"ოდესღაც თურქეთსაც ეშინოდა რუსეთის და სწორედ ამიტომ გახდა ნატოს წევრი" - თურქეთი - "პრობლემური ბავშვი?" - კვირის პალიტრა

"ოდესღაც თურქეთსაც ეშინოდა რუსეთის და სწორედ ამიტომ გახდა ნატოს წევრი" - თურქეთი - "პრობლემური ბავშვი?"

შვეიცარიის (ციურიხის) გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ოდესღაც თურქეთსაც ეშინოდა რუსეთის და სწორედ ამიტომ გახდა ნატოს წევრი, დღეს ანკარა ფინეთსა და შვედეთს ბლოკავს“ (ავტორი - დენიელ სტეინვორტი), რომელშიც საინტერესოდაა გადმოცემული როგორც თურქეთის ნატოში გაწევრიანების მიზეზები და იოსებ სტალინის ანტითურქული გეგმები ართვინ-არტაანის ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით, ასევე თანამედროვე თურქეთის ლიდერის რეჯეფ ერდოღანის ამბიციები და მისი მცდელობები ფინეთ-შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1946 წლის 5 აპრილს სტამბოლში ღუზა ჩაუშვა აშშ-ის ყველაზე დიდმა სახაზო ხომალდმა „მისურმა“. დიახ, ეს ის „მისური“ იყო, რომლის ბორტზე 1945 წლის 2 სექტემბერს ხელი მოეწერა იაპონიის უსიტყვო კაპიტულაციის აქტს, რაც იმავდროულად მეორე მსოფლიო ომის დასრულების მანიშნებელი იყო. „მისური“ პირველად იმყოფებოდა ევროპის წყლებში და მას სპეციალური მისია ჰქონდა დაკისრებული: ამერიკულმა ეკიპაჟმა თურქეთში ჩაიტანა აშშ-ში ქემალისტური მთავრობის ელჩის, ცნობილი დიპლომატის მეჰმედ მუნირ ერთეგუნის ნეშტი, რომელიც ვაშინგტონში ინფარქტით გარდაიცვალა.

ხომალდი სტამბოლში დიდი ზეიმით მიიღეს. ათასობით ადამიანი იდგა ბოსფორის სრუტის სანაპიროზე, ოსმალეთის სულთნის სასახლის კედლებთან. ყველგან აღფრთოვანებული შეძახილები ისმოდა, „მისური“ ირგვლივ უამრავი კატერი და ნიჩბიანი ნავების გარემოცვაში იყო. მოვაჭრეები უფასოდ არიგებდნენ სიგარეტებს, რომლის კოლოფები სპეციალურად ამ დღისთვის დაამზადეს და მათზე „მისური“ იყო აღბეჭდილი. ქვემეხების 19 სალუტის შემდეგ გარდაცვლილი დიპლომატის ნეშტი ნაპირზე გადაასვენეს.... მაგრამ ცოტამ თუ იცოდა სახაზო ხომალდის სტამბოლში ვიზიტის ჭეშმარიტი მიზეზი.

286858095-546168487247633-3299059685679689211-n-1655812791.jpg
აშშ-ის სახაზო ხომალდი "მისური" ბოსფორის სრუტეში

იოსებ სტალინის მოთხოვნა თურქეთს: ომის ნიშნები?

აშშ-ის მთავრობამ, ისარგებლა რა ამ ჰუმანური ჟესტით, თურქეთის რესპუბლიკას მხარდაჭერა გაუწია: „მისურის“ სტუმრობა ბოსფორის სრუტეში თურქეთის ჩრდილოელი მეზობლისკენ მიმართული ძალის დემონსტრაციასაც ნიშნავდა.

ეს ის დროა, როცა საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა თურქეთთან 1925 წელს დადებული მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ შეთანხმება გააუქმა. ანკარა და მოსკოვი ერთმანეთის ახლო მოკავშირეები იყვნენ, პრეზიდენტი მუსტაფა ქემალი ბოლშევიკებისაგან - ჯერ ვლადიმერ ლენინისაგან, შემდეგ კი იოსებ სტალინისაგან 1920-1930-იან წლებში მნიშვნელოვან დახმარებას იღებდა, მაგრამ როცა საბჭოთა ლიდერმა განაცხადა - მეორე მსოფლიო ომში თურქები მონტრეს კონვენციას არღვევდნენო - რუსი ბოლშევიკებისა და თურქი ქემალისტების მეგობრობა „ფსკერზე აღმოჩნდა“.

