"ერთხელ ხალხი ისე შემოგვეხვია, რომ საბანაო სამოსის გამოცვლაც ვერ მოვასწარი" - ნატო ვაჩნაძის უცნობი როლი - კვირის პალიტრა

"ერთხელ ხალხი ისე შემოგვეხვია, რომ საბანაო სამოსის გამოცვლაც ვერ მოვასწარი" - ნატო ვაჩნაძის უცნობი როლი

"გარეუბნის კვარტალები". ნატო ვაჩნაძე ამ ფილმში მშვენიერი ახალგაზრდა ებრაელი ქალიშვილის, დორას როლს განასახიერებს, რომელსაც რუსი კომკავშირელი უყვარს. ფილმის მოქმედება 20-იან წლებში ხდება. შეყვარებულებს რელიგიური შეხედულებების გამო მშობლების წინააღმდეგობა შეხვდებათ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში დორა მოახერხებს შეყვარებული მამაკაცის დაცვას და სიყვარულის გადარჩენას. ფილმი გადაღებულია კიევის კინოსტუდიაში. ეს ის პერიოდია, როცა ნატო ვაჩნაძე პოპულარობის ზენიტშია და საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა კინოსტუდია ცდილობს მის მიწვევას თავის ფილმში. რეჟისორი გრიგორი გრიჩერ-ჩერიკოვი"... - ეს ტექსტი სოციალურ ქსელში ნატო ვაჩნაძის ფოტოებთან ერთად გავრცელდა.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ამ ფილმის შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება: "1930 წელს მიკოლა ბაჟანმა სცენარი დაწერა. ებრაელი ქალიშვილის, დორას როლში გრეგორი გრიჩერთან ერთად ნატო ვაჩნაძე მიიწვია. ნატო პატარა ელდართან და დედასთან ერთად უკრაინაში ჩავიდა. ფილმი "გარეუბნის კვარტალები" ეკრანებზე არ გამოვიდა..."

ისტორიკოსი სერგი ცენტერაძე, წლებია, ქართული კინოსა და ქართველი მსახიობების წარსულს იკვლევს. ამჯერად იგი ქართული კინოს სიმბოლოს, ნატო ვაჩნაძის, უკრაინულ ფილმზე გვიამბობს:

- ძალიან დიდი ხნის წინ ერთ რუსულ არხზე ვნახე ფილმი "გარეუბნის კვარტალები". ვეღარც ვიხსენებ, მთელი ფილმი აჩვენეს თუ ეპიზოდები, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში მკაფიოდ ჩარჩა უმშვენიერესი ნატო ვაჩნაძე სრულიად განსხვავებული ვარცხნილობითა და ულამაზესი ღიმილით. მისი გარეგნობა ფილმში უფრო ევროპულია. ასეთმა ვარცხნილობამ მისი პოლონური გენეტიკა მეტად წარმოაჩინა.

ფილმს თავად ნატო ვაჩნაძე ასე იგონებდა (,,მოგონებანი და შეხვედრები"): "უკრაინის კინოფაბრიკაში ვმონაწილეობდი ფილმში ,,გარეუბნის კვარტალები". სურათი არ გამოვიდა, მაგრამ მე მაინც მადლიერებით ვიგონებ მასზე მუშაობას, უკრაინაში ცნობისმოყვარეობა ჩემ მიმართ დიდი იყო და ხშირად გარს იმდენი ხალხი მეხვეოდა, რომ პლაჟზე დარჩენა შეუძლებელი ხდებოდა. ბავშვსაც ეშინოდა, ტირილს მორთავდა და გვეხვეწებოდა, პლაჟიდან წავსულიყავი. ერთხელ ხალხი ისე შემოგვეხვია, რომ საბანაო სამოსის გამოცვლაც ვერ მოვასწარი. საშველად მილიციელები მოვიდნენ."

nato2-1655670982.jpg

გოგი დოლიძე, კინომცოდნე:

- "გარეუბნის კვარტალები", ქართველი საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ფილმია, რადგან აქ არასოდეს უჩვენებიათ. მეც არ მინახავს და მხოლოდ ნატო ვაჩნაძის როლების ჩამონათვალში მოვიხსენიებ. ნატო ვაჩნაძის შესახებ ექვსი სტატია მაქვს გამოქვეყნებული და როდესაც სტატიას ვწერ, ყოველთვის ახალი ფერები მოდის, ჩემი ჰორიზონტი იზრდება. ისე იყო ცნობილი, თითქოს ნატო ვაჩნაძე მხოლოდ ლამაზი ქალი იყო, მაგრამ ძალიან ნიჭიერი მსახიობიც გახლდათ და ამიტომაც მთელ საბჭოთა კავშირში მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო. ნატო ვაჩნაძემ ითამაშა ევროპელი, ინგლისელი დიდგვაროვანი ქალის როლი ფილმში "ამოკი". ეს ფილმი მე სრულად აღვადგინე და როდესაც ელდარ შენგელაიამ ნახა, ძალიან მოეწონა. ნატო ვაჩნაძეს დაჩაგრული ქართველი გლეხის ქალის როლებს აძლევდნენ, ამ ფილმში კი მეტი თავისუფლება ჰქონდა. კოტე მარჯანიშვილს თურმე ყველა ეუბნებოდა, ნატო ამ როლს ჩაგიგდებს, მას ევროპელი ქალის როლი არ გამოუვაო, მაგრამ კოტე მარჯანიშვილმა თავისი გაიტანა და შესანიშნავი ფილმიც გამოვიდა.

