"ივანიშვილს ძალაუფლება უნდა წაერთვას" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს ძალაუფლება უნდა წაერთვას"

ივანიშვილს ძალაუფლება უნდა წაერთვას - საჭიროა გაცილებით ხარისხიანი მობილიზაცია, შინაარსიანი ერთობა და მეთოდური დაპირისპირება, რაც აქამდე არ ყოფილა , - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და ამით უპასუხა კითხვას, რამ შეიძლება აიძულოს ბიძინა ივანიშვილი თუ საქართველოს ხელისუფლება, რომ დაიწყოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ევროკომისიის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა, არა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

ჯაფარიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება შესაძლოა დაათმობინოს ქვეყნის შიგნით ხალხის ერთობამ და გარედან სანქციების შიშმა.

„არ მჯერა, რომ პასუხისმგებლობა მოდიოდეს ფორმალურად მასზე, ვისაც მთავრობას ვეძახით, ღარიბაშვილი იქნება, კობახიძე თუ პაპუაშვილი. მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა აკისრია ერთადერთ ადამიანს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

ერთადერთი, რამაც შეიძლება აიძულოს, ეს არის ძალა ქვეყნის შიგნით, ძალა ადამიანებშია, ან გარედან, მაგალითად სანქციების შიშმა. ისეთი გზები, რომელიც ცივილიზებულ ქვეყნებში არის მიღებული, როდესაც ამაზე მეათედიც კი ჩაუდენიათ ხელისუფლებებს, გადადგებიან ხოლმე, ამის მოლოდინი აქ არ უნდა გქონდეს.

ერთადერთი, რამაც ამ ადამიანს შეიძლება დაათმობინოს ძალაუფლება, არის ძალა, ძალაუფლება უნდა წაერთვას, ის არაფერს დათმობს თავისი ნებით იმის გამო, რომ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი ამას მოითხოვს. ამიტომ, აქეთა მხარეს, ოპოზიციურ ფლანგს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, საჭირო არის გაცილებით ხარისხიანი მობილიზაცია, შინაარსიანი ერთობა, მეთოდური დაპირისპირება, რაც აქამდე არ ყოფილა და ამის გაკეთება არ არის იოლი, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, ამან შეიძლება დაათმობინოს ძალაუფლება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"