ტექნოგენური კატასტროფები - კვირის პალიტრა

ტექნოგენური კატასტროფები

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებად ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში„"სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება„"კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გა­მოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

თითქოს დედაბუნებისგან გამოგზავნილი რისხვა მიწისძვრების თუ წყალდიდობების სახით საკმარისი არ იყოს, ბუნებრივს ტექნოგენური კატასტროფების საფრთხეც რომ არ ემატებოდეს.

ტექნოგენური კატასტროფე­ბის ძირითადი გამომწვევი ადამიანია, რომელმაც ან თავიდანვე ტექნიკური ხარვეზებით შექმნა ობიექტი, ან მისი ექსპლუატაციის დროს დაუშვა საბედისწერო შეცდომა თუ შეცდომები, თუმცა, შესაძლებელია, ბუნებრივი მოვლენაც გახდეს ტექნოგენური კატასტროფის მიზეზი.

რა სახის ტექნოგენური კატასტროფები შეიძლება დაგვემუქროს?

ტექნოგენური კატასტროფები, ძირითადად, ორ ჯგუფად იყოფა: ინდუსტრიულად და სატრანსპორტოდ. ინდუსტრიულ ტექნოგენურ კატასტროფებს მიეკუთვნება მსხვერპლით დასრულებული ავარიები ატომურ ელექტროსადგურებზე, ქიმიური მრეწველობის ქარხნებში, ნავთობ და გაზსადენებზე და ა.შ., სატრანსპორტო ტექნოგენური კატასტროფები კი შეიძლება მოხდეს ხმელეთზე, მიწის ქვეშ, წყალზე, წყალქვეშ და ჰაერში შესაბამისი კლასის სატრანსპორტო საშუალების გამოყენების დროს.

ყველაზე ცნობილი ტექნოგენური კატასტროფები მსოფლიოში

ინდუსტრიული ტექნოგენური კატასტროფებიდან ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა 1984 წლის 3 დეკემბერს ინდოეთის ქალაქ ბჰოპალში მდებარე ამერიკული კონცერნის ქიმიური ქარხნიდან 42 ტონა მეთილიზოციამიტის ორთქლის ატმოსფეროში გაჟონვას, რის შედეგად 3 000 ადამიანი იმ დღესვე დაიღუპა, მომდევნო წლებში კი კიდევ 15 ათასი მოწამლული გარდაიცვალა.

ასეთი საშინელი ტრაგედიის მიზეზი გახდა პატარა ტექნიკური პრობლემა: რეზერვუარი, რომელშიც რამდენიმე ათეული ტონა მეთილიზოციამიტის აორთქლებადი სითხე ესხა, 39,50ჩო-ზე მეტად გაცხელდა, ეს კი მომწამვლელი მეთილიზოციამიტის დუღილის ტემპერატურას აღემატებოდა, შესაბამისად, რეზერვუარში წნევამ მოიმატა და ავარიული კლაპანი გახეთქა, ატმოსფეროში გამოსული მეთილიზოციამიტის სასიკვდილო ღრუბელმა კი ქარხნის სიახლოვეს მდებარე სადგური და იქვე გაშენებული "ქოხების ქალაქი" (სადაც გაჭირვებული ინდოელები ძალზე მჭიდროდ ცხოვრობდნენ) დაფარა.

ატომურ ინდუსტრიაში სამი ყველაზე მასშტაბური "ატომური ინციდენტი" მოხდა, რომლებმაც ბუნებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანთა მსხვერპლსა და რადიოაქტიურ დასხივებაზე.

1979 წლის ტრი-მაილ-აილენდის (აშშ), 1986 წლის ჩერნობილის (საბჭოთა კავშირი, უკრაინა) და 2011 წლის ფუკუშიმას (იაპონია) ატომურ ელექტროსადგურებში მომხდარმა რადიაციულმა ტექნოგენურმა კატასტროფებმა მსოფლიოს დაანახა, რომ სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებზეც არანაკლები სიფრთხილეა საჭირო, ვიდრე ბირთვული შეიარაღების საწყობებში.

