"ფინანსურად გავძლიერდი, მაგრამ ჩემმა ახალგაზრდობის კარგმა წლებმა, ჩემმა სილამაზემ ისე გაიარა, ყველაფერი გამომეცალა" - კვირის პალიტრა

"ფინანსურად გავძლიერდი, მაგრამ ჩემმა ახალგაზრდობის კარგმა წლებმა, ჩემმა სილამაზემ ისე გაიარა, ყველაფერი გამომეცალა"

20-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალის ცხოვრება

ბათუმის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ველოსიპედით მოსეირნე ენერგიულ, მოღიმარ ქალბატონს, გალინა ზაზაძეს, რომელიც უზომო სიყვარულს გასცემს. პროფესიით მსახიობმა 20 წელი ემიგრაციაში, საბერძნეთში გაატარა. იმდენად დიდი იყო საქართველოს მონატრება, 3 წლის წინ ხანგრძლივ ემიგრაციას წერტილი დაუსვა და საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნდა. ისიც კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ აქ ყველაფრის თავიდან დაწყება და საკუთარი ადგილის დამკვირდება იოლი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგა. დღეს გიდად მუშაობს. ახალი პროფესია ძალიან მოსწონს, ბევრს მოგზაურობს და ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ადგილებზე აღფრთოვანებული საუბრობს.

- წარმოშობით მესხეთიდან ვარ. 6 დედმამიშვილი ვიყავით, მე - ნაბოლარა. უფროსი ძმა რუსეთში ცხოვრობდა. მამაჩემი მეტყოდა ხოლმე, ჩემი ბიჭი შენ ხარ, სახლიდან არსად გაგიშვებ, აქ უნდა იცხოვროო. 16 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა - მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი ხელის შეშველება. ეს ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. დედა დიასახლისი გახლდათ. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი, მიზანსაც მივაღწიე, სამსახიობო დავამთავრე და მესხეთის თეატრში დავბრუნდი. 6 წელი იქ მსახიობად ვიმუშავე. თეატრში ხელფასი 12 ლარი მქონდა, თავის გატანა შეუძლებელი იყო. მოხუცი დედაც უნდა მერჩინა. არა მარტო მე, ყველას უჭირდა, განსაკუთრებით - მსახიობებს. რამდენიმე მსახიობი თითქმის ერთდროულად წავედით ემიგრაციაში 1997 წელს. მერე შემოგვემატნენ გორის თეატრის მსახიობები, დასის გამგე და სხვები. საბერძნეთის ერთ სოფელში სათბურებში ვმუშაობდით. რომ გაიგეს, მსახიობები ვიყავით, ბერძნებს უკვირდათ, დაგვდევდნენ და სურათებს გვიღებდნენ. იქ როცა ხარ, უნდა იშრომო, იწვალო. უცხო ქვეყანაში არავის აინტერესებს, მსახიობი ხარ, ექიმი თუ დოქტორი, ჩვეულებრივი მუშა ხარ, დაქირავებული. თუ დაკისრებულ სამუშაოს არ შეასრულებ, მიბრძანდი, ბატონო, ეგერ, სხვებიც არიან და რიგში უნდა ჩადგე, რომ სამსახური იშოვო... ვინ იცის, რამდენი ტკივილი, ნერვიულობა, ფიზიკური დატვირთვა გვქონდა!.. ჩემი სოფლიდან ახალციხემდე 2 საათის გზა იყო, ამიტომ მინდოდა, ახალციხეში ბინის საყიდელი ფული მომეგროვებინა, დავბრუნებულიყავი და ისევ გამეგრძელებინა ჩემი თეატრალური ცხოვრება, რომელიც ძალიან მიყვარს და მენატრება. ამასობაში წლები გაფრინდა. ძალიან ვნანობდი, რომ წავედი, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ჩემს და-ძმებსა და დედას იქიდან ვარჩენდი. რამდენჯერმე დავაპირე წამოსვლა, მაგრამ ისევ უკან მივდიოდი.

- ოჯახი არ შეგიქმნიათ?

