"ევროკომისიის გადაწყვეტილებას ჩაფლავებად არ მივიჩნევ, მაგრამ საზეიმოც არაფერია..." - კვირის პალიტრა

"ევროკომისიის გადაწყვეტილებას ჩაფლავებად არ მივიჩნევ, მაგრამ საზეიმოც არაფერია..."

პოლარიზაციის დასრულება, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, მედიაგარემოს გაუმჯობესება - ეს არასრული ჩამონათვალია ევროკომისიის იმ რეკომენდაციებისა, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რა დავკარგეთ, რატომ და რისი პერსპექტივა აქვს ქვეყანას, ამ საკითხებზე პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე­ გვესაუბრა:

- ევროკომისიის შეფასებას ჩაფლავებად ნამდვილად არ მივიჩნევ, არც ევროპული გზიდან გადახვევად, მაგრამ საზეიმოც არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ევროპული პერსპექტივა მოგვცეს, რაც ნამდვილად სანატრელი იყო. თუმცა საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო მეტი გონიერება გამოეჩინა და ნაკლები რაღაც გაეფუჭებინა. თუნდაც გაუგებარია, რა აუცილებელი იყო "ქართული ოცნების" შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა ან რა სარგებლობა მოუტანა მმართველ პარტიასა და ქვეყანას ამ ეტაპზე ნიკა გვარამიას დაჭერამ? ეს კითხვები არსებობს და მათზე არგუმენტირებული პასუხები არ მომისმენია. ოპოზიციის შეცდომა იყო არჩევნების წაგების შემდეგ ქუჩაში გასვლა, რამაც ხელისუფლებას უპირატესობა მისცა - მმართველ გუნდს ძალაუფლება "ნაციონალების" გაჯიუტებამ მისცა.

ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, რაშიც ორივე მხარეა დამნაშავე, მაგრამ მის დაწყებაში "ნაციონალებს" მიუძღვით ბრალი. მათი ბოიკოტი და "ოცნების" დოკუმენტიდან გასვლა გახდა ევროპელებისთვის სალაპარაკო, თუმცა მთლიანობაში ხელისუფლების ვალია პროცესების წარმართვა და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. თუმცა, ევროკავშირმა კი არა, მამა-ღმერთმაც რომ სთხოვოს, მაინც არა მაქვს ილუზია, რომ "ოცნება" და "ნაციონალები" ამ დაპირისპირებას დაასრულებენ. სიძულვილი მხოლოდ პარტიის ლიდერებში კი არა, მომხრეებშიც ისე ღრმად არის გამჯდარი, ლამისაა შთამომავლობას გადასცენ. ვერ წარმომიდგენია რა წაშლის ამ სიძულვილს, რაც ამ ორმა პოლიტიკურმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში დააგროვა. ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა, საიდანაც გამომდინარეობს სხვებიც. ევროპელმა პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად იციან და ამიტომაც რამდენჯერაც ევროკომისიამ საქართველო ახსენა, იმდენჯერვე პოლარიზაციაზე ილაპარაკა. უნდა შეიგნონ, რომ ამით ქვეყანა, ჩვენი მომავალი ზარალდება. ერთმანეთის გადაბრალებაში ისე არიან გაწაფული, იოტისოდენა პასუხისმგებლობასაც არ გრძნობს არც ერთი მხარე. შთაბეჭდილება რჩება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ხელისუფლების მარცხად, მისი გავლენის უფრო შესუსტებად აღიქვამს. მმართველ გუნდშიც არიან ისეთები, ვისაც ევროკავშირში გაწევრება ოპოზიციის ჯიბრზე "ოცნების" უპირატესობის დასამტკიცებლად სურს. ასეთ დროსაც კი შიდაპოლიტიკური ამბიციები უფრო მნიშვნელოვანი ჰგონიათ. დროის მნიშვნელობას ვერ აცნობიერებენ, მთავარია, ერთმანეთზე იქილიკონ, თავიანთი მომხრეები ერთმანეთს გადაკიდონ, მაგრამ მერე რა?.. ევროპაც მოიცდის, ნატოც, ქვეყნის განვითარებაც... თან ამით ერთმანეთს აძლიერებენ. 2003 წლის შემდეგ "მოქკავშირს" ხომ არავინ აირჩევდა, არა?! შესაბამისად, არც "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლა სურს როგორც ჩანს, მოსახლეობის უმეტესობას, მაგრამ მაინც ათი წელია ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. შიდაპოლიტიკური თამაშები, ძალაუფლებისთვის ბრძოლა ყველა საგარეო თემაზე, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხზე საჭირო ჰგონიათ. ამ თამაშებში არ ერთვება გახარია, რომელიც შუაშისტობას თამაშობს, გამოუვა თუ არა, ვნახოთ. იმდენად დიდია პოლარიზაცია, პოლიტიკური ძალების დაპირისპირების შიში, რომ შეიძლება რომელიღაც ძალა მობრუნდეს ან ძალაუფლება დაკარგოს, მესამე ძალა ვერ იქმნება. ასეა ყოველი არჩევნების დროს.