ტრი-მაილ-აილენდში ატომურ ელექტროსადგურზე, ისევე, როგორც ჩერნობილში ბირთვული კატასტროფა გამოიწვია მომსახურე პერსონალის უმძიმესმა შეცდომებმა, რომლებიც ატომური რეაქტორების პროექტირებისას დაშვებულ კონსტრუქციულ შეცდომებს დაერთო.

იაპონურ ფუკუშიმაში, მართალია, ტრაგედიის მთავარი მიზეზი 180 კმ-ში მომხდარი 9-ბალიანი მიწისძვრა იყო, რომელმაც 15 მ სიმაღლის ცუნამი წარმოშვა (ზღვის ტალღები სანაპიროზე განთავსებული ატომური ელექტროსადგურის შენობაში შეიჭრა, დატბორა, გამორთო ავარიული დიზელგენერატორები, ელექტროენერგიის გათიშვის გამო კი გაითიშა ატომური რეაქტორების გაგრილების სისტემაც), მაგრამ აქაც იყო კონსტრუქციული ხარვეზები, კერძოდ, ატომური ელექტროსადგური ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარეობდა.

ატომურ ელექტოსადგურზე შესაძლო ინციდენტის საფრთხე თბილისელებს შეიძლება მაშინ დაემუქროს, თუკი 170 კმ-ში მდებარე სომხეთის მეწამორის ატომურ რეაქტორზე რამე მოხდება და ქარიც ჩვენკენ დაუბერავს.

ყველაზე ტრაგიკული საავიაციო კატასტროფები

მართალია, ავიაცია მხოლოდ საუკუნოვან ისტორიას ითვლის, მაგრამ სხვა სატრანსპორტო საშუალებებისგან განსხვავებთ, ის ამ პერიოდში გიგანტური ნაბიჯებით ვითარდებოდა, რაც უპირველესად, ერთი თვითმფრინავით 500 და მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობით გამოიხატა, თუმცა ამ ფაქტმა გაზარდა საფრთხეც, რადგან თუ ავიაციის დაბადების პირველ წლებში ავიაკატასროფას შეიძლებოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შესწიროდა, თანამედროვე ავიაკატასტროფების მსხვერლთა რიცხვი, სამწუხაროდ, უკვე ასეულებით ითვლება.

მიჩნეულია, რომ ერთი თვითმფრინავის ავიაკატასტროფას ყველაზე მეტი მსხვერპლი 1985 წელს იაპონური "ბოინგ-747"-ის მთასთან შეჯახებას მოყვა - 520 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ყველაზე დიდ ავიაკატასტროფად მაინც 1977 წელს კანარის კუნძულ ტერენიფეს აეროპორტში ორი "ბოინგ-747"-ის შეჯახება ითვლება, როცა 583 მგზავრი დაიღუპა.

საზღვაო კატასტროფები

საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ყველაზე დიდი საზღვაო კატასტროფა 1912 წელს მოხდა, როდესაც "ტიტანიკის" აისბერგთან შეჯახების შედეგად 1 513 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ასე არ არის. 1941 წლის 7 ნოემბერს შავ ზღვაში, ყირიმთან, გერმანულმა თვითმფრინავებმა ჩაძირეს "ადჟარიას" კლასის სამგზავრო-სატვირთო თბომავალი "არმენია", რომლის ბორტზე მყოფი 4 500 დევნილიდან და დაჭრილიდან, რომელთა ევაკუაცია საქართველოში იგეგმებოდა, თითქმის ყველა დაიღუპა.