- ვითომ შევძელი, საბერძნეთში შემექმნა ოჯახი, ბერძენი იყო მეუღლე, მაგრამ დაირღვა ჩვენი ურთიერთობა... ჩემი ადგილი აქ არის. მაინც უცხო ხარ იმათთვის. ჩემს სამშობლოში უცხო არავისთვის ვარ. აქ უკეთესად ვგრძნობ თავს, რადგან ყველაფერი ჩემია. იქ ბევრჯერ დამსიზმრებია სახლი, ჩემი სოფელი. გაღვიძებისას აღმომიჩენია, ისევ იქ ვარ და ბევრჯერ მიტირია, მაგრამ დაღლილი სხეულით ისევ ავმდგარვარ და მუშაობა გამიგრძელებია. საბოლოოდ მიზანს მივაღწიე, ბინა ვიყიდე თბილისში, ასევე - ბათუმშიც და დღეს ჩემს სახლში ვცხოვრობ, მაგრამ საუკეთესო წლები დავკარგე... ევროპიდან დაბრუნებული ძნელად ეგუები უკვე გარემოს, პრეტენზია გაქვს ყველაფერზე, ალბათ ესეც კალაპოტში ჩადგება. აქ დაბრუნებული ხან რას მივედე, ხან - რას.

- თეატრში დაბრუნება სცადეთ?

- ბათუმის თეატრში ვცადე. მითხრეს, არ არის ადგილი, მაინც დატოვეთ ტელეფონის ნომერიო... არც მესხეთის თეატრიდან მქონდა შემოთავაზება. ბათუმი ის ქალაქია, სადაც ცხოვრება მომწონს. ზღვაც არის და მთაც. ველოსიპედით 12 წელია დავდივარ და ჩემი ძირითადი ტრანსპორტი ბათუმში ეს არის. ცოტა ხანს რესტორანშიც ვიმუშავე, ბევრი საათი მიწევდა მუშაობა და ანაზღაურება შესაბამისი არ იყო, ამიტომ თავი დავანებე. სულ იმას ვფიქრობდი, ისეთი რა მეკეთებინა, რომ ბერძნული არ დამვიწყებოდა. მირჩიეს, ტურიზმის დეპარტამენტში მივსულიყავი და გიდების ტრენინგები გამევლო. გადავწყვიტე, ბერძნულენოვანი გიდი გავმხდარიყავი. ტრენინგი, რომელიც გავიარე, ძალიან დამეხმარა იმაში, რომ დღეს გიდი-კოორდინატორი ვარ. ჩემი თავი ახალ საქმეში ვიპოვე. საინფორმაციო ტურებზე დავდივარ და ვაპირებ, ველოსიპედის ტურები მოვაწყო. პანდემიის გამო ტურიზმში შეფერხება იყო. ბერძნები ისედაც იშვიათად ჩამოდიან საქართველოში, უფრო ევროპის ქვეყნებში მიდიან სამოგზაუროდ. მაინც ყველაზე კარგი და საინტერესო სფეროა ტურიზმი. როცა დავჭირდები დეპარტამენტს, მეძახიან. პარალელურად, საბავშვო სპექტაკლებში ვეხმარები ხანდახან ჩემს მეგობრებს. ბევრი ჩამოვიდა ემიგრაციიდან და ისევ უკან წავიდა. ყველას, ვურჩევ სამშობლოში დაბრუნდნენ. ჯობია, თუნდაც მცირედი ვაკეთოთ და აქ ვიყოთ.

- ამ სამი წლის განმავლობაში თუ გიფიქრიათ უკან, საბერძნეთში დაბრუნებაზე?

- ხანდახან კი. მეგობრები სულ მეკითხებიან, როგორ შეეგუე, იქნებ დაბრუნდე, აქ ნებისმიერ დროს სამსახური გელოდებაო, მაგრამ აღარ წავალ. ვფიქრობ, სხვა ქვეყანაში არ უნდა დავბერდეთ; სანამ შეგვიძლია, აქ უნდა ვიყოთ. მინდა, რაც წლები დავკარგე, ავინაზღაურო. შეიძლება ერთ დღეს მთაში ვიყო, მეორე დღეს - ზღვაზე, ხან აღმოსავლეთ საქართველოში ვარ, ხან - დასავლეთში. სულ ვმოგზაურობ. ბათუმიც ხელს მიწყობს, ველოსიპედით დავდივარ თეატრში, სპექტაკლებს ვესწრები, მერე ისევ ველოსიპედით ვბრუნდები სახლში.

