კალინინგრადის ბლოკადისთვის რუსეთი ლიეტუვასაც დაარტყამს? - კვირის პალიტრა

კალინინგრადის ბლოკადისთვის რუსეთი ლიეტუვასაც დაარტყამს?

რუსეთის უშუალოდ ნატოსთან სამხედრო დაპირისპირება შეიძლება გარდაუვალიც გახდეს, თუკი პუტინი უკრაინის შემდეგ ლიეტუვასაც დაარტყამს.

მოსკოვის მიერ 1940 წლიდან ოკუპირებულ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში - ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში რუსების მიმართ სიყვარულს არც არასდროს გამოხატავდნენ, მაგრამ ახლა შეიძლება საქმე ისეთ კრიტიკულ მომენტამდე მივიდეს, რომ კრემლმა ძალით სცადოს სახმელეთო დერეფნის გაჭრა თავის ანკლავამდე - კალინინგრადის ოლქამდე.

საქმე ის არის, რომ ერთ დროს აღმოსავლეთ პრუსიის კუთვნილი კენიგსბერგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სტალინმა საბჭოთა კავშირს, კერძოდ კი - რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას მიუერთა, შესაბამისად, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ კალინინგრადის ოლქი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აღმოჩნდა, თუმცა რუსებს იქ ჩასვლა მანქანითა და მატარებლით მხოლოდ ბელარუსისა და ლიეტუვის ან ლატვიისა და ლიეტუვის გადალახვით თუ შეუძლიათ.

მაგრამ თუკი ბელარუსი რუსებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ლიეტუვა მკაცრად მისდევს რუსეთისადმი დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესრულებას, რის საფუძველზეც 18 ივნისიდან აკრძალა რუსეთიდან კალინინგრადის ოლქში იმ ტვირთების ტრანზიტი, რომლებიც ხვდებიან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სიაში.

არადა, ასეთი სანქცირებული ტვირთი გადასატანი საერთო მოცულობის ტვირთის თითქმის 40-50%-ს შეადგენს და მასში შედის სამშენებლო მასალები, ცემენტი, ლითონი და სხვა.

ლიეტუვის რკინიგზაზე სანქცირების მექანიზმის ამოქმედებისთანავე რუსი პოლიტიკოსები ნატოს წევრი ქვეყნის მიერ რუსეთის ანკლავის ბლოკადაზე ალაპარაკდნენ და ლიეტუვას უკრაინის ბედით დაემუქრნენ...

რამდენად რეალურია ეს დამუქრება და გაბედავს თუ არა პუტინი ნატოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმას ალიანსის მეხუთე პუნქტის (ნატოს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა, მთლიანად ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია და ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი) არსებობის პირობებში?

დავიწყოთ იქიდან, რომ ლიეტუვის მიერ სანქციების მოთხოვნების შესრულება სულაც არ ნიშნავს ამ რუსული ანკლავის - კალინინგრადის ოლქის ეკონომიკურ ბლოკადას, რადგან არასანქცირებული პროდუქტის ტრანზიტი ძველებურად ხორციელდება, ისევე, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ რუსეთიდან კალინინგრადში მატარებლით ან მანქანით ჩასვლა.

გარდა ამისა, რუსეთს ღია საზღვაო გზა გააჩნია თავისი პორტებიდან ბალტიის ზღვაში, კალინინგრადის პორტამდე, რომელიც, სხვათა შორის, რუსეთის ერთადერთი საზღვაო პორტია ბალტიის ზღვაში, რომელიც ზამთრობით არ იყინება.

საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან კალინინგრადამდე და - პირიქით აქამდე უპრობლემოდ ხორციელდებოდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციები რუსულ ავიაკომპანიებსაც შეეხოთ და მათ ევროპაში, მათ შორის - ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ფრენები აეკრძალათ.

თუმცა ეს არ გამხდარა კალინინგრადის საჰაერო ბლოკადაში აღმოჩენის მიზეზი, რადგან რუსული ავიაკომპანიები შემოვლითი გზით, ბალტიის ზღვის თავზე უპრობლემოდ აგრძელებენ ფრენებს ამ რუსული ანკლავისკენ.

ასე რომ, რუსეთს არ აქვს იმის არავითარი საფუძველი, ამტკიცოს, თითქოს მისი ანკლავი - კალინინგრადის ოლქი ბლოკირებულია და ამიტომაც მას სრული უფლება აქვს, ძალის გამოყენებით გაჭრას სახმელეთო დერეფანი ბელარუსიდან ლიეტუვაზე გავლით კალინინგრადამდე.

2-1655712681.jpg
„სუვალკის დერეფანი“ - ასი კმ-ი ბელარუსსა და კალინინგრადს შორის, რომელმაც ნატოს შეიძლება თავისი სამი ბალტიისპირელი წევრი ქვეყანა „ჩამოაჭრას“

მაგრამ რუსეთი რისი რუსეთი იქნებოდა, თავის ანკლავამდე სახმელეთო დერეფნის გაჭრაზე რომ არ ეფიქრა?!

რუსი პოლიტიკოსების აზრებში, რომლებსაც არ მალავენ, არსებობს ჰიპოთეტური 100 კმ-იანი „სუვალკის დერეფანი“, რომელიც პოლონეთი-ლიეტუვას სახმელეთო საზღვარზე გადის და ბელარუსს კალინინგრადის ოლქთან „აერთებს“.

ნატოს შტაბ-ბინაში საკმაოდ სერიოზულად უდგებიან ამ პოტენციურ საფრთხეს, რადგან „სუვალკის დერეფნის“ ხორცშესხმის შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს „ჩამოეჭრება“ ბალტიისპირეთის სამივე წევრ ქვეყანასთან - ლიეტუვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან სახმელეთო მიმოსვლის ყველა შესაძლებლობა.

ეტყობა ამიტომაც იყო, რომ ჰიპოთეტური „სუვალკის დერეფნის“ რაიონში ნატომ ხუთი წლის წინ ჩაატარა ერთობლივი სამხედრო სწავლება „რკინის მგელი-2017“, რომელზეც გათამაშდა ლეგენდა, შეტევაზე გადასული რუსული და ბელარუსული ტანკების მოსაგერიებლად...

ამჟამად სუვალკის რაიონში 5 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზირებული ჩრდილოეთატლანტიკურ ალიანსს და ზრდის მის რაოდენობას, რადგან საფრთხე არცთუ უსაფუძვლოა...