სამი ძალა, რომელმაც საქართველოს ევროპის გზა ჩაუხერგა... დროებით - კვირის პალიტრა

სამი ძალა, რომელმაც საქართველოს ევროპის გზა ჩაუხერგა... დროებით

ევროკავშირისთვის, ისევე, როგორც ნატოსთვის, კვლავ ევროპა-აზიის გასაყარზე მყოფ უცხო ქვეყნად ვრჩებით, რომელსაც გვიყენებენ ავღანეთსა თუ აფრიკაში, როდესაც ქართველი სამხედროების დახმარება სჭირდებათ, ხოლო თავად საქართველოს დახმარებისას ბევრი წინაპირობა ახსენდებათ...

მოხდა ის, რაც არ იყო რთულად პროგნოზირებადი - უკრაინისა და მოლდოვის კვალდაკვალ საქართველომ ვერ შეძლო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის „შეწვდომა“...

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გამოჩნდა სამი ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთი არასახარბიელო შედეგი დამდგარიყო.

ეს ძალებია:

პირველი - საქართველოს მოქმედი ხელისუფლების სხვადასხვა შტო, რომლებმაც შეუგნებლად თუ შეგნებულად (რაც ბევრად უფრო უარესი იქნებოდა) ისეთი ქმედებები განახორციელეს ან არ განახორციელეს, რითაც ბევრი საკრიტიკებელი თემა მისცეს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ეს, საბოლოო ჯამში, გამოყენებული იქნა საბაბად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ამ ეტაპზე უარი ეთქვათ.

მეორე - ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც, ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით, სულს ეშმაკსაც კი მიჰყიდის და არსებული ხელისუფლების ჩამოსაგდებად საზღვარგარეთ ათას ტყუილ-მართალს გაავრცელებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაზე მეტად მთლიანად საქართველოს იმიჯი და სახელმწიფოებრივი ინტერესები უფრო ზიანდება.

ამ სტატიის ავტორს თავის დროზე, ნატოს შტაბ-ბინაში მაღალჩინოსანი ნატოელი ჩინოვნიკების თანდასწრებით, არა ერთხელ მოუსმენია ქართული დელეგაციის რიგი წევრების მიერ შევარდნაძის ხელისუფლების ისეთი „კრიტიკა-დასმენა“, რომელიც ქვეყნის ინტერესებს უფრო ურტყამდა, ვიდრე - შევარდნაძის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს.

შემდეგ ეს ადამიანები თავად მოვიდნენ სააკაშვილის ხელისუფლებაში და უკვე თვითონ აღიქვამდნენ ავადმყოფურად, თუ ვინმე გაბედავდა საზღვარგარეთ მათი ხელისუფლების კრიტიკას - გაიხსენეთ როგორ მოექცნენ იმ ჟურნალისტებს, რომელთა მიერ გადაღებული 2011 წლის 26 მაისის მიტინგის სისხლისმღვრელი დარბევის ფოტოვიდეომასალა საზღვარგარეთ აღმოჩნდა.

დღეს კი, ხელისუფლების მიღმა დარჩენილებმა, იგივე მეთოდები გაიხსენეს, რასაც საუკუნის დასაწყისში აკეთებდნენ...

მესამე - ეს ძალა, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია და მას თავად... ევროკავშირი ჰქვია, რომელიც მხოლოდ საბაბს ეძებდა, რომ არათუ საქართველო, არამედ - უკრაინისა და მოლდოვასთვისაც უარი ეთქვა მის რიგებში გაწევრების კანდიდატად დაფიქსირებაზე...

ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, მათ შორის - საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და სხვა წევრების პოლიტიკურ ლიდერებს ბოლო მომენტამდე არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება რომელიმე ამ სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისთვის, მაგრამ ამ საკითხში გარდატეხა შექმნილმა დრამატულმა სიტუაციამ შეიტანა...

უკრაინისგან თითქმის არავინ და, მით უმეტეს - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბევრი ლიდერი არ ელოდა, რომ იგი აგრესორი რუსეთის შეტევებს არათუ 100 დღეღამე, არამედ - 100 საათს მაინც გაუძლებდა...

და დღეს, ევროკავშირს, ისევე, როგორც ამას ნატო აკეთებს ბოლო 14 წლის განმავლობაში, ახალი მოგონილი საბაბებითა და გატყლარჭული დიპლომატიური ფრაზებით კვლავ უარი რომ ეთქვა გამანადგურებელ ომში მყოფი უკრაინისთვის (რომელიც სისხლს ღვრის რუსი დამპყრობლებისგან ევროპის დასაცავადაც), ამას მსოფლიო ვერ გაიგებდა, ისევე, როგორ ვერ ახსნიდნენ ასეთ გადაწყვეტილებას თავად ამ ევროპული ქვეყნების ლიდერების მილიონობით ამომრჩეველი, რომელთა ხმების „გადარჩენისთვის“, თავისი კანდიდატურის სასარგებლოდ, მოახლოებულ არჩევნებში ეს პოლიტიკოსები ბევრ რამეზე, მათ შორის - ორმაგი თუ სამმაგი სტანდარტით თამაშზეც კი წავლენ...

ნეიტრალიტეტგამოცხადებული, და რაც ყველაზე წარმოუდგენელია... დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) წევრი მოლდოვა კი იღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას ერთგვარი გამართლების შედეგად - ჯერ ერთი, ის უკრაინის უშუალო მეზობელია, შეიფარა ასი ათასობით უკრაინელი დევნილი და, ამასთან, მისი ტერიტორიის გავლით რუმინეთიდან დასავლური იარაღი შედის უკრაინის არმიის დასახმარებლად, მაგრამ მთავარი არგუმენტი მაინც ის გახლავთ, რომ მოლდოვას ძლიერმა მეზობელმა, ნატოს წევრმა რუმინეთმა გაუწოდა დახმარების ხელი და დაარწმუნა ევროკავშირის სხვა წევრებიც, რომ მოლდოვაც უკრაინასთან ჩაბმული გაეყვანათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე...

ჩვენ - საქართველოს კი არ გვყავს ისეთი მოძმე და გავლენიანი ქვეყნები, როგორიც მოლდოვასთვის რუმინეთი ან აზერბაიჯანისთვის - თურქეთი აღმოჩნდა, ამიტომაც მხოლოდ ჩვენი თავის იმედი თუ უნდა გვქონდეს, ოღონდ რომელი თავის, რომელიც საშინლად გვტკივა და გასკდომაზეა ერთმანეთთან სიძულვილის გამოხატვის გამო?!...