- გიდობით მიღებული შემოსავლით ცხოვრობთ თუ დანაზოგით?

- ორივეთი. გიდობით შემოსავალი ჯერჯერობით იმდენი არ მაქვს, რომ მეყოს. როცა ვბრუნდებოდი, ვიცოდი, ხელისგულზე არაფერი დამხვდებოდა. თბილისში გაქირავებული მაქვს ჩემი ბინა და ეს თანხაც მეხმარება. მთავარია ჩემს სახლში ვარ... ყოველი დღე ვარჯიშით იწყება. მიყვარს ზღვა, ცურვა. ველოსიპედით დღეში რამდენიმე საათი დავდივარ ქალაქში ან ქალაქგარეთაც. აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ. ბათუმში მეგობრები გავიჩინე, ყავას მივირთმევთ ერთად, ვსაუბრობთ. თუ ტურზე ვარ წასასვლელი, მაშინ ამისთვის ვემზადები. რამდენიმე დღის წინ სვანეთში პირველად ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სვანეთის სილამაზით აღფრთოვანებული დავრჩი.

ჩემს კუთხეში, ახალციხეში რომ ჩავდივარ, ქუჩაში თვალებით ნაცნობს ვეძებ. როცა იქ ვცხოვრობდი, ყოველი მეორე ადამიანი მიცნობდა და სპექტაკლში რა როლიც მქონდა, იმ სახელით მომმართავდნენ ხოლმე. ახლა იშვიათად ვხვდები ნაცნობს, 20 წელი ცოტა დრო არ არის. ზოგი უცხოეთშია, ზოგი სხვა ქალაქშია საცხოვრებლად გადასული... მესხეთის თეატრში სასურველი სტუმარი ვარ და ყოფილი თანამშრომლები მეპატიჟებიან. ძალიან კარგი მეგობრები მყავს. ჯგუფელები, კურსელები ვხვდებით ერთმანეთს ან ბათუმში, ან თბილისში.

- ბევრია მეგობარი, რომლებმაც მოგბაძეს და სამშობლოში დაბრუნდნენ?

