სოფლის ღობეებზე გაცოცხლებული პაპა ნიკალას შედევრები - კვირის პალიტრა

სოფლის ღობეებზე გაცოცხლებული პაპა ნიკალას შედევრები

ნიკალას სოფელში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, თვითნასწავლმა მხატვარმა გოგონამ, ბელა ლობჯანიძემ, ეზოს ჭიშკრები დიდი მხატვრის ტილოებით მოწაფეებთან ერთად მოხატა. ეს იდეა ორი წლის წინ გაუჩნდა და უკვე ბევრი ჭიშკარი აქვს დამშვენებული. მირზაანში საოცარი არტქუჩების სანახავად ჩავედი და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა - ერთ-ერთი ღობიდან ნიკალას ,,გოგონა ბუშტით“შემომეგება," მეორიდან - ,,მეგარმონე სონა", ,,მუშა სოსო" და ,,მეეზოვე". აქეთ-იქიდან ფაუნის ფიროსმანისეული წარმომადგენლები მიმზერდნენ - ჟირაფი, შველი, ირმები, ლომი... კახეთის სიამაყე, მეფე ერეკლე, სოფლის რკინის მესერზეც კი მრისხანედ გამოიყურებოდა.

ახალგაზრდა მხატვარს სოფლის ცენტრში მოწყობილ პატარა სახელოსნოში შევხვდი. ბელას ხატვის მოყვარული ბავშვები გარს ეხვივნენ, ყველა საკუთარი ნახატით იწონებდა თავს. მირზაანელ პატარა მხატვრებში ნიკალას მიმბაძველობა და მასწავლებლის გავლენა იგრძნობოდა. შემდეგ სოფელი ფეხით შემომატარეს და ღობეებზე ფუნჯით გადატანილი ნიკალას ტილოების ფოტოსურათები გადამაღებინეს. მომიყვნენ, როგორ დაიწყეს ხატვა ბელა მასწავლებლის გამო და ახლა როგორ ოცნებობენ მათი საამაყო თანასოფლელის, პაპა ნიკალას კვალზე დადგომას.

ბელა ლობჯანიძე:

- ხატვა 19 წლისამ დავიწყე. სკოლის პერიოდში მხატვრობაზე არც მიფიქრია. ადამიანში ხელოვნების ნიჭს ყოველთვის რაღაც მძაფრი მოვლენები აღვიძებს და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.

გასული საუკუნის 90-იან წლებში მამაჩემი ავად გახდა. ოჯახის წევრები ძალიან დავდარდიანდით. ერთ დღეს ქართული ლიტერატურის წიგნში დახატული პრომეთე, მიჯაჭვული ამირანი ვნახე. უცებ ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც ცვლილება მოხდა, თითქოს ახალი ძალით აღვივსე. ჰოდა, ავდექი და პრომეთე დავხატე. მონახაზი თავადაც მომეწონა, მაგრამ სხეულის კანის ფერი როგორ დამეხატა, არ ვიცოდი. თუმცა ჩემი დაკვირვებით ესეც მალე შევძელი. დასრულებული ნახატი ისეთი საოცარი გამოვიდა, ყველას პროფესიონალის დახატული ეგონა. ამის შემდეგ მამა მალე გამოჯანმრთელდა და მე ხატვა გავაგრძელე.

ზოგჯერ წარმოდგენით ვხატავდი პორტრეტს და შემდეგ ზუსტად ისეთი გარეგნობის ადამიანს ვხვდებოდი.

ერთხელ წარმოდგენით ბიჭის პორტრეტი დავხატე. ასეთი ადამიანი არასდროს მინახავს. ნახატი ჩემს ფეისბუკგვერდზე გამოვაქვეყნე და მალევე უცნობმა მომწერა, მე დამხატეთო? როდესაც მისი ფოტოსურათი ვნახე, მართლაც ძალიან ჰგავდა ჩემს ნახატზე გამოსახული ახალგაზრდა. ასეთი შემთხვევები ხშირად ყოფილა. ვფიქრობ, ეს ინტუიციაა, რომელიც ბევრ ხელოვანს აქვს.

nikala2-1655663891.jpg

- ბელა, პატარა მოწაფეებთან ერთად ნიკო ფიროსმანისა და თქვენი სოფლის კიდევ უფრო პოპულარიზაციისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებ. სოფლის ღობეებზე ფიროსმანის ნახატების გადატანის იდეა როგორ გაგიჩნდა?