მონტრეს 1936 წლის კონვენცია თურქეთს უფლებას აძლევდა სრული სუვერენიტეტი ჰქონოდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე. საომარი ვითარების დროს ანკარას შეეძლო სრუტეებში არ გაეშვა იმ ქვეყნების ხომალდები, რომლებიც შავი ზღვის სახელმწიფოების ფლოტებს არ მიეკუთვნებოდნენ. როგორც იოსებ სტალინი აცხადებდა, აღნიშნული ვალდებულება თურქეთმა უხეშად დაარღვია და გერმანიის სამხედრო გემები, სავაჭრო გემებად შენიღბულნი, დაუბრკოლებლად გაატარა საბჭოთა ტერიტორიული წყლებისკენო.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თურქეთი ოფიციალურად ნეიტრალურ სახელმწიფოდ რჩებოდა, მაგრამ მოსკოვი ანკარას მაინც ეჭვის თვალით უყურებდა - გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობს და კავკასიაში შეჭრას გეგმავსო, რაც, რასაკვირველია, ცუდი იქნებოდა წითელი არმიისათვის, რომელიც მთელი ძალით გერმანიას ებრძოდა და საბჭოთა კავკასიაში მცირე კონტინგენტი ჰყავდა. იმ ფაქტმა, რომ თურქეთი 1945 წლის თებერვალში, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ანტიჰიტლერულ ძალებს შეუერთდა, იოსებ სტალინი ვერ დაამშვიდა.

287230186-1326954277832814-1251574892821146329-n-1655812933.jpg

ჰოდა, ომში გამარჯვებული მოკავშირეების ბერლინის (პოტსდამის) კონფერენციის დროს, 1945 წლის 22 ივლისს, საბჭოთა დიქტატორმა განაცხადა, რომ მას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების სტატუსის გადახედვა სურს. გარდა ამისა, მან მოითხოვა, რომ თურქეთმა კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს - საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიები უნდა დაუბრუნოსო, რომელიც 1921 წლამდე ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საქართველოსა და სომხეთის შემადგებლობაში შედიოდნენ (ყარსი, არტაანი, ართვინი).

მონტრეს კონვენციის გადახედვის (ანუ მასში ცვლილებების შეტანის) ჩარჩოებში იოსებ სტალინს განზრახული ჰქონდა საბჭოთა სამხედრო ბაზების დაარსება ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში - როგორც ჩანს, თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური გაკონტროლების მიზნით. კონფერენციის მონაწილე აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომელიც იოსებ სტალინს უსმენდა, ფიქრობდა, რომ მისი ცუდი ეჭვები მართლდებოდა - მოსკოვი ომში გამარჯვებულის ამბიციებს ამჟღავნებდა. მოგვიანებით, 1946 წელს ჰარი ტრუმენი თავის სახელმწიფო მდივანთან ჯეიმს ბირნსთან საუბარში ამბობდა, რომ რუსეთს (სსრ კავშირს) თურქეთში შეჭრა, ქვეყნის დაპყრობა და შავი ზღვის სრუტეების ხელში ჩაგდება და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში გავლენის მოპოვება სურდა: „ჩვენი რკინის მუშტი და მტკიცე სიტყვა რომ არა, ჰორიზონტზე ახალი ომის ნიშნები მოჩანდაო“. მალე სახაზო ხომალდმა „მისურმა“ სტამბოლი დატოვა.

კორეის ომში მონაწილეობა - ნატოში შესვლის ბილეთი?

ობიექტურად თუ ვიტყვით, საბჭოთა კავშირმა 1946 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე შავი ზღვის ფლოტი მართლაც მნიშვნელოვნად გააძლიერა და თურქეთის ნაპირებთან ახლოს ხშირი სამხედრო მანევრები დაიწყო. პრეზიდენტმა ისმეთ ინენიუმ ვაშინგტონს, დახმარების თხოვნით, წერილი გაუგზავნა, ჰარი ტრუმენმაც არ დააყოვნა და სრუტეებში აშშ-ის უძლიერესი ხომალდი გაგზავნა. ანკარას დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა ლონდონმაც. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საბჭოთა კავშირს მოსთხოვეს, რომ კრემლს უკან წაეღო თავისი წინადადება საერთაშორისო მოლაპარაკების ჩატარებაზე მონტრეს კონვენციის გადასინჯვის მიზნით.

ისმეთ ინენიუმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: მან უარი თქვა ქვეყნის ნეიტრალიტეტზე და ამერიკას მიენდო, ანუ დასავლეთის მხარეზე გადავიდა. ვაშინგტონმა ანკარას 1947 წლის ივნისში 100 მილიონი დოლარის იარაღი გადასცა, რომელიც, „ტრუმენის დოქტრინის“ მიხედვით, საბჭოთა გავლენის გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული. ვაშინგტონისაგან დახმარება უნდა მიეღო საბერძნეთსაც, სადაც სამოქალაქო ომი იყო გაჩაღებული: მოსკოვი ბერძენ კომუნისტებს თანაუგრძნობდა და ეხმარებოდა.