მეორე მსოფლიო ომის ბოლოს საბჭოთა კავშირმა ერთგვარად სამაგიერო გადაუხადა ფაშისტურ გერმანიას, როდესაც 1945 წლის 30 იანვარს ბალტიის ზღვაში, პოლონეთის სანაპიროსთან, საბჭოთა წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა ტორპედოებმა ჩაძირა გერმანელების 208 მ სიგრძის ათგემბანიანი მცურავი ჰოსპიტალი "ვილჰემ გუსტლოფი", რასაც 9000-ზე მეტი დაჭრილისა და დევნილის დაღუპვა მოყვა. ეს ითვლება ყველაზე დიდ საზღვაო ტრაგედიად, რომელმაც ყველაზე მეტი ადამიანი შეიწირა.

სარკინიგზო კატასტროფები

სარკინიგზო მიმოსვლა საავიაციოზე "უხუცესია" და არც მას დაჰკლებია კატასტროფები, რომლებიც უფრო ტრაგიკული გახდა მას შემდეგ, რაც სამგზავრო მატარებლების სიჩქარემ ავტობუსებისას გაუსწრო და შიდაწვისძრავიანი თვითმფრინავებისას გაუტოლდა.

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სარკინიგზო კატასტროფა 2004 წლის 26 დეკემბერს მოხდა შრი-ლანკაზე, რასაც 1 700-ზე მეტი მგზავრი ემსხვერპლა. სამგზავრო მატარებელი წითელ შუქნიშაზე იდგა ოკეანის სანაპიროდან 170 მ-ში და არც მემანქანეებმა და არც მგზავრებმა არ იცოდნენ, რომ 2,5 სთ-ით ადრე კუნძულ სუმატრასთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის 9 მ-იანი ტალღები მათკენ მიისწრაფოდა.

სანაპიროზე აჭრილმა წყლის მასამ 30-ტონიანი სამგზავრო ვაგონები ჯუნგლებამდე ასიოდე მეტრი ათრია, ხოლო 80 ტონიანი თბომავალი - რამდენიმე ათეული მეტრი.

ერთ-ერთი ყველაზე საზარელი სარკინიგზო ტრაგედია 1989 წლის 4 ივნისს საბჭოთა კავშირში, ბაშკირეთში დატრიალდა.

გაზსადენზე, რომლის საშუალებითაც თანმდევი ნავთობის გაზისა და გაზის კონდესატის ნარევის ტრანსპორტირება ხდებოდა, 1,7 მ სიგრძის წვრილი ნაპრალი წარმოიქმნა, საიდანაც გამოჟონილი ფეთქებადსაშიში გაზის ღრუბელი ხევში "ჩაწვა". დაზიანებული გაზსადენიდან 900 მ-ში ტრანსციმბირის სარკინიგზო ხაზი გადიოდა და იქ ჩავლილი მატარებლების მემანქანეებმა დისპეტჩერს შეატყობინეს ბენზინის მკვეთრი სუნის შესახებ, მაგრამ ყური არავინ უგდო. მერე კი, როდესაც სწორედ ამ ადგილას ორი შემხვედრი სამგზავრო მატარებელი - ნოვოსიბირსკი-ადლერი და ადლერი-ნოვოსიბირსკი ერთმანეთს გაუსწორდა (არადა, რომ არა დაგვიანება, იმ დროს ეს მატარებლები სხვა ადგილას უნდა ყოფილიყვნენ), იფეთქა ხევში ჩაწოლილმა და ჰაერის ჟანგბადთან შერევით მოცულობით ფეთქებად (სხვანაირად ვაკუუმურ ბომბსაც რომ ეძახიან) აეროზოლად ქცეულმა აირმა, რომლის აფეთქების სიმძლავრე, შემდგომი გამოთვლით, 12 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტს უახლოვდებოდა. შეგახსენებთ, რომ ჰიროსიმაში ჩამოგდებული ამერიკული ატომური ბომბის სიმძალვრედ 16 კილოტონა მიიჩნევა.