- მირზაანში ხშირად ჩამოდიოდნენ ტურისტები ნიკალას მუზეუმის სანახავად, მაგრამ გზას ვერ პოულობდნენ, კითხვა-კითხვით ძლივს აგნებდნენ მუზეუმს. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. როცა თბილისიდან ვბრუნდებოდი, წარმოსახვაში სწორედ ასეთი ფორმით მოხატულ მირზაანს ვხედავდი ხოლმე. ერთხანს ვოცნებობდი კიდეც, სოფელში მოსულ სტუმრებსა თუ გამვლელებს ქუჩებში ნიკალას ნახატების გმირები შეჰგებებოდნენ.

ჯერ ჩემი ეზოს მესრის მოხატვით დავიწყე. პირველი შტრიხების გავლებისთანავე დავრწმუნდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა. ჩემს მესერზე ნიკალას მებადური რომ დავხატე, სანახავად უამრავი ბავშვი მოვიდა. ზოგმა მაშინვე მთხოვა, ჩვენც დაგვახატვინეთო. გავუნაწილე ფუნჯები, საღებავები და ერთად გავაგრძელეთ ღობეების მოხატვა. ზოგიერთს მანამდე ფუნჯი არც სჭერია ხელში, მაგრამ სურვილმა, თავადაც მიეღოთ მონაწილეობა სოფლის გალამაზებაში, ბავშვებს შეუძლებელი შეაძლებინა.

როცა ჩემი ღობის მოხატვა დავასრულეთ, დავწერე, რომ მთელი სოფლის მოხატვა გვინდოდა. ძეგლთა დაცვის სააგენტომ დახმარება გაგვიწია და პროექტის განსახორციელებლად ფული ჩაგვირიცხა. გასული წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ სოფლის ღობეების მოხატვა, უკვე 12-ზე მეტი მესერი გვაქვს მოხატული.

nikala3-1655663891.jpg

ბავშვები ისე გაიწაფნენ, უჩემოდაც საუკეთესოდ ხატავენ. ყველა ერთად ვწყვეტთ, ვინ რომელი პერსონაჟი უნდა დახატოს და როგორ.

სოფელში ერთ პატარა ოთახში სკოლა-სახელოსნო გავხსენით, სადაც ზაფხულობით ბავშვები ხატვას სწავლობენ. ხატვის ნიჭი სოფელში ბევრს აღმოაჩნდა, რაც ნიკალას სამშობლოში, ალბათ, გასაკვირი არ არის. სხვათა შორის, ბარელიეფებსაც ვაკეთებთ, გვინდა გავაკეთოთ ბიუსტები, რომლებსაც სოფელში დავდგამთ.

- ვისი ბიუსტების გაკეთებას აპირებთ?

- ცნობილი ხელოვანების - ფიროსმანის, ვან გოგის... ვფიქრობ, დიდი, მაგრამ ღარიბი მხატვრის სამშობლო ყველა სოფლისგან უნდა განსხვავდებოდეს. მოზაიკაშიც გვინდა გავიწაფოთ ხელი.

- დიდი შემოქმედის ნახატების გადახატვა ბავშვებთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. არ გაგიჭირდათ ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

- სანამ ხატვას დავიწყებდი, მის ყველა ნახატს უფრო ჩავუღრმავდი და ამიტომაც შესრულება არ გამჭირვებია. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ნიკო ფიროსმანს კარგად ვიცნობდი, მასთან ერთად ვმუშაობდი და ისიც მეხმარებოდა. თავად ფიროსმანი ამბობდა, წმინდა გიორგი მედგა მათრახით და მეუბნებოდა, დახატე, დახატეო. შემიძლია ვთქვა, რომ მე ნიკო ფიროსმანი მედგა გვერდით და ხატვას მაიძულებდა.

მქონდა შემოქმედებითი ჩავარდნის პერიოდიც და 7 თვეს ფუნჯს არ გავკარებივარ. ერთხელ მეგობრებთან ერთად სკოლის ეზოში ვიჯექი, როცა თითქოს რაღაცამ შემაჯანჯღარა. ხილვის მსგავსად ვნახე ნიკალა, რომელმაც მითხრა, რატომ აღარ ხატავ, რა დაგემართაო? მაშინვე მივატოვე მეგობრები, სახლში გავიქეცი და ხატვა დავიწყე.

ზაფხულში ჩვენი პროექტის მეორე ეტაპი უნდა დავიწყოთ და ფიროსმანის მუზეუმამდე მისასვლელი გზა ნიკალას ნახატებით მოვხატოთ.

ბელა ლობჯანიძემ სახლში მოწყობილი საკუთარი ნახატების გალერეაც დამათვალიერებინა. მისი ნახატები სიმბოლოებითაა დატვირთული და შინაარსობრივად საინტერესოა. ერთ-ერთს "აღდგომა" დაარქვა, ღვთისმშობლის წინ 9 წითელი კვერცხი დევს, ერთი კი ხელში უკავია. ბელამ მითხრა, რომ 9 საკრალური რიცხვია და მათში კონტინენტები იგულისხმა, საჩვენებლად გაწვდილი ერთი კვერცხი კი ერთ მუშტად შეკრული საქართველოს მიმანიშნებელიაო.