- ორი მეგობარი ჩამოვიდა, მაგრამ ისევ დაბრუნდნენ უკან... ზოგი ახლა კითხულობს, რომელ ქვეყანაში წავიდეო? ჩემი მეგობრების შვილებიც მიდიან ქვეყნიდან და ესეც გულს მტკენს. არადა, ემიგრაციაში ყოფნა ყველაზე დიდი ტრაგედიაა ქართველებისთვის... ენის გარეშე კარგ სამსახურს ვერ იპოვი. დაზღვევაც აუცილებელია, ამიტომ იძულებული ვიყავი, სათბურში მემუშავა. 3 წლის შემდეგ გავაკეთე საბუთი გავაკეთე, უკეთესი სამუშაო რომ მენახა. ბევრგან მიმუშავია - რესტორანში, კაფეში, საშაურმეში მიმტანად, მზარეულის დამხმარედ, შაურმასაც ვაკეთებდი. გიტარის ხმას თუ გავიგონებდი, ცრემლები მცვიოდა. მენატრებოდა ჩემი სამშობლო, ჩემი პროფესია. რომ მკითხავდნენ, რა გატირებს, რამე ხომ არ გტკივაო? ვეტყოდი: სული მტკივა, მეც მინდა, ჩემს სცენაზე ვიდგე-მეთქი... როცა საბუთები მოვაწესრიგე და ენაც კარგად ვისწავლე, ვცადე საბერძნეთის დიდ ქალაქებში გადავსულიყავი და ჩემი პროფესიით მემუშავა, მაგრამ იქ ჩემი დიპლომი არავის სჭირდებოდა. მითხრეს, ჯერ აქ უნდა ისწავლოო. ფული იყო გადასახდელი. ეს ყველაფერი ვერ შევძელი. ჩვენ ხომ ვალებით წავედით აქედან. ერთ ადამიანს რამდენი ოჯახი ჰყავდა სარჩენი იქიდან, ვინ იცის. ემიგრანტები არჩენენ დღემდე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. თუ ერთხელ გაჩერდები, გამოდის, 5 თვის ნაგროვები ფული უნდა დახარჯო, რადგან ბინის ქირა, სხვა ვალდებულებები გაქვს, ამიტომ იქ სულ უნდა იმუშაო. თან, ძალიან ძლიერი ფსიქიკის ადამიანი უნდა იყო, რომ გაუძლო იმ ყველაფერს... წლების შემდეგ ჩემი მეგობარი ჩამოვიდა და დამირეკა, საბერძნეთში ვარო. ტირილი დავიწყე: რატომ ჩამოხვედი, შენ მზად ხარ ამისთვის-მეთქი? - აბა, რა მექნაო?.. ჩამოვიდა პროცენტიანი ვალებით, ტელეფონით ვასწავლიდი ბერძნულ ენას. უკან გამოქცევაც უნდოდა. ვუთხარი, რადგან ჩამოხვედი, უნდა დარჩე-მეთქი. მადლობა ღმერთს, შეძლო და ახლაც იქ არის. დღეს ამერიკას მიაწყდა ხალხი, ყველას ჰგონია, უცხო ქვეყანაში ყველაფერი ხელისგულზეა, მაგრამ ასე ადვილი არ არის იქ ცხოვრება. გაქვს საშინელი ნოსტალგია. ტირი და იმაზე ფიქრობ, როდის გეღირსება შენს ქვეყანაში დაბრუნება. ქართველებმა ჯერ შვილები უნდა გავზარდოთ, მათ ვასწავლოთ, მერე ისინი დაოჯახდებიან და იქიდან უკვე შვილიშვილები უნდა ვარჩინოთ და ვზარდოთ. ასე უნდა დავბერდეთ უცხო ქვეყანაში, ჩვენი თავი უნდა გავწიროთ ოჯახის გამო. ეს არასოდეს დასრულდება, თუ თვითონ არ დავასრულებთ. მე ეს შევძელი, მადლობა უფალს, რომ აქ ვარ.

- დღევანდელი გადასახედიდან რაზე გწყდებათ გული?

- ფინანსურად გავძლიერდი, მაგრამ ჩემმა ახალგაზრდობის კარგმა წლებმა, ჩემმა სილამაზემ ისე გაიარა, ყველაფერი გამომეცალა. მინდოდა, წარმატებული მსახიობი ვყოფილიყავი, კინოში მოვხვედრილიყავი და ეს ოცნება ვერ ავისრულე. ოჯახი ვერ შევქმენი, ამაზე ძალიან მწყდება გული. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა ქართველი ქალისთვის. როცა ასაკში შედიხარ, მაშინ ფიქრობ ამაზე. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ მაშინ ოჯახის შექმნაც ჭირდა - კაცები ვერ ბედავდნენ, რადგან არსებობა ჭირდა. რამდენჯერმე უარი ვთქვი ოჯახის შექმნაზე, ვერ ვბედავდი, სიდუხჭირის გამო. ფეხსაცმელებიც კი თეატრის გარდერობიდან ჩავიცვი და ისე წავედი მაშინ საბერძნეთში. იმ დროს არ მინდოდა შვილის ყოლა, რადგან ხალხი მართლა მშიერი იყო. ახლა ვფიქრობ, ყველა ქალს უნდა ჰყავდეს ოჯახი, შვილი.

