სჭირდებათ, სადაც არ არის თეატრი, სადაც ხალხს არა აქვს საშუალება დაესწროს სპექტაკლს. ჩემი ერთი ჩემოდნით ვაკეთებ იმას, რასაც აკეთებენ ძალიან დიდი თეატრები დიდი ბიუჯეტით...

tojinebi3-1655662537.jpg

"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ტყუილად ვაკეთებ"

- დიდი ხანია, ფიროსმანზე მინდა სპექტაკლის გაკეთება. სიუჟეტიც მაქვს, მაგრამ მინიმალური თანხაც არ მაქვს თოჯინების შესაქმნელად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურა, საქართველო ხომ ჩემი სამშობლოა. თუმცა ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ტყუილად ვაკეთებ. სულ მცირე გამოხმაურება მაინც ხომ უნდა იყოს სახელმწიფოსგან?! კულტურის სამინისტროსგან?!

დეკორატიული გახდა ცხოვრება და ეს აწუხებთ ჩემს მარიონეტებს. ხალხი არ უნდა იყოს ნივთებზე დამოკიდებული. ადამიანმა უნდა იცხოვროს, დატკბეს ყოველი დღით, ჩვენ კი ვკარგავთ ყველაფერს, რაც ძველი და კარგი იყო. ამჟამად რეპერტუარში ხუთი სპექტაკლი მაქვს. შემოდგომაზე პრემიერისთვის ვემზადები - „"წითელქუდა" გავაკეთე. ძველ ზღაპართან საერთო არაფერი აქვს.

ჩვენი რეგიონი მრავალფეროვანია. არის სოფლები, სადაც შერეული მოსახლეობაა - ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები. როცა ასეთ სოფლებში მივდივარ, საგანგებოდ ვარჩევ მუსიკალურ ნომრებს. მინდა ქართველმა ბავშვებმა ნახონ სომხური ცეკვები და სიმღერები, სომხებმა - ქართული. თეატრი ხომ ხიდია ერებს შორის.