"27 გოგოში მარტო მე ვიყავი, რომელსაც არაფერი მქონდა "გაკეთებული" - ვინ არის ქართველი "მის ესპანეთი 40+"? - კვირის პალიტრა

"27 გოგოში მარტო მე ვიყავი, რომელსაც არაფერი მქონდა "გაკეთებული" - ვინ არის ქართველი "მის ესპანეთი 40+"?

იზაბელა (იზა) თოდუა 12 წელია, ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს შვილსა და დედასთან ერთად. ცოტა ხნის წინ მან იქ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც +40 წლის ასაკის ქალებს შორის ჩატარდა და ჯერ "მის კატალონიის" გამარჯვებული გახდა, მერე კი მადრიდში, "მის ესპანეთის" ტიტული მოიპოვა. ახლა იზაბელა "მის მსოფლიოს" კონკურსში მონაწილეობისთვის ემზადება, რომელიც კორეაში ჩატარდება და იქ, როგორც "მის ესპანეთი", წითელი ესპანური კაბით წარდგება. ამასთან, სოლიდურმა კომპანია Biotecna-მ იზასთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

როგორია საქართველოდან წასული ქართველი ქალის ცხოვრება ესპანეთში, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მარტვილის რაიონის სოფელ დიდიჭყონიდან ვარ. მახსოვს, სამოდელო სტუდიაში 15 წლის ასაკში მივედი, დამიწუნეს, ცოტა გულდაწყვეტილი ვიყავი, მერე აღარც მიცდია... პროფესიით იურისტი ვარ, ადვოკატობას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი პროფესიით საქართველოში არ მიმუშავია. მამა ხელოვანი მყავდა, მისი მეგობარი ესპანეთში ცხოვრობდა და ბარსელონაში ჩასვლა გვირჩია. მეუღლესთან მეც გაშორებული ვიყავი და ჩემს გოგონასთან ერთად, მამას უნდა გავყოლოდი. საბუთები მოვამზადეთ, იქ ლეგალურად რომ გვეცხოვრა. წასვლამდე სამი დღით ადრე, 52 წლის ასაკში მოულოდნელად მამა გარდაიცვალა. არადა, არაფერი აწუხებდა, საქეიფოდ მიდიოდა, მეგობრებთან ერთად იდგა, როცა უცებ დაიღუპა. იმდენად დიდი შოკი იყო ეს ჩვენთვის, წასვლაზე აღარც ვფიქრობდი, მაგრამ მამას ორმოცის შემდეგ ოჯახის წევრებმა მირჩიეს, მე და ჩემი 8 წლის დიანა წავსულიყავით.

todua-6-1655961740.jpg

მოკლედ, წავედით ესპანეთში, მამაჩემის მეგობრის იმედად ისე, რომ ესპანური ენა არ ვიცოდი. ამ პიროვნებამ ბინა დაგვიქირავა. მამასთან ერთად მას ბიზნესის "გაკეთება" სურდა, ამისთვის ემზადებოდა, სახელოსნოც კი ნაქირავები ჰქონდა. ჩვენი ჩასვლიდან სულ ცოტა ხანში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. დამაკვალიანა, როგორ მოვქცეულიყავი, ძალიან შემიწყო ხელი. მერე დავდიოდი ქარხნებში, რესტორნებში და ვეძებდი სამსახურს. ბავშვი სკოლაში მივიყვანე. პარალელურად ესპანურს სწავლობდა. მისი მასწავლებლები ენის სწავლაში მეც მეხმარებოდნენ. დიანამ 5 თვეში იმდენად კარგად ისწავლა ენა, მისი სკოლის პედაგოგებს უკვირდათ. მეც მეხმარებოდა, როცა სამსახურს ვეძებდი. რძის პროდუქტების ქარხანაში დავიწყე მუშაობა. დიანა სკოლაში მიმყავდა, 5 საათზე გამომყავდა იქიდან, 8-9 წლის ბავშვს სახლში მარტო ხომ ვერ დავტოვებდი და ქარხანაში დამყავდა. იმდენად პოზიტიურია დიანა, კარგად მიგვიღეს, ცალკე ოთახიც მისცა უფროსმა, რომ იქ ემეცადინა. კარგ ხალხში მოვხვდი... ერთ დღეს საყიდლებზე რომ შევედი, მაღაზიის მეპატრონემ თავისი მაღაზიის მოდელად მუშაობა შემომთავაზა. დიდი ზომის ტანსაცმელს ყიდდა და მისი რეკლამა უნდა გამეკეთებინა. ფართო ტანსაცმელები ჰქონდა, სრული გოგონებისთვის, ქამარს გამიკეთებდა და ჩემს ტანზე ძალიან მოსწონდა. ამ მაღაზიაში მოდელად დავიწყე მუშაობა. 5 საათი უნდა მცმოდა და მყიდველებისთვის ის სამოსი შემეთავაზებინა, რომელიც მეცვა. განსაკუთრებულ ტანსაცმელს მარგებდა და ზოგჯერ ერთი, ორი დღე ამ კაბით დავდიოდი, მერე პრემიას მაძლევდა. მომეწონა ეს სფერო და მერე სხვადასხვა მაღაზიაში ვმუშაობდი, მაგრამ იქაც კონკურენციაა. ჰოდა, ზოგიერთ მფლობელს არ მოსწონდა, სხვასთანაც რომ ვმუშაობდი. სახალისო ამბებსაც მოგიყვებით: ხშირად გაუნძრევლად ვიდექი, ბევრს მანეკენი ვეგონე და მერე მაგალითად, ხელს რომ ავწევდი, გარბოდნენ (იცინის)...