სულ ვნატრობდი, ბევრი შვილი მყოლოდა და დიდი ოჯახი მქონოდა, მაგრამ ეს წარსულში დარჩა... ამ ოცი წლის განმავლობაში პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი. ყველაზე დიდხანს საქართველოში მაშინ ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა. დედის 40-ის შემდეგ უკან დავბრუნდი. თურმე ჩემს სახელს გაიძახოდა და რომ დაემშვიდებინათ მისი სული, ჩემმა დამ უთხრა, - გალინა ვარ, დედა, ჩამოვედიო... მე მივაბარე მიწას, მაგრამ სამწუხაროდ, ცოცხალს ვეღარ მოვუსწარი. ყოველთვის, როცა ჩამოვდიოდი, ყველაზე ძნელი ჩვენი, დედა-შვილის დაშორება იყო. მაშინ ტელეფონიც არ გვქონდა, რომ დაგერეკა და მოგეკითხა, წერილს ვგზავნიდი, თუ ვინმე წამოვიდოდა. ერთხელ ქალს გამოვატანე წერილი და ვთხოვე, რუსთავში, ჩემს დასთან მიეტანა. მან დამალაპარაკა და ხმა რომ გავიგონე, ვიტირე, ეს ოჯახის წევრების უსაშველო მონატრების ცრემლები იყო. ბევრმა რამემ ჩაიარა საქართველოში ჩემ გარეშე. ფიზიკურადაც ამტანი ვიყავი, სოფელში გაზრდილი, შრომის ფასიც ვიცოდი. კი ვიღლებოდი, მკლავები მტკიოდა, მაგრამ ვმუშაობდი. ამდენი წელი ფიზიკურად შრომა ადვილი არ არის, მაგრამ სულიერად უფრო მიჭირდა. დისშვილების, დედმამიშვილების დიდმა სიყვარულმა და სითბომ დამაბრუნა აქ. უცხო ქვეყნებში არიან ქალები, რომლებიც წლებია, საერთოდ არ ჩამოსულან ოჯახებში, რადგან არ აქვთ საბუთები და მერე უკან ვერ წავლენ. ბევრისგან მომისმენია, გულდაწყვეტილი რომ ამბობდა, მხოლოდ ფულს ხედავენ ჩემშიო. არავის ვურჩევ ამას და ყველას ვეუბნები, თქვენ უნდა დაბრუნდეთ. თქვენი ადგილი აქ არის. აწი იშრომონ შვილებმა, 20-30 წლისები არიან და თავად არჩინონ საკუთარი ოჯახები. არ უნდა მივაჩვიოთ მუქთახორობას. რატომ უნდა უხადოს სწავლის გადასახადი ემიგრაციაში მყოფმა 70 წლის ბებიამ შვილიშვილს, რომელსაც თავისი სახლი ენატრება?!. იქ ერთადერთი შვებაა - როცა ქართველები იკრიბებიან. ეს იყო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი. ყველაზე მეტად ნოსტალგია გაწუხებს ადამიანს. თუ ვინმეს გამოუგზავნიდნენ მჭადის ფქვილს, ტყემალს, ღვინოს, ამას ყველანი ვინაწილებდით და საქართველოს სადღეგრძელოს ვამბობდით. ქართული სული იქ ტრიალებდა. ბერძენი მეგობრებიც გვყავდა და მათაც ვაცნობდით ქართულ კერძებს, ვუმასპინძლდებოდით... საბერძნეთიდან ბევრ ქვეყანაში წავსულვარ სამოგზაუროდ, ახლა საქართველოში ვმოგზაურობ და ძალიან მომწონს. როცა პირველი კოშკი დავინახე სვანეთში, პატარა ბავშვივით გამიხარდა. მესტია, უშგული - კოშკების სამშობლო შოკში ჩააგდებს ადამიანს! ულამაზესია თეთრნულდი, შხარა, კავკასიონი. ულამაზესია მაღალმთიანი აჭარა, რაჭა. საქართველო ძალიან ლამაზია და ყველას ვურჩევ, მოიაროს ეს ადგილები... განვიცდი იმას, რომ ამდენი წლის გასვლის მიუხედავად, ქვეყანაში სოციალური ფონი არ იცვლება და ხალხი ისევ ემიგრაციაში მიდის. უკეთეს ცხოვრებას სხვადასხვა ქვეყანაში ეძებენ. იმ ქალების შვილებს ვთხოვ, ვისი დედაც ემიგრაციაშია: ჩამოიყვანეთ დედები სამშობლოში, მათ უსაშველოდ ენატრებით და თუ ძალიან აუცილებელია ქვეყნიდან წასვლა, თქვენ წადით, თქვენ იმუშავეთ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"