რისთვის გაამხილეს უკრაინის არმიის საბრძოლო დანაკარგი თავად უკრაინელმა გენერლებმა?! - კვირის პალიტრა

რისთვის გაამხილეს უკრაინის არმიის საბრძოლო დანაკარგი თავად უკრაინელმა გენერლებმა?!

დაუწერელი კანონია, რომ ომის დროს მოწინააღმდეგე მხარეები არ ამხელენ საკუთარ დანაკარგს ან მას ძალზე ამცირებენ, მტრისას კი ხელოვნურად ზრდიან.

რუსეთ-უკრაინის ომის პირველი ასი დღის განმავლობაში ეს წესი ორივე მხარისთვის მოქმედებდა და რუსი ოკუპანტები ისევ მისი ერთგული რჩებიან, მაგრამ უკრაინელებმა უცნაური რაღაცები დაიწყეს: ჯერ იყო და, უკრაინის პრეზიდენტმა, შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლურ მასმედიაში აღიარა, რომ დონბასისთვის მძიმე ბრძოლებში დღე-ღამეში ასამდე უკრაინელი მებრძოლი იღუპება, 500-მდე კი იჭრება, მერე მასთან დაახლოებულმა დავიდ არახამიამ ფანტასტიკური ციფრი დაასახელა - ყოველდღიურ ბრძოლებში უკრაინის არმია 1 000 (ათას!) კაცს კარგავსო, ახლა კი პოლიტიკოსების ასეთი უცნაური გულახდილობის "მარათონს" უკრაინის არმიის გენერლებიც შეუერთდნენ: შესყიდვების დარგში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დენის შარაპოვმა და სახმელეთო ჯარების ლოჯისტიკის სარდალმა ვლადიმირ კარპენკომ ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში უკრაინის არმიის საბრძოლო დანაკარგის ისეთი რაოდენობა დაასახელეს, რისთვისაც ომის დროს, ალბათ, ხვრეტენ და რის შესატყობად რუსეთის ГРУ ყველაფერს გაიღებდა.

უკრაინელი ლოჯისტიკის სარდლის განცხადებით, უკრაინული შენაერთები ბრძოლებში ტექნიკის 30-40%-ს კარგავენ, ზოგჯერ ეს ციფრი 50%-საც აღწევს, სულ კი, ომის დაწყებიდან, უკრაინის არმიამ 1 300 ბე-ემ-პე, 400 ტანკი და 700 საარტილერიო სისტემა დაკარგაო.

თუ ეს მონაცემები კორექტირებულია შემცირების მიზნით, მაინც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რუსეთის გენშტაბის მიერ უკრაინის არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ბოლოს გავრცელებულ მართლაც მიუნჰაუზენურ ციფრებს - 24 თებერვლიდან 17 ივნისის ჩათვლით უკრაინელებს 3 587 ტანკი და ჯავშანმანქანა, 2 552 საარტილერიო სისტემა და 205 თვითმფრინავი გავუნადგურეთო, არადა, უკრაინაში შეჭრის წინ ირწმუნებოდნენ, უკრაინელებს მხოლოდ 152 თვითმფრინავი ჰყავთო.

რუსეთმა უკრაინასთან ომში თავისი არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგის რადიკალურად შემცირებული ციფრები მხოლოდ ორჯერ გამოაქვეყნა, საბრძოლო ტექნიკის დანაკარგზე კი სიტყვა არ დასცდენია. მაშ, რაში დასჭირდათ უკრაინელებს საკუთარი დანაკარგის საქვეყნოდ გამხელა, ხომ შეიძლება ამან უკრაინული არმიისა და ქვეყნის მოსახლეობის საბრძოლო სულისკვეთება დააქვეითოს?

ყველა ქმედებას თავისი ლოგიკა აქვს. შეიძლება ერთხელ ვინმეს დაუფიქრებლად რაღაც წამოსცდეს, მაგრამ როდესაც ეს ტენდენციის სახეს იღებს, საქმე სხვა რამ უნდა იყოს.