ცნობილი მაღაზიები ხშირად დეფილესაც აწყობენ. რამდენიმემ იქაც შემომთავაზა მათი კაბებით გასვლა. მერე დიდი დეფილეც გაიმართა იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობდი. მოწვეულები იყვნენ მოდელები და მათ შორის მეც გახლდით. ყველას პროფესიონალი ვეგონე. ერთ-ერთი სამოდელოს დირექტორმა შემომთავაზა, მონაწილეობა მიმეღო სილამაზის კონკურსში 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის. გავიკვირვე და უარი ვთქვი. შინ მოსულმა ჩემს შვილსა და დედას ვუთხარი ეს ამბავი. მათ მონაწილეობა მირჩიეს. ეს შემოთავაზება იმ მაღაზიის მფლობელმა გოგომაც შეიტყო, სადაც ვმუშაობ, ჩემი მეგობარია და მითხრა: იზაბელა, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვაო. ჰოდა, შემოთავაზებას დავთანხმდი.

todua-5-1655961758.jpg

- პირველ ადგილზე გახვედით. ასეთ შედეგს ელოდით?

- არ მიფიქრია ამაზე. თავიდან კაბაც ვერ მომარგეს. დიზაინერების კაბები ტანზე მერგებოდა, მაგრამ სიგრძეში ყველა მოკლე მქონდა (ჩემი სიმაღლე 190 სმ-ია). ახალი რომ შეეკერა ჩემთვის რომელიმე დიზაინერს, ამას დროს სჭირდებოდა, კონკურსამდე კი ამას ვერ მოასწრებდნენ. მერე გავიგეთ, რომ ერთ მაღაზიაში ჰქონდათ გრძელი კაბა. გადაწყდა, ეს ჩამეცვა. რომ მომიტანეს, დიზაინი არ მომეწონა. არადა, მეუბნებოდნენ: გიხდება, ბრწყინავ! კონკურსში კაბა კი არა, შენ უნდა იყო ლამაზიო. არადა, კონკურსში მონაწილე ყველა გოგოს ლამაზი, ბრჭყვიალა, დიზაინერის შეკერილი კარგი კაბა ეცვა, მე კი ძალიან უბრალო სამოსით გავედი, სამაგიეროდ, პირველად ხალხის ფავორიტის სტატუსი მომანიჭეს, მერე ჟიურიმაც მე ამირჩია და გავიმარჯვე.

- სცენაზე ღელავდით?

- ემოციურად რთული იყო. დედაჩემი, ჩემი შვილი და მეგობრები მხარში მედგნენ. სცენიდან ვხედავდი, დედაჩემი როგორ ნერვიულობდა, ჩემი შვილიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა. მათ შეშინებულ სახეებს რომ ვხედავდი, ვღელავდი. როცა გავიმარჯვე, უდიდესი ემოციები წამოვიდა ხალხისგან და ამან ძალიან გამახარა. ხალხის რჩეულად დამასახელეს, შემდეგ კი გამოაცხადეს, რომ "მის კატალონია" გავხდი, მოგვიანებით კიდევ "მის უნივერსის" ტიტული მომანიჭეს, ასევე საზღვარგარეთ კონკურსში მონაწილეობაც შემომთავაზეს.

todua-1655961776.jpg

- როგორი იყო ესპანელი გოგონების რეაქცია, როცა ქართველმა გაიმარჯვეთ?

- მონაწილეები აპროტესტებდნენ. ჩვენ ვართ კატალონიელები და არ შეიძლება ეს ტიტული ქართველს მიანიჭონო. ჟიურის წევრები კი მილოცავდნენ, ყველა აღფრთოვანებული იყო. უცხო ადამიანები მილოცავდნენ გულით, მაგრამ კონკურსანტებმა შემჭამეს, ჩამოსულიაო... ქართველი რომ ვარ, იცოდნენ. ყველას რატომღაც, რუსები ვგონივართ. ამდენი წელია, აქ ვარ და დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ქართველი რუსი არ არის. ბევრმა ჟიურის წევრმა კი იცოდა საქართველო. მე წაღებული მქონდა ქართული დროშა და ბოლო გამოსვლისთვის სასწრაფოდ შევაკერვინე ქართული ეროვნული კაბა, მაგრამ კომისიამ ჩაცმის უფლება არ მომცა, რადგან ესპანეთის სახელით გამოვდიოდი. ჯერ იყო კატალონიაში გამარჯვება, შემდეგ მადრიდში ჩატარდა კონკურსი და იქ გავხდი "მის ესპანეთი", ასევე ტოპმოდელის ტიტულიც მომცეს. კიდევ ერთმა კომპანიამ თავისი ფავორიტისა და რჩეულის ტიტული მომანიჭა. Bიოტეცნა ახლა კონტრაქტს მიფორმებს და მის პროდუქციას უნდა გავუწიო რეკლამირება.

- როგორც ვიცი, "მის მსოფლიოშიც" მიიღებთ მონაწილეობას.

- ვთხოვე, იქ მაინც ჩავიცვამ ქართულ ეროვნულ კაბას-მეთქი, მაგრამ უარი მითხრეს. წითელი ესპანური კაბა უნდა ჩავიცვა.

todua-7-1655961794.jpg

- ეს ტიტულები ალბათ წინსვლაში დაგეხმარებათ?

- კონკურსის დროს ოთხი დღე კონკურსანტებმა სასტუმროში გავატარეთ. გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან. ისინი თავიანთ ფავორიტებს არჩევდნენ და იქაც იყო შემოთავაზებები. მადრიდში, "მის ესპანეთის" კონკურსზე პირველ დღეს ყველა მონაწილეს თეთრი კაბა გვეცვა, მეორე დღეს - წითელი, მესამე დღეს - შავი. ფერი ერთნაირი უნდა ყოფილიყო, დიზაინს შენ არჩევდი. ბოლოს იყო გალა. მე რომ კატალონია წარვადგინე მადრიდში, არ მინდოდა, მათი ტრადიციული კაბა ჩამეცვა, რადგან კონკურსანტები აპროტესტებდნენ ჩემს ქართველობას და თვლიდნენ, რომ არ უნდა ჩამეცვა მათი სამოსი. დირექტორს ვუთხარი, კალათბურთელის ფორმას ჩავიცვამ-მეთქი. ამის უფლება მომცეს, შორტი და მაისური ჩავიცვი - კატალონიის კალათბურთის ფორმა. კონკურსში ყველას უნდა გამარჯვება, ნერვიულობ. მართლა კარგი გოგონები იყვნენ ჩემი კონკურენტები, ძალიან ლამაზებიც, მათ რომ ვხედავდი, ვღელავდი. არ მეგონა, რომ პირველობას მოვიპოვებდი. საერთოდ, ძალიან მეგობრული და ხალისიანი ვარ, მაგრამ როცა საქმე სილამაზეს, კონკურსებში მონაწილეობას ეხება, მორიდებული ვხდები. ტოპმოდელის ტიტულიც იმიტომ მომცეს - რასაც აკეთებდი, ყველაფერი ბუნებრივი იყოო. ამ კონკურსში 27 გოგო მონაწილეობდა. ალბათ პირველობა იმიტომ მომანიჭეს, რომ არაფერი მაქვს გაკეთებული - დანარჩენებს ქირურგიული ჩარევიდან დაწყებული, ყველაფერი გაკეთებული ჰქონდათ: ბევრს სახე გადაჭიმული, ზოგს - მკერდი, ცხვირი, კბილები, ზოგს საჯდომი გადაკეთებული. 27 გოგოში მარტო მე ვიყავი, რომელსაც არაფერი მქონდა გაკეთებული და ამასაც მიაქციეს ყურადღება. 43 წლის ვარ და ამ ასაკში ყველას გვაქვს ნაოჭები.

todua-1-1655961837.jpg

- ახლა ისევ მაღაზიაში მუშაობთ?

- ჯერჯერობით ისევ მაღაზიებში ვარ. Biotecna-ს კომპანიის სახე გახლავართ და კონტრაქტის შემდეგ მათ კრემებსა და სხვა საშუალებებს უნდა გავუწიო რეკლამირება.

- როგორც ვხვდები, მაღაზიებში მოდელად მუშაობამ მართლა შეცვალა თქვენი ცხოვრება...

- დიახ, ფაბრიკაში მხოლოდ სამი წელი ვიმუშავე. ძალიან ვიღლებოდი, ბავშვსაც დასვენება, მოვლა უნდოდა და სამსახურის გამო შვილისთვის დიდი დრო არ მრჩებოდა. დედაჩემს ვთხოვე, ჩვენთან წამოსულიყო და შვილის გაზრდაში დამხმარებოდა. მას მერე ერთად ვცხოვრობთ. დიანა უკვე 20 წლის არის. ძალიან ჭკვიანი გოგოა, კატალონიური და ესპანური ენები იცის. 5 ენაზე ლაპარაკობს. ყოველთვის ამბობს, მეექვსე ენა მეგრულიაო... კალათბურთელია. სპორტით ძალიან დატვირთულია, თამაშობს და ამიტომ საქართველოში ხშირად ვერ ჩამოდის. 14 წლის იყო, ბოლოს რომ მყავდა სამშობლოში... ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ზოგჯერ მიკვირს, ამხელა შვილი რომ მყავს. ხშირად ვეკითხები რჩევას. ყველას უყვარს აქაც. კულტურული, განვითარებული გოგონაა. ორმაგი მოქალაქეობა გვაქვს ორივეს. დიანა სიმაღლით მეტრი და 80 სმ-ია. რამდენიმე მაღაზიამ აიყვანა 15 წლის ასაკში მოდელად, კაბების რეკლამას აკეთებდა, მაგრამ ეს სფერო არ მოსწონს, სპორტი უფრო უყვარს.

todua-2-1655961813.jpg

- საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?

- რაც აქ ჩამოვედი, იმ დღიდან ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე. ჩემი შვილის ოცნებაა, სამშობლოში საკუთარი სახლი ჰქონდეს. ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება დიანას მომავალი და ამის მერე გადავწყვეტთ, რას ვიზამთ. მაქვს მშობლების ბინა, სადაც ვცხოვრობდი, მაგრამ დიდი სახლი მინდა. სოფელში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ბინაში ცხოვრებას ვერ ვეგუები და ვოცნებობ ეზოიანი სახლი მქონდეს, ყვავილებით გადაპენტილი. უკეთეს ცხოვრებას ველოდები საქართველოში და აუცილებლად დავბრუნდები. ეს 12 წელი არ იყო ადვილი. დედა და ჩემი შვილი რომ აქ არიან, ეს ბედნიერებაა. ჩემი დაც თავის ქმარ-შვილთან ერთად ხშირად ჩამოდის. ისინი თბილისში ცხოვრობენ. ერთადერთი, ჩემი სოფელი და ჩემი ხალხი მენატრება. ხშირად ჩავდივარ საქართველოში და ვნახულობ მათ. ბევრი აქ მყოფი ქართველი ქალი მეცოდება, რომლებსაც არა აქვთ იმის ფუფუნება, რომ შვილი და დედა გვერდით ჰყავდეთ, ძალიან ენატრებათ თავიანთი ოჯახის წევრები. აქაც, 24 საათი ჩაკეტილები არიან ოჯახებში და მუშაობენ. გამიმართლა, რომ ეს სფერო ავირჩიე. მართალია, აქაც იყო სირთულეები, მაღაზიებშიც დიდი კონკურენციაა, მაგრამ ჩემი შვილი მილამაზებდა ცხოვრებას თავისი წარმატებებით.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"