ფეხბურთი ჩვენთანაც დაბრუნდა! - კვირის პალიტრა

ფეხბურთი ჩვენთანაც დაბრუნდა!

მხოლოდ სანაკრებოს არ ვგულისხმობ: ეროვნული გუნდის ნაჩუქარი საუცხოო ივნისის შემდეგ კარს ევროთასების მორიგი გათამაშებაც მოგვადგა და... დღეს, როცა ბათუმის "დინამოს" მაისური საქართველოს ნაკრების რამდენიმე ლიდერსაც აცვია, ნაკრების შედეგიანმა თამაშმა კი იმედის და თავდაჯერების მივიწყებული გრძნობა დაგვიბრუნა, ევროთასების წინ განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს.

დიახ, ფეხბურთი დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების წარმატებული სერიაც მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, თუმცა... ეიფორიის საფუძველი მაინც არა გვაქვს: ჯერ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე და რაც მთავარია, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ უეფას "ერთა ლიგის" რანგით მესამე - C ლიგაში ვთამაშობთ და მეტოქეებადაც გერმანია ან ხორვატია კი არა, ჩრდილოეთი მაკედონია, ბულგარეთი და გიბრალტარი გვყავს...

როგორ არა, მეც მახსოვს, რომ ასეთ (და გაცილებით სუსტ) მეტოქეებთანაც ბევრჯერ წაგვიგია, რომ ჩვენი ნაკრების "თამაშიც" ძირეულად განსხვავდებოდა ნამდვილი ფეხბურთისგან. მეც ძალიან მომწონს, რომ ვილი სანიოლის გუნდი სწორ, შედეგიან თამაშს აჩვენებს და ქვეჯგუფსაც დამაჯერებლად ლიდერობს, გამარჯვებას დანატრებული ქომაგის ა(ღ)ტაცებისაც კარგად მესმის, თუმცა კიდევ ვამბობ - ბუკ-ნაღარის საცემი ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ბოლო მატჩების მსგავსად სტაბილურად, თავდაჯერებით ვიმოქმედოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა B ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ "ევრო-2024"-ისკენ მიმავალი რთული გზის ბოლომდეც წარმატებით მივაღწიოთ!

და სანამ ევროთასების წილისყრის შედეგებზე გადავალ, უეფას "ერთა ლიგაზე" დარჩენილ თამაშებსა და შანსებზეც ვილაპარაკოთ:

უეფას "ერთა ლიგაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს ჩ ლიგის მეოთხე ჯგუფში და ოთხი ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს (10 ქულა, გატანილი ბურთების სხვაობა - 12:2). სექტემბერში კიდევ ორ მატჩს ვითამაშებთ და პირველი ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში ერთი საფეხურით დავწინაურდებით - B ლიგაში გადავინაცვლებთ. რაც შეეხება მატჩების განრიგს - 23 სექტემბერს მაკედონიელებს ვუმასპინძლებთ, შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა კი სამი დღის შემდეგ იქნება - სტუმრად, გიბრალტარში. ქვეჯგუფის აუტსაიდერს თბილისში 4:0 ვაჯობეთ და ცხადია, სტუმრადაც უნდა დავამარცხოთ. რაც შეეხება ჩვენს მთავარ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას, სკოპიეში მოგებული 3:0-ის შემდეგ სატურნირო და ფსიქოლოგიური უპირატესობა საქართველოს აქვს. ტურნირის ფორმატის თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში, მნიშვნელობა ჯერ ურთიერთშეხვედრებს აქვს, შემდეგ კი - ბურთების ბალანსს. ბალკანელებს ორივე პარამეტრით ვჯობივართ და რთული წარმოსადგენია, თბილისში 0:3, ან უფრო დიდი სხვაობით დავმარცხდეთ და +10-ბურთიანი ბალანსის გაფუჭებაც მოვახერხოთ.

უკვე ვთქვით, რომ "ერთა ლიგის" ჯგუფების გამარჯვებულები უფრო მაღალ დივიზიონში დაწინაურდებიან, ჩ ლიგის ერთი საუკეთესო ნაკრები კი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურსაც ჩაიჯიბავს. გარდა ამ შანსისა, არის მეორე გზაც: 2023 წლის მარტიდან დაიწყება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიც...

თუმცა მანამდე ჯერ "ერთა ლიგის" პლეი-ოფების მონაწილეები გაირკვევა. გადამწყვეტი ეტაპის ფორმატი ასეთია: ნახევარფინალში ოთხი ჯგუფის პირველადგილოსნები გავლენ. მათგან ყველაზე მეტი ქულის მქონე ორი ნაკრები საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს გუნდებს, რომლებმაც შედარებით ნაკლები ქულებით მოახერხეს ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა, წყვილების გამარჯვებულები კი ითამაშებენ ფინალში, რომლის მასპინძლის ვინაობასაც წილისყრა გაარკვევს.

დიდი შანსი და იმედი გვაქვს, რომ ჩ ლიგის მეოთხე ჯგუფის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები იქნება. რაც შეეხება ჩვენი ლიგის დანარჩენ ჯგუფებს, მინიმუმ სექტემბრამდე, სატურნირო მდგომარეობა ასეთია: პირველ ჯგუფში ოთხი თამაშიდან ოთხივე მოგება აქვს თურქეთის ნაკრებს (ბურთების სხვაობა - 14:0) და თუ მის მეტოქეებსაც (ლუქსემბურგი, ფარერის კუნძულები, ლიეტუვა) გავითვალისწინებთ, ცხადია, შტეფან კუნცის გუნდი პირველობას არავის დაუთმობს.

