სამკაული დედამიწისთვის - კვირის პალიტრა

სამკაული დედამიწისთვის

ვისაც ყაყაჩოებით მოფენილი წითლად მობიბინე ველები უნახავს, ყველა აღიარებს, რომ ეს ერთ-ერთი ულამაზესი ყვავილია. ყაყაჩოს ველების ნახვა შედარებით ხშირად შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, ქართლის ველებზე. "ჩვენთვის, სპეციალისტებისთვის, ყაყაჩო ორმაგად საინტერესო მცენარეა როგორც სილამაზით, ისე განსაკუთრებული თვისებებითაც", - ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი ნატო კაკაბაძე, რომელიც ამ მშვენიერ ყვავილზე გვესაუბრება.

- ყაყაჩო დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მცენარეა. ის ერთ- ან ორწლიან მცენარეთა ოჯახს მიეკუთვნება. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყაყაჩოს 100-მდე სახეობაა გავრცელებული, საქართველოში კი აღრიცხულია 13 სახეობა. მათგან ენდემური მხოლოდ ერთია. ამ მშვენიერ ყვავილს უყვარს მშრალი ადგილები: უდაბნოები, სტეპები, ნახევარუდაბნოები. მისი პლანტაციები შეიძლება ვნახოთ ქვიან და მშრალ ფერდობებზეც. შეიძლება მკითხველს კიდეც გაუკვირდეს, თუ ჩამოვთვლით, რამდენად ფართო გამოყენება აქვს ყაყაჩოს. თუნდაც ყაყაჩოს ზეთს იყენებენ ტექნიკური მიზნებისთვისაც და კულინარიაშიც. ყაყაჩოს გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ხაშხაში, რომელსაც ერთნაირი წარმატებით იყენებენ კვების მრეწველობაში, ფარმაკოლოგიასა და მედიცინაში.

- რით განსხვავდება ხაშხაში ჩვეულებრივი ყაყაჩოსგან?

- იმით, რომ ხაშხაში ერთწლიანი ბალახოვანი დეკორატიული მცენარეა, თანაც ყაყაჩოსთან შედარებით მაღალია - დაახლოებით 150 სანტიმეტრამდე იზრდება, მაშინ როცა ყაყაჩოს სიმაღლე 1 მეტრს არ სცილდება. ხაშხაშის თესლი შეიცავს მაღალი ხარისხის ცხიმს, რომელიც საუკეთესო პროდუქტად არის მიჩნეული საკონსერვო მრეწველობაში. იმავდროულად, იყენებენ საღებავების დასამზადებლადაც, ხოლო ხაშხაშის ზოგიერთი ჯიშისგან იღებენ ოპიუმსა და ალკალოიდებს, რომლებსაც ტკივილგამაყუჩებელი და ძილის მომგვრელი ეფექტი აქვს და მედიცინაში შეუცვლელია. მედიცინაში თავად ყაყაჩოსაც იყენებენ და ეს უძველესი ტრადიციაა.

ყაყაჩო ზეთოვან კულტურადაც არის მიჩნეული: მისი ზეთი დიდხანს არ ფუჭდება და ამის გამო მთელ მსოფლიოში პოპულარულია: იყენებენ საკონსერვო მრეწველობაში, მისგან საუკეთესო ხარისხის მარგარინსა და სპრედს ამზადებენ, შედარებით დაბალი ხარისხის ზეთი კი საღებავებისა და საპნის წარმოებაშია გამოსადეგი. ყაყაჩოსგან მიიღება პირუტყვის საკვებიც, რომელსაც კოპტონის სახელით იცნობენ და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.

- როგორ ახარებენ ყაყაჩოს და რა პირობებში იზრდება ყველაზე კარგად?

- ყაყაჩოს მოყვანა შეიძლება როგორც თესლით, ასევე ფესვების გაყოფით ან ფესურებით. უყვარს უქარო, მზიანი და განათებული ადგილები. ნიადაგი, სადაც მას დავთესავთ, მსუბუქი ტიპის, ქვიშანარევი უნდა იყოს. მისი დათესვა შეიძლება როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე. ყაყაჩოს ძალიან წვრილი თესლი აქვს, ამიტომ მისი დათესვის შემდეგ, მიწა უნდა დავტკეპნოთ - ეს აუცილებელია, რადგან მცენარის თესლი ქარის ოდნავი დაბერვითაც შეიძლება გაიფანტოს. ამიტომ უმჯობესია ყაყაჩოს თესლი ჯერ მოვაბნიოთ და მიწა მერე მივაყაროთ. აუცილებელია მულჩირებაც, რათა ნათესმა ტენიანობა შეინარჩუნოს - ეს ყველაფერი საშემოდგომო ნათესს შეეხება. რაც შეეხება საგაზაფხულო ნათესებს: ყაყაჩოს თესლის შენახვა მაცივარშია მიზანშეწონილი, დაბალ თაროზე. სანამ მოვაბნევთ, ყაყაჩოს თესლს სილა უნდა შევურიოთ, რომ ნათესი ერთ ადგილას არ მოგროვდეს და ერთად არ ამოვიდეს. სილა მას გაათანაბრებს. მცენარე მალე გაღივდება და დაახლოებით 15 დღეში აღმოცენდება. 10-15 დღეში ნათესი უკვე გამოხშირვას საჭიროებს, როცა ყაყაჩოს სიმაღლე უკვე 15 სანტიმეტრი გახდება. მცენარეებს შორის დაახლოებით 20 სმ მანძილი უნდა დავტოვოთ, რათა ყველა მცენარემ თავი ლაღად იგრძნოს. რა თქმა უნდა, მორწყვაც საჭიროა და მინერალური სასუქიც მორწყვასთან ერთად უნდა შევიტანოთ.

yayacho2-1655732249.jpg

- როდის?