1952 წელს თურქეთი და საბერძნეთი ჩრდილოატლანტიკური პაქტის მონაწილენი გახდნენ. ფაქტობრივად კი ნატოში შესვლის ბილეთი თურქეთმა კორეის ომში მონაწილეობის შედეგად მიიღო: 1950 წელს პრემიერ-მინისტრ ადნან მენდერესის მთავრობამ შორეულ კორეის ნახევარკუნძულზე, ჩრდილოელ და სამხრეთ კორეელებს შორის გამართულ ომში, 5 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა და ამით ალიანსის გულის მოგება სურდა.

თუმცა თურქეთის ნატოში გაწევრიანება არამარტო მისი უსაფრთხოების ინტერესებში შედიოდა, არამედ ეს ქემალისტების ელიტის ინტერესებსაც შეესაბამებოდა - ისინი დასავლეთის ნაწილნი ხდებოდნენ. როგორც იქნა, ამერიკელებმა დააფასეს თურქეთის მნიშვნელობა როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საყრდენი ქვეყანა და ხიდი ახლო აღმოსავლეთისკენ. გარდა ამისა, ამერიკის ერთგულ გენერლებს ყოველთვის შეეძლოთ თურქეთის ხელისუფლების გაკონტროლება და „არასაიმედო“ მთავრობების მოშორება, რაზედაც, ბუნებრივია, ვაშინგტონი თვალს დახუჭავდა.

მრავალი წლის განმავლობაში თურქეთსა და აშშ-ს შორის მხოლოდ ერთხელ მოხდა უთანხმოება: 1974 წელს, როცა თურქეთის ჯარებმა ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაცია მოახდინეს, ამერიკამ ანკარას იარაღის ემბარგო გამოუცხადა, ანკარა კი, თავის მხრივ, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ამერიკული ბაზების დახურვით დაიმუქრა.

არც საბერძნეთის რეაქციას არ დაუყოვნებია, რომელსაც, რბილად რომ ვთქვათ, თურქეთის მიმართ ისტორიულად არამეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა: ათენი, პროტესტის ნიშნად, ნატოდან გავიდა და უკან მხოლოდ 1980 წელს დაბრუნდა. სხვათა შორის, საბერძნეთის ნატოში უკან მიღებას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი დღეს შეცდომად თვლის.

თურქეთი - „პრობლემური ბავშვი“?

პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მმართველობის დროს თურქეთი დასავლეთს საკმაოდ დაშორდა და ნატოს პრობლემურ წევრად იქცა, „ჭირვეული ბავშვის სახით“. ეს გამოვლინდა 2009 წელს, როცა თურქეთის გავლენიანმა ლიდერმა დროებით დაბლოკა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე დანიელი ანდერს ფოგ რასმუსენის არჩევა, რომელმაც, ანკარის აზრით, დანიის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, მუჰამედის კარიკატურების გავრცელებას ხელი არ შეუშალა. ანკარის „ჭირვეულობა“ მაშინაც გამოვლინდა, როცა თურქეთმა იმავე წელს ისრაელთან ურთიერთობა გაწყვიტა. ასევე სირიის ომში 2018-2019 წლებში, როცა თურქი ჯარისკაცები ებრძოდნენ იმ ქურთებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ საერთო მტერი - „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხეს.

ნატოში შესვლიდან 70 წლის შემდეგ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთ წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს ბლოკავს. ოფიციალურად ანკარა იმიზეზებს, რომ „ორივე ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაციების თავშესაფარი გახდაო“, რაშიც, უპირველეს ყოვლისა, თურქეთში [და ევროკავშირშიც] აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ იგულისხმება, თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, რეჯეფ ერდოღანს თავისი ჭირვეულობით ნატოელი მოკავშირეებისაგან (აშშ-სგან) სამხედრო და საფინანსო შეღავათების მიღება სურს.

ნატოს ოფიციალური პირები სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ ანკარისა და სტოკჰოლმ-ჰელსინკის დავა ალიანსის მადრიდის სამიტამდე გადაწყდება, რომელიც ივნისის ბოლოს უნდა გაიმართოს. ასე რომ, ფინეთმა და შვედეთმა უნდა მოითმინონ. თანაც ახლა სწორედ თურქეთი უნდა მიხვდეს, თუ რას ნიშნავს არაპროგნოზირებადი რუსეთისადმი შიში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