"ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს" - კვირის პალიტრა

"ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს"

გერმანულ ყოველკვირეული გაზეთის - "ბილდ ამ ზონტაგის" (Bild am Sonntag) 19 ივნისის ნომერში სათაურით - "ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს", გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან (ესაუბრებიან ჟურნალისტები ლიდია როზენფელდერი და ბურჰარდ ულენბროიხი).

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთთან ომს?

- უკრაინელები მამაცურად იბრძვიან რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი დონბასში სასტიკ ბრძოლას აწარმოებს, უკრაინელი ჯარისკაცები დიდებულად იბრძვიან. თუ მათ უფრო თანამედროვე იარაღს მივაწოდებთ, მატულობს იმის ალბათობა, რომ უკრაინამ დონბასიდან რუსეთი ჯარები განდევნოს.

- როგორც ამბობენ, ჩვენ ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ, მაგრამ მაინც რამდენ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები, თქვენი აზრით?

- რამდენ ხანს გაგრძელდება ბრძოლები, ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინისადმი დახმარება, თუნდაც ეს დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული - მხედველობაში მაქვს მაღალი სამხედრო ხარჯები, მაღალი ფასები ენერგომატარებლებსა და სურსათზე. ამას ვერ შევადარებთ იმ ფასს, რომელსაც უკრაინელები ყოველდღიურად იხდიან მრავალი ადამიანის სიცოცხლით. და თუ ეს ომი ვლადიმერ პუტინისთვის გაკვეთილი არ გახდება, დასკვნას არ გააკეთებს და ისევ ისე გააგრძელებს, როგორც 2008 წელს საქართველოსთან ომისა და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ მოქმედებდა, მაშინ ჩვენ უფრო ძვირი ფასის გადახდა მოგვიწევს.

- გერმანიას და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებს არავითარ შემთხვევაში არ სურთ ომის მხარე გახდნენ. არის თუ არა საომარი მოქმედებების ესკალაციის საფრთხე, თუ ნატო უფრო ღრმად ჩაერევა კონფლიქტში?

- ნატო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვის საკითხში, მაგრამ კონფლიქტის მხარე არ გახდება. ჩვენ კიევს ვეხმარებით, მაგრამ ნატოს ქვეყნების ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად არ გავგზავნით. ჩვენ განვამტკიცებთ საკუთარ თავდაცვას და გავზრდით იმ ძალების რაოდენობას - 40 ათასამდე, რომელიც უშუალოდ ნატოს დაქვემდებარებაში იქნება.

- უნდა გვეშინოდეს თუ არა პუტინის ატომური ბომბების?

- ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ რუსეთის ბირთვული ძალების მზადყოფნის უფრო მაღალ დონეს. თუმცა, რასაკვირველია, რუსეთის მხრიდან იარაღის ჟღარუნი სახიფათო და უპასუხისმგებლოა. ვლადიმერ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არავინ იქნება და ამიტომ ის არ უნდა დაიწყოს. ჩვენი მკაფიო სიგნალი მოსკოვს: ნატო თავის ყველა წევრ სახელმწიფოს დაიცავს.

- უკრაინას ნატოს წევრობა სურს. რეალურია თუ არა მისი სურვილის განხორციელება?

- ნატოს წევრები უკრაინას მხარს უჭერენ როგორც ფინანსურად, ასევე - ჰუმანიტარულად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სამხედრო ტექნიკითაც. გარდა ამისა, ნატოს სამიტი მადრიდში (ესპანეთში 23-24 ივნისს), სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მივიწვიე, კიევისათვის ფართო დახმარების პაკეტს მიიღებს. ახლა საქმე ეხება უკრაინის ბრძოლას არსებობისთვის, ვლადიმერ პუტინის სასტიკ რეჟიმთან დაპირისპირებაში. ჩვენ უზრუნველვყოფთ ნატოს ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვას ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ეს მკაფიო სიგნალია მოსკოვისათვის, რომ მას ცრუ წარმოდგენა არ შეექმნას ჩვენი მზადყოფნის მიმართ. ალიანსის წევრები თავდაცვისათვის ყოველთვის მზად ვართ.

- ნატოს მადრიდის სამიტზე, ივნისის ბოლოს, სტრატეგიის ახალი კონცეფცია უნდა იქნეს მიღებული. ბოლო დრომდე ნატოს რუსეთთან ურთიერთობას "პარტნიორულს" უწოდებდნენ. როგორი იქნება სამომავლოდ ბრიუსელისა და მოსკოვის ურთიერთდამოკიდებულება, უკრაინის ომის გათვალისწინებით?

- მსოფლიოში მომხდარი ცვლილებებით ნატოც იცვლება. მსოფლიოში საფრთხის დონე მატულობს. ჩვენ მადრიდში ვაპირებთ გამოვაცხადოთ, რომ რუსეთი ნატოსათვის პარტნიორი კი არა, არამედ - მუქარაა მისი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. დოკუმენტში ჩინეთი პირველად იქნება მოხსენიებული, იმიტომ, რომ ჩინეთი ჩვენი ინტერესების, ფასეულობებისა და უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს.

- ნატოში გაწევრება ფინეთსაც და შვედეთსაც სურთ, მაგრამ თურქეთი მათ სურვილს ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება დაბრკოლების გადალახვა?

- ნატოს წევრობაზე განაცხადი - ეს ისტორიული მომენტია, რომლითაც ჩვენ, ყველამ უნდა ვისარგებლოთ. ნატოში გაწევრება არა მარტო ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას განამტკიცებს, არამედ - ყველას ჩვენგანისაც. თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი წევრი ქვეყანაა, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს ევროპას, რუსეთს, ერაყსა და სირიას შორის. ევროკავშირის ქვეყნები, ასევე - ფინეთიც და შვედეთიც, ქურთისტანის მუშათა პარტიას და მის მებრძოლ რაზმებს ტერორისტულ დაჯგუფებად თვლიან. თურქეთის პოზიცია გასაგებია, რადგან არც ერთი ქვეყანა ისე არ დაზარალებულა ტერორიზმისაგან, როგორც - თურქეთი. სწორედ ამიტომ ანკარის შეშფოთების მიზეზებს ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველაფერი გავაკეთოთ მათ გადასაწყვეტად. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