"არაჩვეულებრივი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის" - კვირის პალიტრა

"არაჩვეულებრივი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის"

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა დევიდ კრამერმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, როგორც ქვეყანაში და მის ირგვლივ, ასევე მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. კრამერმა შეაფასა ქვეყნის ამჟამინდელი კურსი, კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობები და ის თუ, რატომ აღმოჩნდა ერთ დროს ასოცირებული ტრიოს სათავეში მყოფი ქვეყანა ახლა იზოლირებული.

- ბატონო კრამერ, პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუზე დათანხმებისთვის .დავიწყოთ საუბარი საქართველოში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ. რეზოლუციაში შევიდა ასევე შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში, რომელსაც კენჭიეყარა, წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში”. როგორ აფასებთ ამ რეზოლუციას და ხომ არ განიხილავსამერიკის შეერთებული შტატებიც ბიძინა ივანიშვილის რაიმე სახით დასანქცირებას?

- ვფიქრობ, ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან პოზიტიური ნაბიჯია. ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუმცა ფაქტი, რომ რეზოლუციის მიღება მოხდა, მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია ევროპისთვის ასეთი რეზოლუციის მიღება და სანქციების განხილვა. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში ვითარება იქამდე მივიდა, სადაც ასეთი ნაბიჯი გახდა საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რადგან ბატონი ივანიშვილის გავლენით საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის.

მე პირადად მხარს ვუჭერდი ასეთ ზომებს შეერთებულ შტატებში, ამიტომ მიმაჩნია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სწორია. იმედი მაქვს, რომ პირველი რეაქციის შემდეგ, რეზოლუციის დაგმობის შემდეგ, უფრო კონსტრუქციულები იქნებიან და მოხდება იმის აღიარება, რომ ეს არ კეთდება იმიტომ, რომ საქართველოს დასჯა გვსურს. ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. რეზოლუცია ეწინააღმდეგება კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის მიმართულებაზე.

- რეზოლუციაზე დებატებისას ევროპარლამენტარებმა კრიტიკული განცხადებები გაავრცელეს. რა შეიძლება გააკეთოს მმართველმა პარტიამ და ქართველმა ხალხმა ამ შეფასებების გამოსასწორებლად მანამ, სანამ კანდიდატის სტატუსის მიღება მოხდება?

- ვფიქრობ, მთავარი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მთავრობას ეკისრება. სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ართმევს თავს. ჩვენ ვნახეთ საოცარი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებმაც გამართეს აქციები და აჩვენეს სოლიდარობა, მაგრამ მთავრობის განცხადებები და ქმედებები სხვა მიმართულებით მიდის. ჩვენ ვნახეთ ბატონი ნიკა გვარამიას დაკავება. ამას ემატება სააკაშვილის დაკავება, იმ ადამიანების გრძელი სია, რომლებიც, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნეები არიან. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ეს და უნდა დაიწყოს უფრო გონივრული მიმართულებით სვლა, დადგეს უკრაინისა და სხვა ქვეყნების გვერდით. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ის ვერ შეუერთდება სანქციებს რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ, მე არ გავაკრიტიკებ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ აკრიტიკო უკრაინის მთავრობა და დაიძაბოს ურთიერთობა იმ დონემდე, რომ უკრაინამ ელჩი გაიწვიოს, ეს არ არის კარგი.

ახლა არ უნდა მიდიოდეს დებატები, შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს. რუსეთი ეს არის აგრესორი სახელმწიფო - დამნაშავე, უკრაინა კი მსხვერპლი. საქართველოს მთავრობამ ეს კარგად უნდა გაიაზროს. მე ასევე მაშფოთებს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის როლი, რომელსაც ის თამაშობს ამ ყველაფერში. შეგვიძლია გავიხსენოთ შარშანდელი კომენტარები, რომლებიც დაკავშირებულია ლგბტქ მარშთან, ჟურნალისტებზე თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებლობა, როგორც ვიცი, პრემიერ-მინისტრს ეკისრება და ის პასუხისმგებელია სხვა უამრავ შეცდომაზეც. როგორც ჩანს, ის აკეთებს იმას, რასაც ივანიშვილი ითხოვს.

- მალე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ გახდება ცნობილი. რა მოლოდინები გაქვთ აღნიშნულთან დაკავშირებით და რამდენად არის საქართველო მზად გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო? და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ასოცირებული ტრიოდან მხოლოდ ორმა მიიღოს კანდიდატობა , საქართველომ კი ვერა?

- მინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრიც და ნატო-ს წევრიც, თუმცა მთავრობის ამჟამინდელი მიმართულება ამ ყველაფერს არ ემთხვევა. საქართველო ასოცირებული ტრიოდან ამჟამად არის მესამე, რომელმაც შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ტრიოდან უკრაინა ნამდვილად პირველია, მას არ ჩამორჩება მოლდოვაც, რომელსა პრო-დასავლური მთავრობა ჰყავს, ისინი უამრავ რეფორმას ატარებენ და დიდ ზეწოლას განიცდიან. საქართველო მესამეა. როგორც რეზოლუციაშია საუბარი, საქართველოს შესაძლოა არც შესთავაზონ კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან სამწუხარო, თუმცა ჩემი აზრით, სრულიად სწორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა დასავლეთთან უფრო ღრმა ევროინტეგრაციის. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ისინი პრო-რუსულ დამოკიდებულებას ავრცელებენ და ვფიქრობ, ეს შემაშფოთებელია.

- როგორც აღნიშნეთ, ასოცირებულ სამეულში საქართველო მესამეა, მაგრამ იყო დრო, როდესაც ჩვენ პირველები ვიყავით. რა შეიცვალა ახლა ?

- მიმართულების ცვლილება ამჟამინდელ მთავრობაზეა დამოკიდებული. ეს არის უფრო რბილი მიდგომა რუსეთის, ხოლო უფრო ანტაგონისტური მიდგომა უკრაინის მიმართ. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაარღვია შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პატარა პარტიები, ეს ყველაფერი საქართველოს მთავრობაზე კარგად არ ასახულა და რა თქმა უნდა, ჟურნალისტებზე თავდასხმები, სააკაშვილისადმი მოპყრობა... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რატომ გადავიდა საქართველო ასოცირებული ტრიოს სათავიდან ბოლოში. გააგრძელეთ კითხვა