„ბიჭები ერთად ვაკეთებთ საქმეს და ეს ადამიანის გადარჩენაა “ - კვირის პალიტრა

„ბიჭები ერთად ვაკეთებთ საქმეს და ეს ადამიანის გადარჩენაა “

მეხანძრე-მაშველის ყველა ცვლა, ყოველი სამუშაო დღე, ბეწვის ხიდზე გავლაა, რადგან ყველაზე სახიფათო დროს ჩვენსა და სტიქიას შორის დგანან. ერთიანობა, კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება მათ სიკვდილზე გამარჯვებაში ეხმარება. მარნეულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კალაძე, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისს არაერთი ადამიანი გადაარჩინა, თავად სასწაულებრივად გადარჩა. თუმცა საუკეთესო მეწყვილე დაკარგა, რასთან შეგუებაც დღემდე უჭირს.

- 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ, როდესაც ჩემი მეწყვილე ზურა მუზაშვილი დაიღუპა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სამსახურმა და კოლეგებმა გადამატანინეს. ძალიან სარისკოა ჩვენი პროფესია, მაგრამ რა შეიძლება მოხდეს, არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობს, რადგან ადამიანს სჭირდება დახმარება. მხოლოდ საქმის დასრულების შემდეგ ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა რამე უბედურება მომხდარიყო-მეთქი.

mashveli2-1655663407.jpg

- ალბათ, არის შემთხვევა, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ.

- ერთხელ ვაშლიჯვრის გზიდან შემოვიდა გამოძახება. გზაში ავტომანქანები იყვნენ გაჭედილი, ძალიან გრძელი საცობი იყო, რომლის გავლაც გაგვიჭირდა. როცა ხანძარია და ან სხვა სასწრაფო გამოძახება, დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მანქანების ჯაჭვში მოაჯირზე, რომ იტყვიან ბეწვზე ეკიდა მანქანა, რომელშიც ბიჭი იჯდა. სასწრაფო სამედიცინო პერსონალმა ახალგაზრდა გამოიყვანა. როდესაც მანქანა ამოვიყვანეთ, შევნიშნეთ, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ. 17-18 წლის იქნებოდა. ექიმებს ხელოვნური სუნთქვის ჩატარებაში შევენაცვლეთ. წამით ამოისუნთქა და იმედი მოგვეცა, იქნებ გადარჩეს-მეთქი, მაგრამ...

როდესაც მეუბნებიან, რა გასწავლა შენმა პროფესიამო, ვპასუხობ, სიფრთხილე, რადგან ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია. სახლს, ქონებას ეშველება, ადამიანს კი სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებ. როდესაც ჩემს პროფესიაზე ვფიქრობ, ყოველთვის ის პატარა ბიჭი მახსენდება...

- 13 ივნისის ღამეს მოგიწიათ მუშაობამ და იმ ღამეს დაღუპული მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი თქვენი მეწყვილე იყო.

- მეწყვილე და მეგობარი, ძალიან საიმედო ადამიანი. იმ კოშმარულ ღამეს ერთად ვიყავი ცვლაში. ძველი იპოდრომის გვირაბიდან როგორც კი გამოვედით, მდინარე ვერე უკვე ძალიან ადიდებული იყო, უამრავი რამ მოჰქონდა და კალაპოტიდან გადმოდიოდა. გარშემო სახლები დატბორილი იყო. ესტაკადიდან ჩანდა ავტომანქანების საცობი. მგზავრებს მოვუწოდებდით, სასწრაფოდ დაეტოვებინათ მანქანები და ვცდილობდით უსაფრთხო ადგილას გადაგვეყვანა. რამდენიმემ დაგვიჯერა, ზოგმა არა და თავად ავიდა ესტაკადაზე. ერთ მანქანაში მოხუცი ცოლ-ქმარი იჯდა, წყალი სწრაფად მატულობდა და ზურა მათთან გაჩნდა. შეშინებული ადამიანები რომ ამოვიყვანეთ, გზის სახიფათო მონაკვეთის შემოწმება დავიწყეთ, ვინმე ხომ არ იყო დარჩენილი. ერთი მიკროავტო­ბუსი შევამჩნიეთ, დინებამ პანდუსამდე მოაცურა, შიგნით ოთხი კაცი იყო, მე და ზურამ ისინიც გადმოვიყვანეთ და მანქანაც წყალმა წაიღო.

დინებამ პანდუსს რომ მიაღწია, მივხვდით, გავიჭედეთ. ზურას ვუთხარი, ზედა მხარეს ავიდეთ, იქნებ წყლის დინება უფრო სუსტი იყოს-მეთქი. გვირაბამდე მივაღწიეთ, დინებას რკინის კონტეინერი მოჰქონდა, ყველა განათების ბოძი, რომელსაც დაეჯახა, სადენებიანად მოგლიჯა. შემდეგ ჩვენგან დაახლოებით 30 მეტრში გაიჭედა. ისევ უკან დაბრუნებაზე დავიწყეთ ფიქრი. ოდნავ შემაღლებულ ადგილზე გავჩერდით. ჩვენს სიახლოვეს დინებამ უზარმაზარი ხე მოგლიჯა და ჩვენკენ წამოიღო, გადარჩენისთვის ერთადერთი გზა გვრჩებოდა, ბოძს შემოვხვეოდით. ასეც მოვიქეცით, მაგრამ ერთხელ მაინც ჩამითრია და ზურამ დამიჭირა. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვიყავით გზის იმ სახიფათო მონაკვეთზე. წვიმა არ ჩერდებოდა, ძლიერი ნალექის გამო ვერტმფრენიც ვერ ჯდებოდა. რელიეფის სირთულის გამო ვერც საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები დაგვეხმარებოდნენ. ჩვენ გარდა სხვებიც იყვნენ ბოძს ჩაბღაუჭებული. დინებამ შხუილით ჩაიტანა მანქანა, თვალი მოვკარით, შიგნით მსხდომთა განათებულ ტელეფონებს და განწირულ ყვირილს... გამყოფ ზოლზე, სადაც ვიდექით, დინებამ დიდი ხე შემოაგდო. ორმა კაცმა მოახერხა მასზე გადახტომა, საკმაოდ დიდი იყო, გაშვერილი ტოტებით. ზურას თითქოს იმის თქმა უნდოდა, ტოტი აირიდეო და, უცებ მას გამოედო და ჩაიყოლა. ადამიანის დაღუპვა ისედაც წარმოუდგენლად მძიმე სანახავია, მაგრამ მეგობრის სიკვდილმა მთლიანად შემცვალა. გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ გადარჩებოდა, რამეს მოეჭიდებოდა... მისი ჩავარდნიდან ნახევარ საათში დასახმარებლად მოვიდნენ... ალბათ, კიდევ დიდხანს ვიმუშავებ ამ სამსახურში, მაგრამ ის ღამე არასდროს დამავიწყდება.

- ახლაც გიწევთ გამოძახებაზე გასვლა თუ უკვე სხვა მოვალეობებს ასრულებთ?

- თუ ადრე ყოველ მესამე დღეს ვმუშაობდი, ახლა 24-საათიან გრაფიკზე ვართ. წლების განმავლობაში ამ საქმეს ვაკეთებდი და ახლაც მირჩევნია ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან ვიყო... ჩვენი პროფესია უკან დახევას არ ითვალისწინებს - ბიჭები ერთად ვაკეთებთ საქმეს და ეს ადამიანის გადარჩენაა.