საშინელი აფეთქების ტალღამ და ცეცხლმა ორივე მატარებელში, სხვადასხავა მონაცემით, 575-დან 645-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ტექნოგენური კატასტროფები საქართველოში

საქართველოც ვერ ასცდა ინდუსტრიული და სატრანსპორტო სახის ტექნოგენურ კატასტროფებს, როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

საბჭოთა პერიოდში არცთუ იშვიათი იყო მცირე მასშტაბის ტექნოგენური ავარიები ქარხნებსა და ფაბრიკებში, მაგრამ ეს ფაქტები, როგორც წესი, იჩქმალებოდა, თუმცა სატრანსპორტო ტექნოგენური კატასტროფის დამალვა საბჭოთა ხელისუფლებას მაინც არ შეეძლო, თუკი ეს სარკინიგზო ან საავიაციო შემთხვევას ეხებოდა და ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ძალზე გასაიდუმლოებული რჩებოდა ყველა სახიფათო ინციდენტი, რომლებიც საქართველოში დისლოცირებულ საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებთან იყო დაკავშირებული.

დღემდე მხოლოდ დაუდასტურებელ ჭორად რჩება ის ბირთვული ინციდენტი, რომელიც, სავარაუდოდ, ვაზიანის სპეციალურ მიწისქვეშა საცავში შენახულ ბირთვულქობინიან რაკეტებს შეემთხვა, რამაც მიმდებარე ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.

საბჭოთა პერიოდში არცთუ იშვიათად ხდებოდა სამხედრო საავიაციო ტექნიკის ავარიები და კატასტროფები კოპიტნარის, ვაზიანის, მარნეულის, მერიის, გუდაუთისა თუ ცხაკაიის (სენაკის) სამხედრო აეროდრომებზე, თელავის საბჭოთა საშვეულმფრენო პოლკს კი მსოფლიოში უდიდესი ორი სამხედრო-სატრანპორტო შვეულმფრენი Ми-26-იც კი ჩამოუვარდა, როგორც კახეთის ზვრებში, ისე - რიკოთის უღელტეხილისკენ, სოფელ ალთან.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ყველაზე დიდი საავიაციო კატასტროფის შედეგად, 1993 წლის 22 სექტემბერს, სოხუმის აეროდრომზე Ту-154Б ტიპის თვითმფრინავის დაჯდომისას 108 ეკიპაჟი წევრი და მგზავრი დაიღუპა, მაგრამ ეს არ იყო ტექნიკური მიზეზით გამოწვეული ავიაკატასტროფა - აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა საზენიტო რაკეტით ჩამოაგდოს სამგზავრო თვითმფრინავი, ანუ ომის დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე არავინ დასჯილა.

რა უნდა იცოდეს მოქალაქემ ტექნოგენური კატასტროფის შემთხვევაში?

ქიმიური მრეწველობის ობიექტების სიახლოვეს მცხოვრებთათვის უნდა ტარდებოდეს გაცნობითი ხასიათის თეორიულ-პრაქტიკული სემინარები, რომლებზეც სპეციალისტები მოქალაქეებს აუხსნიან, რა სახის ქიმიური პროდუქცია იწარმოება, რა საფრთხე შეიძლება გაჩნდეს ტექნოგენური კატასტროფის შემთხვევაში და ინდივიდუალური თავდაცვის რა საშუალებები და ზომები არსებობს ასეთი კრიტიკული სიტუაციიდან თავის დასაღწევად.

თუკი მოქალაქე სატრანსპორტო საშუალების ავარიის თვითმხილველი გახდა, უნდა ახსოვდეს, რომ ნაავარიევ და, მით უმეტეს, ცეცხლწაკიდებულ მანქანაში, მატარებელსა და განსაკუთრებით - თვითმფრინავსა და შვეულმფრენში არაერთი ხელსაწყოა, რომლებიც შეიძლება მოგვიანებით აფეთქდეს, ამიტომაც სპეციალისტების მოსვლამდე უსაფრთხო დისტანცია უნდა დაიცვას, მაგრამ თუ ხედავს, რომ ადამიანებს სასწრაფოდ დახმარება სჭირდებათ, მაშინ უნდა გარისკოს.ირაკლი ალადაშვილი