დიდი ალბათობით, უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და სამხედრო მეთაურობას უკრაინის არმიის დიდ საბრძოლო დანაკარგზე "ჩივილი" იმისთვის დასჭირდათ, რომ დასავლეთისგან მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარება მოითხოვონ. ამას ადასტურებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, შარაპოვის განცხადებაც, უკრაინამ დასავლეთისგან დიდი რაოდენობით შეიარაღება მიიღო, მაგრამ ბრძოლებში დიდი დანაკარგის გამო ეს დახმარება დაკარგულის მხოლოდ 10-15%-ია, ჩვენ კი მეტი ტანკი, ჯავშანმანქანა, არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და საჰაერო თავდაცვის საშუალება გვჭირდებაო.

საბრძოლო ტექნიკაში, განსაკუთრებით კი - არტილერიაში, დიდი უპირატესობის მქონე რუსი დამპყრობლების მოსაგერიებლად უკრაინის არმიას რომ მეტი მძიმე შეიარაღება და საჭურველი სჭირდება, ამას ვერც დასავლეთში უარყოფენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინამ ამერიკისგან 6,3 მლრდ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო, საიდანაც 5,6 მლრდ დოლარი 24 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გამოიყო. ეს უზარმაზარი თანხა, ძირითადად, დაიხარჯა უკრაინის არმიისთვის 1,4 ათასი საზენიტო "სტინგერის", 6,5 ათასი ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინის", 126 ბუქსირებადი "ჰაუბიცის" (260 ათასი 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვის ჩათვლით), 108 საარტილერიო შეჯავშნული გამწევი მანქანის, 200 მუხლუხებიანი ჯავშანტრანსპორტიორის, 7 000 ცეცხლსასროლი იარაღის (50 მლნ ვაზნითურთ), 75 ათასი ჯავშანჟილეტისა და ჯავშანჩაფხუტის კომპლექტის, 121 ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო დრონის, 30 სხვადასხვა დანიშნულების რადარის, ხომალდსაწინააღმდეგო "ჰარპუნების", 20 სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენისა და კიდევ ბევრი სხვა დასახელების საბრძოლო თუ ორმაგი დანიშნულების საშუალების მისაწოდებლად.

ნატოსა და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების, ასევე ავსტრალიისა თუ იაპონიის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ლეტალური და არალეტალური საბრძოლო საშუალებების სიაც არ არის მოკლე, მაგრამ ომს დიდი მადა აქვს, მით უმეტეს თუ რუსეთ-უკრაინის ომის რკალისებრი ფრონტის ხაზის საერთო სიგრძე, თავად უკრაინის გენშტაბის ოფიციალური განცხადებით, 2 450 კმ-ს აღწევს და დაახლოებით 1 100 კმ-ზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.უკრაინის სახმელეთო ჯარების ლოჯისტიკის სარდალი, გენერალი კარპენკო ასე აღწერს ფრონტზე შექმნილ სიტუაციას: "ერთი ბრიგადა ფრონტის ხაზზე 40-კილომეტრიან თავდაცვის ზღუდეს იკავებს. მოწინააღმდეგის აქტიური შემოტევებისას ფრონტის ხაზის დასაცავად ჩვენ 40 ბრიგადა მაინც გვჭირდება, თითოეული ბრიგადის შეიარაღებაში კი 100 ბე-ემ-პე, 30 ტანკი და 54 საარტილერიო სისტემა უნდა იყოს, ასე რომ, თავად განსაზღვრეთ, რა რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა გვჭირდება რუსეთის არმიის შემოტევების შესაჩერებლად.

უკრაინას ტანკებსა და მოიერიშე თვითმფრინავებს არ გადავცემთ...

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ევროპელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზეც თანხმობა განაცხადეს, მაგრამ კულუარულად შეთანხმდნენ, რომ უკრაინელებს არ მიაწოდონ ტანკები და მოიერიშე თვითმფრინავები, რადგან მათთვის ტანკი და მოიერიშე თვითმფრინავი შემტევ შეიარაღებად მიიჩნევა და საფრანგეთის, გერმანიისა თუ იტალიის პირველი პირები კვლავ უფრთხიან, გამწარებულმა უკრაინელებმა ამ ტანკებითა და თვითმფრინავებით რუსეთის ტერიტორიას არ შეუტიონ და ევროპის მიმართ უფრო აგრესიულად არ განაწყონ კრემლის მთავარი ბინადარი, რომლის შიში არც პარიზში, არც ბერლინსა და არც რომში დღემდე არ გამქრალა.