ფილმში "გარეუბნის კვარტალები" ნატო ვაჩნაძე რომ დიდებულად ითამაშებდა, დარწმუნებული ვარ. ფაქტია, ამ ფილმმა აღიარება ვერ მოიპოვა, თორემ საბჭოთა კავშირში ცნობილი იქნებოდა. არც კრიტიკა მსმენია მასზე.

ლელა ოჩიაური, კინომცოდნე:

- ნატო ვაჩნაძემ ხანმოკლე ცხოვრებისა და კინოში არცთუ ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში 27 ფილმში ითამაშა, 1923 წლიდან 1952 წლის ჩათვლით. გამორჩეულად პოპულარული და ავტორიტეტული, დაფასებული და აღიარებული ადამიანი იყო საქართველოშიც და მთელ საბჭოთა კავშირშიც.

რა იყო ასეთი პოპულარობის და ხელისუფლებისგან ამგვარი გაღმერთების მიზეზი? შინაგანი მომხიბვლელობა? კლასიკური და არაორდინარული სილამაზე, ფაქტურა, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებისა და ეროვნების ქალის ტიპს ესადაგებოდა? განსახიერებული პერსონაჟები, რომელთა ცხოვრება, ბედი, თვისებები ყველასთვის მისაღები და გასაგები იყო?

ტიციან ტაბიძე წერს: "მის სახეში ხომ ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავეა. სწორედ ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკებზე ღვთისმშობელს, რომელსაც წაშლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლებისა და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით".

სიმონ ჩიქოვანის შეფასებით: "ამ ადამიანის ხაზგასმით ქართული სილამაზე მოგვევლინა, როგორც საქართველოს წარსულის, დღევანდელობის და მისი ბუნების ნაწილი. ამიტომ იყო, რომ მისი მშვენება ასეთ ჰარმონიაშია ქართულ ბუნებასთან. თავისი სილამაზით მან თითქმის წაშალა საზღვარი სინამდვილესა და ხელოვნების სამყაროს შორის".

წიგნში „"მოგონებები და შეხვედრები", რომელიც ნატო ვაჩნაძის ავტორობით გამოვიდა, იგი ამბობს: "რა ცოტა რამაა საჭირო იმისთვის, რომ მსახიობი გახდე: გარეგნობა, ახალგაზრდობა. მაყურებელმა რატომღაც უმალ მიგიღო, შენმა თვალებმა, ცრემლებმა ააღელვა, ღიმილმა მოხიბლა... რამდენმა ვარსკვლავმა ჩაიქროლა ეკრანზე და გაქრა. იმისთვის, რომ შემორჩე, საჭიროა ბედნიერი მენატურიდან შრომისმოყვარე მსახიობის გზა გაიარო".

19 წლისა უკვე ცნობილი, სახელმოხვეჭილი იყო, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით აღიარებული, მაგრამ შემდეგ მაინც გაიარა გზა, რომლის გავლაც აუცილებლად მიაჩნდა - „ბედნიერი მენატურიდან“ ჩამოყალიბებულ კინომსახიობამდე.

27 ფილმი ცხოვრების ბოლომდე - ფაქტობრივად, ყოველ წელს თითო ფილმი ქართველ და არაქართველ რეჟისორებთან. მართლაც ვარსკვლავური როლებია ფილმებში: "არსენა ყაჩაღი", „"მამის მკვლელი", „"სამი სიცოცხლე", „"ჩვენი ქვეყნის რაინდი", „"ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე", "ვინ არის დამნაშავე", "ნათელა" და სხვ. სწორედ ამ ფილმებმა და როლებმა განსაზღვრა ქართული კინოს არსებობაც, ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაც, კარიერაც და ბედისწერაც.

1926-1927 წლებში ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაში კოტე მარჯანიშვილი და, რაც მთავარია, ნიკოლოზ შენგელაია (რომელიც მალე მისი ქმარი და „ცხოვრების რეჟისორი“ ხდება) ჩნდებიან.

აქედან იწყება ქართული კინოს ახალი დროება და პირადი ბიოგრაფიის გამორჩეული ეტაპი. ამ პერიოდში მან არაერთი როლი ითამაშა. გიული (ნიკოლოზ შენგელაიას "გიული"), ინგლისელი დიდგვაროვანი ქალი (კოტე მარჯანიშვილის "ამოკი"), ჯემა ("კრაზანა"), მაშა (ფედორ ოტსეპის "ცოცხალი ლეში"), დორა (გრიგოლი გრიჩერ-ჩერიკოვის "გარეუბნის კვარტალები"), მაშა (დიმიტრი ვასილევის "რკინის ბრიგადა").