- ევროკომისიის შეფასების გამოცხადებამდე პრეზიდენტმა ორივე მხარე გააკრიტიკა და დამოუკიდებლად გამართა აქცია, რომელიც მცირერიცხოვანი აღმოჩნდა. რამდენად გამართლებული იყო მისი ქმედება?

- ყველა აქცენტი სწორად დასვა, ჩამოთვლილი პრობლემების უმეტესობა სწორად იყო დანახული, თუმცა ევროკომისიის შეფასების გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე ევროპის მხარდამჭერი აქციის გამართვას რა აზრი ჰქონდა, არ ვიცი. სამაგიეროდ, ვიცით, რომ აქციებს ქვეყანაში მხოლოდ ორი ძალა მართავს: "ნაცმოძრაობა" და "ოცნება", სალომე ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციაზე, რომელიმე ძალას თუ არ დაუჭერს მხარს, ცოტა ხალხი მივა. ეს არის რეალობა.

- თქვენი აზრით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლარიზაცია უფრო გამწვავდება, ქვეყნის ევროპული მომავალი უფრო გადაიწევს თუ მხარეები თავიანთ წილ პასუხისმგებლობას გააცნობიერებენ?

- ევროკომისიის შეფასების ყველაზე რეალისტური სცენარი ასე წარმომიდგენია: "ქართული ოცნება" იტყვის, მზად ვართ პოლარიზაცია დავასრულოთ, თუ იმავეს გააკეთებს "ნაციონალური მოძრაობაო". იმავეს იტყვიან "ნაციონალები" - ანუ ამიერიდან პოლარიზაციის ერთმანეთზე გადაბრალებასაც დაიწყებენ, რაც ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ორივე მართალი იქნება. სულ ამ წრეზე ვიტრიალებთ, სანამ არ გამოჩნდება რეალური მესამე ძალა და არა მათი შტოები.

მოლდოვას ბევრად მეტი პრობლემა ჩამოუთვალეს, ვიდრე საქართველოს. ის ბევრი კრიტერიუმით ჩამოგვრჩება, მაგრამ საქმე ის არის, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან ბევრი რამ აურია, მოლდოვამ კი, პირიქით. აქედან გამომდინარე მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისცეს კიდეც კანდიდატობის სტატუსი. სინამდვილეში მასაც იმდენივე აშორებს ევროკავშირის წევრობისგან, რამდენიც ჩვენ. მასაც უამრავი რეფორმა აქვს გასატარებელი. პრესკონფერენციაზეც ითქვა, თავად ქვეყანაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებსო - კანდიდატის სტატუსს ანიჭებენ წინა პირობით, რომ მოლდაველები რეფორმებს გაატარებენ. ქვეტექსტში იკითხებოდა ისიც, რომ რეალურად არც ერთი ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებთან ახლოსაც არა ვართ. უკრაინას იმიტომ მისცეს, რომ ომშია, რომელიც როდის ან როგორ დასრულდება არავის იცის. დასავლეთს უკრაინის დახმარება, გამხნევება სურს და ამ უმძიმეს მდგომარეობაში მისთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა დიდი იმედგაცრუება იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ სამეულში საქმე ყველაზე ცუდად უკრაინას აქვს.

ახლა აქამდე რა იყო იმაზე კი არა, შემდეგ რა იქნება იმაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ დროის ჩარჩოზე საუბრისას არაერთხელ აღნიშნეს, რომ ამ ქვეყნებზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავენ თავიანთ მომავალს. თუ საქართველომ იპოვა ძალა, პოლიტიკურმა მხარეებმა კი შეძლეს ამბიციების გაკონტროლება, ამ თუ სხვა მთავრობამ რეფორმები გაატარა, ისევ შეგვიძლია დანარჩენ ორს გავუსწროთ.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოზე საუბრისას არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა, რაშიც ის იგულისხმა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემა ფანტასტიკის სფეროა, ეს უკრაინის ომმა დააჩქარა. გასაგებია ჩვენი გულისტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება, მაგრამ თუნდაც შარშან არავინ ელოდა, რომ ერთ წელიწადში კი არა, 4-5 წლის პერსპექტივაში მივიღებდით, მაგრამ უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა.

- როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის გადაწყვეტილება საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს გააძლიერებს?

