"ეს ამბავი ეროვნული მოძრაობის ლიდერების ყურამდე მივიდა და ზვიად გამსახურდიამ და ანზორ გვარამიამ აკადემიის რექტორს წერილი მისწერეს" - კვირის პალიტრა

"ეს ამბავი ეროვნული მოძრაობის ლიდერების ყურამდე მივიდა და ზვიად გამსახურდიამ და ანზორ გვარამიამ აკადემიის რექტორს წერილი მისწერეს"

ზღვიდან გამორიყული სახლი - ასე დაარქვა ბორის პაპასკუამ სახლს, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ზღვისგან გამორიყული ნივთებისგან აშენებდა. როგორც გაირკვა, ბატონ ბორისს სახლზე არანაკლებ საინტერესო ბიოგრაფია ჰქონია.

- აფხაზეთიდან რომ ჩამოვედით, ფოთში რუსისგან ვიყიდე ძველი, თითქმის დანგრეული, ცალ ფეხზე მდგარი სახლი. კედლები თავიდან ამოვაშენე, მოვაპირკეთე და გავალამაზე.

სახლიდან ყოველ დილით ველოსიპედით გავდივარ, გზად საბარგულში ათას რამეს ვყრი: ლამაზ ქვებს, ხის ფესვებს, უცნაური ფორმის ტოტებს, მომაქვს, ვამუშავებ და ფორმას ვაძლევ. ქვა-ღორღი იყო, სილა-ცემენტი, აგური თუ ხის მორები და ტოტები, ყველაფერი ჩემი ველოსიპედით მოვზიდე... ვცადე, ქვები ამელაპარაკებინა, სახლად მექცია.

zgva4-1655670467.jpg

- ასეთი სახლის ინსპირაცია რა გახდა?

- ზღვიდან გამორიყული საინტერესო ნივთები. ბავშვობიდან სულ ზღვაზე ვიყავი, ზღვის კაცი ვარ. ყოველთვის მქონდა ჩვევად ზღვიდან რამის, უმეტესად კენჭების წამოღება. ქვემო ბარღებში ვცხოვრობდი, არის ასეთი ზღვისპირა სოფელი გალში. ახლა იქაურობა ნანგრევებადაა ქცეული, არადა, ერთ დროს ისეთი ლამაზი იყო, განსაკუთრებით ზღვის სანაპირო... ფოთშიც იმიტომ ვიყიდე სახლი, რომ ზღვასთან ახლოს ვყოფილიყავი. დღე არ გავა, ზღვის სანაპირო ზოლი ველოსიპედით არ გავიარო. ვაკვირდები, ზღვამ რა გამორიყა ან უკან რა წაიღო, ღელავს თუ მშვიდია, სუფთაა თუ ამღვრეული. მასთან კავშირი ძალასა და სიცოცხლის აზრს მაძლევს.

- პროფესიით მხატვარ-მოქანდაკე ხართ?

- კი, ოღონდ უდიპლომო. უკრაინაში, კიევში ვსწავლობდი, მაგრამ... რომ ჩამოვედი, მალე ეროვნული მოძრაობა დაიწყო და ამ ამბებში ჩავერთე.

- არ მუშაობთ?

- არა, სკოლაშიც არ მამუშავეს. საქართველოს კანონმდებლობით მთავარი დიპლომია და არა ცოდნა.

- სკოლაში არ გამუშავეს, მაგრამ გამოფენა გაგაკეთებინეს.

- ეს მეგობრების დამსახურება იყო. სავარძლები, ტახტი, ნიჟარებისგან გაკეთებული ნივთები, კოლხური კულტურის ნიმუშებიც გამოვფინე. საინტერესო ექსპოზიცია შეიკრა, "მედეას მზერა" დავარქვით.

- თქვენს სახლში ბევრი მინიატიურული ქანდაკება შევნიშნე.

- დიახ, პერსონაჟები ჩემი ახლობლები არიან, მამა და გუძა, მეგრელი კაცი, რომელსაც აფხაზეთის ერთ პატარა სოფელში მდინარეზე ნავით გადაჰყავდა და გადმოჰყავდა ხალხი.

zgva3-1655670466.jpg

- აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეულ სევდას დღემდე ატარებთ.

- სხვაგვარად როგორ შეიძლება, როგორ უნდა გავთავისუფლდე ამ ტკივილისგან?! ჩემი მშობლები იქ არიან დაკრძალული. ბავშვობა და ყმაწვილობა, ყველაზე ლამაზი წლები იქ მაქვს გატარებული. მეუღლე სოხუმელი მყავდა. ბოლო დღემდე არ დაგვიტოვებია სახლი. მე იარაღი არ მეჭირა ხელში, მაგრამ საკვები დამქონდა მოხუცებისთვის, ვისაც როგორ სჭირდებოდა, ისე ვეხმარებოდი.

- თქვით, რომ ეროვნულ მოძრაობაში იყავით ჩართული.

- დიახ, საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდი. პოლიტიკასთან ახლოს არ მივსულვარ, მე ხელოვანი კაცი ვარ, ეს არის ჩემი სამყარო. ლიდერებთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება მომივიდა. სამი დღით აკადემიას ბოქლომი დავადე.

- რატომ?

- დაკლებული ქულა გავაპროტესტე. რამდენჯერმე გავედი მისაღებ გამოცდებზე, ყოველ ჯერზე თითო ქულას მაკლებდნენ. მაშინ პროტექცია და ჩაწყობა იყო ყველგან, მე კი უფულო, უბრალო ოჯახიდან ვიყავი. ეს ამბავი ეროვნული მოძრაობის ლიდერების ყურამდე მივიდა და ზვიად გამსახურდიამ და ანზორ გვარამიამ აკადემიის რექტორს წერილი მისწერეს, ნიჭიერ ახალგაზრდებს ხელი შეუწყვეთო. მაინც არ მიმიღო კომუნისტურმა საზოგადოებამ. ამის მერე წავედი უკრაინაში, მაგრამ ჩემი აფხაზეთი და ზღვა მოსვენებას არ მაძლევდა. თუმცა ამ ყველაფერს დადებითი შედეგიც მოჰყვა. გარდა იმისა, რომ პროფესიულად გავიზარდე, ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. ქანდაკების ქართული სკოლა ძალიან ძლიერი იყო. აქ ნასწავლს უკრაინაში მიღებული ცოდნაც დაემატა და ვფიქრობ, ძალიან გავიზარდე როგორც მოქანდაკე.

zgva2-1655670466.jpg

- ომის შემდეგ აფხაზეთში აღარ ყოფილხართ?

- სიდედრ-სიმამრი, მშობლები ბოლომდე იქ ცხოვრობდნენ და იქვე დავასაფლავე. იქ გადასვლის პრობლემა არასდროს არ მქონია. აფხაზებიც მაფასებდნენ.

- მაშინ რატომ დატოვეთ თქვენი სახლი?

- აფხაზებმა არჩევნის წინაშე დამაყენეს, პასპორტს მოგცემთ, სამინისტროში წადი და ასეთი განცხადება გააკეთე: "ატკაზივაეტსა ოტ გრუზინსკოგო ფლაგა". ეს არ გავაკეთე, მირჩევნია ჩემი სახლის მონატრებით მოვკვდე, ვიდრე ჩემი ქვეყნის დროშა უარვყო.

ხათუნა ბახტურიძე