- აუცილებლად ყვავილობის დაწყებამდე, სანამ ყვავილი კოკრებს გამოიტანს. ყაყაჩოს მავნებელი დაავადებებიც უჩნდება, ამიტომ სათანადო პრეპარატების გამოყენებაც საჭიროა. როდესაც მცენარე მოიყვავილებს, ამ ნაწილების მოშორებაც აუცილებელია, რომ უფრო დიდხანს იყვავილოს და უფრო კარგი ხარისხის ყვავილები გამოიღოს.

- ყველაზე დიდი რაოდენობით ყაყაჩო სად გვხვდება?

- საქართველოში უამრავი ყაყაჩო ხარობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, თუმცა სპორადულად სხვადასხვა ადგილასაც გვხვდება. როგორ? - ყაყაჩოს თესლს­ ქარი ხშირად უკონტროლოდ ავრცელებს, ის შეიძლება გაიფანტოს და კლდეებზე, სტეპებში ან უდაბნოში ამოვიდეს და ჩვენი დათესილი მცენარეები ვერც ვიხილოთ. მცენარე უპრობლემოდ იზრდება, თუ გაფხვიერებულ ნიადაგში მოხვდება - მისთვის სასურველ გარემოში ყაყაჩო ლამაზად აბიბინდება, ოღონდ, თუ ღრმად არის დათესილი, გაღივება გაუჭირდება.

yayacho3-1655732249.jpg

- ყაყაჩო ბევრნაირი არსებობს, თქვენთვის, როგორც სპეციალისტისთვის, რომელია ყველაზე საინტერესო?

- ყაყაჩოს თითოეული ჯიში და სახეობა რაღაცით გამორჩეულია. მინდვრის ყაყაჩო მშრალ ნიადაგზე უკეთესად ხარობს, ჰიმალაის ყაყაჩო - მჟავე და ტენიან ნიადაგზე. ბევრ სახეობას მზიანი, განათებული ადგილები მოსწონს. ყაყაჩოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ზაფრანა, რომლის სამშობლო მონღოლეთი და შუა აზიაა. მას სხვაგვარად "შხამიან ყაყაჩოსაც" უწოდებენ. ზაფრანას მრავალი ქვეყნის სამზარეულოში უკავია შეუცვლელი ადგილი, მათ შორის საქართველოშიც. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ყაყაჩო უნიკალური მცენარეა თუნდაც იმის გამო, რომ მრავალ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მას არაერთი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ, მათ შორის ნერვული სისტემის სამკურნალოდაც. ყაყაჩოს ფოთლებისგან ამზადებენ სხვადასხვა წამალს, ახმობენ ფესვებს და მის გამონაწურსაც სამკურნალოდ იყენებენ. ბევრ სასარგებლო ვიტამინს შეიცავს ყაყაჩოს ყვავილებიც. რაც მთავარია, ამ მცენარისგან მზადდება მორფინი - პრეპარატი, რომელიც შეუცვლელია ქირურგიასა და ონკოლოგიაში. ამავე დროს, ის შეიძლება საზიანოც იყოს, მაგალითად, ხანდაზმულებს, მცირეწლოვან ბავშვებსა და ალკოჰოლიკებს ეკრძალებათ მისგან დამზადებული პრეპარატებისა და პროდუქტების მიღება.

- რომელ ქვეყნებში აქვთ ყაყაჩოს პლანტაციები და საქართველოში თუ მოჰყავთ?

- როგორც ვიცი, საქართველოში ყაყაჩოს პლანტაციები არა გვაქვს, ის მხოლოდ ბუნებრივად, ქარის მეშვეობით ვრცელდება. დამუშავებული ნიადაგი ყაყაჩოს არ სჭირდება - მას შეუძლია სწრაფად ამოვიდეს და გაიხაროს. მისი პლანტაციები ძირითადად ხმელთაშუა ზღვის აუზსა და შუა აზიის ქვეყნებში გვხვდება. უფრო სტეპებსა და უდაბნოებში.

- თქვენი დაკვირვებით, ყაყაჩოს რომელი სახეობაა ყველაზე ლამაზი?

- ყველა თავისებურად ლამაზია, მაგრამ ჰიმალაის ყაყაჩოები ულამაზესია: ეს მცენარე გაზაფხულზე მოდის და მის დანახვას არაფერი სჯობს!

ხათუნა ჩიგოგიძე