2008 წლის ომის თემაზე რამდენიმე ნახატი აქვს შესრულებული. ერთ-ერთზე მეზობელი გოგონაა გამოსახული, რომელსაც ხელში თოჯინა უჭირავს. ამ ნახატის იდეა გოგონამ გაუჩინა, რომელიც მათთან თვალცრემლიანი მივიდა, მხატვარმა კი მის უკან გორის მოვლენები წარმოიდგინა.

ერთხელ მირზაანში ფიროსმანის სახლი დაუხატავს თავზე შავი ღრუბლით. ბელა ამბობს, რომ არ იცის, რატომ მიახატა სახლს ავის მომასწავებელი ცა. იმ დღეს მირზაანში ისეთი წვიმა და სეტყვა მოსულა, მოსავალი გაუნადგურებია.

"ერთხელ თოვლი დავხატე და მალევე წამოვიდა ფანტელები. თოვა მთელი კვირა გრძელდებოდა. ისე შევწუხდით უამინდობით, მამა მეუბნებოდა, არ დავინახო, თოვლი კიდევ დახატოო. არ ვიცი, ეს როგორ ხდება, ამ მოვლენის ახსნა არ შემიძლია", - გვითხრა ბელამ.

ბელა ლობჯანიძე მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის მუზეუმის თანამშრომელია, ამიტომ მასთან ერთად მუზეუმიც მოვინახულე. მას ამჟამად რესტავრაციას უტარებენ, ფიროსმანის 16 ტილო კი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია გამოფენილი. ცხადია, გამოფენა მეც დავათვალიერე და ფიროსმანზე რამდენიმე საინტერესო ამბავიც შევიტყვე. აი, ისინიც:

,,გამოფენაზე გამოტანილია პიკასოს ტილოც, რომელზეც ფიროსმანი ჰყავს დახატული. ნახატი ისეთი შტრიხებით არის შესრულებული, მნახველს შეუძლია ნიკალა მთელი ვიზუალით დაინახოს და პროფილითაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, საიდან შეხედავთ ნახატს. პიკასო დიდ პატივს სცემდა ფიროსმანის ნიჭსა და გენიალურობას".

"მეგობრები ნიკალას მეტსახელად გრაფს ეძახდნენ. უბატონო კუთხის ქიზიყელები თავმოყვარეები ვართ. ნიკოც ასეთი იყო - მკაცრი და თავმოყვარე. ბევრს კითხვაზე არ პასუხობდა. დუქანში მაგიდასთან მარტო ჯდომა უყვარდა. როცა მიიპატიჟებდნენ, ჯერ ხმას არ გასცემდა, მერე კი ცივად უპასუხებდა, თავი გამანებეთო. ამის შემდეგ დალაპარაკებას ვეღარ უბედავდნენ და ამიტომ შეარქვეს ასეთი მეტსახელი".

"ფიროსმანს ერთ-ერთ შემკვეთთან ნახატი მიუტანია და იქ ვაჟა-ფშაველა დახვედრია. ნიკალა ვაჟას პირველად შეხვდა და დიდი პოეტის საუბარს მოუხიბლავს მხატვარი, თუმცა ვერ უცნია და უთქვამს, შენ ძალიან განათლებული კაცი ჩანხარ და გლეხურად რატომ ხარ ჩაცმულიო? ნიკოსთვის აუხსნიათ, რომ მის წინ ვაჟა-ფშაველა იდგა და მისი ნახატი ძალიან მოსწონდა. ფიროსმანი სკამიდან მაშინვე წამომხტარა, კედელზე დაკიდებული უკვე გაყიდული ნახატი ისე ჩამოუხსნია, პატრონისთვის არც უკითხავს და ვაჟასთვის უჩუქებია. დამკვეთს კი შეჰპირებია, ახალს დაგიხატავო".

"ნიკალას მეფე ერეკლე სპარსული თავსაბურავით ჰყავს დახატული - ჩალმით. ამ ნახატს საინტერესო თქმულება უკავშირდება. როცა ერკლემ მტერი განდევნა და უკან ბრუნდებოდა, ხუმრობით მტრის ფორმა ჩაიცვა. ქართული ჯარის წინ მომავალი ჩალმიანი მხედარი ხალხმა რომ დაინახა, იფიქრეს, მტერი მოდის, ეტყობა, ჩვენი ერეკლე დამარცხდაო. თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ გამარჯვებული ერეკლე ხუმრობდა. ეს ეპიზოდი აქვს გადმოცემული ნიკალას ერეკლეს ცნობილ პორტრეტში".

ნელი ვარდიაშვილი