- არა მგონია. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, რეფორმები გასატარებელი გვაქვს. კანდიდატის სტატუსი რომც მოეცათ, რეფორმების გატარების, ევროსტანდარტებთან გათანაბრების თუ არა, მიახლოების გარეშე ევროკავშირში მაინც არავინ მიგვიღებს. ამიტომ ახლა შესაძლოა რეფორმების გასატარებლად მთავრობაზე საზოგადოების ზეწოლა გაიზარდოს, რათა კანდიდატის სტატუსი მოგვცენ.

ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ რეფორმები გააჭიანუროს. სასამართლო არ ეთმობა და საზოგადოებაც თითქოს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამიტომ საჭიროა მობილიზება, ისეთი ოპოზიციის გამოჩენა, რომელსაც ხალხი გაჰყვება, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა...

უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას: ხომ ხედავთ, არ გვაძლევენ სტატუსს და ახლა მაინც გაატარეთ რეფორმები, ბოლოს და ბოლოს, მოლდოვას აძლევენ, რომელიც მართლაც მაჩანჩალა ქვეყანა იყო, მაგრამ გააცნობიერა თავისი პრობლემები და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომა და გაგვასწრო კიდეც.

- "უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად სხვა ადგილას არიან", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტის დროს. ხელისუფლებაც ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობით შეეცადა თავის მართლებას, ზოგმა კი მისი განცხადება რუსეთისთვის საამებელ პოზიციად აღიქვა.

- მაკრონი წარმოადგენს საფრანგეთს, რომელიც როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის გაფართოებას სკეპტიკურად უყურებს. დიახ, ასეთია საქართველოს სამწუხარო რეალობა, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირს არ ვესაზღვრებით, რაც დიდი პრობლემაა. ერთწლიანი დიდი გარღვევის გარდა, მოლდოვას ერთი პლუსიც აქვს, რუმინეთს ესაზღვრება, მისი მოქალაქეების უმეტესობას რუმინული პასპორტი აქვს და ევროკავშირის ქვეყნებშიც იოლად დადიან. მოლდოვა უამრავი პარამეტრით ჩამორჩება საქართველოს და სხვა თუ არაფერი, კორუფციის მხრივ ბევრად წინ არის. უკრაინას კი პოლონეთი და სლოვაკეთი ჰყავს მეზობლად. ამ მხრივ საქართველოს ნამდვილად სხვა მოცემულობა აქვს.

- ეს ხომ ახალი არაა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ხომ არ შეცვლილა.

- არადა, მენტალურად პროევროპული ვართ და ენთუზიაზმიც გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყნისთვის სიმბოლური ჟესტია. ყველა ქვეყანამ იცის შიდა რეალობა და ამას ემსახურებოდა რეფორმებისკენ მოწოდებაც. ხელისუფლება ისევ ევროკავშირის უსამართლობაზე საუბრობს. და მისი ქვეტექსტის თანახმად, უკრაინას იმიტომ "მოეფერნენ", რომ ომშია, საქართველოში კი მშვიდობაა და ამიტომ მას არ მოეფერნენ, მაგრამ აუცილებელი პირობაა რეფორმების გატარება, რაც მათთვის დიდი დისკომფორტია და ამის მიღწევას საზოგადოების აქტიურობა სჭირდება.რაც შეეხება რუსეთს, რა თქმა უნდა, მას საქართველოც, უკრაინაც და მოლდოვაც მისი გავლენის ტერიტორიებად მიაჩნია, სადაც კონტროლი დროებით აქვს დაკარგული და მისი დაბრუნება ღირსების საქმედ მიაჩნია, ამიტომ ევროსაბჭოში ჩვენი შესვლა - თუ შევალთ და იმედია, შევალთ - ცხადია, კრემლს არ გაუხარდება. ამიტომ ამის ჩასაშლელად უკან არ დაიხევენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და ნატო სრულიად განსხვავებული ორგანიზაციებია.

სამხედრო ალიანსში გაწევრება გაცილებით რთულია. მისი გაფართოების შემთხვევაში რუსეთი ბევრად მეტ პრობლემას ქმნის. უკრაინის ომმა დაგვანახა, რომ მზად არის ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ ნატოს გაფართოება არ დაუშვას. ევროკავშირი მისთვის იმავე მნიშვნელობის მატარებელი არ არის. ამიტომ, ევროკავშირში გაწევრება, ნატოსგან განსხვავებით, უფრო მეტად საქართველოზე ან უკრაინასა და მოლდოვაზეა დამოკიდებული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რუსეთი არ არის თეთრი და ფუმფულა, ისეთია, როგორიც არისო - შეეგუეთ, რომ ყველგან მართლები ვართ და არც უკრაინის ომში ვაპირებთ უკან დახევასო. ასე რომ, ახლა უკრაინას იარაღი, სამხედრო დახმარება უფრო სჭირდება, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი.