პირველი ცივი ომის დროს საბჭოთა ხომალდებზე დაგეშილმა ამერიკულმა "ჰარპუნმა" ოცნება რუსულთან აისრულა... - კვირის პალიტრა

პირველი ცივი ომის დროს საბჭოთა ხომალდებზე დაგეშილმა ამერიკულმა "ჰარპუნმა" ოცნება რუსულთან აისრულა...

17 ივნისს, გამთენიისას, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეიძლება პირველად მოხდა ის, რაც ათწლეულების განმავლობაში, პირველი ცივი ომის პერიოდში იყო მოსალოდნელი - ნატოს ალიანსის ქვეყნების შეიარაღების ხომალდსაწინააღმდეგო მართვადმა ფრთოსანმა რაკეტა "ჰარპუნმა" პირდაპირი მოხვედრით ჯერ დააზიანა და შემდეგ ჩაძირა საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის სამხედრო ფლოტის მცურავი საშუალება.

უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ოკუპირებულ კუნძულ ზმეინის სიახლოვეს, მათ ზუსტი დარტყმა მიაყენეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამაშველო ბუქსირს "მაშველი ვასილი ბეხი" და გამოაქვეყნეს სადაზვერვო-დამრტყმელი დრონიდან, "ბაირაქტარიდან" გადაღებული ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც. კადრებში მეტ-ნაკლებად ჩანს, რომ ღამით ზღვაში მცურავ ობიექტს მარცხნიდან ხვდება მანათობელი სხეული (სავარაუდოდ, რაკეტა) და მას აფეთქებს.

samx3-1655674021.jpg
რუსული ბუქსირი "მაშველი ვასილი ბეხი" სინამდვილეში სამაშველო ფუნქციას კი არ ასრულებდა, არამედ კუნძულ ზმეინიზე გამაგრებულ რუს ოკუპანტებს შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით ამარაგებდა და კანონიერ სამხედრო სამიზნედაც იქცა, მით უმეტეს, რომ მის გემბანზე Тор-М2КМ ტიპის საზენიტო-სარაკეტო მოდულიც იყო დამონტაჟებული

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ სამაშველო ბუქსირის დაზიანება და ჩაძირვა თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანს, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 145-ე სამაშველო გემების ჯგუფის ბუქსირი "მაშველი ვასილი ბეხი", რომლის სრული წყალწყვა 1 670 ტონაა, უკრაინელებისთვის გემრიელი ლუკმა იყო, რადგან ოკუპირებულ ზმეინიზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გადაჰქონდა და პირადი შემადგენლობა გადაჰყავდა. გარდა ამისა, იყო უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც, რომლის გამო უკრაინელ სამხედროებს რუსულ ბუქსირზე ზუსტი სარაკეტო დარტყმის განხორციელება განსაკუთრებით უნდა უხაროდეთ, რადგან რეპეტიციამ შესანიშნავად ჩაიარა - საქმე ის არის, რომ უკრაინული "ნეპტუნის" რაკეტებით "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ რუსმა ადმირალებმა თავიანთი რამდენიმე ფრეგატისა და კორვეტის გემბანის ბოლოში, შვეულმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანზე, განათავსეს სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის კომპლექსები "პანცირი" ან "ტორი". რა თქმა უნდა, ეს სახმელეთო საზენიტო საშუალებები არ არის გამიზნული ზღვის ძლიერ ღელვაში საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად და არც სამხედრო ხომალდისა და სახმელეთო საზენიტო საშუალებების რადიოელექტრონული აპარატურის შეთავსებით მოქმედებაა სრულად გათვლილი (ხომალდზე დამონტაჟებული სხვადასხვა დანიშნულების რადიოელექტრონული აპარატურა თვეობით ან წლობითაც კი გადის რადიოსიხშირეების დარეგულირების რთულ პროცესს, რომ საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გამოსხივებადი რადიოტალღებით ხომალდის არსებული სხვა სისტემები არ ჩაახშოს), მაგრამ რუსი სამხედრო მეზღვაურები იძულებულნი არიან, ამ არცთუ ეფექტიან გზას დაადგნენ. ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვის კრეისერმა "მოსკვამ" ვერ შეძლო უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო "ნეპტუნების" მოგერიება და რას იზამენ საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით "მოსკვაზე" გაცილებით სუსტი ფრეგატი "ადმირალი ესენი" და, მით უმეტეს, კორვეტი "ინგუშეტია", როდესაც მათ "ჰარპუნების" წყვილი "ესტუმრება"?

"მაშველი ვასილი ბახიზე" სწორედ Тор-М2КМ ტიპის საზენიტო-სარაკეტო მოდული დააყენეს უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო და "ბაირაქტარიდან" გაშვებული "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტების მოსაგერიებლად, მაგრამ როგორც ჩანს, რუსულმა ნოუ-ჰაუმ არ გაამართლა, ეს კი უკრაინელ სამხედროებს ხელ-ფეხს უხსნის, გაააქტიურონ სარაკეტო დარტყმები უკრაინის საზღვაო აკვატორიასთან მიახლოებული რუსული სამხედრო ხომალდების მიმართულებებით როგორც სამამულო "ნეპტუნებით", ისე დასავლეთიდან მიღებული "ჰარპუნებით", უშუალოდ ოკუპირებულ კუნძულ ზმეინის კი (13 ივნისს გადაღებულ კოსმოსურ სადაზვერვო სურათზე ჩანს, რომ ოკუპირებულ კუნძულზე რუსმა სამხედროებმა უკვე მოაწყვეს 25 სხვადასხვა სახის თავდაცვითი საფარი და კუნძულზე 17 ერთეული საბრძოლო და სამხედრო ტექნიკა შეიტანეს) უკრაინის სანაპიროდანაც მისწვდებიან მსხვილკალიბრიანი საარტილერიო ჭურვებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტებით.