"მოსკოვში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს" - რას ჰყვებიან მეგობრები ლევან კბილაშვილის გარდაცვალებაზე - კვირის პალიტრა

"მოსკოვში, სახლში გარდაცვლილი იპოვეს" - რას ჰყვებიან მეგობრები ლევან კბილაშვილის გარდაცვალებაზე

მომღერალ ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ მთელი საზოგადოება შეძრა და ყველა განიცდის მომხდარს. ქართველმა მსმენელმა ლევანი 2011 წელს სატელევიზიო მუსიკალური კონკურსიდან, `ჯეოსტარი - გაიცნო. ის აქტიურად მონაწილეობდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პროექტებში და მისმა შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელი მართლა აღაფრთოვანა. მეგობრების თქმით, .ბოლო წლები ლევანი მოსკოვში ცხოვრობდა. ის ადრე რუსული ვოკალური პროექტ "გოლოსის“ მონაწილე იყო. ასევე რუსეთში The Voice-იდ მეშვიდე სეზონშიც მონაწილეობდა და ამ პროექტში ლევანის "მწვრთნელი“ ცნობილი კომპოზიტორი და პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე გახლდათ. "ვოისის“ შემდეგ თურმე ლევანი მოსკოვში დარჩა და აქტიურად დაიწყო იქ მუშაობა თავის სოლო კარიერაზე. მართავდა კონცერტებს და წარმატებული იყო. გამოდიოდა პოპულარულ მომღერალთან, ლუბოვ უსპენსკაიასთან ერთად. ბოლო დროს ბენდთან PANGEO ერთად მართავდა თურმე კონცერტებს. როგორც მისმა მეგობრებმა გვითხრეს, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, ამ დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სოციალური სქელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით, მასზე წარსულ დროში საუბარი ყველას უჭირს.

მარიკა როხვაძე ლევანთან მეგობრობდა, ისინი ერთად მონაწილეობდნენ `ჯეოსტარში. მან ლევანზე საუბარი ვეღარ შეძლო:

`"ცუდად ვარ, საუბარი არ შემიძლია, ეს ძალიან დიდი ტკივილია. ვერ ვაზროვნებ. ვერაფერს ვერ გეტყვით. არ შეიძლება ასე მიდიოდნენ ასეთი კარგი და ძვირფასი ადამიანები. ისე ცუდად ვარ ლაპარაკის თავიც არ მაქვს. ვერ ვლაპარაკობ, ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო ლევანი", - გვითხრა მარიკა მარიკა როხვაძემ.

მის გარდაცვალებას ძალიან განიცდის მომღერალი ნოდო ტატიშვილი:

- რა მოხდა არ ვიცი. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან ნიჭიერი და ძალიან განსხვავებული შემსრულებელი იყო ლევანი. საოცარი ქარიზმა ჰქონდა, გემრიელი სიმღერა იცოდა, რაღაცნაირად ემოციურად გავსებდა თავისი ნამღერით. ზოგადად ძალიან კარგი ბიჭი იყო, ძალიან მხიარული, საოცარი ადამიანი და შემზარავია ეს ამბავი. მიჭირს დაჯერება, რომ ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ლევანი აღარ არის. ბოლოს რამდენიმე თვის წინ ჩვენი საერთო მეგობრის შვილის ნათლობაზე ვნახე. მე ბავშვის ნათლია ვიყავი და იქ შევხვდით ერთმანეთს. ისეთი კარგი დრო ვატარეთ და ისეთი კარგი ემოციებით დავიტყვირთე, რომ დაუვიწყარია ჩემთვის. ძალიან მხიარული და პოზიტიური იყო, უზომო დადებით ენერგიას გასცემდა. სოციალურ ქსელში მინდოდა დამეწერა რამე ლევანზე, მაგრამ ვერ შევძელი. დასანანია რომ ასეთი ახალგაზრდა აღარ არის და რომ ვერავინ ვეღარ ვშველით. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ამ ამბავს. მის ავადმყოფობაზე არაფერი ვიცი, ვიცოდი, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა ფეხზე, მაგრამ აქამდე რომ მისულიყო საქმე ეს არც დამიშვია. არ ვიცოდი ასე თუ ტკიოდა რამე. მოულოდნელობაცაა და მოულოდნელობა, ეს ამბავი მეხის გავარდნასავითაა ჩემთვის. გელაპარაკებით ამაზე და კიდევ არ მჯერა, რომ ეს სიმართლეა. ჩვენი მეგობრობა წლებია გრძელდება. პირველი შეხება `ჯეოსტარში - იყო, იქიდან ვიცნობდი, ჩემს შემდეგ თაობაში მღეროდა და ქართველ მსმენელს თავისი ნამღერით თავი დაამახსოვრა. ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო, დიდი დანაკლისია ჩვენი სფეროსთვის და სრულიად საქართველოსთვის მისი გარდაცვალება. წარმოუდგენელია ამის დაჯერება. ეს რომ გავიგე, მართლა არ მჯეროდა. ვიფიქრე რაღაც სისულელე, ფეიკია- მეთქი, მაგრამ იმდენ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული და დაწერილი, მივხვდი რომ მწარე რეალობა იყო. მერე გადავრეკე მეგობრებთან და დამიდასტურებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ცათა სასუფეველში დაუმკვიდროს ადგილი, ყველამ ვილოცოთ ლევანის სულისთვის. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს. 12 ივნისს ჰქონდა დაბადების დღე, 31 წლის გახდა და ასეთი მძიმე რეალობის წინაშე ვართ დღეს.

მუსიკოსი დათო ლონდარიძე ლევანის ძალიან ახლო მეგობარი იყო, ისიც ძალიან განიცდის მომხდარს.

- უმძიმესი ტრაგედიაა. ლევანს საკმაოდ დიდი პრობლემა ჰქონდა მენჯზე, ჯოხითაც დადიოდა და იძახდნენ რომ კოვიდის მერე რაღაც დაუტოვა და საოპერაციო იყო. ძვალზე ჰქონდა პრობლემა, ძვლის დაშლის დიაგნოზი ჰქონდა დ პროცესი ჰქონდა დაწყებული, სახსართან იმპლანტაცია უნდა გაკეთებულიყო. ამ საკითხზე ვსაუბრობით და რატომღაც წელავდა ოპერაციის ამბავს. ამას ვინ წარმიდგენდა. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, მალე უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. მითხრა, რამოდენიმე კონცერტი მაქვს, იმას მოვილევ და ჩამოვალ, მთელი ზაფხული საქართველოში ვიქნებიო. არ ვიცით რა მოხდა, გაურკვევლად ვარ ვერ და ვერ ვიაზრებ რომ ლევანი აღარ არის. მოსკოვში მოხდა ეს ტრაგედია, ძალიან გვტკივა გული. ჩვენ საოცარი მეგობრობა გვქონდა. ყველაზე დიდი მეგობარი დავკარგე და ყველაზე დიდი თანამოაზრე მუსიკაშიც და ცხოვრებაშიც. უდიდესი მუსიკოსი იყო ლევანი, ყველაზე სიღრმისეულად და ყველაზე ქართულად დამანახა სიმღერები და ძალიან ბევრი სიმღერა გვქონდა ერთად. ჩვენთვის ვაკეთებდით ბევრ რამეს, ჩვენი მეგობრობისთვის. იყო რამდენიმე სიმღერა, რომელიც უნდოდა ბევრს გაეკეთებინა, მაგრამ ყოველთვის ვიძახდი, მე და ლევანმა მივაღწიეთ მაგ სიმღერის ასეთ შესრულებას და ეს გამორჩეულია-მეთქი. ჩვენი და ლევანის მეგობრობა ჩანს ამ სიმღერებში. ერთს განსაკუთრებით არ ვეხებოდით სხვებთან, მამუკა ჩარკვიანის `სატრფიალოს ეს სიმღერა იტევს ჩემი და ლევანის მეგობრობას, ყველაფერს. უკარგესი მეგობარი დავკარგე და ძალიან მტკივა გული.

- დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობს?

- ლევანი 6 წელია წასულია საქართველოდან და მოსკოვში იყო. ბენდში და სხვადასხვა პროექტებშიც მიიღო მონაწილეობა. ბოლოს საქართველოში გეგმავდა დაბრუნებას და ამბობდა უკვე უნდა დავბრუნდეო. 12 ივნისს ჰქონდა დაბადების დღე, სტატუსი დავწერე და გამოვაქვეყნე, ასე მივულოცე. გუშინ წინ მირეკავდა და ვერ ვიპასუხე, სარეპეტიციოში ვიყავი და ვერ შევძელი მეპასუხა. მომწერა გადმომირეკეო, დღეს ვურეკავდი და არ მიპასუხა. ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა ვერ დავიჯერე, ვრეკავდი მის ნომერზე. დამირეკეს ადამიანებმა და მეკითხებოდნენ და პასუხი არ მქონდა. მეგონა ტყუილი იყო, მეგონა ვიღაც ბოროტმა ადამიანმა იხუმრა ბოროტულად, მაგრამ მერე მისმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ეს სიმართლეა. ახლა მივდივართ ლევანის სახლში მეგობრები, თბილისში ცხოვრობს მისი დიდი და საუკეთესო ოჯახი. ფანტასტიური ოჯახი ჰყავს. დედ- მამა და-ძმა თავისი ოჯახებით, ძალიან კარგი და საყვარელი ოჯახი ყავდა და ვუსამძიმრებ მათ ამ უდიდეს ტრაგედიას. სამწუხაროდ თავად ლევანი არ იყო დაოჯახებული. ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. ვაპირებდით ერთად ჩაგვეტარებინა კონცერტი. ბათუმში კონცერტები გვქონდა ხოლმე და ჩვენ ვხსნიდით ფესტივალს. ჩემს მეუღლესთან ერთად აკუსტიკაში ჩავწერეთ მაგარი დუეტი და მაგ ჟანრში ვაპირებდით განვითარებას. დღე დღეზე ველოდებოდით მის ჩამოსვლას და ეს ამბავი დაგვატყდა თავს. ჩვენც ორი საათია რაც გავიგეთ და აგონიაში ვართ. დილით სახლში გარდაცვლილი უნახავთ. კონკრეტული მიზეზი არ ვიცით. ფეხი რომ აწუხებდა ეს ვიცი.

- გუშინწინ რატომ გირეკავდათ?

_ძალიან ხშირად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ვუზიარებდით ჩვენს აზრებს სიმღერაზე, მუსიკაზე ვსაუბრობდით. საოცარი ურთიერთობები გვქონდა, ძალიან სიღრმისეული. თავის წარმატებებზე მიყვებოდა. ალბომიც ჩაწერა და მაგის პრეზენტაციას გეგმავდა, მუსიკალურ აქტივობებში იყო ჩართული. ძალიან გვტკივა და მიჭირს დაჯერება. სოციალურ ქსელშიც არ შემიხედავს ისეთი შოკი მაქვს. ვერ ვიჯერებ რომ ლევანი არ არის. რანაირად მოხდა ეს არ ვიცი. იქ მარტო ცხოვრობდა, კოვიდი გადაიტანა რამდენიმეჯერ და ამის შემდეგ გაურთულდა ჯანმრთელობა და არ გამოვრიცხავ რომ ამ ტრაგედიის შედეგი ეგ იყოს. `

კვირის პალიტრა უსამძიმრებს ლევან კბილაშვილის ოჯახს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალებას.