"როცა ამაზე ვფიქრობ, გული მიკვდება..." - კვირის პალიტრა

"როცა ამაზე ვფიქრობ, გული მიკვდება..."

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თითოეული ჩვენგანი ყურადღებით აკვირდება და ძალიან განიცდის. ცნობილ ადვოკატს, ლია მუხაშავრიას იმ პრობლემებზე ვესაუბრეთ, რომლებიც 21-ე საუკუნის საქართველოში ყველას აწუხებს

- რამდენიმე დღეა დარჩენილი, ვიდრე გადაწყდება, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. თქვენ როგორ გადაწყვეტილებას ელით?

- დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ახლო მომავალში კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს და ეს არ იქნება ჩვენი მთავრობის ან ოპოზიციის დამსახურება - ეს მრავალწლიანი ბრძოლისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა. ევროპაში კარგად იციან, რა დიდხანს გრძელდებოდა თავგანწირული ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. შესაძლოა, ჩვენი ისტორია ისე კარგად თავადაც არ ვიცოდეთ, როგორც ევროპელმა პარლამენტარებმა, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებას იღებენ. თანაც, ევროპას გეოპოლიტიკური სიტუაციის გამოც ვჭირდებით, თორემ ვის რად უნდა ქვეყანა, რომელიც სიღარიბეში იძირება? როცა ამაზე ვფიქრობ, გული მიკვდება: ასეთ ქვეყანაში ადამიანები რატომ ვერ უნდა პოულობდნენ ცხოვრების სახსარს და რატომ უნდა გარბოდნენ ემიგრაციაში, რომ იქ, დამამცირებულ სამუშაოში "ორი კაპიკი" იშოვონ? სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო ვერა და ვერ შედგა, მაგრამ თუ ევროპას კიდევ უფრო დავუახლოვდებით, საქართველოს გაუჩნდება შანსი, ისეთი სახელმწიფო გახდეს, როგორსაც ვისურვებდით.

- დღეს საქართველოში უცნაური სიტუაციაა: ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რუსულ საქმეს აკეთებს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას უყენებს ანალოგიურ ბრალდებას. რა უნდა ქნას ამ სიტუაციაში ხალხმა, რომელიც დაბნეულია?

- მგონი, ჩვენი ხალხი დაბნეული სულაც არ არის. უკვე ძალიან ბევრი ქართველი იყო სამუშაოდ ევროპაში და ყველამ იცის, რამდენად წინ დგას დასავლეთი რუსეთზე, ქართველი ხალხის უმრავლესობას არ სურს რუსეთის ქვეშევრდომობა. ყველაფერი, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დავის საგანია, ეს არის პოლიტიკური იწილობიწილო და თვალთმაქცობა. ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ მოქალაქეების ყურადღება სხვა მხარეს გადაიტანოს, რომ კონცენტრაცია ძირითად პრობლემებზე ვეღარ მოვახერხოთ - თუნდაც იმაზე, რომ ქვეყანაში ღრმა კრიზისია. ეს არის უდღეური ხელისუფლების მცდელობა, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება. ასე რომ, არა მგონია, ჩვენი ხალხი რამეში ცდებოდეს და ვერ ხვდებოდეს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკოსების მიერ დადგმული უნიჭო სცენარია, რომელში მონაწილეობაც თითქმის აღარავის სურს.

- ალბათ თქვენც გაწუხებთ, რომ ქართველი საზოგადოება პოლარიზებული და დაპირისპირებულია, ეს დანაწევრება საიდან მოდის?

- მართებული არ იქნება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მტერს გადავაბრალოთ - ეს ჩვენი დაბალი კულტურისა და განვითარების ბრალიცაა. საზოგადოებამ ვერა და ვერ აითვისა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ის ხალხი უნდა მოიყვანოს, ვინც ყველაზე ღირსეულია და ვისაც შეუძლია, ქვეყანა კარგად მართოს. ევროპულ ოჯახში გაერთიანება დაგვეხმარება, რომ ეს სამწუხარო რეალობა უკეთესობისკენ შევცვალოთ - შეიცვლება განათლების სისტემა, სასამართლო სისტემა და თანდათან ყველაფერი დალაგდება.

- რას იტყვით იმ აჟიოტაჟზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ერეკლე მეფის შესახებ ლევან ბერძენიშვილის გამოთქმულ მოსაზრებას მოჰყვა?

- საკუთარი აზრის გამოხატვა მარტო ლევან ბერძენიშვილის კი არა, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს ამ მოსაზრებას თუ ყურადღებას არ მიაქცევს. ოღონდ, არ შეიძლება ამგვარ დებატებში მაღალი თანამდებობის პირებიც ჩაერთონ... ისტორიული პიროვნების ღირსება, მისი ღვაწლი უკვე შეფასებულია, მისი პიროვნებაც ისტორიის ნაწილია და ჩვენი კინკლაობა ამ საკითხზე ჩვენვე გვაზარალებს. მე ის ხალხი უფრო მაკვირვებს, დღესაც რომ მოსკოვისკენ იყურება, თორემ ქრისტიან მეფეს, ქართველ ვაჟკაცს, ტახტზე მჯდომ კეთილშობილ არისტოკრატს, რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოედგინა ის ვერაგობა და ფლიდობა, რაც მერე რუსებმა გამოავლინეს.

- ბოლო წლებში მოგვიმრავლდნენ რუსული პროპაგანდის მიმდევრები. თქვენი დაკვირვებით, რატომ მიაჩნია ამ ხალხს, რომ რუსეთი გადაგვარჩენს?

- არა მგონია, ისინი ასე ფიქრობდნენ. ჩემი აზრით, ეს არის რუსული სპეცსამსახურების დაფინანსებული ხალხი, რომელიც ასე გარკვეული გასამრჯელოს ან იძულების გამო იქცევა. ამიტომ, ახლა ჩვენ ლუსტრაციის პროცესსაც ვუყურებთ, რაც კარგია: უნდა ვიცოდეთ, ვინ ვინ არის. მე კი მგონია, არც ერთი მათგანი გულწრფელი არაა და რადგან ეს რუსული სპეცსამსახურების დაქირავებული ხალხია, მათ გამო არც ნერვები უნდა ავიშალოთ და პოლემიკაშიც არ შევიდეთ. ზოგი შიშობს, რომ ისინი ხალხს გადაიბირებენ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. რატომ?.. ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერს ფულის გამო აკეთებს. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ რუსეთი კარგია იმიტომ, რომ ერთმორწმუნეა, ამას ან შეკვეთით ამბობს, ან იძულებულია, ასე მოიქცეს, რადგან მაღალი ალბათობით, ის სპეცსამსახურებს ჰყავთ გამოჭერილი. არ გამოვრიცხავ, მათ შორის საეკლესიო პირებიც იყვნენ.

- ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლების მხარდამჭერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფულის დასაცავად აქციების გამართვას აპირებდნენ. ეს კრიტიკა სამართლიანია?

- მთელი უბედურება ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ჩანს, მაგრამ ქვეყანაში მაინც ყველაფერს მართავს. 21-ე საუკუნეში ასეთი პოლიტიკა არ და ვერ დაიმალება. ამიტომ, ეს ევროპარლამენტის პირველი სიგნალი იყო: მათ გააფრთხილეს ივანიშვილი, რომ თუ ამ პოლიტიკას კიდევ გააგრძელებს, შესაძლოა, სანქციები მასაც დაუწესონ. მეორე მხრივ, ეს ხელისუფლების ლუსტრაციის პროცესია: როდესაც ხელისუფლება აქციას აანონსებს, რომ ღატაკმა ხალხმა მილიარდერის ქონება დაიცვას, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! და თუ ეს ხალხი ქუჩაში გამოეფინება, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ და გავიგებთ, ვინ ვინ არის.

- საკამათო თემად იქცა სააკაშვილის გაგზავნა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. რამდენად კანონიერი იქნება, რომ ექსპრეზიდენტი სამკურნალოდ გაუშვან?

- სასამართლოს, მართლმსაჯულებისა და კანონის მიღმა ადამიანური ფაქტორებიც არსებობს და ეს უპირველესია. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს კანონი მსჯავრდადებულის პირობით გათავისუფლებას მანამ, სანამ გამოჯანმრთელდება. მე მგონი, ამის გაკეთება მაინც მოუწევთ, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ მთელი სახელმწიფო ჯიბრში არ უნდა ჩაუდგეს ავადმყოფ პატიმარს, ვინც უნდა იყოს ის - ყოფილი პრეზიდენტი თუ რიგითი პატიმარი?!

- დაბოლოს, სად არის გამოსავალი იმ რთული პოლიტიკური თუ ეკონომიკური სიტუაციიდან, რომელშიც დღეს ვიმყოფებით?

- ახლა მთავარია, ვეროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ეს აიძულებს ჩვენს პოლიტიკოსებს, სათანადო რეფორმები გაატარონ. თანაც, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, დავძლიოთ მწვავე კრიზისი, რომელშიც ვცხოვრობთ და ქვეყანაში ბევრი რამ შევცვალოთ. ჩვენი განათლება, ჯანდაცვა, სასამართლო სისტემა ევროპულ დონეს თუ მიუახლოვდება, ყველა მიხვდება, რას ნიშნავს ევროკავშირში ცხოვრება და ყველაფერი თანდათან მოგვარდება. საქართველოსავით პატარა ქვეყანაში პრობლემების მოგვარება უფრო ადვილია, ვიდრე დიდში. მთავარია, სახელმწიფოს სათავეში წესიერი და პატრიოტი ხალხი მოვიდეს - ხალხი, რომელიც ამ ქვეყანაზე დიდი სიყვარულითა და წრფელი გულით იზრუნებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"