უკრაინელების შიშით რუსები სოჭიდან მოსკოვში... ყაზახეთის გავლით დაფრინავენ - კვირის პალიტრა

უკრაინელების შიშით რუსები სოჭიდან მოსკოვში... ყაზახეთის გავლით დაფრინავენ

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არათუ ამართლებენ, არამედ მხარსაც კი უჭერენ პუტინის თავდასხმას მეზობელ უკრაინაზე, მეოთხე თვეა, იძულებული არიან, ყაზახეთის ცაში რამდენიმე საათით მეტხანს იფრინონ, რომ რუსეთის შავი ზღვის კურორტებზე ჩაფრინდნენ.

საქმე ის არის, რომ 24 თებერვლიდან, ანუ უკრაინაში შეჭრიდან, რუსეთის ქალაქებში: ანაპაში, ბელგოროდში, კურსკში, ბრიანსკში, ვორონეჟში, გელენჯიკში, კრასნოდარში, ლიპეცკში, დონის როსტოვში, სიმფეროპოლსა და ელისტაში დაკეტილია 11 აეროპორტი და შეჩერებულია სამგზავრო ფრენები რუსეთის იმ საჰაერო სივრცეში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება უკრაინის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებს.

რუსების შიში გასაგებია - ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა, როგორც რვა წლის წინ უკრაინის საჰაერო სივრცეში თვითონ ჩამოაგდეს მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი" საზენიტო „ბუკის“ რაკეტით, რასაც 298 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რუსული ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავებიც უკრაინელი მეზენიტეების შურისძიების საგნად იქცეს, მაგრამ უკრაინელ სამხედროებს რუსული სამგზავრო Ту-ებისთვის არ სცალიათ - მათ უკრაინის ცაში რუსი სამხედროების Су-ები და МИГ-ები ჰყავთ ჩამოსაყრელი, რუს ავიამგზავრებს კი ისევ თანამემამულე მეზენიტეების უნდა ეშინოდეთ, რომლებიც გულის კანკალით ელიან, რომ რომელიმე გაბედული უკრაინელი პილოტი რუსეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრება და ვორონეჟის სამხედრო აეროდრომს დაუბომბავს (როგორც ორმა უკრაინულმა "მფრინავმა ნიანგმა" მოიმოქმედა ბელგოროდის ნავთობბაზის აფეთქებისას), ამიტომ მზად არიან, რაკეტა ესროლონ ყველა მფრინავ ობიექტს, რომლის ამოცნობის რადიოსიგნალს ვერ მიიღებენ, შეიძლება ტექნიკური გაუმართაობის გამოც კი.ჩრდილოკავკასიიდან მოსკოვამდე ყაზახეთზე გამავალი უზარმაზარი შემოვლითი მარშრუტით ფრენისას რუსული ავიაკომპანიები სერიოზულ ფინანსურ ზარალს განიცდიან, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ - მათ ბელადს მეზობლების ტერიტორიების დაპყრობა ყველაფერს ურჩევნია.