მსგავსი ვითარებაა მეორე ჯგუფშიც: საბერძნეთის ნაკრებმაც ოთხივე მატჩი მოიგო (ბურთების სხვაობა - 7:0) და რადგან მეორეადგილოსან კოსოვოს მხოლოდ 6 ქულა აქვს, ბერძნებმა პირველობა უკვე გაინაღდეს. ამ ორი ნაკრების გარდა, მეორე ჯგუფში ირიცხებიან ჩრდილოეთი ირლანდია და კვიპროსიც.

შედარებით დაძაბულია ვითარება მესამე ჯგუფში, სადაც ამ ეტაპზე ყაზახეთი ლიდერობს 10 ქულით. მეორე ადგილზეა სლოვაკეთი, რომელსაც 6 ქულა აქვს, ყაზახებთან ორივე შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ... დარჩენილ ორ ტურში შესაძლოა აზერბაიჯანმა და ბელარუსმაც გაიღვიძონ და ყაზახებს ქულები დააკარგვინონ...

fexburti2-1655671605.jpg
ჩვენს სტადიონს ფეხბურთი და გულშემატკივარი დაუბრუნდა!

თუმცა საქართველოს ნაკრების მთავარი მეტოქეები პირველ-მეორე ჯგუფებში უნდა ვეძებოთ: თურქეთსა და საბერძნეთს ისეთი "ტემპი" აქვთ აღებული, დიდი ალბათობით, ნახევარფინალურ ეტაპს მასპინძლის სტატუსით შეხვდებიან, თავიანთ მოედანზე კი, ისედაც ძლიერი ეს ნაკრებები, განსაკუთრებით სახიფათონი არიან. თურქებს შორის ყველაზე შედეგიანია "ფენერბაჰჩეს" თავდამსხმელი სერდან დურსუნი, რომელმაც ოთხ მატჩში ამდენივე ბურთი გაიტანა. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, "ალკმაარის" შემტევი პავლიდისი, "ოლიმპიაკოსის" ფორვარდი მასურასი და თურქული "ტრაბზონსპორის" ნახევარმცველი ბაკასეტასი გამოირჩევიან. ყველაზე მეტად სწორედ ბაკასეტასი, რომლის ანგარიშზეც 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა. თურქებსა და ბერძნებს ამ შესარჩევში ჯერ გოლი არ გაუშვიათ! კარგი ის არის, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ამ ნაკრებებს "ევრო-2024"-ის შესარჩევი ეტაპიდანაც აქვთ, რაც "ერთა ლიგის" მონაწილეების წისქვილზე ასხამს წყალს.

"ერთა ლიგის" პლეი-ოფი დღეს რომ იწყებოდეს, ნახევარფინალური წყვილები ასეთი იქნებოდა: საბერძნეთი-საქართველო; თურქეთი-ყაზახეთი; თუმცა გადამწყვეტ ეტაპამდე გუნდებმა კიდევ 2-2 მატჩი უნდა გამართონ და იმედი დავიტოვოთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი ორივე შეხვედრას მოიგებს, თურქეთი და საბერძნეთი კი მინიმუმ თითოჯერ მაინც წაიფორხილებენ და ნახევარფინალის მასპინძლობის შანსს შევინარჩუნებთ!

მაგრამ უეფას "ერთა ლიგას" სექტემბრამდე დავემშვიდობეთ, მანამდე კი ევროთასების მატჩებია და გასულ კვირას ქართული კლუბების მეტოქეების ვინაობაც გაირკვა.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით, სადაც ბათუმის "დინამოს" მეტოქე ბრატისლავის "სლოვანი" იქნება. სლოვაკეთის ჩემპიონი ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ კლუბის თავკაცი საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, "სლოვანის" ღირსებას კი ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი და მოქმედი კაპიტნები ჯაბა კანკავა და გურამ კაშია იცავენ!

ზღვისპირელები პირველ მატჩს სტუმ­რად გამართავენ (5-6 ივლისს), განმეორებითი შეხვედრები კი 12-13 ივლისს გაიმართება.

თქმა არ უნდა, ბრატისლავაშიც და ბათუმშიც დაძაბულ მატჩებს ვნახავთ, თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც ახლა ქართველ გულშემატკივარს აწუხებს, ხვიჩა კვარაცხელიას ეხება: ითამაშებს თუ არა კლუბის და ნაკრების ლიდერი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე? საქმე ის არის, რომ ივლისიდან, ხვიჩა ახალ კლუბს - "ნაპოლის"" უნდა შეუერთდეს და საკითხავია, დათანხმდებიან თუ არა ნეაპოლელები, რომ კვარაცხელიას ბათუმური კლუბის დახმარების უფლება მისცენ.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გარდა, გაიმართა კონფერენსლიგის წილისყრაც, სადაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართული კლუბის მეტოქეთა ვინაობა გაირკვა:

თბილისის "დინამო" - "პაიდე" (ესტონეთი);

"საბურთალო" - "პარტიზანი" (ალბანეთი);

"კუპსი" (ფინეთი) – გორის "დილა".

კონფერენსლიგის პირველი შეხვედრები 7 ივლისს, განმეორებითი მატჩები კი 14 ივლისს გაიმართება.

ივნისის პირველი ნახევარი საუცხოო გამოდგა ქართული ფეხბურთისთვის. იმედია, ეროვნული ნაკრების მუხტი ქართულ კლუბებსაც "გადაედება" და... ფეხბურთი ივლისშიც გვეყვარება!